ელზა პაპოშვილი
(13.06.2018)

 მმართველი გუნდის წევრი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბარში ამბობს, რომ ქვეყანაში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და საზოგადოების დაკვეთაა, რომ მთავრობა გადადგეს. ჭიჭინაძის თქმით, მას თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ამის აღიარება არ უჭირს და ქვეყანაში შექმნილი პრობლემების გამო, პასუხისმგებლობას არსებულ მთავრობას აკისრებს.

დეპუტატის აზრით, მათმა გუნდმა საზოგადოებას ის დაპირებები ვერ შეუსრულა, რასაც ხელისუფლებაში მოსვლამდე ჰპირდებოდა, ამიტომ სახლში წასვლის დროა. ჭიჭინაძე ამბობს, რომ ქვეყანაში სიტუაცია თუ არ გამოსწორდა, მაშინ მანდატების დატოვება თავად პარლამენტარებსაც მოუწევთ და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასაც არ გამორიცხავს.

დეპუტატი აცხადებს, რომ საზოგადოება მათ მიერ ჩატარებულ აღარც გამოძიებას იჯერებს და აღარც დაპირებებს. ეს კი ქვეყანაში კრიზისის შექმნის წინა პირობაა.

„გუშინ, ვიდრე სხდომა დაიწყებოდა, მანამდეც განვაცხადე, რომ მთავრობაში ცვლილებები აუცილებელია. ამის ხმამაღლა აღიარება ჩემი თანაგუნდელებისგან განსხვავებით არ მიჭირს. საზოგადოება ჩვენგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და იმ დაპირებების შერულებას ითხოვს, რომელიც ხელისუფლებაში მოსვლამდე მივეცით. თუმცა ფაქტია, მთავრობა ამ გამოწვევებს ვერ პასუხობს და მან ამაზე პაუსიხსიმგებლობა უნდა აიღოს.

ეს ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს და რადგანაც საზოგადოების დაკვეთაც ეს არის, აუცილებლად მოხდება. თუ სიტუაცია ასე გაგრძელდა, მარტო მთავრობის პასუხისმგებლობა კი არა, შესაძლოა დეპუტატების მანდატების დატოვებაც კი მოგვიწიოს. ზოგადად ამაზე პასუხისმგებლობა პარლამენტმაც უნდა აიღოს", - აცხადებს „რეზონანსთან" ჭიჭინაძე.

ჩაწერა სახელი