ნინო ქეთელაური
(13.01.2018)

 საპატრიარქო ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მომზადებული კანონპროექტის გამო უპირისპირდება. სასულიერო პირები საპარლამენტო განხილვის შეაჩერებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუჩაში გამოსვლით იმუქრებიან. მათი განცხადებით, საკითხზე მსჯელობა სპეციალისტებისა და საზოგადოების ჩართულობით უნდა გაიმართოს, შემდეგ კი ახალი კანონი დაიწეროს.

შეჩერდება თუ არა პარლამენტში განხილვა, მმართველ გუნდში ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ამბობენ, რომ საზოგადოებრივი განხილვა დაიწყება და საკითხი საერთო აზრის შეჯერებამდე გადაიწევს. ამასთან, საპატრიარქოს წარმომდგენლებათან შეხვედრას და დეტალების ხელახლა გავლასაც აანონსებენ.

პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქმე გვაქვს არა ხილისუფლებისა და საპატრიარქოს დაპირისპირებასთან, არამედ მმართველი გუნდის ნებასთან, რომ არ მიიღოს კანონპროექტი და ამისთვის ნებისმიერი ინსტიტუტი და სხვა გარემოება გამოიყენოს, ოღონდ ისე, რომ საკუთარი ბრალეულობა არ გამოჩნდეს.

ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში შედგა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას ახალი სამუშაო ჯგუფი მოამზადებს, რომელიც მეცნიერებით, დეპუტატებით, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და დაინტერესებული პირებით დაკომპლექტდება. შემუშავებული ვერსია კი შემდეგ საზოგადოებას განსახილველად წარედგინება.

როგორც შეხვედრაზე კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, საპატრიარქომ უკვე არსებული კანონპროექტი დაწვრილებით განიხილა და საშიში აქცენტები აღმოაჩინა, მაგალითად, ნარკოგამსაღებლებზე უმნიშვნელო ადმინისტრაციული ჯარიმებია განსაზღვრული.

"არ არის საუბარი სარეაბილიტაციო სახლებზე, საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე, ცნობიერების ამაღლებაზე ახალგაზრდებში და მხოლოდ არის საუბარი სასჯელის შემსუბუქებაზე. ზოგადად, მისი უწმინდესობა და საპატრიარქო არიან იმ პოზიციაზე, რომ ციხეში ადამიანი მხოლოდ ძალიან რადიკალურ შემთხვევაში უნდა იყოს, ჩვენ ვწუხვართ ყველა იმ ადამიანის გამო, ვინც სასჯელს იხდის, თუმცა მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს გავათავისუფლებთ ციხიდან და ის მოხვდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია", - განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, საჭიროა ამ ადამიანების დახმარება, აქცენტის დასმა სარეაბილიტაციო და პრევენციული კუთხით, რასაც ეს კანონი ვერ უზრუნველყოფს.

კითხვაზე, ცდილობს თუ არა საპატრიარქო, გარედან ჩაერიოს პროცესებში, დეკანოზმა ანდრიამ უპასუხა, რომ დეპუტატებს შეუძლიათ, გაითვალისწინონ საპატრიარქოს პოზიცია და შეუძლიათ, არ გაითვალისწინონ.

"ეკლესიისგან ასეთი პოზიცია არ უნდა გვიკვირდეს. ეკლესია ცდილობს, მოხდეს ახალგაზრდების დახმარება და არა წახალისება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონპროექტი ამ სახით წაახალისებს", - აღნიშნა დეკანოზმა.

დეკანოზი დავით ისაკაძე კი მიიჩნევს, რომ ნარკოპოლიტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტი საქართველოს "ნარკოჰაბად" გადაქცევას ემსახურება და კანონის მიღებით "ნარკოვითარება ქვეყანაში უფრო დაიძაბება".

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება უახლოეს მომავალში არ მოხდეს. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომელიც განხილვაში ჩაერთვება და ამ პროცესში საპატრიარქოს ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

"საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, ჩვენ ვიმსჯელებთ ასევე საპატრიარქოსთან და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა კობახიძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძის განცხადებით კი, ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა პარლამენტში მას შემდეგ გაგრძელდება, რაც საპარლამენტო უმრავლესობა ამ საკითხზე შეჯერდება. თუმცა იგი ვარაუდობს, რომ განხილვა საგაზაფხულო სესიაზე მაინც მოესწრება.

"განხილვის შემდგომი ნაბიჯი არის იურიდიული კომიტეტი, შემდეგ პლენარული სხდომა. არ მოხდება ეს განხილვა, ვიდრე უმრავლესობა არ შეჯერდება პოზიციაზე", - განაცხადა ზოიძემ.

"ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ საპატრიარქო და მმართველი გუნდი კანონპროექტის ძირითად არსში, რომ ნარკომომხმარებელი არ უნდა იყოს ციხეში, თანხმდება. დანარჩენ ნაწილში კი საპატრიარქოს არასრული ინფორმაცია აქვს, რის გამოც მათთან შეხვედრა გაიმართება.

"საპატრიარქოს მხრიდან გამოთქმულია სრულიად მისაღები შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მზად არიან სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები, რომ ნარკომომხმარებლებს შევთავაზოთ სათანადო სერვისები. მაგრამ ამაზე ყველანი ვთანხმდებით, რომ ეს კანონი უცებვე არ ამოქმედდება, იქ გაწერილია დეტალურად, თუ როგორ უნდა დაევალოს ყველა შესაბამის სამსახურს პირობების მოწყობა.

"თუ ჩვენ კანონი არ მივიღეთ, არასდროს მომზადდება ქვეყანაში ის სამსახურები, რაც სჭირდება ჰუმანურ დამოკიდებულებაზე გადასვლას. კანონპროექტის ავტორები თანახმა არიან, რომ დავიწყოთ საჯარო დისკუსია, რომელშიც ჩართული იქნება საპატრიარქო. ჩემი პირადი აზრია, რომ დაითქვას დრო, არა განუსაზღვრელი, ალბათ ერთი-ორი თვე და დავიწყოთ სახალხო განხილვა. მათ შორის, საპატრიარქოს წარმომადგენლების თუ სპეციალისტების ჩართულობით და შევჯერდეთ, როდის ჯობია ამ კანონის მიღება", - აცხადებს გუგული მაღრაძე.

სასულიერო პირების განცხადებაზე, რომ თუ საპარლამენტო განხილვა არ შეჩერდება, ისინი ქუჩაში გადაინაცვლებენ, დეპუტატი ამბობს, რომ მსგავი ულტიმატუმი მიუღებელია.

"არ შეიძლება, ხელისუფლება დააშინო იმით, რომ ქუჩაში გამოვალთო. ხვალ სხვა გამოვა და იტყვის, მე მინდა ქუჩაში მარიხუანას მოწევა. რაღაც ჯგუფს თუ კონკრეტული კანონი არ მოსწონს, ამის მიხედვით არ უნდა ხდებოდეს ჩვენი მოქმედება. გვესმის, რომ საპატრიარქო არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, მაგრამ მათთან გვექნება შეხვედრა და ძალიან დაწვრილებით გავივლით ყველაფერს. ეს არ ნიშნავს, რომ კანონის განხილვას გადავწევთ განუსაზღვრელი ვადით", - აცხადებს გუგული მაღრაძე.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, საქმე გვაქვს არა ხელისუფლებისა და საპატრიარქოს დაპირისპირებასთან, არამედ მმართველი გუნდის მცდელობასთან, რომ კანონის მიღება განუსაზღვრელი ვადით ყველა საშუალებით გადადოს.

"არ მგონია, რომ ხელისუფლებისა და საპატრიარქოს დაპირისპირებასთან გვქონდეს საქმე. ამ ისტორიამ ტრაგიკომიკური სახე მიიღო, მაგრამ მთლად სასაცილოც არ არის. საქმე ისაა, რომ უკვე ძალიან დიდი ხანია, ამ თემაზე დისკუსია გრძელდება. თითქოს ჩანს, რომ პოლიტიკური ნება არსებობს, მაგრამ უცებ გამოჩნდება რაღაც და ისევ ახალი ფურცლიდან იწყება ყველაფერი, ამ წრეზე უკვე მერამდენედ დავტრიალდით სხვადასხვა ფიგურანტებით.

"აქ ლოგიკა არის ერთადერთი - ხელისუფლება ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ უნდა რაღაც გადაწყვეტილების მიღება და იქვე სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით ამ გადაწყვეტილებას თავადვე ძირავს. დღეს საპატრიარქოა, ხვალ სხვა ჯგუფი გამოჩნდება და ეს იქნება დაუსრულებელი.

"მე ვფიქრობ, პოლიტიკური და თანმიმდევრული არც ნება და არც ხედვა ამ საკითხზე ხელისუფლებას არ აქვს. გასაგებია, რომ ეს არის ძალიან რთული თემა, რომელსაც სჭირდება მთელი ინსტიტუტების მშენებლობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება ამისთვის არ არის მზად და ეძებს საბაბს, რომ როგორმე უვადოდ გადადოს", - ამბობს გია ხუხაშვილი.

ჩაწერა სახელი
ყაზბეგის იაგო (13.01.2018)
ბ–ნო ხუხაშვილო, თქვენს ფიზიონომიას რომ ვაკვირდები მიჩნდება გონივრული ეჭვი, რომ თვითონ ეწევით და მხარს უჭერთ მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაციას. მივესალმები ჩვენი სამღვდელოების გაბედულ ნაბიჯებს ქვეყნის გადარჩენის საქმეში.