ნატალია ჯვარიძე
(09.04.2025)

 ხუთშაბათს, ევროსაბჭოში საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. იქამდე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა შეხვდნენ, რის შემდეგაც მხარეებმა განსხვავებული აქცენტები დააფიქსირეს.

„დასავლეთის არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც „ქართულ ოცნებას" ლეგიტიმურად ან პირიქით, არალეგიტიმურად სცნობს. მე არ გამოვრიცხავ, რომ რასაც აქაური ოპოზიციონერები დაუწერენ, იმას გაახმოვანებენ ევროპის საბჭოზე", - განაცხადა ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის ვარაუდით, ევროსაბჭოს სხდომიდან მკაცრი გზავნილები იქნება: „ალბათ მკაცრი რეზოლუცია იქნება, სადაც მთავარი მოთხოვნა პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნებია. გააჩნია რა პირობებს წაგვიყენებენ ამის გასაკეთებლად, მაგალითად, თუ არ გაკეთდება, გაირიცხება საქართველო ევროსაბჭოდან და ა.შ".

10 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ რეზოლუცია, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, ორ ფუნდამენტურ პირობას დააყენებს - ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება".

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, მონიტორინგის კომიტეტი წამყვანი კომიტეტია, რომელსაც ის დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით ესწრებოდა.

„დღეს ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტი განიხილავს სამუშაო ვერსიას, იმ რეზოლუციის, რომელსაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საგანგებო დებატებზე ხუთშაბათს მიიღებს. მონიტორინგის კომიტეტი წამყვანი კომიტეტია, რომელსაც გუშინ დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით ვესწრებოდით. დიდი ალბათობით, ეს რეზოლუცია, რომელსაც ხუთშაბათს უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიიღებს, კვლავ დააყენებს, იმ ორ ფუნდამენტურ პირობას, რომელიც იანვრის რეზოლუციაში ვიხილეთ. ეს არის ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, როგორც ორი პირობა, რომლის შესრულების გარეშეც ივანიშვილის წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვერ დაბრუნდება.

წულუკიანის იანვრის მცდელობის მიუხედავად, რომ ეს პირობები არ ყოფილიყო დაყენებული და რომ სწორედ ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ერთადერთი გზა საქართველოსთვის, რომ გამოვიდეს დღევანდელი პოლიტიკური კრიზისიდან, რომელშიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა შეიყვანა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა „იქსზე" წერს, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაზე საუბარი გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე იყო ორიენტირებული.

„ტაშკენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეის ფარგლებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პია კაუმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს, ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. საუბარი გასულ წელს ჩატარებული არჩევნების შემდეგ ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესრულებაზე იყო ორიენტირებული", - წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა.

შალვა პაპუაშვილმა პია კაუმასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ისაუბრეს არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ეუთო/ოდირი კითხვის ქვეშ არ აყენებს „ოცნების" ხელისუფლების ლეგიტიმაციას.

„მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადე იმ საქმისთვის, რაც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიამ გასწია არჩევნებზე დაკვირვების მხრივ, შეფასებების მხრივ. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ყველამ პატივი სცეს ეუთო/ოდირის ანგარიშს.

არჩევნებამდე გვესმოდა, რომ არჩევნების შეფასებისთვის ეუთო/ოდირის ანგარიში სახელმძღვანელო იქნებოდა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველა ცდილობს, რომ ახლა ეუთო/ოდირის ანგარიშზე თვალი დახუჭოს, რომელიც ცალსახად იმ შედეგების ვალიდურობას აღნიშნავს, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დადგა. ყველა ცდილობს, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პირადი მოსაზრებები გაგვიმჟღავნოს ხოლმე.

ასევე ეუთოს-თან თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ, ასევე იმ რეკომენდაციებზე, რაც არჩევნების შემდეგ არსებობს, როგორც საკანონმდებლო, ასევე საარჩევნო პრაქტიკის მხრივ. ასევე მოვახსენეთ, რომ ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო კარგად ჩატარდეს როგორც ტექნიკურ დონეზე, ასევე საარჩევნო გარემოს მხრივ.

ამისთვის საკანონმდებლო ცვლილებებიც განვახორციელეთ და ცესკო თავისი კომპეტენციის ქვეშ არსებულ საკითხებზე მუშაობს. მისი პოზიცია ის არის, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაშია ასახული და რაზეც მან და მთლიანად მისიამ არჩევნებიდან მეორე დღეს ისაუბრა. 27 ოქტომბერს, როცა განაცხადეს, რომ საპარლამენტო არჩევნები შედგა, საქართველოს არჩეული ხელისუფლება ჰყავს და ამ ფორმატში მუშაობა მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ვხედავთ, რომ ხალხი, რომელიც სააკაშვილის მფარველები არიან, საქართველოს ომში ექაჩებოდა და საქართველოსთვის კარგი არაფერი უნდა, წაუყრუეს - ამ დასკვნას და ამ განცხადებებს. ზოგი „ისფედს" იშველიებს, ზოგი „გამჭვირვალეობას", ზოგი IRI-ს ზოგი USAID-ს. ანუ, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც საბოლოო ჯამში, ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა თაღლითობასა და მიკერძოებულ საქმიანობაში," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეიცვლება თუ არა დასავლეთის დამოკიდებულება „ოცნების" მიმართ

პეტრე მამრაძის შეფასებით, ეუთოში არავითარი კონსენსუსი „ქართული ოცნების" ლეგიტიმაცია/არალეგიტიმაციაზე არ არსებობს. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა ევროპის საბჭოზე ითქვას ის, რასაც ქართველი ოპოზიციონერები ეტყვიან.

„მე ვიცი, რომ დასავლეთში ლეგიტიმაციის არ აღიარების საკითხი არ დგას. ვგულისხმობ იმას, რომ სამართლებრივ აქტებს ხომ არ ღებულობენ? ხომ არ არის ბრიტანეთში, საფრანგეთში ან სხვა ქვეყნებში სამართლებრივი აქტის დონეზე მათი ხელისუფლებების მიღებული აქტი, ან დადგენილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურად ჩაითვალოს?

ლაპარაკია მხოლოდ იმაზე, რომ ცალკეული ლიდერები მეტ-ნაკლებად ინტესიურად აკეთებენ ამგვარ განცხადებებს.

მოგეხსენებათ, ეუთო არის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, რომელშიც რუსეთიც შედის და სადაც გადაწყვეტილება კონსენსუსით მიიღება. რა თქმა უნდა, არავითარი კონსენსუსი, რომ „ოცნება" არალეგიტიმურად ჩაითვალოს არაა, ისევე, როგორც ლეგიტიმურად.

ეუთოს მისიას თავის ანგარიშში, რომ ეს მთავრობა ლეგიტიმურია, ან პირიქით არ წერია. ეუთო აღნიშნავს მხოლოდ იმას, რასაც მიიჩნევს ხარვეზად.

მე პაპუაშვილის მჯერა, რომელმაც თქვა, რომ საუბარში ეუთოს პრეზიდენტმა ახსენა, კი ჩვენ მივიჩნევთ, ხელისუფლება სავსებით ლეგიტიმურიაო. მეორეს მხრივ, ყოველთვის ყველა არჩევნებში ეუთო აღნიშნავს დარღვევებს და რეკომენდაციებს. ასე რომ, აქ მე არც ერთს და არც მეორეს ვერ ვხედავ.

უნდა ვაღიაროთ, რომ სააკაშვილის ნაცისტებმა, სხვადასხვა პარტიებში დაყოფილებმა ლობისტების მეშვეობით მიაღწიეს იმას, რომ ევროპარალემენტი, თუ ევროპის საბჭო ზუსტად იმას ახმოვანებენ და აღიარებენ, რასაც ესენი უწერენ. იქ არავინ არ მოიცლის ამ საკითხებისთვის. თინა ბოკუჩავამ რომ გამოაცხადა და დაანონსა, ამას იტყვიანო, მე არ გამოკვირდება იგივე გაიმეორენ", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, შესაძლოა ევროსაბჭო ადგილობრივ არჩევნებს დაელოდოს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

„ალბათ, მკაცრი რეზოლუცია იქნება, სადაც მთავარი მოთხოვნა პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები იქნება. გააჩნია რა პირობებს წაგვიყენებენ ამის გასაკეთებლად, მაგალითად, თუ არ გაკეთდება, გაირიცხება საქართველო ევროსაბჭოდან და ა.შ.

მირჩევნია მერე ვისაუბრო ამ საკითხზე იმიტომ, რომ შეიძლება ჯერ მაგათმაც არ იციან რა ჩაწერონ რეზოლუციაში. თუმცა რაც არ უნდა იყოს, მკაცრი იქნება. აუცილებლად იტყვიან, რომ საქართველომ არ შეასრულა არჩევნების დანიშვნა და პატიმრების გათავისუფლება და მისცემენ ვადას, თუ არადა გაირიცხება.

თუმცა, ადგილობრივ არჩევნებამდე „ქართულ ოცნებას" ეს ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია. ჩემი აზრით, ევროსაბჭო საქართველოს არჩევნებამდე არ გარიცხავს. ყველაზე უფრო რეალისტურია, რომ თქვან, ადგილობრივ არჩევნებს დაველოდებითო. საერთოდ, როცა რაღაც არჩევნები მოდის, დემოკრატიული სამყარო ნაბიჯს არ დგამს. რაც შეიძლება ეუთომ გააკეთოს, იმას ევროსაბჭო ხშირად არ აკეთებს იმიტომ, რომ სხვადასხვა ინსტიტუტებია.

ერთი უნდა ვიცოდეთ ყველამ, არ აღიარება არ ნიშნავს ართანამშრომლობას, არალეგიტიმურობა არ ნიშნავს არ არსებობას. დედამიწის ზურგზე არსებული სახელმწიფოების 70%-დან 80%-მდე არალეგიტიმურია, მაგრამ დემოკრატიული სამყარო მათთან თანამშრომლობს. ამიტომ, თუ ვიღაცას პაპუაშვილს ხელს ჩამოართმევს, ეს ის ხელის ჩამორთმევა არაა, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანასთან",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე