ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი "ლელოს" მიმართავს, ბოიკოტს შეუერთდეს, რადგან "ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა". ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ როცა მუნიციპალურ არჩევნებში ერთვები, ბიძინა ივანიშვილის მხარეს ხარ. "ძლიერი საქართველო" და გახარიას პარტია კი ამ დრომდე ძველ პოზიციაზე არიან.
"როდესაც ალტერნატივა არ გაქვს, როდესაც არ იცი, რას აკეთებ, როდესაც არაფერი სამოქმედო გეგმა არ გაქვს და როდესაც ვერ შესწვდი ივანიშვილის რეჟიმს, ქვების სროლა ოპოზიციური კოლეგების მიმართულებით, თავისთავად მეტყველებს მათზე",- ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი ბოიკოტში მყოფ ოპოზიციაზე.
ხაბეიშვილის განცხადებაზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ესაა ზეწოლის პირდაპირი მცდელობა, რაც კიდევ უფრო გაძლიერდება.
"ეს პირდაპირი მცდელობაა, რომ "ლელოზე" ზეგავლენა მოახდინონ სხვადასხვა მეთოდებით. სავსებით გასაგებიცაა, რადგან თუ "ლელო" და გახარიას პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ამით ოპოზიციას ძალიან სერიოზული დარტყმა მიადგება, შედეგად ის ერთობა ირღვევა, რომელზედაც ამდენი ხანი საუბრობენ.
"ლელომ" და გახარიას პარტიამ არჩევნებში რა შედეგებიც არუნდა დადონ, თავად მათი მონაწილეობის ფაქტი იქნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა ოპოზიციის ამ დაჯგუფებისა და სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც ასევე რადიკალურადაა განწყობილი ამ არჩევნების მიმართ. თუკი ამ ორმა პარტიამ მიიღეს გადაწყვეტილება საბოლოოდ არჩევნებში მონაწილეობაზე, მათ წინააღმდეგობის პლატფორმა უნდა დატოვონ.
"არ გამოვრიცხავ, რომ მათ (ბოიკოტში მყოფებმა) აამუშაონ ე.წ. შავი პიარი, კომპრომატების გამოყრა დაიწყონ. არაა გამორიცხული, რომ კულუარულად იყოს "ლელოს"ლიდერებზე ზემოქმედების მცდელობა, ზეწოლა, რომ, აი, ჩვენ თქვენზე ისეთი რაღაც გვაქვს, რომლის გამომზეურებაც თქვენთვის პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი იქნება და მსგავსი რაღაცეები. "ლელოს" პოზიცია, რასაც ისინი ახლა ახმაურებენ, მე პირადად ჯერჯერობით არ მაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქრო, რომ ისინი მზად არიან პოზიციებს გადახედონ, მაგრამ გააჩნია ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი რა ბერკეტებს გამოიყენებს პარტიის მიმართ. შესაძლოა ეს რაღაც სერიოზული ბერკეტი იყოს, რამაც პარტიის ლიდერებს არჩევნებში მონაწილეობა გადააფიქრებინოს. ქართულ პოლიტიკაში ასეთი ბინძური თამაშები სიახლე არაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ოპოზიცია მისთვის ძალიან სერიოზულ საფრთხეს ხედავს არჩევნებში ამ ორი პარტიის ჩართვით. ამიტომ არიან ასე მონდომებულები და გამწარებულები, რომ როგორმე ბოიკოტზე დაყოლიება შეძლონ", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
მისი თქმით, ზეწოლა გაძლიერდება პარტიებზე, რომლებიც მზაობას გამოთქვამენ არჩევნებში ჩართვაზე.
"ყველა საშუალებით, მათ მიერ კონტროლირებადი მედიის, თუ არასაჯარო მეთოდებით ზეწოლა გაძლიერდება, რომ როგორმე მათ გადააფიქრებონონ არჩევნებში მონაწილეობა",- განაცხადა ანალიტიკოსმა.
ანჯაფარიძის თქმით, ერთობა, რომელზეც სალომე ზურაბიშვილი საუბრობს, არაპერსპექტიულია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მკაფიოდ არაა განმარტებული რა შინაარსისაა ეს ინიციატივა.
"სალომე ზურაბიშვილი კარგი დოზით არათანმიმდევრულობას ავლენს - სულ რაღაც არამდენიმე თვის წინ ის საჯაროდ ამბობდა, რომ ერთობის იდეა გარედან შემოდგებული თემააო, დღეს მან რადიკალურად შეიცვალა პოზიცია და ერთობაზე საუბრობს, მაგრამ კონკრეტულად რა ერთობაზეა ლაპარაკი, ჯერჯერობით ვერც ოპოზიციურმა ამომრჩეველმა მოისმინა და ვერც ზოგადად საზოგადოებამ. როცა ეს ერთობა ერთ-ერთ პირობადაა დაყენებული, გაწერილი უნდა იყოს, რას გულისხმობს და ერთობის მონაწილეებს რისი გაკეთება შეუძლიათ და რისი არა",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
მისი აზრით, მოწოდებებს თუ სხვა სახის წნეხს შეიძლება გახარიას პარტიის გადაწყვეტილებაზე ნაკლებად ჰქონდეს გავლენა, თუმცა დასძენს, რომ "გახარიას პარტიაში ამ საკითხზე სერიოზული შიდა დაპირისპირებაა" და ელგუჯა ხოკრიშვილის გარდა, "შეიძლება წავიდეს დიმიტრი ცქიტიშვილი და კიდევ ორი ახალშემატებული".
"გახარიას პარტიაზე შეასძლოა გავლენა ნაკლებად ჰქონდეს. მის პარტიაში ისეთი ხალხია გაერთიანებული, რომლებიც, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ასე პირდაპირ "ნაცმოძრაობასთან" არ ყოფილან აფილირებულნი, შესაბამისად მათზე ზეწოლის მოხდენა რთულია. აქ ერთი ფაქტორიც უნდა გავითვალიწეინოთ, ბოიკოტის მომხრე ოპოზიციის რადიკალურმა ნიიწლმა რა ზეწოლაც არ უნდა სცადოს, როგორც გახარია, ისე "ლელო" მხედველობაში მიიღებენ იმას, თუ რა აზრის არიან მათ მონაწილეობაზე გარე პარტნიორები ამერიკაში, ევროპაში.
"ევროსაბჭოს საპარამენტო ასამბლეამ გააჟღერა იდეა (რომელიც პირდაპირი მოწოდებით არა, მაგრამ შეიძლება მოწოდებადაც ჩავთვალოთ), რომ კარგი იქნება თუ ოპოზიციური პარტიები არჩევნებში ჩაერთვებიან და ამით თავიანთი ამომრჩევლის კონსოლიდაციას შეძლებენ. ამიტომაც მხოლოდ იმაზე არაა დამოკიდებული, ადგილობრივი ოპოზიცია რა დოზით მოახდენს ზემოქმედებას. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას. თუ ისინი მონახავენ გავლენიან დასვალელ პოლიტიკოსებს, რომლებიც გამოვლენ და იტყვიან რომ მიზანშეწონილად მიაჩნიათ არჩევნებში ოპოზიციის ჩართვა, გარწმუნებთ, რომ ყველა საუბრები და ზეწოლები ნელ-ნელა მინავლდება, რადგან ვიცით რეალურად ვის უწევენ ანგარიშს ოპოზიციური კონგლომერატის წარმომადგენლები",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ივანიშვილის დამარცხების გზა გადის „ერთიანობაზე, ქუჩის პროტესტზე და არჩევნებში მონაწილეობა იქნება სინდისის პატიმრების ღალატი".
"მივმართავ პარტია "ლელოს" - ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა, გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას და ხართ მის მხარეს, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად. ვერანაირი სხვა ფორმაციები ვერ გამოვა, ეს იქნება ქართველი ხალხის ღალატი და სულ არაფერი არ ვთქვათ პოლიტიკოსებმა, ხალხი არ გაპატიებთ, ამიტომ მარტივი არჩევანია გასაკეთებელი, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილი აქვთ არჩევნებში მონაწილეობა, მე მაინც ვიტოვებ იმედს, რომ შეიცვლით პოზიციას, რადგან არანაირი ორი გზა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთი გზა და ეს არის ბოიკოტის, პროტესტის გზით, უნდა გავაძლიეროთ ქუჩის პროტესტი, ივანიშვილს დავამარცხებთ მხოლოდ ქუჩის მძლავრი პროტესტით, სხვა გზით არ გამოვა, ამიტომ მკვეთრი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, ამ დრომდე რაც ჩანს, სამწუხაროდ აპირებთ იქით მხარეს დაბანაკებას, რაც ძალიან მძიმე იქნება თქვენთვის, მაგრამ მაინც დავიტოვებ იმედს, რომ იქნებ ბიძინას მხარეს არ აღმოჩნდეს. ეს იქნება სინდისის პატიმრების ღალატი, რომლებიც უსაფუძვლოდ ჰყავს ივანიშვილს გამოკეტილი", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სალომე სამადაშვილმა კი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე "პალიტრანიუსთან" ისაუბრა.
„ძალიან ბევრი ტალახის სროლა ვნახეთ, ძალიან უგემოვნებო, ძალიან დაბალი ხარისხის, რომელსაც ჩვენ პასუხი არ გავეცით. არც დღეს არ გავცემთ პასუხს იმ უგემოვნებო და პოლიტიკური სასოწარკვეთილებით გენერირებულ ტალახს.
"როდესაც ალტერნატივა არ გაქვს, როდესაც არ იცი, რას აკეთებ, როდესაც არაფერი სამოქმედო გეგმა არ გაქვს და როდესაც ვერ შესწვდი ივანიშვილის რეჟიმს, ქვების სროლა ოპოზიციური კოლეგების მიმართულებით, თავისთავად მეტყველებს მათზე.
"ხალხი თავად დაინახავს ყველაფერს ძალიან მალე, ვინ არის მებრძოლი, ვის აქვს გეგმა, ვის უნდა ბრძოლა რეჟიმთან და ვის უნდა, რომ ხალხი მოატყუოს, ვითომ რამე გეგმა აქვს, სინამდვილეში შეწყვიტოს ბრძოლა და ამით უფრო ნიჰილიზმში ჩააგდოს ხალხი.
"ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ქართველი ხალხი მივატოვოთ მარტო რუსული რეჟიმის კლანჭებში. ჩვენ ვაპირებთ, რომ ქართველ ხალხს მივცეთ იმედი, გავუჩინოთ რწმენა ცვლილებების და ვაპირებთ, რომ ამისთვის ვიბრძოლოთ შეუპოვრად", - განაცხადა სამადაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე