ევროპის საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა, სადაც აღნიშნულია, რომ „ოცნებამ" მათი წინა შენიშვნები არ გაითვალისწინა და პირიქით, განახორციელა დემოკრატიის საწინააღმდეგო ქმედებები. ამასთან, მწუხარება გამოითქვა იმაზე, რომ ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დოკუმენტში აღნიშნული ბრალდებები უსაფუძვლოა. ოპოზიციის მოლოდინები კი გამართლდა.
„რეზოლუციის მიზანია „ქართული ოცნების" პოზიციების შესუსტება. ხელისუფლება იმ შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს", - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
რა წერია რეზოლუციაში
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია.
ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.
„ასამბლეა შეშფოთებულია, რომ დაკავებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების მიმართ შურისძიების მიზნით გრძელდება. იგი აღნიშნავს, რომ გრძელდება სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის განახლება ერთი შეხედვით საეჭვო სამართლებრივი საფუძვლებით, რაც ხაზს უსვამს წინა რეზოლუციებში უკვე გამოთქმული შეშფოთების გაგრძელებას. ამ კონტექსტში, იგი შეშფოთებულია რამდენიმე ქართული სოლიდარობის ფონდის აქტივების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებით და გაყინვით, რომელიც ფარავდა დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული ან სამსახურიდან გათავისუფლებულთა იურიდიული დახმარების ხარჯებს, ჯარიმებს და შემოსავლის დაკარგვას. ასამბლეა იმეორებს თავის მოწოდებას, რომ ყველა დაკავებული მომიტინგე გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და რეკომენდაციას უწევს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, მოინახულოს მათი დაკავების ადგილები.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიესალმება დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკის შესახებ ცნობების შემცირებას, ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია, რომ ეს დარღვევები დღემდე არ არის ეფექტურად გამოძიებული, რამაც გამოიწვია დაუსჯელობის კლიმატი", - ნათქვამია ტექსტში.
„ამ კონტექსტში, ღრმად შეშფოთებულია ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ცნობებით, რომ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებულთა დიდი ნაწილი წამებასა და არასათანადო მოპყრობას ექვემდებარებოდა დაპატიმრების დროს და დაკავების ქვეშ ყოფნის პერიოდში. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიოს ყველა ასეთი ცნობა გამჭვირვალე და ეფექტიანი გზით. ასამბლეა გმობს ოპოზიციის ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც პოლიციელებმა იძულებით გააშიშვლეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, დემონსტრაციაზე მისი დაკავების შემდეგ", - აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები გრძელდება.
„ასამბლეა აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით თავის დასკვნაში, რომელიც მოითხოვა ასამბლეის პრეზიდენტმა, მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები მიღებულ იქნა ზედმეტად ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე და, სავარაუდოდ, შემაფერხებელ გავლენას მოახდენს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს სრულიად ახალი კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს და კანონის უზენაესობას", - აღნიშნულია დოკუმენტში.
რეზოლუციის პროექტში საუბარია საქართველოში არსებულ მედია გარემოზეც.
„სამწუხაროდ, მედია გარემო კვლავ უარესდება. ასამბლეა აღნიშნავს, რომ 2024 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო 77-დან 103-ე ადგილზე ჩამოქვეითდა, ხოლო ევროპის პრესის თავისუფლების ანგარიში ხაზს უსვამს მედიის თავისუფლების სწრაფ გაუარესებას მზარდი ავტორიტარიზმის ფონზე. ამ კონტექსტში, ასამბლეა შეშფოთებულია მედიის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით", - აღნიშნულია დოკუმენტში.
რეზოლუციის პროექტში საუბარია ხელისუფლების მხრიდან დაშინების ფაქტებზე და კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების გათავისუფლებაზე.
„ასამბლეა შეშფოთებით აღნიშნავს ქვეყანაში სოციალურ კრიზისზე ხელისუფლების რეაგირების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების წინააღმდეგ დაშინებისა და შურისძიების შესახებ მუდმივ ცნობებს, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტების დიდ რაოდენობას. იგი გმობს კანონმდებლობის მიღებას, რომელიც ზღუდავს საჯარო მოხელეების დასაქმების დაცვას და განმეორებით უარს საჯარო რეესტრის მხრიდან გასულ წელს დაარსებული „საჯარო მოხელეთა დამოუკიდებელი პროფკავშირის" რეგისტრაციაზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთან, ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს კანონი „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ".
რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ასამბლეა შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" მიღებით.
„ასამბლეა ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის" მიღებით. ეს აქტი, რომელიც ემსახურება იმავე მიზნებს, როგორც სადავო კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", აწესებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შეუსრულებლობისთვის და დამანგრეველ გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოში. ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის შეშფოთება და რეკომენდაციები ამ კანონთან დაკავშირებით მის მომავალ მოსაზრებაში",- წერია დოკუმენტში.
ასამბლეა გმობს მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.
„ასამბლეა შეშფოთებულია, რომ სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებს, ასევე სხვა პიროვნებებს, რომლებმაც უარი განაცხადეს ამ კომისიის წინაშე წარდგენაზე. ასამბლეა ამ კონტექსტში განსაკუთრებით ღრმად შეშფოთებულია მმართველი პარტიის მიერ გაცხადებული განზრახვით აკრძალოს „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა" და შემოიღოს კანონმდებლობა, რომელიც კრძალავს ნებისმიერ მემკვიდრეს ან დაკავშირებულ პარტიებს. საქართველოში დემოკრატიული ოპოზიციის ეფექტიანი აკრძალვა იქნება ევროპის საბჭოს დებულებით გათვალისწინებული საქართველოს წევრობის ვალდებულებების უხეში დარღვევა. მაშინაც კი, თუ ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული, მხოლოდ ასეთი ქმედების საფრთხე უკვე აღრმავებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ განხეთქილებას და ხელს უშლის მიმდინარე კრიზისის მოგვარებას", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ასამბლეა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, მიიღონ ზომები ასამბლეის მიერ გამოთქმულ შეშფოთებასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით, რათა ქვეყანაში კრიზისი დაძლიონ და განაახლონ სრული თანამშრომლობა ევროპის საბჭოსთან და მის ასამბლეასთან.
პოლიტიკური შეფასებები
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ბრალდება, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, უსაფუძვლოა.
„რამდენიმე საინტერესო პასაჟია ამ რეზოლუციაში და რომ ვკითხულობთ ობიექტური დამკვირვებლები, ყოველგვარი პარტიული მიუკერძოებლობით, ადვილად შეამჩნევს, რომ ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, უსაფუძვლოა. ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ომი ნამდვილად არ გამოვუცხადეთ რუსეთს, მაგრამ ჩვენზე მეტი ექსპორტი აქვს რუსეთის მიმართულებით სამივე ბალტიისპირეთის ქვეყანას და სხვა ევროპული ქვეყნებიც არ თაკილობენ საკმაოდ ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს.
მგონია, რომ საგანგებო ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ საგარეო კურსი არ ემთხვევა ევროპულ კურსს. გარდა ამისა, განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ჩვენ შევაჩერეთ 28 ნოემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ ევროინტეგრაცია, ესეც არასწორია. ჩვენ არათუ შევაჩერეთ, არამედ მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი. 40-მდე სხვადასხვა საკითხია და მნიშვნელოვან ნაწილზე უკვე მზად ვართ, დავიწყოთ მოლაპარაკებები. ხოლო 2028 წელს, ფაქტობრივად, სრული მზადყოფნა გვექნება იმისათვის, რათა ამ პროცესმა 2030 წელს უკვე მიაღწიოს საბოლოო მიზანს და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის გვექნება აბსოლუტურად ყველა მონაცემი",- განაცხადა ვოლსკიმ.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ კი განაცხადა, რომ ევროსაბჭოს რეზოლუციის თანახმად, ივანიშვილის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში იქამდე, სანამ არ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არ ჩაინიშნება ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები.
„მონიტორინგის კომიტეტმა უკვე დაასრულა მუშაობა რეზოლუციაზე, ჩვენი მოლოდინები გამართლდა. ეს რეზოლუცია გაიმეორებს იმ რეზოლუციის მოთხოვნებს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო იანვრის სესიაზე, სადაც მოითხოვა ახალი, თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში, ისევე როგორც ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ეს დასახა პირობად, რომლის შესრულების გარეშეც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში. აქედან გამომდინარე, კომისარი წულუკიანი და ივანიშვილის სხვა უსახელო პაიკები აქ თეორიულადაც კი დაბრუნდებიან მხოლოდ ოპოზიციის რანგში, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რას ნიშნავს „ოცნებისთვის" რეზოლუცია
ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ რეზოლიციის მიზანია „ქართული ოცნების" ხელისუფლების პოზიციების შესუსტება. მისივე თქმით, ხელისუფლება იმ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს არ გაითვალისწინებს.
„პრინციპში, ეს შენიშვნები იმეორებს იმას, რომელიც წინა რეზოლუციებში იყო. სავარაუდოდ, „ქართული ოცნება" ამ შენიშვნებს თუ რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებს, რადგან ის, რაც რეზოლუციაში ჩაიწერა არის ძირითადად სარეკომენდაციო ხასიათის შენიშვნები. მას აუცილებელი შესრულების ვალდებულების დატვირთვა არ გააჩნია. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ეს იქნება მორიგი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლების პოზიციების შესასუსტებლად. მგონი ამის მიზანიც ეს არის, რომ საქართველოში, მათ შორის „ქართული ოცნების" მხარდაჭერთა ევროპულად განწყობილ ნაწილში რაღაცნაირად ეჭვი და უნდობლობა გააჩინონ „ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ. მთლიანობაში დიდ სურათს რომ შევხედოთ, ეს რეზოლუცია ეწერება იმ სხვა ღონისძიებებში, რასაც ევროსტრუქტურები ერთობლივად ახორციელებენ იმ მთავარი, დიადი მიზნის მისაღწევად, ანუ „ოცნების" პოზიციების იმდენად შესუსტებლად, რომ ის არ დაითანხმონ ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე, ან პირიქით, საქართველოში ისეთი პროცესები გამოიწვიონ, რომლის გამოც საქართველოში ხელისუფლება დაემხობა", - აღნიშნა ანჯაფარიძემ.
რა ნაბიჯები იქნება ევროპისაბჭოს მხრიდან
ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ საქართველოს ევროპის საბჭოდან გარიცხვა/არ გარიცხვის საკითხი ჯერჯერობით დღის წესრიგში არ იქნება.
„გაირიცხება თუ არა საქართველო ევროსაბჭოდან, თუ „ქართული ოცნება" შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, დამოკიდებულია იმაზე, თუ თვითონ ევროკავშირის პოლიტიკურ წრეებში რა გადაწყვეტილება მომწიფდება, ანუ რომელი ძალების პოზიცია გაიმარჯვებს. ისინი, ვინც დავუშვათ, პრაგმატულად უყურებენ სიტუაციას, მაგალითად ისეთი პერსონა, როგორიცაა ევროსაბჭოს გენერალური დირექტორი, რომელიც თვლის, რომ ჯერ ნაადრევია „ქართული ოცნების" მიმართ რაღაც მკაცრი გადაწყვეტილებების მიღება, თუ გაიმარჯვებს იმ ძალების პოზიცია, რომლებიც უფრო რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვენ. ევროსაბჭოს, რომელმაც გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საქართველოსთვის ახლა ნამდვილად არ სცხელა, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვთ. როცა მოიცლიან, ალბათ იქაც იქნება გარკვეული შეჯახებები პრაგმატიკოსებსა და მკაცრი ხაზის მომხრეებს შორის. ვისი პოზიცია გადაწონის, ეს დამოკიდებული იქნება ზოგადად, იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე, რომელიც შეიქმნება უახლოეს პერიოდში ევროპის კონტინეტზე.
მე არ ვთვლი, რომ ისინი ადგილობრივ არჩევნებს დაელოდებიან და მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რადგან ეს საერთაშორისო აქტორებისთვის მაინც და მაინც დიდი მნიშვნელობის არაა. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია საპარალამენტო არჩევნები, ანუ ხელისუფლების ცვლილების საკითხი", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე