ეკატერინე ბასილაია
(13.01.2018)

 საქართველოში ბოლო ათწლეულებია, აზერბაიჯანული სოფლების ისტორიულ თურქულ სახელწოდებებს ქართულით ცვლიან და ეს პოლიტიკა არ შეხებია სხვა ეროვნულ უმცირესობებს, მაგალითად, სომხებს სამცხე-ჯავახეთში - საქართველოში არსებული ერთ-ერთი აზერბაიჯანული ორგანიზაციის ხელმძღვანელ ელბრუს მამედოვის ამ განცხადებას რუსული მედია ავრცელებს.

მამედოვის განცხადებით, სახელწოდებების გადარქმევა ძირითადად მხოლოდ თურქულ ტოპონიმებს ეხება და ყველა ეს ქმედება მიმართულია საქართველოს აზერბაიჯანული საზოგადოების წინააღმდეგ.

თავად ეთნიკური აზერბაიჯანელებიც მიიჩნევენ, რომ საუკუნეებია, მარნეულში, ბოლნისსა თუ წალკაში აზერბაიჯანული სოფლებია და, წესით, მათი დასახელებაც აზერბაიჯანული უნდა იყოს, თუმცა ასე არ ფიქრობს ქართველი ისტორიკოსების ნაწილი. გიორგი ოთხმეზური აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა გამოავლინოს პოლიტიკური ნება და ყველა სოფელს ქართული სახელწოდება უნდა დაუბრუნდეს, ის, რომელიც "ბორჩალოს ტომის" იქ დასახლებამდე არსებობდა.

ცნობისათვის, რუსული მედია წერს, რომ 2017 წლის დეკემბერში თბილისში ეროვნულ უმცირესობათა ევროპულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღწერილია საქართველოში უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში ადგილების დასახელების გადარქმევის ფაქტები, რაც ბოლო რამდენიმე ათწლეულია, მიზანმიმართულად გრძელდება.

ბოლო წლების განმავლობაში რომელიმე აზერბაიჯანული დასახელების ქართულით შეცვლაზე კონკრეტული მაგალითი არც მამედოვს და არც რუსულ მედიას არ აქვს. ძირითადად 1990-1991 წლებში, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს, ბოლნისში დაახლოებით 18 სოფლისათვის აზერბაიჯანული სახელწოდების ქართულით შეცვლაზე სვამენ აქცენტს და ასევე ამბობენ, რომ ზოგიერთი ჩინოვნიკის სურვილია, თურქული ტოპონიმიკის ქართულით ჩანაცვლება მოხდეს.

"მაგალითად, 2010 წელს ეროვნებით აზერბაიჯანელმა რიგმა ჩინოვნიკებმა, რომლებიც რეგიონულ ხელისუფლებაში მუშაობდნენ, მაგალითად, გუბერნატორის მოადგილემ და მარნეულის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა პირადი ინტერესების გამო დაამტკიცეს ტოპონიმების ცვლილება და, ფაქტობრივად, ხელი მოაწერეს 19 სოფლის სახელწოდების შეცვლას. მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივობის შედეგად გახდა შესაძლებელი, პროცესი შეჩერებულიყო. ეს იმ დროს, როდესაც სამცხე-ჯავახეთში სოფლების სომხური სახელწოდებების შეცვლაზე რაიმე ინფორმაცია არ არსებობს", - ჩივის ელბრუს მამედოვი.

მისი თქმით, ბოლნისის რაიონში 1990-1991 წლებში სოფელი აბდალო გადაკეთდა ჯავშანიანად. სოფელი არახლო - ნახიდურად, სოფელი გოჩულუ - ჩაპალად.

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ზაურ ხალილოვი ამბობს, რომ ბოლო წლებში არც ერთი სოფლის აზერბაიჯანული სახელწოდება არ შეცვლილა, მაგრამ აზერბაიჯანულ თემში არსებობს რამდენიმე მცირე ორგანიზაცია, რომლებიც ამ თემას პერიოდულად წინ წამოსწევენ.

"რამდენიმე წლის წინ წალკაში, ზუსტად არ მახსოვს წელი, შეცვალეს რამდენიმე სოფლის სახელწოდება, ისიც ყველანაირი პროცედურული დაცვით. მაშინ სახალხო დამცველთან არსებული საბჭო ჩავედით, გადავამოწმეთ და საკრებულოს დადგენილებით მოხდა, ბერძნულ თემთანაც იყო შეთანხმებული, რადგან ამ სოფლებში ადრე ბერძნები ცხოვრობდნენ, ახლა კი ეკომიგრანტები სახლობენ.

"ახლა რაზეც საუბარი მიდის და რაზეც უკმაყოფილებაა, ბოლნისის რაიონს ეხება, სადაც ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროს მოხდა სოფლებისთვის აზერბაიჯანული სახელწოდებების შეცვლა ისე, რომ ეს მოსახლეობის სურვილი არ ყოფილა. მას შემდეგ არსად არაფერი შეცვლილა. 2010 წელს ითქვა, რომ მარნეულში იყო მცდელობა, თუმცა რეალურად რაიმე დოკუმენტი, რომ ეს პროცედურა დაიწყო, არ გვინახავს," - ამბობს ხალილოვი.

მისი თქმით, მარნეულში, წალკასა თუ ბოლნისში საუკუნეებია, აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და სოფლის სახელწოდებებიც, საუკუნეებია, აზერბაიჯანულია, ამიტომაც ადგილობრივების სურვილია, სოფლებს აზერბაიჯანული დასახელება ჰქონდეს და არც ის არის კანონმდებლობით პრობლემა, რომ გამსახურდიას დროს დარქმეული ქართული დასახელების ნაცვლად ისევ ძველი აზერბაიჯანული აღადგინონ, თუკი ამის მოთხოვნას ადგილობრივ საკრებულოში სოფლის მოსახლეობა წარადგენს.

"თუ ასე სურთ ძველი დასახელების აღდგენა, არ ვიცი, რა უშლით ხელს. საკანონმდებლო დონეზე არსებობს პროცედურები და თუ საკრებულო არ მიიღებდა სათანადო გადაწყვეტილებას, ბოლოს და ბოლოს სასამართლოში ვუჩივლებდი.

"ერთი პერიოდი მოსახლეობაც აქტიურად ამბობდა, რომ სურდათ აზერბაიჯანული დასახელების დაბრუნება და ალბათ უფრო ორგანიზების პრობლემაა. ისე, ადგილობრივებშიც და თვითმმართველობებშიც დღესაც ძველი აზერბაიჯანული სახელწოდებით მოიხსენიებენ იმ სოფლებს.

"მაგალითად, სოფელ არახლოს ნახიდური დაარქვეს, მაგრამ მოსახლეობაც და მუნიციპალიტეტის სხდომებზეც კი არახლოს გაიძახიან. როდესაც დასახელებები ქართულით შეცვალეს, თქვეს, რომ ვითომ ისტორიული საფუძვლები არსებობდა, მაგრამ წყაროებში არსად არ იძებნება, რომ ადრე ის ქართული სახელი ერქვა, რაც ახლა დაარქვეს.

"ისტორიულად, ამ სოფლებში, 500 წელიწადია, აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მოსახლეობა 100%-ით აზერბაიჯანულია. ბორჩალოს მაზრა რომ არსებობდა, იმ დროიდან მოდის ეს სახელწოდებები. ისტორიულად, ეს ხალხი ბორჩალოელ თურქებად არიან მოხსენიებულები," - ამბობს ხალილოვი.

ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური აცხადებს, რომ როგორც აზერბაიჯანელებმა ქვემო ქართლში, ისევე სომხებმა ჯავახეთში შემოიტანეს თავიანთი ტოპონიმიკა და, წესით, ის ქართული ტოპონიმიკით აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

"ეს მათი შემოტანილი ტოპონიმიკაა, ყველა ამ სოფელს სხვა სახელწოდებები ერქვა, ქართული სახელწოდებები. პერიოდულად ხდებოდა არაქართული მოსახლეობის შემოსვლა და დასახლება. ბორჩალოს ტომი რომ ჩამოასახლა შაჰ-აბასმა მე-17 საუკუნეში, იმის შემდეგ ხდება ქართული სახელების შეცვლა. შემდეგ "ბორჩალოს მაზრაც" ამის გამო დაერქვა და სოფლებსაც მათი სახელები ეწოდა.

"მე თუ მკითხავთ, ყველა ამ სოფელს ქართული სახელები უნდა დაუბრუნდეს. ბევრი ცნობილია წყაროებში, ბევრიც - მოსაძიებელია. ამ მხრივ მუშაობაა საჭირო. ქართული სახელწოდებების დაბრუნების საფუძვლები არსებობს და, სხვათა შორის, გამოქვეყნებულიც არის ჯავახეთის ტოპონიმიკაზე, ქვემო ქართლის ტოპონიმიკაზე სამეცნიერო წერილები. ჩემი აზრით, ამას სისტემაში მოყვანა უნდა, სახელმწიფო ნებაა საჭირო, კომისია უნდა შეიქმნას და ყველა სოფლის სახელწოდება, რაც დადგენილია და რისი დადგენაც შეიძლება, უნდა დადგინდეს და შემდეგ გადარქმევის საკითხიც უნდა დაისვას.

"მეცნიერულ წრეებში მეცნიერულად იკვლევენ და ამ საკითხის დასმა პოლიტიკურადაა საჭირო. ბოლო წლებში ეს საკითხი საერთოდ არ დასმულა, მახსოვს, წალკასთან და თეთრიწყაროსთან დაკავშირებით იყო ადრე. თეთრიწყაროს ერქვა თათრული სახელი, აღბულაღი და გადაერქვა," - ამბობს ოთხმეზური.

ჩაწერა სახელი