თიკო ოსმანოვა
(11.11.2017)

 ყაზბეგი, ხაშური, ბორჯომი, ქუთაისი, ოზურგეთი და მარტვილი - ის ქალაქებია, სადაც მერის არჩევა 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში ვერ მოხერხდა და ხვალ მეორე ტური იმართება. არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანში "ოცნებას" ძალაუფლების დათმობა მოუწიოს და მოვლენები თიანეთის ანალოგიური სცენარით განვითარდეს, სადაც მმართველი პარტიის მერობის კანდიდატმა არჩევნები 1 ხმით წააგო.

ყველაზე ცხარე ბრძოლა ოზურგეთსა და ბორჯომშია მოსალოდნელი, სადაც კონკურენტები ერთმანეთს სხვადასხვა ბრალდებას უყენებენ. ამასთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიაში არაერთი საჩივარია შესული.

აღსანიშნავია, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა. ჩამოთვლილი 6 ქალაქიდან 2-ში - ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურში სწორედ მათი წარმომადგენლები უნდა დაპირისპირებოდნენ "ოცნების" კანდიდატებს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტეს, ბოიკოტირება არაფერს ცვლის და ბიულეტენებში ჩვეულებრივ დაიბეჭდება კანდიდატის სახელი და გვარი. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გაიმარჯვა, მას შეუძლია, დაწეროს განცხადება და უფლებამოსილება მოიხსნას, ან ჩვეულებრივ შეუდგეს მერის საქმიანობას.შეგახსენებთ, რომ ამ 6 ქალაქში პირველ ტურში ასეთი შედეგებია:

ყაზბეგი: "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე ზაგაშვილი - 44,62%, "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" კანდიდატი სანდრო ყამარაული - 26,85%;

ხაშური: "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი გურასპაშვილი - 42,24%, დამოუკიდებელი კანდიდატი რამაზ ნოზაძე - 18,48%;

ბორჯომი: "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია - 40,35%, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე - 40,15%.

ოზურგეთი: "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე - 43,35%, დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე - 41,86%;

მარტვილი: "ქართული ოცნების" კანდიდატი ალექსანდრე გრიგალავა - 49,76%; "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი მამუკა დანელია - 35,81%;

ქუთაისი: "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი ჭიღვარია 48,75%, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე - 26,89%.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, უწყებათაშორის კომისიაში ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად განიხილავენ მეორე ტურის წინ ოზურგეთში არსებულ სიტუაციას. იგი მოუწოდებს ყველა იმ მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობისა თუ მერობის კანდიდატს, სადაც არჩევნების მეორე ტური იმართება, იმოქმედონ დემოკრატიული პრინციპებით და არჩევნები ჩაატარონ კონკურენტულ და მშვიდობიან გარემოში.

"მე, როგორც უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ძალიან მარტივად ვიტყვი - მაწუხებს ის, რომ ჩვენი კომისიის ფარგლებში ძალიან ხშირად გაისმის სიტყვა "ოზურგეთი" და ისმის ოზურგეთში არაერთი კანდიდატის გვარები და სახელები. მე ვისურვებდი, რომ ეს ასე არ იყოს, რადგან ჩვენს მაგიდაზე მოდის საჩივრები, ინფორმაცია ერთი და იმავე მუნიციპალიტეტის, ორი სამი გვარი და სახელი მეორდება კანდიდატების.

"ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არის გარკვეული ტიპის პრობლემები და მე ვისურვებდი, რომ ოზურგეთში და ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც მეორე ტური ტარდება, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის მთავარ ეროვნულ ინტერესს, რომელიც გულისხმობს მშვიდობიან, თანასწორ და კონკურენტულ პირობებში არჩევნების ჩატარებას. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კანდიდატებმა უნდა უზრუნველყონ, რომელი პარტიის წარმომადგენელიც უნდა იყოს ის," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

რა მოხდა ოზურგეთში

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე ორი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ მისი შტაბის წარმომადგენელი გიორგი როყვა გაუჩინარდა, რაშიც ბრალს სდებდა ოზურგეთის მერობის კანდიდატს "ქართული ოცნებიდან" ბეგლარ სიორიძეს.

ორდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცავებმა როყვა ქობულეთში იპოვეს. როგორც მან თქვა, მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ იყო დასასვენებლად გასული და მასზე არანაირი ზეგავლენა არ ყოფილა.

საპირისპიროს ამტკიცებს მისი თანაგუნდელი, შარაშენიძის ოზურგეთის რაიონის შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი სირაძე, რომელიც იმ "ესემესებს" აქვეყნებს, გიორგი როყვა გაუჩინარებამდე რომ სწერდა და შველას სთხოვდა.

"ოზურგეთში წინასაარჩევნო კამპანია საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს. ჩვენი შტაბის წევრებსა და მხარდამჭერებზე კონკურენტების მხრიდან ზეგავლენა ხდება. მათ შორისაა გიორგი როყვას ინციდენტი, რომელიც არ არის დასრულებული და იმედი მაქვს, ამაზე გამოძიება დაიწყება. ფაქტს პირადად არ შევსწრებივარ, მაგრამ მისგან "ესემესები" მომივიდა, სადაც შველას მთხოვდა. ნახევარი საათის განმავლობაში 15-20-მდე შეტყობინება გამომიგზავნა, ამის შემდეგ კი ეს ადამიანი გაქრა, ვერ ვუკავშირდებოდი. ჩავატარეთ ბრიფინგი, მერე აქციაც გავმართეთ, ყველა ჩავაყენეთ საქმის კურსში, რის შედეგადაც როყვა გამოჩდა და მიიყვანეს პოლიციაში.

"როგორც მითხრეს, დაიკითხა, მაგრამ რა ვითარებაში, ან ახლდა თუ არა ვინმე, არ ვიცი. საერთოდ, რა ხდებოდა პოლიციის შენობაში, არც ეს ვიცი. მერე სრულიად მარტო გამოვიდა და წავიდა გაურკვეველი მიმართულებით. ამის შემდეგ მასთან დაკონტაქტება ვერ მოვახერხე, ტელეფონი კვლავ გამორთული აქვს და სამსახურშიც არ მოსულა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას სირაძე.

"რეზონანსი" ცდილობდა გიორგი როყვასთან დაკავშირებას, თუმცა ტელეფონი გამორთული აქვს. ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ კი მოუცლელობის გამო ჩვენთან კომენტარი არ ისურვა.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში მისი კონკურენტი კონსტანტინე შარაშენიძე ოზურგეთის ყოფილი გამგებელი და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრია.

სხვა რეგიონები

სხვა რეგიონებში არჩევნების მეორე ტურის წინ მსგავსი მძიმე ინციდენტი არ მომხდარა, თუმცა წინასაარჩევნო დაძაბულობა მეტ-ნაკლებად მაინც იგრძნობა.

ბორჯომში ახლა მეტოქეები, მანამდე კი თანაგუნდელები ერთმანეთს აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე ზეგავლენაში ადანაშაულებენ.

"ჩემს მხარდამჭერებზე საშინელი ზეგავლენა ხდება. საკმაოდ დაძაბული ვითარებაა, თბილისიდან მთელი ძალოვნები არიან ჩამოსული და აქეთ-იქით დადიან. წნეხით და დაშინებით მოსახლეობას აიძულებენ, ხმა "ქართულ ოცნებას" მისცენ. ჩამოდით და ნახავთ, სამუშაო საათებში ყველა მასწავლებელი "ოცნების" შტაბში როგორ იკრიბება", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას "პატრიოტთა ალიანსის" მერობის კანდიდატი ზაზა ჩაჩანიძე.

"ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია კი, პირიქით, კონკურენტს პარტიის წევრებსა და აქტივისტებზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში ადანაშაულებს.

"თბილისიდან ჩამოსული არავინ მინახავს, სამართალდამცავების მობილიზებასაც ვერ ვხედავ, ამიტომ ვერაფერს გეტყვით. მაგრამ ჩემს მეტოქეს ანალოგიურად დავადანაშაულებ - ჩვენი პარტიის წევრები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან. ყველას უკან დაჰყვებიან, დასდევენ. მოსახლეობასთან ყოველდღიური შეხვედრა მაქვს, სხვას ვერაფერს გეტყვით. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებ", - გვითხრა ლიპარტიამ.

კანდიდატის მხარდამჭერზე ზემოქმედების ერთი ფაქტი გახმაურდა ხაშურშიც. ა/ო "სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, მათ დაუკავშირდნენ დამოუკიდებელი კანდიდატის - რამაზ ნოზაძის შტაბის წევრები და კომპანია "სავანეში" მომუშავე გიორგი ზღუდაძის მიმართ მუქარის შესახებ შეატყობინეს. მან ორგანიზაციის წარმომადგენლებს პირად საუბარში უთხრა, რომ მას სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, თუ "ქართული ოცნების" კანდიდატ გიორგი გურასპაშვილის სასარგებლოდ არ იმუშავებს.

ჩაწერა სახელი