პრემიერ-მინისტრი შესაბამის განცხადებით დღეს გამოვა
რეზონანსი
(13.11.2017)

 თვითმმართველობის არჩევნების გუშინდელი მეორე ტური სრულად გადაფარა გუშინ გავრცელებულმა ცნობებმა მთავრობაში დაგეგმილი მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ. ეს ცნობა ღიად დაადასტურეს როგორც მთავრობის, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა. შესაბამისი განცხადებით კი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღეს გამოვა.

ცნობისათვის, იმის შესახებ, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმებოდა, "რეზონანსი" ორიოდე კვირის წინ წერდა, თუმცა მაშინ მმართველ გუნდში ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს.

გუშინ გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით კი, დღეს არსებული 18 სამინისტროდან მხოლოდ 15 დარჩება:

სპორტის სამინისტრო უერთდება კულტურის სამინისტროს;

ენერგეტიკის სამინისტრო უერთდება ეკონომიკის სამინისტროს;

უქმდება გარემოს დაცვის სამინისტრო. იგი ნაწილობრივ ეკონომიკის და ნაწილობრივ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეუერთდება.

ცვლილებების შედეგად თანამდებობას დატოვებენ შემდეგი მინისტრები:

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი - გუშინ გავრცელებული არაოფიციალური ცნობით, მას ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის. თავად მღებრიშვილი კრიზისების მართვის საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების სააგენტოს გაერთიანების შედეგად შექმნილ ახალ უწყებას ჩაუდგება სათავეში. გახარიას ადგილს ეკონომიკის სამინისტროში დღევანდელი ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს, ქუმსიშვილის ნაცვლად ეკონომიკის მომავალ მინისტრად კი ორი კანდიდატურა განიხილება - "საქართველოს რკინიგზის" ხელმძღვანელ მამუკა ბახტაძისა და ქუმსიშვილის ახლანდელი პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილის.განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა - მისი შემცვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ერთი ვერსიით, ის შესაძლოა, ჯეჯელავას მოადგილე ლია გიგაური იყოს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი - მისი მომავალი გაურკვეველია. შესაძლოა, კულტურის სამინისტროსთან შეერთების შემდეგ ხეჩიკაშვილმა ამ ახალ სამინისტროში სპორტის მიმართულებას უხელმძღვანელოს. გაერთიანებული სამინისტროს ხელმძღვანელი კი ახლანდელი კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე იქნება.

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი - მისი მომავალი გაურკვეველია. შესაძლოა, მას ეკონომიკისა და ენერგეტიკის გაერთიანებულ სამინისტროში ენერგეტიკის მიმართულება ჩააბარონ.

გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი - მისი მომავალი გაურკვეველია.

ამ ცვლილებების შედეგად საჭირო გახდება, პარლამენტმა თავიდან გამოუცხადოს ნდობა მთავრობის ახალ შემადგენლობას. კონსტიტუციის თანახმად, ეს აუცილებელია ისეთ შემთხვევაში, როდესაც ცვლილებები მთავრობის შემადგენლობის 1/3-ს ეხება. პრეზიდენტმა კი ახალი მთავრობა პარლამენტს ნდობის მისაღებად 1 კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დაგეგმილი იყო სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შეერთება და ევროინტეგრაციის საკითხეში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება, თუმცა, გუშინ მმართველ პარტიაში გამართული კონსულტაციების შემდეგ ამ სამინისტროების უცვლელად დატოვება გადაწყდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე დაგეგმილ ცვლილებებს ადასტურებს. მისი ცნობით, ბოლო დეტალების შეთანხმება გუშინ "ქართულ ოცნებაში" გამართულ კონსულტაციებზე მოხდა.

"ამ საკითხებთან დაკავშირებით ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსჯელობა. ხვალ პრემიერ-მინისტრი ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას გააკეთებს. ამ ეტაპზე სხვა კომენტარისგან ალბათ თავი უნდა შევიკავოთ.

"პარტიის ხელმძღვანელობასთან არის კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. პარტიის ხელმძღვანელობა მსჯელობს გარკვეულ საკითხებზე. კონკრეტული დეტალების დაზუსტება ამ ეტაპზე არ შემიძლია. დავუტოვოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარტიის ლიდერს იმის უფლება, რომ ხვალ თავად გააკეთოს განცხადება", - განუცხადა გუშინ მდინარაძემ ჟურნალისტებს.

ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ასევე დაადასტურა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, თუმცა დეტალების შესახებ არ უსაუბრია.

"მე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარეობს გუნდში ცვლილებების პროექტზე მუშაობა. რა თქმა უნდა, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ეს პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა და როდესაც ეს ცვლილებები შესაბამისად მომზადდება, ამას პრემიერი გააჟღერებს", - განაცხადა ჯანელიძემ.

ცვლილებები დაადასტურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც.

"კონსულტაციები გვქონდა, შევიძლია, დავადასტუროთ. შეგვიძლია, დავადასტუროთ ისიც, რომ იქნება გარკვეული სტრუქტურული და პერსონალური ცვლილებები მთავრობის შემადგენლობაში. ასევე დაანონსდა, რომ ხვალ ექნება პრემიერ-მინისტრს ბრიფინგი. პრემიერის პრეროგატივაა, რა თქმა უნდა, ამ ინიციატივის წარდგენა საზოგადოებისთვის. დეტალებს მოისმენთ ხვალ, უშუალოდ პრემიერ-მინისტრისგან.

"თუ იცვლება მთავრობის შემადგენლობის მესამედი, ამ შემთხვევაში საჭიროა ნდობის ხელახლა გამოცხადება. თუ ამ მასშტაბის იქნება ცვლილებები, ამ შემთხვევაში ნდობას გამოუცხადებს პარლამენტი მთავრობას. მე შემიძლია, გითხრათ, რომ, სავარაუდოდ, ნდობის საჭიროება იქნება, თუმცა ეს დაზუსტდება საღამოს, კონსულტაციების საფუძველზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის შეფასებით, ახალი კადრების დანიშვნა პრობლემას ვერ გადაწყვეტს, თუ სისტემური განახლება არ მოხდა.

"წინასწარი შეფასებები არ მიმაჩნია სწორად. ფაქტია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემა არის ძალიან მოუქნელი, არ ახასიათებს ეფექტურობა მართვაში და თუ მოხდება სისტემური რეორგანიზაცია, ცუდი არ იქნება.

"პერსონალიების გადაადგილებით, არ მგონია, მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდეს, ეს სტრუქტურული რეფორმის გარეშე პრობლემებს არ წყვეტს. არაეფექტურობა არის ის, რომ სტრუქტურა არის მოუქნელი, ხშირ შემთხვევაში დუბლირებულია ფუნქციები.

"გარდა ამისა, ჩინოვნიკებისთვის, სისტემიდან გამომდინარე, არ არის დამახასიათებელი გრძელვადიანი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ თავზე ამ გადაწყვეტილებების აღება. რაც უნდა გაფუჭდეს ამ ქვეყანაში, ჭირს პასუხისმგებელი პირის გამოკვეთა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ბიძინას ბრალდება", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის თქმით კი, სტრუქტურულ ცვლილებებზე ყველა ხელისუფლების დროს არის საუბარი, მაგრამ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას აქამდე ვერავინ ახერხებდა.

"როცა ვამბობთ, რომ ევროპული სტანდარტებით გვინდა განვვითარდეთ, ერთ-ერთი დასავლური სტანდარტი ისიც არის, რომ სამინისტროები მინიმალურია, შესაბამისად, ხარჯები და ბიუროკრატიაც მინიმალურია. ამის განხორციელება ყოველთვის გვიჭირს.

"ამ სირთულეს აქვს თავისი სუბიექტური მომენტები - არიან დაინტერესებული ადამიანები, ვინც იბრძვიან არსებული სამინისტროების შენარჩუნებისთვის და ობიექტური - იმისთვის, რომ შეამცირო სამინისტრო, უნდა იყოს საფუძველი იმისა, რომ იმ საქმეს ვიღაც სხვა გააკეთებს, ანუ კერძო სექტორი.

"კერძო სექტორის განუვითარებლობა დიდხანს უშლიდა ხელს ასეთ ცვლილებებს. ახლა არის თუ არა კერძო სექტორი მზად იმისთვის, რომ შემცირდეს სამინისტროების რიცხვი და გასაკეთებელი სამუშაო დიდწილად თავის თავზე აიღოს, არ ვიცი, თორემ თუ შემცირება მოხდა იმის ხარჯზე, რომ ის საქმე, რაც გასაკეთებელი იყო, არ გაკეთდა, მაშინ შემცირება, რა თქმა უნდა, ხარვეზიანი იქნება, თორემ სამინისტროები რომ შესამცირებელია, ამას ბიუჯეტიც გვიჩვენებს - უზარმაზარი თანხა იხარჯება და დახარჯულ სახსრებს შედეგი არ შეესაბამება.

"დიდი ბიუროკრატია თავის თავს აპაუზებს და საქმის კეთებას უშლის ხელს. თუ ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, მსგავსი ცვლილებები მისასალმებელია, მაგრამ ოპტიმიზმი ნაკლებად არის", - განაცხადა საყვარელიძემ.

ჩაწერა სახელი
xxx (13.11.2017)
საქართველოში არ არის პიროვნება, რომელიც რეფორმებზე იქნება ორიენტირებული, გასწევს რისკებს, აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას გაატაროს სასამართლოში, პროკურატურაში, ეკონომიკაში, რეფორმები, მიიღოს თანხმობის კონსტიტუცია და საარჩევნო კანონი, ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები, ნუ ვიტყვით იმას, რომ პიროვნებას დიდი როლი არ ჰქონდეს პოლიტიკის განსაზღვრაში, დემოკრატიის შუქურის აშშ-ის ფულზე, დოლარზე ტყუილად კი არ ახატია ჯორჯ ვაშინგტონი, აბრაამ ლინკოლნი და ა.შ...