4-ით შემცირებული სამინისტროები და 2 ახალი მინისტრი კვირიკაშვილის ახალ მთავრობაში
ეკატერინე ბასილაია
(14.11.2017)

 გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობაში დიდი ცვლილებები დაიწყო. სამინისტროების რაოდენობა 4-ით მცირდება, 18-ის ნაცვლად იქნება 14 ახალი სამინისტრო, 4 უწყება კი სხვა უწყებებს უერთდება;

მინისტრთა კაბინეტში 4 ახალი მინისტრია, მათ შორის ეკონომიკის ექსმინისტრი გიორგი გახარია ხდება შს მინისტრი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფუნქციებგაზრდილ ეკონომიკის სამინისტროს ჩაიბარებს. გარდა ამისა, კაბინეტს უერთდება 2 ახალი კადრი - განათლებაში მიხეილ ჩხენკელი და ფინანსთა სამინისტროში - მამუკა ბახტაძე; მინისტრის პორტფელი კი დაკარგა 6-მა მინისტრმა - გიორგი მღებრიშვილმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, ვიქტორ დოლიძემ, გიგლა აგულაშვილმა, ილია ელოშვილმა და ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ამ მასშტაბურ სამთავრობო და სტრუქტურულ ცვლილებებზე ინფორმაცია შაბათ საღამოს მედიაში გაჩნდა და სწორედ მაშინ მედიიდან გაიგო "ქართული ოცნების" დეპუტატთა დიდმა ნაწილმაც.

პრემიერ-მინისტრმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ სამინისტროების ოპტიმიზაცია იწყება და ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია და დაზოგილი თანხის ხალხის სასიკეთოდ დახარჯვა დასახელდა.

თუმცა კონკრეტულად რა თანხა დაიზოგება და სად წავა ის, ამაზე არაფერი განუცხადებია და ოპოზიცია ელის, რომ 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისას გამოჩნდება, რა რაოდენობით შემცირდება ბიუროკრატია და ხარჯები.

ოპტიმიზაციის შედეგი ასეთია: უქმდება ენერგეტიკის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და ევროინტეგრაციის სამინისტრო. ეს 4-ვე უწყება სხვადასხვა უწყებაში ერთიანდება.

ეკონომიკის სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და ასევე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ნაწილი - ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე ინიშნება უკვე ყოფილი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის სტატუსს.

ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმების შემდეგ უკვე ყოფილი მინისტრი ილია ელოშვილი, სავარაუდოდ, კალაძის გუნდში გადაინაცვლებს და ვიცე-მერის თანამდებობას დაიკავებს.

ეკონომიკის მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია ინიშნება შს მინისტრად, ამავდროულად დაიკავებს ვიცე-პრემიერის პოსტს. შს უკვე ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გადადის ახლად შექმნილ უწყებაში.

შსს-ში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმისა და რეორგანიზაციის შედეგად იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე კი კარგავს პოსტს.

ამავდროულად, პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს-ს) უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური.

ფინანსთა მინისტრად ინიშნება მამუკა ბახტაძე, რომელიც ამჟამად "საქართველოს რკინიგზის" გენერალური დირექტორია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ნაწილი - ახალგაზრდობის საქმეთა მართვის კომპონენტი და მინისტრის პოსტს დაიკავებს მიხეილ ჩხენკელი, რომელიც დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია.

აყოფილი მინისტრებიდან ალექსანდრე ჯეჯელავას პრემიერი ელჩობას სთავაზობს, ხოლო სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ბიზნესში ბრუნდება.

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უერთდება სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მეორე ნაწილი - სპორტის კომპონენტი და მინისტრის თანამდებობაზე რჩება მიხეილ გიორგაძე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს უერთდება გარემოს დაცვის სამინისტრო და მინისტრად რჩება ლევან დავითაშვილი. გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი კი პოსტს კარგავს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება ევროინტეგრაციის სახელმწიფო აპარატი და მინისტრად რჩება მიხელ ჯანელიძე. ევროინტეგრაციის უკვე ყოფილი მინისტრი ვიქტორ დოლიძე, დიდი ალბათობით, დეპარტამენტად გადაკეთებულ უწყებას უხელმძღვანელებს.

ცვლილებებს "ოცნებაში" იწონებენ. სამინისტროების გაერთიანება რომ კარგია, ამას არც ოპოზიცია და არც პოლიტოლოგები არ უარყოფენ, თუმცა კრიტიკა მაინც არის.

ოპოზიციაში არ იწონებენ არც საკადრო გადაადგილებას და ეჭვის თვალით უყურებენ იმასაც, რომ "ოცნება" ფულს დაზოგავს და მას პრობლემების გადაწყვეტას მოახმარს.

"ევროპული საქართველოს" წევრ გიგი უგულავას განცხადებით, ამ ცვლილების შეფასების ინდიკატორი იქნება ის, 2018 წლის ბიუჯეტში რა ცვლილებები აისახება და რა რაოდენობის ფულს ზოგავს საქართველოს მოსახლეობა. მისი თქმით, საკადრო ცვლილებები მინიმალურ სტანდარტსაც ვერ აკმაყოფილებს, რადგან თანამდებობები შეინარჩუნეს და დაწინაურდნენ ადამიანები, რომლებიც ივანიშვილის ოჯახის ახლობლები არიან.

ამ პარტიის წევრები აკრიტიკებენ იმასაც, რომ თანამდებობაზე რჩება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. უპირველესად კი სახიფათოდ მიიჩნევენ სუსი-სა და საგარეო დაზვერვის გაერთიანებას, რადგან ამით სუს-ი ძლიერდება მაშინ, როდესაც ამ უწყების გაუქმებას ითხოვენ.

სუს-ის და საგარეო დაზვერვის უწყებების გაერთიანებას არ მიესალმებიან პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ამბობს, რომ "აქ არსებობს კითხვები, რომლებზეც პასუხები აუცილებლად უნდა იყოს გაცემული".

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ხატია დეკანოიძის განცხადებით, ივანიშვილმა მთავრობა დააკომპლექტა თავისი ოჯახის ახლობლებით. ბახტაძე არის უტა ივანიშვილის ძალიან ახლო მეგობარი, რომლის მმართველობის პირობებში "საქართველოს რკინიგზის" მოგება შემცირდა რამდენჯერმე და 2015 წელს ეს კომპანია წაგებაზე გავიდა. რაც შეეხება გახარიას, მას დღემდე ბიზნესი აქვს რუსეთში. ხელდასხმულია რუსეთის ფედერაციის მმართველობის მიერ და ის ადამიანია, ვინც თვალყურს ადევნებს ბიძინა ივანიშვილის ქონებას რუსეთში.

კრიტიკულად ფასდება გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციების სხვადასხვა უწყებაში გადანაწილებაც, რადგან აცხადებენ, რომ გარემოს დაცვა ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს. საგულისხმოა, რომ ამ სამინისტროს გაუქმებაზე შეკითხვები თავად "ოცნების" ნაწილშიცაა და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკობენ.

4 ახალი მინისტრის დანიშვნას პარლამენტისგან ნდობის გამოცხადება არ სჭირდება, თუმცა რადგანაც მთავრობაში სამინისტროების გაერთიანება ხდება, ეს შესაბამის კანონმდებლობაში უნდა აისახოს და შემდეგ მოხდეს მთავრობისადმი ნდობის გამოცხადებაც.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე ამბობს, რომ კანონპროექტები მომზადებულია, უახლოეს მთავრობის სხდომაზე იქნება წარდგენილი და შემდეგ - პარლამენტში. კანონის დამტკიცების შემდეგ კი პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს, სავარაუდოდ, ახალი მთავრობა დეკემბერში დამტკიცდება.

პრემიერ-მინისტრის მოწოდებაა, რომ პროცესი ახალ წლამდე დასრულდეს. ნდობის გამოცხადებამდე და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე მთავრობა ჩვეულებრივად იმუშავებს.

ჩაწერა სახელი