თამთა ჩაჩანიძე
(08.04.2025)

„ოცნების" ყოფლი დეპუტატ კახი კახიშვილის განცხადებას როგორც ოპოზიციაში, ისე სახელისუფლებო და ანალიტიკურ წრეებში, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. როგორც კახიშვილმა თქვა, შესაძლოა, კრიზისის განმუხტვის მიზნით, 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ეს შესაძლოა იყოს პირადი მოსაზრება, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ „ოცნება" კახიშვილის პირით აჟღერებდეს ინიციატივას და უბრალოდ სცდიან ხალხის რეაქციას.

თავად კახიშვილი 2024 წელს არჩეულ პარლამენტს „როგორც დროებით" ისე უყურებს, თუმცა მიაჩნია, რომ ოპოზიციამ მისი ბოიკოტირებით დიდი შეცდომა დაუშვა, რადგან „ფაქტობრივად, „ქართულ ოცნებას" მისცეს კარტ-ბლანში, თუნდაც იმ კანონების მიღებით, რომელსაც ასე აკრიტიკებდნენ".

იგი არ გამორიცავს, რომ „ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „ნამდვილი ოპოზიცია შექმნას" და ის ადამიანები ვიხილოთ იქ, რომლებსაც საკადრო ცვლილებები შეეხო.

ამის საპასუხოდ „ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ არ იგეგმება არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ოპოზიცია კი ამის შესაძლებლობას დიდი ხანია უშვებს, რადგან მიაჩნიათ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები და ენმ-ის აკრძალვის თემაც ტყუილად არ არის წამოწეული და ეს ყველაფერი ამაზე მიანიშნებს, თუმცა აზრი უფრო იქითკენ იხრება, რომ საპარლამენტო არჩევნები არა 2026 წელს, არამედ 2025-ში ჩაატაროს ადგილობრივთან ერთად, რაზედაც ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ასეთი სცენარი გამორიცხულია, რადგან ეს თავად „ოცნებას" არ აწყობს და მისთვის წამგებიანია.

დღეს პარლამენტში მხოლოდ „ოცნების" სიით შესული 89 დეპუტატია, რომელიც იღებს ისეთ კანონებს, რომელიც უბრალო უმრავლესობას - მინიმუმ 76 ხმას საჭიროებს. ვერ იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელსაც სჭირდება ხმათა სამი მეხუთედი, ანუ 90 ხმა, მაგალითად ასეთია სახალხო დამცველის არჩევის კვორუმი, ან კონსტიტუციური კანონის მიღების კვორუმი, რომელსაც სჭირდება ორი მესამედის უმრავლესობა, ანუ სულ ცოტა 100 ხმა და ასეთია ასევე კონსტიტუციური კანონის მიღების კვორუმი - ხმათა 3/4, მინიმუმ 113 ხმა.

კახიშვილის განცხადება „ოცნების" რეაქცია

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადეს, რომ, „ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება, საპარლამენტო არჩევნები კი 2028 წელს იქნება.

„პირველად მესმის აღნიშნული. არანაირი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იგეგმება. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ემზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩავატაროთ ღირსეული საარჩევნო კამპანია, შევხვდეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას, არ დავტოვოთ არცერთი ქალაქი, რაიონი, სოფელი, უბნების დონეზეც კი მივიდეთ და ხალხს ვუთხრათ, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ იმ გამოწვევებს ვუპასუხოთ, რაც დღეს დგას და საჭიროა მოგვარებული იყოს. შესაბამისად, არანაირი რიგგარეშე არჩევნები არ იგეგმება, 2028 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები როგორც ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი", - განაცხადა კალაძემ.

„ოცნების" ყოფილი დეპუტატი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ შეუძლებელია არასასიამოვნო გარემოს აღმოფხვრა, თუ არ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.

„ჩემი აზრით, ეს ორი წელი „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობას დასჭირდება, რომ გამოასწოროს და გაამკაცროს რეგულაციები. შეიძლება, სხვა ტიპის კანონმდებლობაც მიიღოს, რადგან მარტო არიან დარჩენილი და მაკონტროლებელი არავინ ჰყავთ და 2026 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. სხვანაირად შეუძლებელია არასასიამოვნო გარემოს აღმოფხვრა, თუ არ იქნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.

ამასთან, კახიშვილი ფიქრობს, რომ მმართელი პარტია, სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნების ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარებასაც განიხილავდა, მაგრამ „არ გარისკეს".

„ამის სურვილი შეიძლება ყოფილიყო თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგრამ თვითმმართველობის არჩევნები იმდენად სპეციფიკურია, სულ სხვა მომზადება უნდა, ამიტომ არ გარისკეს. ეს ორი წელი შეიძლება გამოიყენონ საპარლამენტო საქმიანობაში სხვადასხვა რეგულაციის შესაქმნელად და 2026 წელს რაღაც ტიპის კრიზისის საფუძველზე შეიძლება დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები", - განაცხადა კახიშვილმა „პალიტრანიუსთან".

ხელისუფლების ინიციატივა, თუ კახიშვილის პირადი მოსაზრება

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება კახიშვილის პირით აჟღერებდეს იდეას, თუმცა აქვე იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა ეს მისი მოსაზრებაც იყოს.

„ამის ალბათობა 50/50-ზეა, ეს შეიძლება კახიშვილის პირადი ვარაუდი იყოს, ან ხელისუფლება ამ იდეას კახიშვილის პირით აჟღერებდეს, რომ შესაძლოა ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.

„მე, სიმართლე გითხრათ, ასე ჩამოყალიბებული არ ვარ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-ეკონომიკური პროცესები. რაღაც გადაწყვეტილებას რაღაც განაპირობებს, ის ხომ ცარიელ ადგილზე არ მიიღება? „ქართულ ოცნებას" აქამდე არანაირი აუცილებლობა არ ჰქონდა, რომ ვადამდელი არჩევნები დაენიშნა და არც ახლა აქვს დღევანდელი მოცემულობით იმის მოტივაცია, რომ ახალი არჩევნები გამოაცხადოს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თეორიულად შესაძლოა სცენარი დამძიმდეს, მაშინ შეიძლება სათადარიგო ვარიანტი ჰქონდეთ შემონახული, რომ გამოაცხადონ ახალი არჩევნები და ამით ერთი მხრივ ჩააწყნარონ ევროკავშირი, კოლექტიური დასავლეთი და გარკვეულ წილად ოპოზიცია.

„არ მგონია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ „ქართული ოცნება" გადაწყვეტს და 2026 წელს ახალ არჩევნებს გამოაცხადებს, ამას ოპოზიცია დათანხმდეს საკუთარი პირობების შესრულების გარეშე.

„არ მგონია, რომ (რიგგარეშე არჩევნები) ადგილობრივ არჩევნებთან ერთად ჩატარდეს. ადგილობრივ არჩევნებში „ქართულ ოცნებას" შანსი აქვს, რომ საკმაოდ სერიოზული უპირატესობა მოიპოვოს, გაიმყაროს პოზიციები ადგილებზე და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს იმისათვის, თუ როგორ ჩაატარებს ის ახალ საპარლამენტო არჩევნებს. როდესაც შენი კონტროლის ქვეშაა საკრებულო, ადგილობრივი აღმასრულებელი სტრუქტურები და სამსახურები, ეს უკვე სერიოზული განაცხადია იმისა, რომ შენ მერე საპარლამენტო არჩევნებში ადგილებზე მეტი ხმა მოაგროვო.

„ამიტომაც არ მგონია ადგილობრივ არჩევნებს დაამთხვიონ ახალი არჩევნები. ნახავენ ადგილობრივ არჩევნებში როგორი შედეგი დადგება და იმის მიხედვით, თუ ძალიან გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა და უცხოეთიდან პრესინგი გაძლიერდა, შესაძლოა დანიშნონ ხელახალი არჩევნები უკვე მომზადებულებმა.

„მანამდე ალბათ საგამოძიებო კომისიაც დაამთავრებს მუშაობას, „ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ ფაქტები და მისი აკრძალვის საკითხი დაიდება და ძალიან ბევრ მოქალაქეს, რომელსაც უკვე მათი მმართველობის პერიოდი მიავიწყდა, მეხსიერება გაუცოცხლდება, მათ შორის ახალგაზრდა თაობას.

„ეს ყველაფერი, სხვა ფაქტორებთან ერთად, „ქართულ ოცნებას" დაეხმარება, რომ თუ ახალი არჩევნები გადაწყვიტეს, შეიძლება კარგი შედეგი აჩვენონ, მოიგონ კიდეც და ხელახლა დააკომპლექტონ მთავრობა.

„დღევანდელი მოცემულობით, ოპოზიცია დასუსტებულია და ჩემი დაკვირვებით, საზოგადოებაში მათი გავლენა კი არ იზრდება, მცირდება. სიტუაციიდან გამომდინარე „ოცნებას" თავისუფლად შეუძლია დანიშნოს ხელახალი არჩევნები", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს, რომ კახიშვილი მაინც „ოცნებასთანაა" დაკავშირებული და არაა გამორიცხული მმართველი პარტია არჩევნებს რეალურად აპირებდეს, თუმცა, ეს დიდი ალბათობით, მას შემდეგ მოხდება, რაც პროდასავლურ პარტიებს აკრძალავს.

„ეს შესაძლოა იყოს პირადი მოსაზრება, მაგრამ კახიშვილი მაინც „ოცნებასთანაა" დაკავშირებული. შესაძლოა „ოცნების" ინიციატივა იყოს და ახლა უბრალოდ სინჯავენ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „ოცნება" ამ ეტაპზე დიდ დათმობაზე მიდის. კახიშვილმა ისიც ილაპარაკა, რომ რაღაც რიგი საკანონმდებლო აქტები უნდა იქნას მიღებული და არაა გამორიცხული, რომ სურვილი ასეთი იყოს - აკრძალონ პროდასავლური პარტიები და როგორც ლაპარაკი მიდის, ე.წ. ოპოზიციის შექმნითა და („ოცნების") სატელიტების შემოსვლით ფორმალურად ჩაითვალოს, რომ თითქოს საქართველოში მრავალპარტიული სისტემაა.

„ადრე თურქმენეთის დიქტატორს ევროკავშირმა უსაყვედურა, რომ ოპოზიცია არ გყავსო... იქვე, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაუძახა თავის ახლობლებს და უთხრა - თქვენ იქნებით ჩემი ოპოზიციაო. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა, უნდათ ჰყავდეთ ვითომ ოპოზიცია, რათა პარლამენტი 150 კაცისგან შედგებოდეს და ვითომ სრულყოფილი იყოს. მაგრამ ამით, ბუნებრივია, საქმეს ვერ მოავარებენ და საქართველოს პრობლემასაც ვერ გადაწყვეტენ, რადგან იმ არჩევნებს და იმ არალეგიტიმურ პარლამენტს არავინ არ აღიარებს.

„არჩევნებზე (ხელისუფლება) შეიძლება იმ შემთხვევაში წავიდეს, თუ ოპოზიციურ ველს მოწმენდს და სატელიტებს გააჩენს და მერე შეიძლება დასავლეთთან ვაჭრობა დაიწყოს. მგონი ასეთი გათვლაა, რომ პირველ რიგში პროდასავლური პარტიები აკრძალონ და მერე ე.წ. ოპოზიციით ჩაატარონ არჩევნები ვითომ სახის შენარჩუნებისთვის", - განაცხადა ჩიტაძემ.

89-კაციანი პარლამენტის პრობლემები

ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 89 დეპუტატიან პარლამენტს დღეს აქვს როგორც ტექნიკური პრობლემა, რაც გარკვეული ტიპის კანონებისა და გადაწყვეტილებების ვერმიღებას უკავშრდება, ისე პრობლემა საგარეო ლეგიტიმაციის თვალსაზრისით, თუმცა, მისივე თქმით, კრიზისი არაა და მაინც ფუნქციონირებს.

„89-კაციანი პარლამენტი მაინც პარლამენტის იმიჯზე, პრესტიჟზე, მის ლეგიტიმაციაზე მოქმედებს. ფორმალურად მას ლეგიტიმაცია აქვს და გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, მაგრამ 89-კაციან პარლამენტს არ შეუძლია გარკვეული ტიპის კანონების მიღება, არ შეუძლია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა და კიდევ მთელი რიგი შეზღუდვებია, რომელიც ითხოვს კვალიფიციურ უმრავლესობას.

„ამ კუთხით, რა თქმა უნდა, გარკვეული უხერხულობები არის. თანაც საზღვარგარეთ მაინც აღიქმება, როგორც ერთპარტიული პარლამენტი, სადაც ოპოზიცია არაა. მართალია, ოპოზიციად ფორმალურად „ხალხის ძალა" გაფორმდა, მაგრამ არავის თვალში რეალურ ოპოზიციად არ ითვლება. ამიტომაც ერთპარტიულობის ფაქტორი, განსაკუთრებით უცხოურ აუდიტორიაში და საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში, ცოტა არ იყოს ქმნის განცდას, რომ პარლამენტი სრულყოფილი არაა.

„ისე, სხვანაირად პარლამენტს თავისუფლად შეუძლია თავის ფუნქციების შესრულება. იმის თქმა, რომ ახლა ქვეყანაში კრიზისია, ეს აბსოლუტურად გადაჭარბებული შეფასებაა, რადგან პარლამენტიც და მთავრობაც მუშაობს, თავის ფუნქციებს ასრულებს, კანონების მისაღებად საკმარისი უმრავლესობა ჰყავს, ამ მხრივ პოარლამენტს პრობლემები არ აქვს, პრობლემები აქვს პოლიტიკურ-რეპუტაციული კუთხით", - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც ასევე ფიქრობს, რომ პარლამენტს ტექნიკური და ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

„აქ ძალიან ბევრი პრობლემაა, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ რაოდენობასთან, არამედ ხარისხთან და ლეგიტიმაციასთან. მათ არავინ არ აღიარებს, ისინი სრულყოფილ საგარეო ურთიერთობებს ვერ მართავენ. ტრამპის ადმინისტრაცია ჰყავდათ თითქოს ხელმოსაჭიდი და აქაც დაინახეს, რომ არ გაუმართლათ.

„პრობლემაა საშინაო კუთხით, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი არ აღიქვამს ლეგიტიმურ პარლამენტად. ტექნიკური კუთხით, მაგალითად, არ შეუძლიათ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება", - განაცხადა ჩიტაძემ.

„ოცნების" მხარდამჭერების რეაქცია

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „თავად ქართული" ოცნების მხარდამჭერებში ახალი არჩევნების დანიშვნა გარკვეულ უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუმცა, ზაალ ანჯაფარიძის აზრით, მმართველ პარტიას არ გაუჭრდება არგუმენტების მოძებნა ამ გადაწყვეტილების გასამართლებლად.

„ოცნებას" შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაამართლოს იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ და მთელი ქვეყანა განიცდის უპრეცედენტო პრესინგს დასავლეთიდან და მიდით კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ, რომ 2024 წლის არჩევანი იყო შეგნებული, გაცნობიერებული აჩევანი, რომლითაც „ქართული ოცნება" სახელისუფლებო პარტიად დარჩა. ერთ-ერთი არგუმენტი შეასძლოა ეს იყოს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი მიიჩნევს, რომ „ოცნების" ნაბიჯებს მისი ამომრჩეველი ყოველთვის გაამართლებს.

„მისი ამომრჩეველი მის ქმედებას ყოველთვის გაამართლებს. იტყვიან - ეგრე სჭირდებოდა საქმესო და ისინიც დაეთანხმებიან. ეტყვიან, აგერ მრავალპარტიულ სისტემას ვქმნით, თან ე.წ. ექსტრემისტები, მტრები, უსამშობლოები მოვიცილეთ და ნამდვილი პარტიები და ნამდვილი ოპოზიცია ეს არისო. ბიძინამ ხვალ რომ რუსეთის შემადგენლობაში შეიყვანოს საქართველო, იმასაც გაამართლებენ მისი მხარდამჭერები - სამაგიეროდ აფხაზეთს დაგვიბრუნებსო. ყველაფერს გაამართლებენ", - განაცხადა ჩიტაძემ.

რა შეიცვლება 2026 წელს არჩევნების ოფიციალურად ჩანიშვნით

ანჯაფარიძის აზრით, თუ „ოცნებამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2026 წელს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ატარებს, ეს პოზიტიურად იქნება აღქმული და სიტუაცია გაუმჯობესებას დაიწყებს როგორც დასავლეთთან ურთიერთობის, ისე შიდა პოლიტიკური კრიზისის კუთხით.

„თუ „ქართულმა ოცნებამ" ხელახალი არჩევნების გადაწყვეტილება მიიღო, რა თქმა უნდა, ეს პოზიტიურად იქნება აღქმული, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იქ ვიღაცეებმა შენიშვნები გამოთქვან, რომ ამისთვის საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, ცესკოს შეცვლა, მაგრამ ისინი ვერაფერს ვერ დაუპირისპირებენ „ქართული ოცნების" ამ გადაწყვეტილებას, მათ ხომ მოსთხოვეს თავიანთ რეზოლუციებში და განცხადებებში, რომ ხელახალი არჩევნები ჩაატაროსო და პასუხობს ამას ხელახალი არჩევნების ჩატარებით და დასავლეთში ამ კარტს ვერაფრით ვერ გაჭრიან.

„მომთხოვე ახალი არჩევნების ჩატარება? ვატარებ და მერე უკვე თუ დადგა ის შედეგი, რაც შეიძლება თქვენ არ მოგეწონოთ, უკაცრავად, ეს ხალხის არჩევანია, ხალხი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ მას ხელისუფლებაში „ოცნება" კიდევ ერთი ვადით სურს - მე ასე ვვარაუდობ. მემგონი „ქართულ ოცნებას" ამაზე აქვს გათვლა, რომ მანამდე ის საკანონმდებლო რეგულაციები, რასაც ახლა პარლამენტი იღებს, რომლის მიხდევითაც ზღუდავს იმ აქტორების მოქმედების არეალს, რომლებიც არჩევნებში ერევიან და ზეგავლენას ახდენენ პროცესებზე, მათ შორის უცხოური გრანტების მეშვეობით, ეს ყველაფერი იმისთვის მზადდება, რომ თუ „ქართულ ოცნებას" მოუწია მძიმე გადაწყვეტილების მიღება და ხელახალი არჩევნები ჩატარება, უკვე საკანომდებლო ბაზა ამისთვის მომზადებულია. თუმცა, არსებული საკანონმდებლო გარემოს პირობებში დასავლეთი ამ არჩევნებს რამდენად აღიარებს, ეს ცალკე საკითხია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ.

ჩიტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ „ოცნება" ახალ არჩევნებს ჩაატარებს, ეს იქნება მხოლოდ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შემდეგ, რაც არ არის იმის წინაპირობა, რომ კრიზისი მოგვარდეს როგორც შიდა, ასე საგარეო ფლანზე.

„თუ გამოაცხადა, რომ 2026 წელს არჩევნებს ატარებს თავისი პირობებით, ამით არც შიდა კრიზისი მოგვარდება და არც საგარეო ფლანგზე დალაგდება სიტუაცია. პირიქით, მგონია გაუარესდება, რადგან თუ ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს, ეს გაუარესებისკენ წასვლას ნიშნავს. დასავლეთი იტყვის, რომ ეს რეალური ოპოზიცია არაა და არც პრობლემის რეალური მოგვარება.

„მგონია შიდა სიტუაციაც გაუარესდება. მაგალითად, თუ გრანტების მიღება აიკრძალება, გააუქმებს არასამთავრობოებს, თავის ე.წ. არასამთავრობოებს შექმნის და მათ მისცემს გრანტებს, რომლებიც აგიტაცია-პროპაგანდას გასწევენ. ასევე კრიზისის გაღმავებას ხელს შეუწყობს სხვა შემზღუდავი კანონებიც.

„ოცნებას" აწყობს ჯერ ადგილობრივი არჩევნები ჩაატაროს და მერე ვადამდელი, თავად კახიშვილმაც ასე თქვა", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე