პუტინი და ნაზარბაევი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ალტერნატივის შექმნაზე შეთანხმდნენ
ეკატერინე ბასილაია
(13.11.2017)

 ორი კვირა არ გასულა, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სატრანზიტო მაგისტრალი საზეიმოდ გაიხსნა და რუსეთის პრეზიდენტმა ყაზახეთის გავლით ალტერნატიული რკინიგზის მაგისტრალის შექმნა დააანონსა. ამით მოსკოვმა ევროპა-აზიის დამაკავშირებელ "ახალ აბრეშუმის გზაზე" ერთგვარი შეჯიბრი თუ სარკინიგზო-გეოპოლიტიკური ომი გამოაცხადა.

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ იწყება ჩინეთი-ყაზახეთი-რუსეთის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა და ამ მაგისტრალით აზიასა და ევროპას შორის ტვირთის ტრანზიტი უნდა მოხდეს.

რუსული მედია აქტიურად წერს, რომ ეს არის "აბრეშუმის გზის" ჩრდილოეთის სარკინიგზო მაგისტრალი, რომელმაც დიდი კონკურენცია უნდა გაუწიოს და გეოპოლიტიკურ ჩიხში უნდა მიიმწყვდიოს "აბრეშუმის გზის" სამხრეთის, იგივე კავკასიური, სარკინიგზო მაგისტრალი - ბაქო-თბილისი-ყარსი, რადგანაც, რუსი ექსპერტების თქმით, მოსკოვის გვერდის ავლით გადაწყდა დიდი სარკინიგზო დერეფნის პროექტის რეალიზაცია.

ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღის წინ ჩელიაბინსკში გამართულ რუსეთ-ყაზახეთის რეგიონული თანამშრომლობის ფორუმზე ჩინეთიდან ევროპამდე რკინიგზის მშენებლობას ამბიციური და მასშტაბური პროექტი უწოდა და განაცხადა, რომ ის დიდ გავლენას მოახდენს მრეწველობისა და ლოგისტიკის განვითარებაზე.

მისი ამ განცხადების შემდეგ დაიწყო რუსულ მედიაში აქტიურად იმის განხილვა და ერთგვარი შეჯიბრი, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა არის ბაქოს მცდელობა, თურქეთთან ურთიერთობა კიდევ უფრო გააღრმავოს და ამით სამხრეთ კავკასიაში დომინანტური პოზიცია მიიღოს, რაც ირანისა და რუსეთის ინტერესებს აზიანებს. ასევე იწერება, რომ სამხრეთის მაგისტრალი გეოპოლიტიკურად არასტაბილურ ზონაშია და ამიტომაც პეკინის პრიორიტეტი რუსეთის მიერ შეთავაზებული ჩრდილოეთის მაგისტრალი ხდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 30 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა და ამ ღონისძიებაზე ყაზახეთის პრეზიდენტიც იმყოფებოდა. ამ მაგისტრალის საბოლოო მიზანი სწორედ აზია-ევროპის სარკინიგზო დაკავშირებაა, ტვირთმა უნდა იმოძრაოს მარშრუტზე - ჩინეთი, ყაზახეთი, კასპიის ზღვა, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი და შემდეგ ევროპა. მის საპირწონედ კი რუსეთი ჩინეთს ევროპასთან დამაკავშირებელ ახალ მარშრუტს სთავაზობს: ჩინეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი და ევროპა.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ ჩრდილოეთის სარკინიგზო მარშრუტი და ჩვენი, სამხრეთკავკასიური მარშრუტი კონკურენტებია. ეს კონკურენცია დიდი ხნის წინ დაიწყო და გრძელვადიანი სტრატეგიის საკითხია.

 მისი თქმით, ამ კონკურენციაში ე.წ. ჩრდილოეთის მიმართულება უფრო მარტივია, რადგან რუსეთი ერთ ყაზახეთს მოელაპარაკება და პრობლემა არ არის; ჩვენი, სამხრეთის სარკინიგზო მარშრუტი კი, უფრო რთულია, ბევრად მეტი ქვეყანაა მონაწილე. ამას ემატება კასპიის ზღვაზე გადაზიდვისთვის საჭირი გემების აშენებაც, რაც უზარმაზარი ინვესტიციის ჩადებას გულისხმობს; ასევე სატარიფო პოლიტიკა ყველა მხარესთანაა შესათანხმებელი, რაც პროექტს აძვირებს და, შესაბამისად, კონკურენტული შესაძლებლობებიც არ არის დიდი.

"ჩრდილოეთის მარშრუტი ყოველთვის კონკურენტი იყო ჩვენი მიმართულებისა. ახლა უფრო გააქტიურებულია ეს პროცესი, რადგან ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა ბოლო პერიოდში ძალიან გაღრმავდა და რუსეთის ამბიციაც გაიზარდა ამ ლოგისტიკური მიმართულებით. თემა ახალი არ არის, მაგრამ ინტენსივობა უფრო გაზრდილია, რუსეთი ცდილობს, ჩრდილოეთის მიმართულება განავითაროს. რომ გითხრათ, ჩვენგან სრულფასოვანი კონკურენცია შესაძლებელია, სამწუხაროდ, აქ საქმე კარგად არ არის იმიტომ, რომ, ჩრდილოეთის მარშრუტისგან განსხვავებით, ჩვენი მარშრუტი მრავალკომპონენტიანია. იმისათვის, რომ ევროპაში მოხვდე, ტრანსპორტი რამდენჯერმეა შესაცვლელი. საბორნე გადასასვლელი კასპიის ზღვაზე ამ გზას ძალიან აძვირებს. გარდა ამისა, უფრო მრავლკომპონენტიანია, ანუ რამდენიმე ქვეყანაა ჩართული, რამდენიმე საზღვრის გადაკვეთაა საჭირო, რაც კონკურენტუნარიანობის თვალსაზისით საკმაოდ პრობლემურია.

"ეს არის სტრატეგიული კონკურენცია გეოპოლიტიკური ფუნქციის თვალსაზისით და გასაგებია, რუსეთი რომ ამას აკეთებს. სხვა საკითხია, ჩვენ რას ვაკეთებთ და რას გავაკეთებთ სამომავლოდ. ჩვენ შეგვიძლია, მაქსიმალურად ვეცადოთ რაღაცას, მაგრამ მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. დამოკიდებულია აზერბაიჯანზე, დამოკიდებულია, რამდენად განვითარდება გადაზიდვის ინფრასტრუქტურა კასპიის ზღვაზე და რამდენად ითანამშრომლებენ ჩვენთან ყაზახეთი იქნება თუ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ეს კომპლექსურადაა გადასაწყვეტი და მრავალმხრივი სატარიფო კოორდინირებული პოლიტიკის გატარების საკითხია," - ამბობს ხუხაშვილი და დასძენს, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენი მიმართულება იმუშავებს, რადგან ყაზახეთსაც და ჩინეთსაც რისკების დივერსიფიცირება სჭირდებათ, მაგრამ შანსი, რომ სრულფასოვანი ალტერნატივა ვიყოთ, დაბალია.

"გრძელვადიანი რისკები ყოველთვის გასათვალისწინებელია. ჩვენი სამხრეთის მარშრუტი იმუშავებს, მაგრამ შეზღუდული მოცულობით. ანუ ჩინური მხარე ამ კავკასიურ მარშრუტს როგორც ალტერნატივას ისე განიხილავს, რათა ფორსმაჟორის შემთხვევაში ტვირთის ბლოკირება არ მოხდეს, მაგრამ როგორც სრულფასოვანი ალტერნატივა, ვფიქრობ, ჩვენი შანსი დაბალია. შანსია, რომ უფრო სარეზერვო ალტერნატივად ვიქნებით განხილული და არა სრულფასოვან ალტერნატივად", - მიიჩნევს ხუხაშვილი.

ჩაწერა სახელი