"ოცნებამ" ისევ არ იცის, რა უყოს "მაუწყებლობის შესახებ" კანონს, ირაკლი კობახიძემ კი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა, სავარაუდოდ, გადაიფიქრა
თიკო ოსმანოვა
(14.02.2018)

 დაძლევს თუ არა პარლამენტი "მაუწყებლობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის მიერ დადებულ ვეტოს, ჯერ კიდევ უცნობია. ასევე გაურკვეველია, შეხვდებიან თუ არა დაპირებისამებრ პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები კერძო ტელევიზიის წარმომადგენლებს, რომლებიც სარეკლამო ბაზარზე "პირველი არხის" შემოსვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგენლებს იანვრში შეხვდა და დაჰპირდა, რომ მეტი ინფორმაციისთვის გაფართოებულ ფორმატში მათ კიდევ ერთხელ შეხვდებოდა, სანამ საშემოდგომო სესია დაიწყებოდა და პარლამენტს ამ კანონის ბედი უნდა გადაეწყვიტა.

აღსანიშნავია, რომ ვერც პრეზიდენტმა და ვერც საკანონმდებლო ორგანოს დარგობრივმა კომიტეტმა მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტის თავმჯდომარის დარწმუნება, რომ სარეკლამო ბაზარზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსვლა დააზარალებს კერძო ტელევიზიებს, ვერ მოახერხა.პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით ვეტოს დაძლევა თვითმიზანი არ არის. მაგრამ პრეზიდენტის 21-გვერდიან მოტივირებულ შენიშვნებში ვერც ერთი წონიანი არგუმენტი და ფრაზა ვერ ამოიკითხა. ამიტომ სანამ საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევს, ბოლო ცდა მედიის წარმომადგენლებზეა, რომლებმაც კობახიძის დასარწმუნებლად არგუმენტები და შესაბამისი დოკუმენტები უკვე მოამზადეს და ამაოდ ელიან პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობის წევრებთან შეხვედრას.

პარლამენტში საშემოდგომო სესია დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, შეხვდება თუ არა ირაკლი კობახიძე მედიის წარმომადგნლებს. ტელეკომპანია "კავკასიის" გენერალურ დირექტორ ნინო ჯანგირაშვილის თქმით, სულმოუთქმელად ელოდება, როდის გაიმართება პარლამენტის თავმჯდომარესთან მორიგი შეხვედრა.

"ჯერჯერობით არ ვიცი, არავინ შეგვხმიანებია. ველოდებით შეხვედრას, რომელზეც ვაჩვენებთ იმ მონაცემებს, რომლებიც წინა შეხვედრაზე კობახიძეს ჰქონდა არასწორად. სარეკლამო ბაზარი ყველა ვალუტაში მცირდება და ამას ვაჩვენებთ.

"ჩვენ დავიანგარიშეთ ყველაფერი დეტალურად და მოუთმენლად ველოდები შეხვედრას უმრავლესობის წევრებთანაც, რადგან ის დაგვპირდა, რომ მეორე შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში მოხდებოდა. ველოდებით შეხვედრის შესაძლებლობას, რომ ჩვენი არგუმენტები მოვახსენოთ უმრავლესობას და იმედია, მოგვეცემა ამის საშუალება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ჯანგირაშვილი.

მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი.

"არ ვარ ინფორმირებული. ისიც არ ვიცი, შეხვედება თუ არა კობახიძე მედიის წარმომადგენლებს. ამის შესახებ არ ვფლობ რამე ინფორმაციას", - გვითხრა ქუცნაშვილმა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი ალექსანდრე ქანთარია.

"არ ვარ საქმის კურსში, მაგრამ რამდენადაც ვიცი, პარლამენტის თავმჯდომარეა შეპირებული. მის პრესსამსახურს დაუკავშირდით და ის უკეთესად გეტყვით. მე მგონი, ერთი კვირა დრო კიდევ არის. პირადად მე ამ კანონთან დაკავშირებით ჩემს პოზიციაზე ვრჩები", - გვითხრა ქანთარიამ.

ირაკლი კობახიძის პრესსამსახურში კი გვითხრეს, რომ თუ დაინიშნება შეხვედრა, შეგვატყობინებენ.

შეგახსენებთ, რომ "მაუწყებლობის შესახებ" კანონს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო 15 იანვარს დაადო. მას შემდეგ ერთი თვეა გასული და საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ ვერ გადაუწყვეტია, დაძლიოს თუ არა პრეზიდენტის ვეტო.

ეს გიორგი მარგველაშვილის რიგით მე-11 ვეტოა. ყველა წინა შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობამ ვეტო მალევე დაძლია.

ჩაწერა სახელი