ნატალია ჯვარიძე
(10.04.2025)

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ სამხედრო მზვერავ როინ შავაძის მკვლელობის საქმე კიდევ ერთხელ გაიხსენა და მისი მეუღლე, ციცინო შავაძე დაიბარა. საქმის დეტალები, რომელიც თავის დროზე „რეზონანსმა" გაახმოვანა, ხუთშაბათს საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნეს.

კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ციცინო შავაძეს მადლობა გადაუხადა. თქვა, სწორედ მისი თავდადების შედეგია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა როინ შავაძის სიცოცხლის უფლების როგორც მატერიალური, ისე პროცესუალური დარღვევის ფაქტი, „რითაც დადასტურდა, რომ საქართველოს ერთგული ჯარისკაცი სახელმწიფომ თავისი ხელით მოკლა".

„თქვენ დაგიპირისპირდათ მთელი სახელმწიფო მანქანა მაშინ და მიუხედავად ამისა, ღირსეულად ატარეთ ქართველი ქვრივის სახელი და მოიტანეთ ეს საქმე დღემდე. მადლობა ამ ბრძოლისთვის, სხვა მხრივ, როინ შავაძის სახელი და გვარი დავიწყებული იქნებოდა და ისე ჩააბარებდნენ წარსულს მაშინდელი ხელისუფალნი, რომ რასაკვირველია, არც კი შერცხვებოდათ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

როინ შავაძის მეუღლემ კიდევ ერთხელ გაიხსენა დეტალები:

„ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასწარ განზრახული ჰქონდათ და სისრულეში მოიყვანეს. ქობულეთის შემდეგ არის ქაქუთი, სადაც, ბუნებრივი მოთხოვნილების გამო, გაუჩერეს მანქანა კაცს, უბრალოდ, ვერ დაფიქრდნენ, რომ მას მარჯვენა ბარძაყში ჰქონდა ფეხი გადატეხილი, ხელი მოტეხილი. კაცს, რომელსაც ხელის თითები ჰქონდა გადამტვრეული. ხელის თითები იმდენად გადამტვრეული ჰქონდა, რომ ცხედარს "ლეიკოთი" დავუმაგრეთ, ტყავს ეჭირა უბრალოდ. ამის ვიდეოკადრები არის და შეგიძლიათ, ნახოთ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი იყო დადგმული და წინასწარ განზრახული. როინ შავაძე დახვრიტეს ბათუმის კუდ-ის თანამშრომლებმა", - აღნიშნა ციცინო შავაძემ.

როინ შავაძის მკვლელობის საქმის გახსნა გაზეთ „რეზონანსის" სახელთანაა დაკავშირებული. მკვლელობიდან ერთი თვე იყო გასული, როცა 2008 წლის 24 სექტემბერს „რეზონანსში" დაიბეჭდა სტატია სათაურით „ბათუმში ჯარისკაცი წამებით მოკლეს" (აღნიშნული მოკვლევა ეყრდნობა ბათუმში კონკრეტულ პირებთან ჩაწერილ ინტერვიუებსა და დოკუმენტებს). იმავე დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მწვავე განცხადებები გააკეთეს - შავაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ ხმაური დაიწყო.

2008 წლის სექტემბრიდან მოყოლებული 2023 წლამდე „რეზონანსმა" როინ შავაძის მკვლელობის საქმის ირგვლივ არაერთხელ მიმართა პროკურატურას და მიღებული პასუხები სტატიების სახით სხვადასხვა წლებში გამოქვეყნდა, ისევე როგორც ინტერვიუები ადვოკატთან, სახალხო დამცველთან, ჯარისკაცის ქვრივთან. წამებით მოკლული სამხედროს ოჯახის ინტერესებს პირველივე დღიდან იცავდა ადვოკატი რამინ პაპიძე. ოჯახის ინტერესების დაცვისა და უსაფრთხოების საქმეში მნიშვნელოვანი იყო იმჟამინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარისა და ბათუმში მისი წარმომადგენლების, გიორგი ჩარკვიანისა და ლადო მგალობლიშვილის როლი.

2008 წლის 16 აგვისტოს, საომარი მოქმედებებიდან ბათუმში ორი დღის დაბრუნებული თავდაცვის სამინისტროს სენაკის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი, როინ (რომა) შავაძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) წარმომადგენლებმა ჯერ აწამეს და შემდეგ დახვრიტეს. იმავე დღიდან საზოგადოებაში შავაძის „მოღალატეობის" შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს და მოგვიანებით, ამის შესახებ მინიშნებები პარლამენტის ტრიბუნიდანაც გააკეთეს. თუმცა, გამოძიება არა სამშობლოს ღალატის, არამედ ნარკოტიკების შეძენა-გადაზიდვის ბრალდებით დაიწყეს.

2008 წლის ნოემბერში როინ შავაძის მეუღლეს, ციცინო შავაძესა და მის ძმებს გაჩუმების სანაცვლოდ 50 000 დოლარი შესთავაზეს. პასუხი გახლდათ მკაფიო - „ჩვენ გაჩუმებას არ ვაპირებთ, არ ვიყიდებით, ჩვენ სამართალს - მკვლელების, მწამებლების დასჯას ვითხოვთ!" იმ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობდა შავაძის განზრახ მკვლელობისა და ნარკოტიკების შეძენა-გადატანის მუხლებით (ნარკოდანაშაული შავაძეს ბრალდებოდა). ციცინო შავაძე მშობლების ოჯახში გადავიდა, სადაც მორიგეობით ათევდნენ ღამეს სახალხო დამცველის წარმომადგენლები და შავაძის ოჯახის უფლებების დამცველი ადვოკატი, რადგან ოჯახის წევრებთან რომ ვერაფერს გახდნენ, ნათესავებზე გადავიდნენ - მათგან ითხოვდნენ ჯარისკაცის ოჯახის გაჩუმებას.

2008 წლის 10 ნოემბერს ციცინო შავაძემ და მისმა ძმამ, მურად კონცელიძემ პროკურატურას განცხადებით მიმართეს და გამოძიების დაწყება მოითხოვეს. ზუსტად ცხრა დღის შემდეგ მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და ნათესავებისა და ოჯახის ღიად დატერორება ჩაანაცვლა „შეთვლებმა".

საქმის ხელახალი გამოძიება და მკვლელობის საქმეზე ათი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მომხდარიდან 15 წლის შემდეგ, 2023 წლის 28 ივლისს დაიწყო - გენპროკურატურამ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით 8 პირი დააკავა, ხოლო 2-ის მიმართ ძებნა გამოაცხადა. ამაზე ინფორმაცია 2023 წლის 28 ივლისს, გენპროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მეორე დღეს, 2023 წლის 29 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ იგივე ბრალდებით ათ პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დროს სასამართლო დარბაზში ათიდან რვა ბრალდებული იმყოფებოდა. საქმის პროკურორია გიორგი მუჯირი. ბრალდებულებს შორის არიან როგორც სპეცრაზმის, ისე კუდ-ის იმჟამინდელი წარმომადგენლები.

2011 წელს, შავაძის მკვლელობის ირგვლივ ჩანაწერი გაჩნდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოზე მომზადებულ დოკუმენტში - „ადგილი არ ჰქონია შემდეგ წინსვლას და ის მოსალოდნელი არაა როინ შავაძის საქმესთან დაკავშირებით... "

2012 წლის 3 მაისს შავაძის საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა. ამ პერიოდისთვის როინ შავაძე ისევ ეჭვმიტანილი იყო ნარკოტიკების უკანონოდ შეძენასა და გადაზიდვაში.

2012 წლის 1 ოქტომბერს ხელისუფლების სათავეში „ქართული ოცნების" მოსვლიდან მალევე შავაძის საქმე პროკურატურამ თაროდან ჩამოიღო და ოჯახის ადვოკატს საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცა. ასე გახდა ცნობილი, რომ სენაკის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავის, ერაყში საბრძოლო მისიით ნამყოფი და პენტაგონის მიერ სპეციალური მედლით დაჯილდოვებული როინ შავაძის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ შინაგან საქმეთა ექსმინისტრი ვანო მერაბიშვილი, კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი თემურ პატარიძე და ე.წ. ელიტარული სპეცრაზმის თანამშრომლები.

2013 წლის შემდეგ შავაძის გამოძიების საქმეში ხანგრძლივმა პაუზამ დაისადგურა. ეს საქმე აქტუალური 2020 წლის 19 ნოემბერს გახდა - ამ დღეს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა - 2012 წლის 3 მაისს როინ შავაძის ოჯახისა და მათი უფლებების დამცველი ადვოკატის მიერ გაგზავნილ საჩივარზე. ადამიანის უფლებათა ვროპულმა სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. ანუ, თბილისში გადმოყვანის დროს გაგვექცა და ამიტომ ვესროლეთო, ეს ვერსია სტრასბურგმა უარყო და სახელმწიფოს ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება დააკისრა - 200 წლის 19 ნოემბრის „გადაწყვეტილების აღსრულებასა და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე