თამთა ჩაჩანიძე
(03.07.2025)

უკვე მეორე დღეა გახარია-წულუკიანის დებატები განხილვის თემაა, ნაწილი ანალიტიკოსებისა ამბობს, რომ თეა წულუკიანისთვისა და ზოგადად კომისიისთვის იყო პოლიტიკურად მომგებიანი ეს ჩართვა, ნაწილი კი გიორგი გახარიას მომგებიან სვლებზე საუბრობს.

2 ივლისს გახარია კომისიას ონლაინ ჩაერთო და გამოკითხვამ ორ საათზე მეტი გასტანა. მთავარი საკითხი, რაზედაც კომისია გახარიას ედავება, იყო ის, რომ მან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე ჩადგა ბლოკპოსტი, რის გამოც ჩორჩანას ტყეში ოკუპირებულია მილიონი მეტრი კვადრატი მიწის ფართობი. ამასთან კომისიამ მიიჩნია, რომ გახარია ქვეყნიდან გაიქცა, რადგან მხოლოდ ერთი გზის ბილეთი აქვს აღებული, მას მერე, რაც წულუკიანმა მეორედ დაიბარა ის. ამასთან დოკუმენტურად დადასტურებული არ აქვს, სადმე თუ ჰქონდა მიწვევა პარტიას საზღვარგარეთ.

აქვე აღსანიშნავია, რომ კომისიიის სხდომაზე გახარიამ ადგილობრივ არჩევნებში ჩართვა დაადასტურა, რის გამოც პარტია 3 ივლისს გერმანიაში ყოფილმა ელჩმა ელგუჯა ხოკრიშვილმა დატოვა.

„დიახ, ვადასტურებ [არჩევნებში მონაწილეობას]. სრულად ვიქნები ჩართული, თქვენ არ იღელვოთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელიც კომისიის სხდომაზე დისტანციურად ჩაერთო.

ვინ მოიგო დებატებში

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დებატებში გახარიას კომისიამ და წულუკიანმა მოუგო.

„წულუკიანმა გახარია პოლიტიკურად დამარხა. გახარიამ პოლიტიკურად თავისი თავი დაიმარხა - სად გარბიხარ, რომ გარბიხარ? ჯერ ერთი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხარ, კომისიაზე მიწვეული ხარ და ამ დროს, მეორე-მესამე დღეს რაღაც ბილეთს იღებ და სადღაც მიდიხარ. ყოფილ პრემიერს ჩვეულებრივი პიროვნება ხომ არ ჰგონია თავი?

„სანამ დაიწყებოდა ეს დებატები, გამოკითხვა თუ რაც გინდათ ის დაარქვით, ამით წინასწარვე გახარია, როგორც პოლიტიკური ფიგურა პოლიტიკური სარბიელიდან გაქრა. ჯერ ერთი, იმ გადადგომით ქვეყანა გაწირა, სახელმწიფო ინსტიტუტების, ნაციონალური მოძრაობისა და უცხო ძალების საბატონელბლად. რაც ამ ქვეყნიდან გაქცევით გააკეთა, მან ვითომ საკუთარ თავს უშველა და ამ დროს მისი პოლიტიკური კარიერა ბილომდე დამარხა.

„კომისიამ მოუგო მაშინ, როდესაც უთხრა გახარიას, რომ როგორ მეუბნები რუსი ხარ, როდესაც ქვეყანას სჭირდებოდა იმ დროს რუსეთში სწვალობდიო. ასევე უკან დასაბრუნებელი ბილეთიც არ აქვს, როდესაც ერთი ადგილი მოსველებული გაქვს, შენთვის არამომგებიან კამათს თავი უნდა დაანებო, საკუთარი თავი თვითონ გაყიდა", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერტაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი საპირსპირო აზრზეა.

„დებატები პოლიტიკურად მომგებიანი ალბათ უფრო გახარიასთვის იყო, რადგან ჩორჩანას ინციდენტზე ძალიან საფუძვლიანად ახსნა, რა მოხდა და ცალკე კომისია მოითხოვა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი შეურაცხყოფაზე გადავიდნენ და მაინც მგონია, რომ დებატებში გახარიამ გაიმარჯვა. ჩორჩანას ინციდენტი საბაბია, რომ გახარიაზე ზეწოლა განხორციელდეს, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი დაპატიმრებული იყოს",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამტკიცებს, რომ გახარიამ სხდომაზე მოიტყუა.

„მოღალატე და გაქცეული გიორგი გახარიას ონლაინ ჩართვა გერმანიიდან პარლამენტის საგამოძიებო სხდომაზე ჯამდება ასე - იაფფასიანი ქოსატყუილა. ჩორჩანას საგუშაგოს გახსნაზე აპრილში თქვა, რომ მაშინ თბილისი აკონტროლებდა მიმდებარედ არსებულ ტყეს, დღეს კი ჩვენება შეცვალა და თურმე „ვერ კონტროლდებოდა".

„დეპუტატებთან უსაქციელო ვითომ პაექრობით კი კვლავ დაადასტურა თუ რა არაარაობაა ეს პერსონაჟი და მხოლოდ დიფ სტეიტის უწინდელი წნეხით გახდა პრემიერ-მინისტრი.

გახარიას პარტიაში არსებული დაპირისპირება, რომ კიდევ უფრო გამწვავდება, ეს უთუოა", - წერს აბაშიძე

რატომ წავიდა გახარიასგან ელგუჯა ხოკრიშვილი

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მოსალოდნელია, გახარიას პარტიაც შეუერთდეს ბოიკოტს ამ ფაქტის მერე.

"გახარიას პარტიის ნაწილი არჩევნებში ჩართვას ემიჯნება, მათ სორის ელგუჩა ხოკრიშვილი იძახის, რომ არჩევნებში პარტია არ უნდა ჩაერთოს. ვნახოთ გახარიას პარტია რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ეგეც ბოიკოტს შეუერთდეს",- განაცხადა ჩოტაძემ.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს, რომ გახარიას პარტიაში რღვევის პროცესია.

„მოღალატე გახარიას პარტიაში რღვევის პროცესია, არავინ დაიჯეროს, რომ ელგუჯა ხოკრიშვილის წასვლა და სავარაუდოდ, აწი სხვათა, არჩევნებში მონაწილეობას უკავშირდება, ე.წ. ბიზნეს პროექტია ჩავარდნილი.

„ინფრასტრუქტურის ექს-მინისტრი ხოკრიშვილი თურმე წინააღმდეგია ოპოზიციური პარტიების თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისა, რამდენადაც ვერ ხედავს რეალურ პოლიტიკურ შედეგს. ცხადია, პოლიტიკურ შედეგებს ქოსატყუილა რევანშისტების ე.წ. პარტიები ვერასდროს, ვერცერთ დონეზე მიაღწევენ.

„ადგილობრივ არჩევნებში ბერლინის სასტუმროს ბიზნეს სუიტში მონებივრე, გაქცეული გახარიას „პარტია" იმაზე მდარე პოლიტიკანების სიით წარდგება, ვიდრე აქამდე გვინახავს. რასაკვირველია, თუ ამ კანტორამ მიაღწია იქამდე",- წერს აბაშიძე.

თავად ხოკრიშვილი პარტიიდან წასვლის მიზეზად ადგილობრივ არჩევნებს უკავშირებს, ის ბოიკოტის მომხრეა, გახარიამ კი კომისიაზეც დაადასტურა, რომ მისი პარტია ერთვება არჩევნებში 4 ოქტომბერს.

„2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მივიღე პარტია „საქართველოსთვის" სიით. მას შემდეგ, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე დაიწყო მსჯელობა, ჩვენი პოლიტიკური გზები გაიყო და განსხვავებული ხედვები ჩამოყალიბდა.

„კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომელიმე ოპოზიციური პარტიის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის. ვერ ვხედავ რეალურ პოლიტიკურ შედეგს ამ პროცესში ჩართვით, გარდა რეჟიმის ნორმალიზაციისა.

„ერთადერთი გზა ამ ტიპის რეჟიმის იზოლირებისთვის არის აქტიური ბოიკოტი და სამოქალაქო პროტესტის გაფართოება, შიდა და გარე ზეწოლა, ქუჩის პროტესტი, საერთაშორისო სანქციები და პოლიტიკური დელეგიტიმაცია.

„ქვეყანაში პოლიტიკური დევნა უკვე მასობრივ ფაზაში გადავიდა. ოპოზიციური ლიდერების დაჭერები, მედიის ტერორი და სამოქალაქო აქტივისტების დევნა რუსული წესრიგის ანალოგი გახდა.

„რუსეთის გავლენა საქართველოში აღარ არის ფარული. ის აშკარად იგრძნობა კანონებში, რეპრესიებში, პროპაგანდაში და საერთაშორისო ურთიერთობების სრულ კრახში.

„ამ პირობებში არავის აქვს უფლება კომფორტის ზონაში დარჩეს. ქვეყანას გეოპოლიტიკურად რუსეთი იწოვს, პოლიტიკური ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი ციხეშია. ეს არის ბრძოლა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დასავლური არჩევანის დასაცავად.

„ამ ბრძოლაში ნეიტრალიტეტი უკვე პოზიციაა. თუ სისტემა არ ჩამოიშლება, არც ერთ პოლიტიკურ ქმედებას, მათ შორის ფსევდო არჩევნებში მონაწილეობას, არ აქვს აზრი.

ბრძოლა ბოლომდე ქვეყნის შიგნით და გარეთ. ვისაც რა შეგვიძლია, ვის ქვეყნის შიგნით და ვის ქვეყნის გარეთ, ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ რეჟიმის ჩამოშლამდე",- წერს ელგუჯა ხოკრიშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე