ეკატერინე ბასილაია
(14.06.2018)

 პრემიერმინისტრობიდან წასვლის ტაიმერმა დარეკა - გიორგი კვირიკაშვილი პოსტიდან გადადგა, როგორც თავად განაცხადა, ბიძინა ივანიშვილთან "ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებებისა" და გუნდთან მის ეკონომიკურ პოლიტიკაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო. შესაბამისად, გადამდგარია მთავრობის სრული შემადგენლობა.

ახლა დაიწყო ვარაუდების გამოთქმა, ვის დანიშნავს ივანიშვილი მომავალ პრემიერ-მინისტრად და ვის გაუშვებს მინისტრთა კაბინეტიდან. უკვე სახელდება მომავალი პრემიერმინისტრობის სავარაუდო კანდიდატები - გიორგი გახარია, მამუკა ბახტაძე და მაია ცქიტიშვილი.

ვინ იქნება მათგან მთავრობის ახალი მეთაური, მაქსიმუმ, 7 დღეში გაირკვევა, რადგან, კონსტიტუციით, არაუგვიანეს 7 დღის ვადაში პრემიერის კანდიდატურა პრეზიდენტს უნდა წარედგინოს და შემდეგ იწყება მთავრობის წევრების შერჩევისა და წარდგენის პროცედურები.

პრემიერმინისტრობის უკვე დასახელებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით საყურადღებოა ერთი რამ. გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა ძირითადად შეეხებოდა მის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და თუკი გუნდთანაც და ივანიშვილთანაც დაპირისპირება ქვეყანაში შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ რთულ ვითარებას უკავშირდებოდა, გამოდის, რომ წარუმატებლობაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკონომიკური გუნდის მინისტრებსაც ეკისრებათ.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის თქმით, თუკი ეკონომიკური პოლიტიკის გამო მიდის კვირიკაშვილი, მას უნდა მიჰყვეს დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც 2016 წლიდან - ჯერ ფინანსთა მინისტრი, შემდეგ ეკონომიკის მინისტრია. ასევე, ეკონომიკურ გუნდში 2017 წლის ნოემბრიდან შედის მამუკა ბახტაძე, რომელიც ფინანსთა მინისტრია. ხოლო 2016 წლის ნოემბრიდან 2017 ნოებრამდე ეკონომიკის მინისტრი იყო გიორგი გახარია და მათგან რომელიმეს პრემიერ-მინისტრად დასახელება, ძაბირაძის თვალსაზრისით, გაუგებარიც კი იქნება.

"წესით, კვირიკაშვილს უნდა მიჰყვეს, მაგალითად, ქუმსიშვილი, მაგრამ ივანიშვილის გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ლოგიკაში არ ჯდება. არადა, შესაძლოა, სრულიად მოულოდნელად იმავე ეკონომიკური გუნდიდან ვიხილოთ მომავალი პრემიერი.

"დღემდე გაუგებარია, ღარიბაშვილი რატომ გადადგა, დღემდე იცის ვინმემ? ახლა მთავრობის შეცვლას არ ველოდი და ლოგიკური იქნება, თუ ამ გადადგომას ვადამდელი არჩევნები მოჰყვება, სხვა შემთხვევაში ამ ცვლილებას არანაირი აზრი არ აქვს", - აცხადებს ძაბირაძე.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ქუმსიშვილი, ძალიან დიდი ხანია, ეკონომიკურ გუნდშია და ის უნდა მიჰყვეს კვირიკაშვილს, მაგრამ არ ფიქრობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ბახტაძეს ან გახარიას. ამდენად, ბახტაძის ან გახარიას შესაძლო გაპრემიერებას ალოგიკურობად არ ჩათვლის.

"როდესაც ბახტაძე ან გახარია დაინიშნნენ ამ თანამდებობებზე, ეს მხოლოდ ეპიზოდებია და ეკონომიკური პოლიტიკა უკვე ფორმირებული იყო. მათ ამ პოლიტიკაში რაიმეს შეცვლის კომფორტი არ ჰქონდათ და ისინი ასრულებდნენ იმ გეგმას, რაც მანამდე მინისტრთა კაბინეტს ჰქონდა. ასე, რომ მათ პასუხისმგებლობაზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ეს არ არის სისტემური პასუხისმგებლობა. ქუმსიშვილმა უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობა", - ამბობს ხუხაშვილი. მისი თქმით, პერსონალიებზე საუბარი არ სურს, რადგან მნიშვნელოვნად მიაჩნია, მართვის ალგორითმი შეიცვალოს.

"ივანიშვილისკენ კი არ იყოს ხელის გაშვერა, არამედ მთავრობა უნდა იყოს ფუნქციონალური და თავად აგებდეს პასუხს საკუთარ გადაწყვეტილებებზე, ერთიანი გაწერილი გეგმის ფარგლებში. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს თანამოაზრეთა გუნდი და არა რაღაც ეკლექტური, როგორიც იყო, სამწუხაროდ. ასე, რომ პრემიერ-მინისტრი ვინ იქნება, ამასაც კი არ აქვს მნიშვნელობა", - მიიჩნევს ხუხაშვილი და დასძენს, რომ კვირიკაშვილის განცხადება, თუ რატომ გადაწყვიტა წასვლა, ვერ გაიგო.

"ამის გაგება შეუძლებელი იყო. იგი არის სტრესში მყოფი ადამიანი და რას ლაპარაკობს, ეს ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა. არ მინდა, წაქცეულს ზედმეტად ცუდად მოვექცე.

"მისი გადაყენების მთავარი მიზეზი არის ის, რომ ეს ადამიანი ლიდერი არ არის, მართვის უნარი არ აქვს და ვერ პასუხობს იმ გამოწვევებს, რის წინაშეც ქვეყანა დგას. იმედი მაქვს, რომ მხოლოდ კოსმეტიკური ცვლილება და ფიგურების გადაადგილება არ იქნება და იქნება ფუნქციონალური, სისტემური ცვლილება. ამ გადადგომას არანაირი კავშირი არ აქვს იმ აქციებთან, რაც ჩვენ ქუჩაში ვიხილეთ.

"მართალია, მას აქციაზე ბოთლები ესროლეს და ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, მაგრამ ესეც რომ არ მომხდარიყო, მისი გაშვების გადაწყვეტილება მაინც მისაღები იყო, ჩემი აზრით", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

საგულისხმოა, რომ კვირიკაშვილის გადადგომას ჯერ კიდევ სამშაბათს ელოდა მთელი მედია, როდესაც "ქართული ოცნების" ოფისში 3-საათიანი სხდომა გაიმართა, თუმცა ამ სხდომიდან გამოსული "ოცნების" დეპუტატები ამტკიცებდნენ, რომ ვინმეს გადადგომაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა, განხილვა შეეხებოდა "იუნისეფის" მიერ დილით გამოქვეყნებულ კვლევას, რომ საქართველოში ბოლო 2 წლის განმავლობაში სიღარიბის მაჩვენებელმა მოიმატა.

"ოცნების" დეპუტატების განცხადებების პარალელურად გუშინვე გავრცელდა კულუარული ინფორმაცია, რომ მთელი სხდომა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს შორის დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა და მას ეკონომიკური პოლიტიკა დაუწუნეს.

გარდა ამისა, მთავრობის გადადგომის აუცილებლობაზე განაცხადა "ოცნების" დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ. ასევე, სხდომის მსვლელობისას დიდ პოლემიკაზე ისაუბრა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ "ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი, დიდი ხანია, არ უნახავს".

ამ განცხადებების ფონზე გაჩნდა კიდეც მოლოდინი, რომ კვირიკაშვილის კრიტიკას მწვანე შუქი აენთო და ის მალე დატოვებდა თანამდებობას. საღამოს კი საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობიდან მიდიოდა, გადადგომის მიზეზად კი მასსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ფუნდამენტურ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა და თქვა, რომ ახლა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

გარდა ამისა, კვირიკაშვილის თქმით, მასსა და მმართველ გუნდს შორის გამოიკვეთა გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა, კონკრეტულად კი მისი მეთაურობით მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

თუმცა გუნდის მხრიდან კრიტიკის მიუხედავად, კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ "ძალიან კარგად იცის, როგორ უჭირს ხალხს" და რომ არა მისი მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები, სოციალურ-ეკონომიკური ვითარება იქნებოდა უფრო მძიმე.

აღსანიშნავია ისიც, რომ მან ზუსტად 2 თვის წინ თქვა, რომ მისი წასვლის ტაიმერი წლები არ დარეკავდა და კანცელარიის მე-11 სართულს სულ ტყუილად დასტრიალებდნენ ვიღაც-ვიღაცები ყვავ-ყორნებივით, მაგრამ ამ დაქადნებიდან 2 თვის შემდეგ ტაიმერმა დარეკა და მას თანამდებობიდან წასვლა მაინც მოუწია.

ჩაწერა სახელი
ვანო (14.06.2018)
ბიძინას მმართველობის წლები არის ხალხის მოტყუების და გადაგდების წლები. მან უდიდესი დანაშაული ჩაიდინა ქართველი ერის წინაშე, როდესაც შემოიღო მისი ინტერესების მომსახურებელი მმართველობის მახინჯი სისტემა, აქედან ერისათვის გამომდინარე კატასტროფული შედეგებით.

დამოუკიდებელი ექსპერტი (14.06.2018)
ბრძენი ივანიშვილი მის მიერვე დაგებულ მახეში გაება, ის კომპრომატებით მოვიდა პოლიტიკაში და ეგონა თუ ნაციონალებს დაამარცხებდა, არავითარი პრობლემები არ ექნებოდა, მაგრამ მის მიმართაც დაგროვდა კომპრომატები, რამაც ხალხის აღშფოთება გამოიწვია და ხალხი ქუჩაში გამოიყვანა... სარალიძე, მაჩალიკაშვილმა, მის მიმართ დიდი კომპრომატები ააგორა, ის ბრინჯივით დაიბნა და ისეთ შეცდომებს უშვებს, რომ მის გასამართლების საპარლამენტო და ქუჩის სადავეები ნაციონალებს ჩაუგდო ხელში?!?!?! ასევე თავისავე პარტიაში ეტყობა მისადმი ნდობა დაკარგეს, მრავალი ფაქტორის გამო, პირველი ფინანსური ინტერესებია, ეტყობა ულუფების განაწილების კრიტერიუმები დაირღვა, ისეთი მსხვილი პროექტი, როგორიც ანაკლიის პორტია, მისი კონტროლიდან გავიდა, რადგან მასში ჩაერთვნენ ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორიც აშშ-ია, მამუკა ხაზარაძის კონტაქტები აშშ-სთან, ეტყობა ბიძინას უკვე არ აწყობს ეს პროექტი, პირველი ამ პროექტით რუსეთის გაღიზიანების გამო, მეორე ეტყობა ეს პროექტი მისი კონტროლიდან გავიდა, ამასთან საქართველოს ბანკიც გასულია ბიძინის კონტროლიდან, ვინაიდან მისი აქტივები ლონდონის ბირჟაზეა გასული, მეორე დაპირებები რაც ბიძინამ მისცა ხალხს უკუპროპორციულად ხორციელდება, გაერომ დადო შედეგები, რომელსაც ნდობის ხარისხი მაღალი აქვს, ნდიაი და აირაის მიმართ ქილიკი აქ არ გადის, ამიტომ შეიქმნა ყველა მიმართულებით გამოუვალი მდგომარეობა, ამის შემდეგ მოსალოდნელია კიდევ უფრო დიდი შეცდომები, რაც ბიძინას აბსოლუტური კრახით დასრულდება...