"ბელარუსი რუსეთის ოფიციალური მოკავშირეა, საქართველოს და სომხეთის ინტერესები განსხვავებულია"
თამარ შუკვანი
(14.06.2018)

 "სომხეთს დინამიკა აიძულებს, მხარი დაუჭიროს სულ სხვა პრინციპს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს პოზიციას. ამ შემთხვევაში ლაპარაკია, რომ სომხეთი მხარს უჭერს თვითგამორკვევის პრინციპს და ამას აყენებს წინ, ვიდრე ტერიტორიულ მთლიანობას", - განაცხადა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ "რეზონანსთან საუბრისას.

მისი თქმით, მიუხედავად სომხეთთან კარგი ურთიერთობისა, საქართველოსა და სომხეთს განსხვავებული პოლიტიკური ხედვა აქვთ და ამიტომაც სომხეთმა არ დაუჭირა მხარი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას. იგივე პოზიცია უჭირავს ბელარუსსაც, განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, რომ მან მხარი არ დაუჭირა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან დიდი წნეხი იყო.

"საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, განსხვავებულია პოლიტიკური ხედვა და ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი ურთიერთობა სომხეთთან, ხშირად ეს არ ვლინდება გაეროს რეზოლუციების დროს.

"ჩანს, რომ ჩვენი ხედვა ამ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებულია და რაც მთავარია, სომხეთის პოზიცია ემთხვევა რუსეთის პოზიციას და მისი მნიშვნელოვანი მოკავშირეა.

"ბელარუსთან დაკავშირებითაც იგივე მდგომარეობა გვაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ის არის მოსკოვის მოკავშირე, მთლიანად იზიარებს მოსკოვის საგარეო პოლიტიკის ბევრ მიმართულებას, მაგრამ ყველაფერში არა: ნუ დაგვავიწყდება, რომ ბელარუსმა არ აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მიუხედავად იმისა, რომ წნეხი ძალიან დიდი იყო რუსეთის მხრიდან. ამ საკითხში ბელარუსი იზიარებს რუსეთის პოზიციას, რაც, ბუნებრივია, განაპირობებს იმ შედეგებს, რაც ჩვენ გვაქვს", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.

ამავე საკითხზე "რეზონანსი" "ჯიპას" პროფესორ თორნიკე შარაშენიძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ წლებია უკვე, მსგავს კენჭისყრაზე ბელარუსი და სომხეთი საქართველოს წინააღმდეგ აძლევენ ხმას და ამაში გასაკვირი არაფერია.

მისი თქმით, სომხეთი დიდი პრობლემის წინაშე დგას, რადგან ყარაბაღიდან აზერბაიჯანელები გაძევებულნი არიან და ქართველი ლტოლვილების დაბრუნებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მხარს ვერ დაუჭერს.

"ყოველთვის ასე ხდება, ახალი არაფერი მომხდარა. მსგავს ხმის მიცემაზე ბელარუსი და სომხეთი ხმას აძლევენ ჩვენ წინააღმდეგ. რატომ? ბელარუსი რუსეთის ოფიციალური მოკავშირეა. სომხეთს კი სერიოზული პრობლემა აქვს. ყარაბაღიდან გაძევებულები არიან აზერბაიჯანელები და თუ დაუჭერს მხარს, რომ აფხაზეთსა და ოსეთში დაბრუნდნენ ქართველი ლტოლვილები, მაშინ ჰკითხავენ ყარაბაღზე. ეს ორი ქვეყანა, ამდენი წელია უკვე, ხმას აძლევს ამ რეზოლუციის წინააღმდეგ", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია "აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან - სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ". გაეროში ამ რეზოლუციას 81-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, 16-მა ქვეყანამ კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

ეს ქვეყნები არიან: სომხეთი, ბელარუსი, რუსეთი, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, ფილიპინები, სამხრეთი სუდანი, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე.

ჩაწერა სახელი