ელზა პაპოშვილი
(14.06.2018)

 "რამდენიმე წუთის განმავლობაში ინტენსიურ ორმხრივ სროლაში მოვხვდით. თავი განგსტერულ ფილმში გვეგონა. თავდაპირველად ჩემი ყურადღება ქუჩაში მოულოდნელად გამოჩენილმა დიდი სისწრაფით მომავალმა ჩამინულმა ავტომობილმა მიიქცია. ერთ-ერთ ეზოსთან გაჩერდა და ჩაწეული ფანჯრიდან სროლა დაიწყეს," - ასე აღწერს სამშაბათ ღამით ვაკეში, მოსეშვილის ქუჩაზე, სროლას ერთ-ერთი მაღაზიის კონსულტანტი "რეზონანსთან" საუბარში.

მისი თქმით, ეზოში მყოფებმა მანქანაში მსხდომებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. სროლა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. შემთხვევას ათობით თვითმხილველი ჰყავს. ერთ-ერთი მათგანი გვიყვება, რომ ორმხრივ სროლას ვაკეში პანიკა მოჰყვა. გამვლელებმა მიმდებარე კაფეებსა და მაღაზიებს შეაფარეს თავი. სროლის შემდეგ კი როგორც ეზოში მყოფებმა, ასევე ავტომობილში მსხდომმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

"ეს იყო წარმოუდგენელი ამბავი, რამდენიმე წუთის განმავლობაში სროლა არ წყდებოდა. შუა ვაკეში ასეთი განგსტერული დაპირისპირება პირველად ვნახე. გარეთ ვიდექი, სიგარეტს ვეწეოდი, ჩემი ყურადღება სწრაფად მომავალმა ავტომობილმა მიიქცია. გაჩერდა და ოდნავ ჩაწეული ფანჯრიდან ეზოში მდგომი ადამიანების მიმართულებით სროლა დაიწყო. იქიდანაც საპასუხო სროლა მოჰყვა.

"სავარაუდოდ, შვიდამდე ადამიანი იყო, არ ვიცი, მგონი, ყველა ისროდა. თავიდან რაღაც სპეცოპერაცია მეგონა. ხალხი ყვიროდა - გაიქეცით, თავს უშველეთო. ვინ ბავშვს მიარბენინებდა და ვინ მიწაზე წვებოდა, ვერ გაიგებდით. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. მეც მიწაზე ვიწექი.

"ცეცხლი რომ შეწყდა, მერე დავინახე, რომ როგორც ეზოში მყოფებმა, ასევე ავტომობილში მსხდომმა პირებმა ტერიტორია დატოვეს. არ ვიცი, ამ სროლის შედეგად ვინმე თუ დაიჭრა. ფაქტია, ისეთი სროლა იყო, ცოცხლები როგორ გადავრჩით, მიკვირს. გარშემო იმდენი მასრა ეყარა, თავი ომში მეგონა", - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი "რეზონანსთან".

მისი თქმით, ეზოში მყოფი 7-მდე ადამიანი აქამდე არ უნახავს და ვარაუდობს, რომ ადგილობრივი მცხოვრებნი არ არიან. არსებული ინფორმაციით, ორმხრივ სროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ასევე, არ ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების შესახებ.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ამოღებულია 9 მასრა. შსს-ში აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. უწყების ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ჩაწერა სახელი