ეკატერინე ბასილაია
(08.12.2017)

 რამდენად შესაძლოა, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2019-2020 წლებში შეიტანოს იმის მიუხედავად, მიანიჭებენ თუ არა ქვეყანას "ევროპულ პერსპექტივას" - ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე "ევროპულ პერსპექტივაზე" მორიგი უარის მიღების შემდეგ ამ შესაძლო გზაზე საუბარი ექსპერტების ერთ ნაწილში აქტიურად დაიწყო და, ასევე, გაჩნდა ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს გეგმა ხელისუფლებამაც გაიზიაროს. უფრო კონკრეტულად კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ექსპერტებთან შეხვედრაზე გაცხადდა, რომ მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკაზე მუშაობის დაწყებას გეგმავს პარლამენტთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად.

საქართველოს საბოლოო მიზანი ევროკავშირის წევრობაა. ოფიციალური თბილისის ეს მიზანი ფორმალურად ცნობილია ყველასთვის ევროკავშირში და საქართველოს მოსახლეობაც უჭერს მხარს, თუმცა წევრობაზე ოფიციალური განაცხადის შეტანაზე ხელისუფლება უარს ამბობს მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო მას ოპოზიცია აკრიტიკებს და პოლიტოლოგების დიდი ნაწილიც ამბობს, რომ წევრობაზე განაცხადი უნდა შევიდეს.

რატომ არ შეაქვს ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი? მთავრობის არგუმენტია, რომ უახლოეს წლებში საქართველოს არავინ მიიღებს ევროკავშირში, ამიტომაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მაშინ შეიტანს, როცა ქვეყანა ამისთვის მზად იქნება.

პოლიტოლოგები თანხმდებიან, რომ უახლოეს წლებში ევროკავშირში გაწევრიანება რეალური არ არის, ხელისუფლების მიდგომას კი, რადგან არავინ მიგვიღებს ხვალ, ამიტომ განაცხადი საჭირო არ არის, მათი ერთი ნაწილი იზიარებს. ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ განაცხადის გაუაზრებლად და პოლიტიკური საფუძვლების მოუმზადებლად შეტანამ, შესაძლოა, განუსაზღვრელი ვადით გადადოს ან საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოს ევროპული მომავალი."ევროპული კვლევების ცენტრის" ხელმძღვანელ კახა გოგოლაშვილის თქმით, წევრობაზე განაცხადის შეტანა ნაადრევია იმიტომ, რომ ნამდვილად ვიცით, უარს გვეტყვიან და "კონტექსტიდან ამოვარდნილები ვიქნებით", რაც "ჩვენს პერსპექტივაზე უარყოფითად იმოქმედებს."

იგი მიიჩნევს, რომ ბრიუსელში ჯერ რომელიმე დოკუმენტში "ევროპული პერსპექტივა" უნდა ჩაიწეროს. "ჯერ ამისთვის არ მიგვიღწევია და ევროკავშირში აპლიკაცია რომ შევიტანოთ, ეს იმას ნიშნავს, ევროკომისიას ამ აპლიკაციის განხილვა, შემდეგ კი უარყოფითი დასკვნის დაწერა მოუწევს, რაც დააზიანებს მცდელობას, რომ ამ ეტაპზე ევროპული პერსპექტივა მივიღოთ," - ამბობს გოგოლაშვილი.

ექსპერტთა მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ განაცხადის შეტანა შესაძლებელია ბრიუსელიდან "ევროპული პერსპექტივის" აღიარების გარეშეც და ამით არაფერი შავდება, პირიქით, ამით ევროკავშირი დაინახავს, რომ ჩვენი განცხადებები და მისწრაფება რეალურია.

მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარე გია ნოდია ამბობს, რომ განაცხადზე შეზღუდვა არ არსებობს და ეს ქვეყანას არც არაფერს ავნებს, თუმცა არც რაიმეს მოუტანს. ეს იქნება წმინდა სიმბოლური ნაბიჯი. მას არ უკვირს, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე თავს იკავებს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ევროკავშირში ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლები გვირჩევდნენ, ამ ეტაპზე ეს ნაბიჯი გადავდოთ.

"ეს მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილებაა, როდის სჯობს ასეთი ფორმალური ნაბიჯის გადადგმა, რადგან არაფორმალურად, დეკლარაციის დონეზე ეს ჩვენ უკვე ბევრჯერ გვაქვს ნათქვამი," - აცხადებს ნოდია.

"საქართველოს რეფორმების ასოციაციამ" გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საუბარია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წევრობაზე განაცხადის შეტანისგან ახლა თავი უნდა შეიკავოს, მაგრამ 2-3 წელში შესაძლებელია. თუმცა მანამდე ამისთვის პოლიტიკური საფუძვლები უნდა მომზადდეს, საქართველოს მთავრობამ დაიწყოს და შეიმუშაოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკა, რომელშიც უნდა აისახოს ყველა ის ძირითადი ამოცანა, საქმიანობა და ეტაპი, რაც ჩვენმა ქვეყანამ შეიძლება გაიაროს ევროპის კავშირში გაწევრიანებამდე. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად 2020 წლისთვის ასოცირებისა და ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებიც წარმატებით უნდა შესრულდეს.

ასევე, საქართველომ ცალმხრივად უნდა შეავსოს კითხვარი, რომელსაც გაწევრიანების განაცხადის შემდეგ წევრობის მსურველ ქვეყნებს ევროკავშირი უგზავნის, რათა წინმსწრებად შეფასდეს პოლიტიკური, ეკონომიკური და ადმინისტრაციული კრიტერიუმების მიმართ ქვეყნის მზადყოფნა და სასურველია, რომ ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლებამ უახლესი, მაგალითად, ბოსნიის კითხვარით იხელმძღვანელოს; საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაააქტიუროს ძალისხმევა "ევროპული პერსპექტივის" მისაღებად.

გარდა ამისა, მთავრობამ უნდა გაააქტიუროს მუშაობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან და თანაც საქართველოს ნაბიჯები კოორდინირებული უნდა იყოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ან მხოლოდ მოლდოვასთან, რადგან ერთი რეგიონიდან მხოლოდ საქართველოს გამორჩევა და პოტენციური კანდიდატის სტატუსის მხოლოდ მისთვის მინიჭება არარეალური მიზანი შეიძლება აღმოჩნდეს.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საქართველოს შესაძლებლობის ერთგვარი ფანჯარა 2019-2020 წლებში, დიდი ალბათობით, ექნება, რაც გონივრულად უნდა გამოიყენოს.

"ამ ეტაპზე საქართველო ასოცირების შეთანხმების დიდი ნაწილის დამასრულებელ ეტაპზე იქნება და გაწევრიანების კრიტერიუმების გაცილებით უფრო მეტი მოთხოვნა ექნება დაკმაყოფილებული. 2019 წელსვე იცვლება ევროპული კომისიის შემადგენლობა და იწურება კომისიის მიერ გაფართოებაზე დაწესებული ერთგვარი მორატორიუმიც," - წერია კვლევაში.

ჩაწერა სახელი
... (08.12.2017)
ჩვენ ვერ ვისწავლეთ საკუთარი მე-სა და საკუთარი მთავრობისადმი მომთხოვნელობა, მოდით ასე დავსვათ საკითხი რა გვიშლის ხელს, რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო, კონსტიტუცია რომელიც გამოხატავს ხალხის ნებას, საარჩევნო კანონი რომელიც მისაღები იქნება ყველა პარტიისთვის და ბოლოსდაბოლოს ხმა მივცეთ იმას ვინც მოგვწონს და არა იმას ვისაც ხელისუფლება გვირჩევს... დაკარგული ტერიტორიების შესახებ არ საუბრობს არც ამერიკა და არც ევროპა და ეს არის ჩენი დიპლომატიის წარმატება...ჩვენ ვთქვით, რომ ომი რუსეთის წინააღმდეგ საქართველომ დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე, აგრეთვე დავოსში ვთქვით რომ საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები ბლეფი იყო და ამას ჩვენ ტაში დავუკარით...