დედა ენის დღეს 14 აპრილს ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის მონაწილეებმა კიდევ ერთი აქცია-მსვლელობა დაანონსეს. როგორც ისინი ამბობენ, გაჩერებას არ აპირებენ. ხელისუფლება კი ამ დრომდე აცხადებს, რომ არც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნას აპირებს და არც აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაზე არაფერი უთქვამს. საპროტესტო აქციების პერსპექტივაზე ანალიტიკოსების მოსაზრებები განსხვავებულია.
ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიმდინარე პროტესტი და თუნდაც ერთჯერადად გამართული დიდი აქცია მომენტალურ შედეგს არ მოიტანს, მაგრამ "აქციები თავის საქმეს აკეთებს".
„ჩვენ ერთი რამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს აქციები, ასეთ მომენტალურ შედეგს არ მოგვიტანს, 14-ში იქნება, 26-ში, თუ სხვა დღეს, რომ ერთი დიდი აქცია "ქართულ ოცნებას" აშინებს და რაღაც კარდინალურ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს ასე არაა, მაგრამ აქციები თავის საქმეს აკეთებს. რომ არა ის აქციები, რაც იყო, ჩავთვალოთ, რომ ჩვენი პარტნიორებიდან ის რეაქციები არ იქნებოდა, რაც არის.
„ამიტომ აქციები უნდა გაგრძელდეს. არ მოიტანს ეს მყისიერ შედეგს, მაგრამ შედეგს მოიტანს აუცილებლად, თუ ქართულ საზოგადოებას იმის ნებისყოფა ეყოფა, რომ თითქოსდა ერთი შეხედვით მოსაწყენ და რუტინულ მდგომარეობას გაუძლოს და პოლიტიკურ პროცესს თანდათან მიჰყვეს.
„სანქციების თემა ძალიან დაჩქარდა, ეს პროცესი თავიდან დროში გაწელილად იწყება, მაგრამ, აი, ბრიტანეთმა უკვე გადადგა ნაბიჯები, ალბათ ამას გერმანია და საფრანგეთი შეუერთდება, ამას მთელი დასავლელი სამყაროდან მოჰყვება რეალური ნაბიჯები, იგივე იქნება ამერიკიდან და ეს ყველაფერი ერთად იმ გარემოს შექმნის, როდესაც "ქართული ოცნება" იძულებული იქნება რიგგარეშე არჩევნებზე წავიდეს და ამას აქ მუდმივი საპროტესტო აქციები უნდა დახვდეს.
„გარკვეული დროის განმავლობაში, ალბათ რეპრესიები იქნება - ხელისუფლება კიდევ ერთხელ ეცდება, რომ რუსთაველზე აქციები რეპრესიული და ძალისმიერი მეთოდებით დაასრულოს, მაგრამ თუ საზოგადოება ამ რეპრესიებს და პირდაპირ, თუ ირიბ მუქარას გაუძლებს, მაშინ ყველაფერი რიგზე იქნება და საზოგადოება შეძლებს "ოცნება" რიგგარეშე არჩევნები აიძულოს.
„თუ ეს (პროტესტი) შეწყდება, მდგომარეობა ძალიან გართულდება. არ გამოვრიცხავ, რომ მაინც აქამდე მივიდეთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, როცა პერმანენტული აქციები ტარდება, დიდია ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს იმ წესით და მოთხოვნებით, რაც ოპოზიციას გააჩნია, მაგრამ თუ აქციები შეწყდება და პოლიტიკური პროცესი მაინც გაძნელდება, იმის ალბათობა უფრო მაღალია, არჩევნები ჩაინიშნოს კი არა,სამოქალაქო დაპირისპირება მოხდეს.
„არჩევანი ამ ორ პოზიციას შორის გვაქვს, სამოქალაქო დაპირისპირება არც ქვეყანას აწყობს, არც ხელისუფლებას და არც ჩვენს მოკავშირეებს, ისევ და ისევ აქციები უნდა გაგრძელდეს, ტანდემში ჩვენს დასავლელ პარტნიორებტან ერთად, მათი კონსიულტაციებით მიღებული გადაწყვეტილებებით. მეორე ვარიანტი კი სამოქალაქო დაპირისპირებაა, ამიტომაც გვირჩევნია ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს", - განაცხადა ძაბირაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, საპროტესტო აქციებს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.
„ხომ გაგიგონიათ ქართული ანდაზა, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ამათზეა ნათქვამი. ქართველი, ძალიან ძლიერი კომენტატორი ეროსი მანჯგალაძე გვყავდა და თბილისის „დინამო" როცა აგებდა და ჯარიმას არტყამდა მოწინააღმდეგე მან იცოდა ასეთი რაღაც - შეხედეთ, ამ მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელიო, ანალოგიურ სიტუაციაშია დღევანდელი ე.წ. ოპოზიცია და მისი გამომსწორებელი დედამიწის ზურგზე არავინაა. ასე რომ, გინდა 14 აპრილს ჩაატარონ აქცია და გინდა 34-ში, მაგათი საშველი არაა.
რა გააკეთონ აღარ იციან და ამთხვევენ ასეთ ისტორიულ თარიღებს. მერე ალბათ სააკაშვილის, მისი დედის და ბებიის დაბადების დღეებს აღნიშნავენ და იტყვიან რაღაცას", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე