ნატალია ჯვარიძე
(09.04.2025)

9 აპრილმა აღსანიშნავად მოქალაქეები რუსთაველზე შეიკრიბნენ, სადაც დრო და დრო ვითარება იძაბებოდა. აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების" წევრებსა და მის მხადამჭრებს მემორიალთან მისვლის უფლებას არ აძლევდნენ. 9 აპრილის დღის აღსანიშნავად, მემორიალთან გვიან ღამით მოქალაქეები შეიკრიბნენ და პარაკლისი ჩატარდა, რის შემდეგაც ოპერის მომღერალმა, პაატა ბურჭულაძემ დაანონსებული ფიცი გააჟღერა, შემდეგ კი „მრავალჟამიერი" შესრულდა.

ბურჭულაძის გამოსვლას „ქართული ოცნების" მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ რუსთაველზე მყოფი ადამიანები „რაღაც" სურათის დადგმასა და პროვოკაციების მოწყობას ცდილობდნენ. მდინარაძემ ისიც აღნიშნა, რომ პროვოკაციაში აყოლას და მემორიალთან მისვლას არ აპირებდნენ. პარლამენტის ეზოში დადგეს მაგიდა და იქ დებდნენ ყვავილებს.

„ამ დღეს ორმაგი დატვირთვა აქვს - ერთი, დიდი ტრაგედია, როდესაც ჩვენი 21 მშვიდობიანი, გულანთებული მოქალაქე შეიწირა როდიონოვის საბჭოთა არმიის სისასტიკემ და მეორე, როდესაც ეს გახდა გამარჯვების სიმბოლო და აქედან 2 წელში ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და იზეიმა.

როდესაც ჩვენ ამ თარიღზე ვსაუბრობთ, ჩვენი შვილები გმირობისა და თავგანწირვის მაგალითზე და მეორე მხრივ, დამოუკიდებლობის სულისკვეთებით უნდა გავზარდოთ - ესაა დღევანდელი დღის მთავარი არსი. რაც შეეხება დღევანდელ დამოკიდებულებას, ბევრმა იქ მდგომმა კარგად იცის, რომ თავის დროზე, რუსთაველის გამზირზე ოკუპაციას როდიონოვი ცდილობდა და ახლა ბურჭულაძე-როდიონოვები ცდილობენ, რომელიც თავის თავს რუსულ ბანს უწოდებდა.

დღევანდელი დღე, რომელიც ყველასთვის ერთობასთან, მშვიდობასთან, ურთიერთსიყვარულთან, ქართული და ქართველი ხალხის ერთობასთან, ქართულ ერთობასთან ასოცირდება, ცდილობენ, რომ დაპირისპირება და ძალადობა შემოიტანონ, ასეთ პროვოკაციებს არ ავყევით. რაღაც სურათის დადგმა უნდოდათ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ვიღაცა, უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, გაათრიონ და მერე იქ ტიტები დააწყო.

ამიტომ ვარჩიეთ, რომ სამებაში ამოვსულიყავით, პარაკლისზე და გარდაცვლილთა სულები მოგვეხსენიებინა და ყოველთვის შევეცდებით, რომ სისასტიკეს, ბოროტებას დამოუკიდებლობაზე თავდასხმას, ღირსებითა და ღირსეულად ვუპასუხოთ, რომ ჩვენი მოქალაქეები და ის ადამიანები, რომლებიც ამ ბინძურ ნარატივს არიან აყოლილები, ცუდ მდგომარეობაში არ ჩავაყენოთ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მცირე დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი 9 აპრილის მეორიალთან. საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას. ხმაური და დაპირისპირება ზარნაძესა და მოქალაქეებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ის 9 აპრილის მემორიალთან მიახლოებასა და მემორიალის ყვავილებით შემკობას გეგმავდა.

„მარტო ვარ ამდენ ადამიანთან, ერთი წამით არ მეშინია. ესენი არიან უღმერთო ადამიანები, რომლებმაც არ მომცეს უფლება, რომ მივსულიყავი მემორიალთან. 9 აპრილის მემორიალი არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას. ის ეკუთვნის ამ ქვეყნის ხალხს, რომლებიც ვაფასებთ იმ ადამიანების სულებს, რომლებმაც აქ საკუთარი თავი გადადეს.

როცა მოქალაქე მოვდივარ და მინდა ეს მემორიალი შევამკო ყვავილებით, სანთელი დავანთო, ამის უფლებას არ მაძლევენ, იფურთხებიან, იგინებიან უზრდელობენ, ათას სიბინძურეს კადრულობენ, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია. ისინი, პირველ რიგში, საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას",- განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

გარდა ამისა ადგილი ჰქონდა მცირე შეხლა-შემოხლას. კერძოდ, „ქართული ოცნების" მხარდამჭერს რუსთაველზე პარტიის დროშა ჰქონდა მიტანილი, რამაც პროტესტანტების უკმაყოფილება მოჰყვა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მოქალაქე იგინებოდა და შეგნებულად აღიზიანებდა ხალხს.

დაძაბული ვითარება იყო დედაქალაქის გარეთაც. ზუგდიდში 9 აპრილის მეორიალთან მოქალაქეები გვიან ღამით შეიკრიბნენ. ისინი ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებს მემორიალთან მისვლის საშუალებას არ აძლევდნენ, რის შემდეგაც პოლიციამ ხალხის დაშლა სცადა და სიტუაცია გამწვავდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ და თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ამ დღესათან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, რომელიც კრიტიკის საგანი გახდა. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მათ ტრაგედიაში დამნაშავედ „უცხოური ძალა" გამოიყენეს.

„დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წლის თავზე, კვლავაც უცხოური ძალა ძალადობს რუსთაველის გამზირზე. დღესაც რუსთაველის გამზირზე უცხოური ძალა აღვივებს სიძულვილს, ცდილობს, ხელოვნურად დაარღვიოს ერთიანობა ქართველებს შორის და ებრძვის თავისუფლების იდეას. თუმცა 9 აპრილის გამოცდილებამ გვასწავლა, რომ უცხოური ძალის „არსება მოკლეა" და სიძულვილსა და მონობაზე აუცილებლად სიყვარული და თავისუფლება გაიმარჯვებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, როგორ გვიცავს ნეტავ და ვის წინააღმდეგ!" „თავდაცვის მინისტრიც რომ ვერ ბედავს სიტყვა რუსი გამოიყენოს 9 აპრილთან მიმართებაში, როგორ გვიცავს ნეტავ და ვის წინააღმდეგ! „ოცნების" ჯერ კიდევ მხარდამჭერებო, რომლებიც პატრიოტიზმზე და ეროვნულობაზე თავს დებთ, რას ფიქრობთ, როგორ ეგუებით ქვეყნის მომავლის, აწმყოსი და აწ უკვე წარსულის გაყიდვას და გამყიდველებს? სიმართლით თუ კონფორმიზმით მნიშვნელობა აღარ აქვს!"- წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე".

რაც შეეხება თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ჩიქოვანს, ის 9 აპრილის ტრაგედიას „ფეისბუქზე" ასე გამოეხმაურა: „ქედს ვიხრი 9 აპრილს მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დროს დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. 1989 წლის 9 აპრილი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ჩვენი ერის თავგანწირვისა და სიმტკიცის მკაფიო მაგალითია. დღე, როდესაც გაცხადდა ქართველთა ერთიანობა და სამოქალაქო თანხმობა ქვეყნის თავისუფლებისთვის. სწორედ ასეთ სიმბოლურ დღეს, ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შედგა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი", - წერს ჩიქოვანი.

9 აპრილის ტრაგედიას საქართველოში აშშ-ს საელჩო განცხადებით ეხმიანება: დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. ჩვენ ვიხსენებთ თავისუფლებისთვის მებრძოლ 21 უდანაშაულო მსხვერპლს და ასობით დაშავებულს, როდესაც ქართველები მამაცად იდგნენ ერთმანეთის გვერდით, საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში - წერია საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

„საქართველოს ეროვნული ერთიანობის დღეს, ქართველ ხალხთან ერთად 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა სამხედრო დარბევის ტრაგიკულ მოვლენებსა და 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას ვიხსენებთ. ლიეტუვა ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ვუერთდებით 1989 წლის 9 აპრილის - საბჭოთა მმართველობის ნგრევის სიმბოლური დღის და მისი ისტორიული მემკვიდრეობის აღნიშვნას. პატივს მივაგებთ მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას თავი შესწირა. საქართველოს მოქალაქეთა არაერთი თაობა დამოუკიდებლობას დღესაც მტკიცედ იცავს",- ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე