მსოფლიოში მიმდინარე დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ექსპერტები „რეზონანსთან" საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ტენდენციებსა და გამოწვევებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მსოფლიოში ისეთი გეოპოლიტიკური ძვრებია მოსალოდნელი, რომელიც ეპოქას შეცვლის, ამის პარალელურად კი საქართველოს პოზიცია და პოლიტიკური კურსი „გადარჩენისთვის" ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.
ექსპერტები განსხვავებულ პროგნოზებს გვთავაზობენ, თუმცა თანხმდებიან , რომ მსოფლიოში „ახალი წესრიგი" მყარდება.
რუსეთ-უკრიანის ომი, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია ახალი რიტორიკით, ათეულობით წლების შემდეგ ევროპის გადაიარაღების ახალი გეგმა, ღია მოლაპარკებების სერია რუსეთსა და აშშ-ს შორის, რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებები, მხოლოდ ნაწილია იმ საკითხებისა , რომელმაც ბოლო 6 თვის განმავლობაში ახალი გეოპოლიტიკური სურათი შექმნა.
როგორია საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ტენდენციები
ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო ვექტორმა დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გადმოინაცვლა.
„საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე საუბარი ცოტა რთულია მარტივი მიზეზის გამო - რადგან მმართველ პარტიას გაწყვეტილი აქვს კავშირი ჩვენს პარტნიორებთან, როგორც ევროპის ქვეყნებთან, ისე აშშ-სთან. რეალურად დიპლომატიური უწყებები არ დახურულა, მაგრამ, ეს კომუნიკაცია არ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, დღეს საქართველოს საგარეო პოლიტიკაზე თუ ვისაუბრებთ, ეს არის იზოლაციონისტური პოლიტიკა - დასავლეთისგან იზოლაცია ხდება.
შესაბამისად, მართალია ამას არავინ ლაპარაკობს, მაგრამ ნორმალურმა ადამიანმა, რომელიც მეტ-ნაკლებად ჩახედულია პოლიტიკაში, იცის, რომ დასავლეთისგან იზოლაცია საქართველოსთვის ნიშნავს რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას.
კურსი მთლიანად შეცვლილია - ყველაფერი მიმართულია აღმოსავლეთისაკენ: ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, ირანთან ჯერჯერობით გაუგებარი ურთიერთობა. 180 გრადუსით შეიცვალა საგარეო ვექტორი - დასავლეთიდან გადმოინაცვლა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ," - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი პოზიტიურად უყურებს საქართველოსა და აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის კომუნიკაციის აქტიურ ფაზაში გადასვლას.
„მე მივესალმები, რომ საქართველოს ხელისუფლება შედის მჭიდრო კონტაქტში აღმოსავლეთის ქვეყნებთან," - განაცხადა მამრაძემ. მამრაძე ეკონომიკურ ფაქტორებზე საუბრობს და ამბობს, რომ ფინანსურმა ცენტრებმა დღეს სწორედ აღმოსავლეთში გადაინაცვლეს.
„როგორც წამყვანი ეკონომისტები აღნიშნავენ, დღეს გადაინაცვლა ფინანსურმა ცენტრებმა. გაცილებით მარტივია კრედიტების, ინვესტიციების მიღება აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან. მოგეხსენებათ, ევროკავშირში ეკონომიკური სტაგნაციაა, აშშ-ში როგორი ტურბულენტური მდგომარეობაა. ვციტირებ ძალიან ცნობილ ამერიკელ ეკონომისტებს," - აცხადებს მამრაძე.
რა გამოწვევების წინაშეა საქართველო
ვახტან ძაბირაძე ხაზგასმით ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა დასავლეთისგან იზოლაციაა.
„რაც შეეხება გამოწვევებს - მმართველი პარტია სრულიად სხვა რამეს ამბობს: რომ თითქოს საქართველოს ომში ჩათრევა სურთ და ამიტომაც გვაქვს პრობლემა დასავლეთთან. რეალურად, პრობლემა ეს არაა, არამედ, მმართველი პარტია ჩამოყალიბდა ქვეყანაში, როგორც ავტორიტარული რეჟიმის რეალიზების პარტია.
ამ ავტორიტარულ რეჟიმს კი დასავლეთთან ურთიერთობა ვერ ექნება. ესაა მთავარი გამოწვევა. ამიტომ, პრობლემა ის კი არ არის, ვინ ვისთან ომში ჩაებმება, არამედ - რამდენად ლიბერალური და დემოკრატიული იქნება ქვეყნის მმართველობა.
„შესაძლოა „ოცნებას" ძალიანაც არ უნდოდეს - არც რუსეთი, არც ჩინეთი, არც ირანი, თუმცა, სხვა არჩევანი არ აქვს, ანუ მისთვის ავტორიტარული რეჟიმები მისაღებია," - განაცხადა ძაბირაძემ.
პეტრე მამრაძე კი განსხვავებულ შეფასებას გვთავაზობს. ამბობს, რომ დღეს საქართველოს მთავარი გამოწვევაა „თვალი გავუსწოროთ რეალობას". მამრაძე არ მიიჩნევს, რომ დასავლეთთან ურთიერთობა დღეს საქართველოს მთავარი გამოწვევაა, მაშინ როცა, მისივე თქმით, თბილისიდან 30 კმ-ში რუსული ტანკები დგას.
„რაც შეეხება გამოწვევებს - განცხადებების დონეზე დასავლეთიდან იზოლაცია მოსალოდნელია. მე ნებისმიერ ადამიანს ვეკითხები: დარჩება თუ არა აშშ საქართველოში, ან უღირს თუ არა დარჩეს? უკაცრავად, მაგრამ ყოფნა რაში გამოიხატება?
პუტინს შეუძლია დღესვე მოაწეროს ხელი და სურვილი შეუსრულოს სეპარატისტულ რეჟიმს და შეაერთოს ჩრდილოეთ ოსეთთან. ყველაფერი გამზადებულია. შეიძლება ეს დღეს გავიგოთ, ან ხვალ. აფხაზეთი შეიძლება შევიდეს სამოკავშირეო სახელმწიფოების რიცხვში - ეს ბევრჯერ ითქვა: მზად ვართო, შევუერთდეთო კავშირს - ოსეთი, აფხაზეთი, ბელარუსი, რუსეთი.
ასე რომ, ამ სიტუაციაში დასავლეთთან ურთიერთობა არაა მთავარი გამოწვევა დღეს საქართველოსთვის. ენჯეოებს რომ აფინანსებდნენ - ეს იყო დახმარება?"
მამრაძე ხაზგამით ამბობს, რომ ეს დამოკიდებულება საზოგადოებაში უნდა დასრულდეს.
ამიტომ, ეს პროვინციული თამაშები - დასავლეთი-საქართველო - რომელიც დედაქალაქში გაისმის, საიდანაც 30 კილომეტრში რუსული ტანკები დგას... ტანკები შეიძლება 30 წუთში რუსთავლეზე იდგეს - აი, ესაა რეალობა და გამოწვევაც, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ."
მთავარი ამოცანა
კითხვაზე, მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, რა არის საქართველოს მთავარი ამოცანა, ძაბირაძე გვპასუხობს:
„მთავარი ამოცანა, ალბათ, მაინც არის ის, რომ შევძლოთ და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდეს. თუ არ ჩავთვლით საგარეო იზოლაციას, დღევანდელი რეჟიმი წინა რეჟიმებისგან დიდად არ განსხვავდება. საქართველოში ავტორიტარიზმის დამყარებას ცდილობდა ყველა რეჟიმი, მოყოლებული, სამწუხაროდ, გამსახურდიადან დღემდე.
უბრალოდ, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მიუხედავად მცდელობებისა, გარკვეულ თამაშის წესებს ყველა იცავდა და ცდილობდა შეენარჩუნებინა ძალაუფლება ისე, რომ დასავლეთთან ურთიერთობა არ დაკარგულიყო. ვის როგორ გაუვიდა, ეს სხვა თემაა. დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს პარადიგმა შეცვალა.
ძაბირაძე ხაზგასმით ამბობს, რომ უმთავრესი ამოცანა დასავლეთთან კავშირების აღდგენაა: „მგონია, რომ პირველი რიგის ამოცანა არის - აღვადგინოთ კავშირები დასავლეთთან და, რაც მთავარია, შევეცადოთ ქვეყანაში რეჟიმი შევცვალოთ და, თუ მთლად დემოკრატიული არა, მსუბუქი ავტორიტარიზმით მაინც - თუ ასეთი რამ შეიძლება," - განაცხადა ძაბირაძემ.
პეტრე მამრაძის აზრით კი მოსალოდნელია დიდი გეოპოლიტიკური ძვრები, რომელიც გეოპოლიტიკურ ეპოქას შეცვლის. ამის ფონზე კი საქართველომ უნდა შეინარჩუნოს კურსი, რომელიც კრემლს უმტკიცებს, რომ საქართველოდან არანაირი ხიფათი მათთვის არ იქნება:
„უსათუოდ უნდა იყოს შენარჩუნებული ეს კურსი, რომელიც რუსეთის ელიტას უმტკიცებს, რომ საქართველოდან არავითარი ხიფათი მათთვის არ იქნება. ჩვენ თვითმკვლელები არ ვართ - მეორე ფრონტი არ გაიხსნება რუსეთის წინააღმდეგ. ასევე კარგია ეკონომიკური ურთიერთობა - ასე უნდა ვიმოძრაოთ.
ხაზგასმით ვუსვამ - მოსალოდნელია ისეთი გეოპოლიტიკური ძვრები მსოფლიოში, რომელიც გეოპოლიტიკურ ეპოქას შეცვლის, როგორც იყო პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
კითხვაზე, რას ფიქრობს დასავლელ პარტნიორებთან დიალოგზე, მამრაძე ამბობს, რომ „კარი ღიაა": „რაც შეეხება დასავლელ პარტნიორებთან მოლაპარაკებას, თუნდაც ევროკავშირთან - კარი ღიაა. კობახიძემ მტკიცედ თქვა, რომ შესაძლებელია ევროკავშირთან მოლაპარაკების დაწყება ნებისმიერ დროს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ამას შემოგვთავაზებს თვითონ ევროკავშირი. ასე რომ, კარი ღიაა.
ახლა, რა ინტერპრეტაციასაც აძლევენ ამ პროცესებს - თითქოს ჩვენ შევწყვიტეთ დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობა - ეს არის პოლიტიკური თაღლითობა.
ეკონომიკური კავშირები? კი ბატონო. დასავლური ინვესტიციები? ძალიან კარგია, თუმცა იმ დონით, რომელიც კრემლს არ გააღიზიანებს," - განაცხადა მამრაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე