გვანცა ღვედაშვილი
(12.10.2017)

 

 "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნების" წევრს, გიორგი ვოლსკის პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივლა. აღნიშნულის მიზეზი კი კამათისას, სამადაშვილისადმი გია ვოლსკის მიმართვა “გოგო” გახდა. მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმრავლესობის წარმომადგენლები გენდერული დისკრიმინაციის ენით საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, სადაც 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გია ვოლსკისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ სალომე სამადაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. კამათი პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილის სალომე სამადაშვილს დასმულ კითხვებს მოყვა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს ურჩია, რომ „უაზრო“ თემის წამოწევას თავი დაანებოს.

„პარალელურ რეჟიმში რა გაყვირებს, გოგო“, - მიმართა ვოლსკიმ სალომე სამადაშვილს, რაზეც სალომე სამადაშვილმა უპასუხა, რომ ასე მან მიმართოს ვინმე სხვას, ”სახლში საკუთარი ოჯახის წევრებს”.

„პარლამენტის წევრმა ცოტა მეტი ზრდილობა უნდა გამოიჩინოთ“, - განაცხადა ვოლსკიმ. სალომე სამადაშვილმა კი კომიტეტის დარბაზი დატოვა.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი “რეზონანსთან” ინტერვიუში აღნიშნავს, მისთვის ლოგიკურია პარლამენტში მომხდარი მსგავსი ტიპის გენდერული საკითხები განიხილოს საბჭომ, რომელიც გედერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” დეპუტატების მხრიდან დიკსრიმინაციული ტიპის საუბარი პირველი არ არის, ამიტომ აუცილებელია, რომ ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ცნობიერების ასამაღლებლად საბჭომ მსგავს საკითხებზე ყურადღება გაამახვილოს.

“რეზონანსი”:  რა რეაგირებას ელოდებით საბჭოს მხრიდან თქვენი სარჩელის საპასუხოდ?

სალომე სამადაშვილი: არ ვიცი რა რეაგირება შეიძლება საბჭომ მოახდინოს, თუმცა მე საჭიროდ ჩავთვალე, რომ რამდენადაც პარლამენტში არსებობს გენდერული თანასწორობის საბჭო, და პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მოხდა ეს ფაქტი, საბჭოს ყურადღება უნდა მიმეპყრო ამ ინციდენტზე.

საბჭოს ვთხოვ, განიხილოს ეს საკითხი და თავად იმსჯელოს, რა რეაგირების გზა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში გამონახული. ასე რომ, მე ზუსტად ვერ გეტყვით, რა რეაგირება შეიძლება საბჭომ მოახდინოს, თუმცა ვითხოვ, რომ საკითხი განიხილოს.

“რ”: აქამდე თუ ყოფილა გენდერული თანასწორობის საბჭოს მიმართ მსგავსი ტიპის საჩივარი შესული და ჰქონია თუ არა საბჭოს რეაგირება?

ს.ს.: არ ვიცი, ჩემთვის ცნობილი არ არის. მე არ ვარ საბჭოს, წევრი, მას ქალბატონი თამარ ჩუგოშვილი ხელმძღვანელობს. ჩემთვის ლოგიკურია, რომ ამ საბჭომ პარლამენტში მომხდარი მსგავსი შემთხვევები განიხილოს, თუმცა აქამდე როგორ მუშაობდა და მსგავსი მიმართვით ვინმე ყოფილა თუ არა შესული, ვერ გეტყვით, ჩემთვის ცნობილი არ არის.

“რ”: როგორ ფიქრობთ, თუკი საბჭო განიხილავს თქვენს სარჩელს და გარკვეულ ვალდებულებას დააკისრებს “ქართული ოცნების” წევრს გია ვოლსკის, იქნება ეს საჯაროდ ბოდიშის მოხდა თუ სხვა, შესარულებს დეპუტატი ამ მოთხოვნას?

ს.ს.: პირველ რიგში ეს არის აზრის დაფიქსირება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც უმრავლესობის წარმომადგენლები გენდერული დისკრიმინაციის ენით საუბრობენ ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. ჩვენ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ეს სრულიად მიუღებელია და ამ შემთხვევაში ვფქირობ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმას, რომ საბჭოს უმრავლესობის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. ეს არ არის ვიწრო პარტიული საკითხი, არამედ არის საკითხი, რომელიც ქალთა უფლებების დაცვას შეეხება.

როდესაც პარლამენტში კვოტების სისტემას განიხილავდენენ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ვართ, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ამ სისტემას. ამიტომ გენდერულმა საბჭომ უნდა დააფიქსიროს თავისი პოზიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

ესეთი ფაქტები მხოლოდ პოლიტიკურ არენაზე არ ხდება. სამუშო პროცესში ქალების თანამონაწილეობისას ცდილობენ, შეზღუდონ სრულიად უადგილო შენიშვნებითა და კომენტარებით და ჩვენ საზოგადოების ყურადღება უნდა მივაპყროთ ამ საკითხზე, ეს არის მთავარი ამოცანა.”

“რეზონანსი” შეეცადა სამადაშვილის საპასუხოდ, “ქართული ოცნების” ფრაქციის თავჯდომარეს გია ვოლსკისაც დაკავშირებოდა, თუმცა მან არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც ტექსტურ შეტყობინებას.

ამასთან, დავინეტრესდით ჰქონდა თუ არა გენდერული თანასწორობის საბჭოს აღნიშნულ სარჩელზე რეაგირების მოხდენის და გარკვეული დისციპლინარული სანქციის დაკისრების უფლებამოსილება რის გამოც, გენდერული თანასწორობის საბჭოს “ქართული ოცნების” წევრი სოფო კილაძეს დავუკავშრიდით, რომელმაც “რეზონანსთან” საუბრისას განაცხადა, რომ საბჭო არ არის დისციპლინარული ორგანო, რომელსაც სანქციები დაკისრება შეუძლია და რომ “ნაციონალურიი მოძრაობის” მხრიდან ეს მორიგი პროვოკაციული ქმედებაა.

“საბჭო არის იმისთვის, რომ პოლიტიკურ დონეზე მოახდინოს გედერული თემის წინ წამოწევა და გენდერულ საკითხებს ხელი შეუწყოს. ეს არის ის რისი თქმაც ზოგადად შემიძლია.

“ნაციონალების” პოვოკაციები და ასეთი ტიპის ქმედებები პირველი არ არის და საყოველთაოდაა ცნობილი. ცოტა ხნის წინ ჩვენ ვნახეთ, რა ამბავი ატეხეს საკრებულოსთან.

“ზოგადად, ეს არის მათი სტილი და პოლიტიკური მოღვაწეობის არსი. როგორი რეჟიმიც ჰქონდათ თავიანთი მმართველობის დროს, ახლა იმის უფლებამოსილება აღარ აქვთ, რომ ხალხი აწამონ და ციხეებში ჩაყარონ, შესაბამისად ცოტა სტილი შეიცვალეს და ახლა პროვოკაციებზე მოდიან. ეს არის მათი მთავარი პოლიტიკური მიმართულება და დანარჩენი ყველამ იცის, რა პოლიტიკური კულტურის მატარებლები არინ. ისინი მუდმივად ცდილობენ, ჩაშალონ შეხვედრები…

“ეს არ არის ორგანო, რომელიც სანქციებს აკისრებს, ამის უფლება საბჭოს არ აქვს. ეს არის ორგანო, რომლის მიზანია, პოლიტიკურ ცხოვრებაში, კანონმდებლობაში და ზოგადად ქვეყნის ცხოვრებაში ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა და შეგიძლიათ ნახოთ, რას აკეთებს ეს საბჭო. მაგრამ დისციპლინარული ტიპის ორგანო ეს არ არის, მას ამის უფლებამოსილება არ აქვს”, - განაცხადა სოფო კილაძემ.

ჩაწერა სახელი