თეა წულუკიანს, კანონით, ჯარიმა ეკუთვნოდა, თუმცა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მიიღო
გვანცა ღვედაშვილი
(12.08.2017)

 სასამართლოს მიერ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისთვის სასამართლოს მიერ გამოცხადებული სიტყვიერი შენიშვნა იურისტთა ნაწილში კრიტიკას იმსახურებს. მიზეზი ზედმეტად მსუბუქი განაჩენია - მიუხედავად იმისა, რომ სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობა საკმაოდ მაღალ ფულად ჯარიმას გულისხმობს, სასამართლო სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

როგორც "რეზონანსთან" საუბრისას იურისტი ლია მუხაშავრია აცხადებს, სამწუხაროა, რომ სასამართლო არ ზრუნავს საკუთარი რეპუტაციის ამაღლებაზე.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 31 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს რეკომენდაციით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის" საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით."საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ" ორგანული კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, საჯარო დაწესებულება, თანამდებობის პირი, რომელიც მიიღებს საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ან წინადადებებს, ვალდებულია, განიხილოს ისინი და მათი განხილვის შედეგები საქართველოს სახალხო დამცველს წერილობით აცნობოს 20 დღის ვადაში. თუმცა კანონით დაკისრებული ვალდებულება მხოლოდ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ შეასრულა.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, სახალხო დამცველის მოთხოვნის შეუსრულებლობა ფულად ჯარიმას გულისხმობს, თუმცა ამ შემთხვევაში სასამართლო იუსტიციის მინისტრისა და 10 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

როგორც ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, სახალხო დამცველის მხრიდან სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, რადგან მათი მიზანი არა ფულადი ჯარიმის დაკისრება, არამედ სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენა იყო.

იურისტ ლია მუხაშავრიას აზრით, პრეცედენტი, რომ სასამართლოს მიერ სამართალდამრღვევად მინისტრი გამოცხადდა, საკმაოდ მნიშვნელოვანი და მისასალმებელია. როგორც იგი "რეზონანსთან" აღნიშნავს, მიუხედავად პრეცედენტის შექმნისა, სასამართლოს გადაწყვეტილება სამწუხაროა, რადგან აღნიშნული სამართალდარღვევისთვის არა სიტყვიერი შენიშვნა, არამედ საკმაოდ სოლიდური ფულადი ჯარიმა უნდა დაეკისრებინა. ამასთან, ეს ფაქტი იმის დასტურია, რომ სასამართლო არ დგას თავის სიმაღლეზე და ვერ ამკვიდრებს მართლმსაჯულების მაღალ სტანდარტებს.

"მე ძალიან დიდ პატივს ვცემ უჩა ნანუაშვილს და ვფიქრობ, ძალიან კარგი პრეცედენტია, რომ ის არ შეეგუა უსამართლობას. იცოდა, რომ მინისტრთან მოუწევდა დაპირისპირება და მაინც წავიდა სასამართლოში, თუმცა სამწუხაროა, რომ თავად სასამართლო არ ზრუნავს საკუთარი რეპუტაციის ამაღლებაზე.

"ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, უარყოფითად უნდა შეფასდეს, რადგან სიტყვიერი შენიშვნის ნაცვლად უნდა დაჯარიმებულიყო. იურიდიული პირებისთვის არსებობს საკმაოდ მაღალი ფულადი ჯარიმები იმისთვის, რომ სახალხო დამცველზე არ გასცა საჯარო ინფორმაცია.

"ვფიქრობ, როცა კანონის აღსრულებას იუსტიციის სამინისტრო უშლის ხელს, უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი სასჯელი. რას ვიზამთ, სასამართლო კვლავინდებურად ამტკიცებს იმას, რომ ის არ არის თავის სიმაღლეზე და არ ამკვიდრებს ამ ქვეყანაში უკეთეს მართლმსაჯულებას", - განაცხადა მუხაშავრიამ.

"რეზონანსი" შეეცადა, კომენტარი იუსტიციის სამინისტროსგანაც მოეპოვებინა, თუმცა, როგორც პრესსამსახურში განგვიცხადეს, სამუშაო საათები დასრულებული იყო და ორშაბათამდე კომენტარის მოცემას ვერ შეძლებდნენ.

ჩაწერა სახელი