ნატალია ჯვარიძე
(03.07.2025)

ვფიქრობ, ოპოზიციის ბოიკოტი არ არის სწორი, რადგან ხელისუფლება ზუსტად ეს უნდა - აზრთა გაყოფა. ამიტომ უკეთესი ვარაინტი იქნებოდა გაერთიანება და იმ რუსურსის გამოყენება, რასაც ჰქვია არჩევნები, აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: ბოიკოტი, რომელიც გამოწვეულია თვითონ ოპოზიციის შიგნით აზრთა სხვაობით, ხელისუფლებას აძლევს ხელს, ანუ აზრთა ასე გახლეჩვა „ოცნებისთვის" მისაღებია. თუმცა აქ ტაქტიკის საკითხია, მაგალითად გახარიას პარტია ჩამოყალიბებულია თავისი პროგრამით, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს და ძალაუფლება ხელში მათ აიღონ. ხელისუფლებისთვის ოპოზიციის ცალკ-ცალკე დამარცხება მარტივია, მაგრამ ერთად არა. ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს, აქ აბსოლუტურ გაერთიანებაზე საუბარი არ არის, რადგან შეუძლებელია.

გიორგი გახარიამ ბრძოლის გზად არჩევნები აირჩია, რაც სხვებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და ბოიკოტი გამოაცხადეს. ჩემი აზრით, რა თქმა უნდა, ეს მათი არჩევანია, მაგრამ ასეთ დროს ერთად დგომაა საჭირო, რადგან არ არის გამორიცხული, ამან უფრო მეტი შედეგი გამოიღოს. მე ვფიქრობ, ყველანაირი თვალსაზრისით, უკეთესია არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ამიტომ გახარიას გზას ვემხრობი, ვინაიდან ყველაფერი უნდა გამოიყენონ ხელისუფლების შესაცვლელად. არ შეიძლება გახარიას ვუკიჟინოთ, რომ სწორად არ იქცევა. საერთოდ უკეთესი იქნებოდა, დასხდნენ, მოითათბირონ და გადაწყვიტონ ეს საკითხები.

„რეზონანსი": პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას ჩართვა რომ შეაფასოთ - როგორ ფიქრობთ, ვის დაეწერა პლუსები?

ი.კ: გახარია ასე ხელწამოსაკრავი ადამიანი არ არის, საკმაოდ განათლებულია, რომელსაც გამოცდილებაც აქვს. იმის შესახებ, რომ ის რუსეთში წავიდა სასწავლებლად, მის მიმართ წულუკიანის მიერ ასეთი ცინიკური დამოკიდებულება მიანიშნებს იმაზე, რომ თვითონ წულუკიანია დაბალი დონე. ის იმიტომ კადრულობს ასეთ რაღაცას, რომ მისი კითხვები არალოგიკური და მიუღებელია. ეს საზოგადოებრივ აზრს დადებით განწყობილებას კი არ შეუქმნის, პირიქით - უარყოფითს. ამიტომ მე ვურჩევ, საერთოდ შეწყვიტონ, ვინაიდან ამ კომისიის მუშაობამ მკვეთრად უარყოფითი რეაქციები გამოწვია.

მე რამდენადაც ვიცი, გახარიას შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია და თავის აზრს ამბობდა, მაგრამ იქიდან მსგავსი არაფერი ყოფილა, არადა, პრინციპში, ისინი უფრო მომზადებულები უნდა ყოფილიყვნენ. კომისიის წევრები არიან ერთი გუნდის მომხრეები, რომლებმაც პოლიტიკა არ იციან. შესაბამისად, მათი კითხვები არარეალური და არასერიოზულია.

მე არ ვიცი გახარია იყო თუ არა დამნაშავე, მაგრამ შეცდომები არავის მოსდის? ამიტომ ჩემი აზრით, გახარიამ უნდა თქვას სიმართლე, რა მოხდა. საერთოდ ამ კომისიის შექმნა არის დაბალი დონე. ასეთი საკითხების გამოააშკარავება არ შეიძლება, რადგან ორ ქვეყანას ეხება. ახლა ეს ყველაფერი ხომ საზოგადოებამ ნახა? რა დასკვნა უნდა გამოიტანონ უცხოეთში, როცა ამას დააკვირდებიან? ამ შემთხვევაში მე გახარიას გზას და პოლიტიკას ვემხრობი. არ არის ეს პიროვნება ისეთი, რომ აგრესორი რუსეთი ესიამოვნებინა.

„რ": რითია განპირობებული რუსეთის დაძაბული ურთიერთობები რეგიონში და როგორ აისახება საქართელოზე?

ი.კ: სამხრეთ კავკასიაში რუსეთის დომინირება უკვე გამორიცხულია. იქამდე კი, ყოველთვის ასე იყო, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. ახლა აზერბაიჯანმა თვისი გზა აირჩია, სომხეთი ევროპის გზაზე დადგა. საქართველოს ვერ გადაუწყვეტია, საბოლოოდ სად დგას, რადგან რუსეთი აქ ოფიციალურ დომინირებას ვერ განახორციელებს, ვინაიდან მან აიღო ტერიტორიები და აგრესორად არის გამოცხადებული. ჩვენი პირდაპირი სწრაფვა ევროპა უნდა იყოს.

რუსეთს დაეძაბა ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რადგან ეს ქვეყნები რუსეთის დაკრულზე სიარულს აღარ აპირებენ. თუმცა ეს რუსეთის უაყოფას არ ნიშნავს, მათ დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენგან განსხვავებით, აქვთ. ისინი ცდილობენ ურთიეთობა ჰქონდეთ იმდენად, რამდენადაც საჭიროა. ჩვენ ამაში არ შევდივართ, ვინაიდან არანაირი პოლიტიკური ურთიერთობა რუსეთთან არ გაქვს. ამ ორ ქვეყანას უნდა ურთიერთობების შენარჩუნება, მაგრამ არა ისე, რომ რუსეთი დომინირებდეს. რუსეთის მდგომარეობა მთლად სასიკეთო აღარ არის, თან ჩინეთის ისეთი მეგობარიც აღარ არის, როგორც ადრე.

„რ": რაზე მიუთითებს რუსეთის მიერ საქართველოსთვის შეთავაზების გაგზავნა „ჩრდილოეთ-სამხრეთის" სატრანსპორტო კორიდორში ჩართვაზე და მიიღებს თუ არა ხელისუფლება?

ი.კ: რუსეთსაც ხომ უნდა ევროპაში გასვლა და გარკვეულწილად გადის კიდეც, ასევე ამისთვის იბრძვის ჩინეთიც. არსებობს საერთაშორისო დერეფანი, რაზეც არ საუბრობენ, ასევე რეგიონალური დერეფანი და ადგილობრივი. გულახდილად რომ გითხრათ, საქართველოში არის დერეფანი, მაგრამ ძალიან სუსტი. ასე რომ, ჩვენ არავითარი საერთაშორისო დერეფანი არ ვართ და თუ ასე გაგრძელდება ვითარება, შეიძლება სამხრეთ კავკასიის დერეფანიც კი არ ვიყოთ, რადგან ჩვენ ამისთვის ბევრი რამ გვჭირდება, ანუ ჩინეთიდან და ყაზახეთიდან მოწოდებული პროდუქცია ისე უნდა მივაწოდოთ, რომ უკმაყოფილება არ გამოიწვიოს ირანში, სომხეთში, რუსეთში და ა.შ. რუსეთს თავისი გზა და დერეფნის პროგრამა აქვს სამხრეთ კავკასიაში.

ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ რადგან ისინი ასე ოფიალურად გვთავაზობენ, რაღაცას ნიშნავს. სკითხი უნდა დადგეს ასე - თუ ამ შეთავაზებას მიიღებს საქართველო იმ ქვეყნისგან, რომელსაც ტერიტორიები დაკავებული აქვს, რას დათმობს რუსეთი? მინდა გითხრათ, რომ ის მსგავს არაფერს არ იზამს. თუ რუსეთს საქართველო სჭირდება, გალის რაიონის საკითხის გადაწყვეტაზე უნდა წავიდეს. გალი არ არის აფხაზეთის ნაწილი, არამედ სამეგრელოსი. გამოდის, რომ რუსეთმა მხოლოდ აფხაზეთი კი არ წაიღო, არამედ სამეგრელოს ნაწილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე