უცხოური გრანტების მისაღებად მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის თანხმობა იქნება საჭირო. „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებები 7 აპრილს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" წარადგინა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციებზე სრული კონტროლის მოპოვებაა. მმართველ პარტიაში კი ხაზგასმით ამბობენ, რომ კანონი არა გრანტის მიღებას, არამედ გაცემას ეხება.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ეს კანონიც რეპრესიული ტიპისაა და მისი მიზანია, რომ სამოქალაქო სექტორის ფუნქციონირება შეუძლებელი გახდეს:
„ეს ნაბიჯიც „ქართული ოცნების" პოლიტიკაში ჯდება - თუ ამ პოლიტიკას ატარებ, რომ კონტროლი დააწესო ყველაზე და ყველაფერზე, მათ შორის გრანტებიც უნდა განიხილო. ეს არის კიდევ ერთი რეპრესიული ტიპის კანონი, რომლითაც „ქართული ოცნება" ცდილობს ფინანსურად უზრუნველყოს, რომ არასამთავრობო სექტორის ფუნქციონირება გახდეს შეუძლებელი. მედალს ორი მხარე აქვს - ჩვენ, ამ რეპრესიული კანონებიდან და ხელისუფლების სურვილიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი გააკონტროლოს, ნელ-ნელა ვუახლოვდებით იმ პერიოდს, რომ დაიწყოს ეროვნული მოძრაობა."
ძაბირაძე საუბრობს საზოგადოების როლზეც და აღნიშნავს, რომ თუ საზოგადოება მზად არის ცვლილებებისთვის, მას ვერც „რეპრესიული კანონები" შეუშლის ხელს.
„ადრე არც არასამთავრობო სექტორი იყო, რეპრესიული კანონებიც იყო, მაგრამ თუ საზოგადოება და მოსახლეობა მზად არიან, რომ რეალური ცვლილებები მოახდინონ, ეს აუცილებლად მოხდება. ამას რეპრესიული კანონი ვერ შეუშლის ხელს, თუმცა ხელისუფლება ცდილობს და ამაში არაფერი ახალი არაა," - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებას" ეს გადაწყვეტილება ადრეც უნდა მიეღო, თუმცა ვერ მოახერხა, რადგან „გლობალური ომის პარტიის" წნეხი დიდი იყო.
„დაგვიანებული ინიციატივაც კი არის ეს გადაწყვეტილება. ყველა დასავლური სტანდარტის ნორმა, რომელიც აწესებს რეგულაციებს მავნე გავლენებზე საქართველოს წინააღმდეგ, აუცილებლად მისაღებია. მანამდე შეუძლებელი იყო ამ ნაბიჯების გადადგმა, რადგან ძლიერი იყო გლობალური ომის პარტიის წნეხი „ოცნებაზე", მაგრამ ახლა ეს დადგა დღის წესრიგში და ყველაფერი, რაც შეეხება არასამთავრობოებს თუ უცხოური აგენტურის ქსელ, უნდა აილაგმოს. ეს არავითარ შემთხვევაში არ არის არც ავტორიტარიზმი და არც დიქტატურა. შეუძლებელია ამას ეწოდოს რეპრესიული ხელისუფლება, როცა აზრის გამოხატვა ჭარბადაა," - განაცხადა აბაშიძემ.
რას გულისხმობს კანონპროექტში წარდგენილი ცვლილებები
კანონპროექტს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ. დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში მთავრობის მიერ გრანტის გაცემის თაობაზე თანხმობის გაცხადებისთვის 10-დღიანი ვადა განისაზღვრება. მთავრობის გადაწყვეტილების გასაჩივრება კი მის მოქმედებას არ გააჩერებს. ამასთან ერთად, აკრძალული გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგს ანტიკორუფციული ბიურო განახორციელებს. აკრძალული გრანტის მიღება გამოიწვევს გრანტის მიმღების დაჯარიმებას აღნიშნული გრანტის ორმაგი ოდენობით.
საყურადღებოა ისიც, რომ კანონპროექტში გამონაკლისებიცაა. კონკრეტულად, მთავრობის სავალდებულო თანხმობის წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციისა და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე, ასევე საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გრანტის მიღებაზე.
დაგეგმილი ცვლილებების ფარგლებში პირის გამოკითხვის წესი და საფუძვლებიც დგინდება. უფრო კონკრეტულად, ანტიკორუფციულ ბიუროს შეუძლია ფიზიკური პირი ნებაყოფლობით გამოკითხოს, რათა მიიღოს საჭირო ინფორმაცია აკრძალული გრანტის მიღების მონიტორინგის განსახორციელებლად.
ამასთან ერთად, შემუშავებულია აკრძალული გრანტების მიღებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის წესიც.
უფრო კონკრეტულად, მას შემდეგ, რაც ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამოსილი პირი სამართალდარღვევის ოქმს შეადგენს, ეს ოქმი გადაეგზავნება სასამართლოს, ხოლო ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილი იქნება, ოქმის შედგენასთან ერთად, სამართალდამრღვევის ქონებასა და საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაადოს. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ოქმთან ერთად სასამართლოს წარედგინება.
რას უნდა ველოდოთ
ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან" განაცხადა, რომ შესაძლებელია არასამთავრობო ორგანიზაციებს დაფინანსება შეუჩერდეთ, თუმცა მათ უნდა იბრძოლონ და თუნდაც უხელფასოდ გააგრძელონ მუშაობა.
„ოცნებას" არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობის შეზღუდვა უნდა, თუმცა ახლა ყველაფერი იმ ხალხზეა, ვინც ამ არასამთავრობოებში მუშაობს და საქმიანობს. უნდა შეძლონ და წინ აღუდგნენ ამ ყველაფერს იმით, რომ ფუნქციონირება კი არ შეაჩერონ, არამედ გააგრძელონ.
„ზოგი უხელფასოდ დარჩება, ზოგი - გრანტის გარეშე, მაგრამ ასეთია ეს ქვეყანა. ამ პროცესების გამო სწორედ ვუახლოვდებით ეროვნულ მოძრაობას. მაშინ პრობლემა ის კი არ იყო, ვინმე ფულს მოგცემდა თუ არა, პრობლემა ის იყო, დაგიჭერდნენ თუ არა, ციმბირში გაგიშვებდნენ თუ არა. ქვეყანას თუ სჭირდება და თუ გგონია, რომ უნდა მოითმინო და საზღვარგარეთ კი არ გაიქცე, ბრძოლა გააგრძელო - ამ რეალობამდე მივედით," - განაცხადა ძაბირაძემ.
გია აბაშიძე კი მიიჩნევს, რომ კანონი დემოკრატიულ ჩარჩოებში ჯდება.
„ის, რომ გაუმჭვირვალეა საგარეო ფინანსები საქართველოს წინააღმდეგ - ამაზე დიდი ხანია ლაპარაკობენ, და თურმე ამაზე ახლა ალაპარაკდნენ ევროპაშიც და შეერთებულ შტატებშიც. ასე რომ, როცა დემოკრატიის დაცვაზეა საუბარი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დასავლეთში მოქმედი ნორმები.
„რაც შეეხება უცხო ქვეყნების გავლენებს, უცხოურ დაფინანსებებს, ხალხი საკმარისად წიგნიერია. ვფიქრობ, რას იტყვიან კოლექტიური ნინო ლომჯარიები, ამას უკვე აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს, როცა საქართველოში მოქმედებს ზუსტად იგივე ნორმები, შედარებით რბილი, ვიდრე ევროპაში. იმის თქმა, რომ აქ ავტოკრატიაა, არის აბსოლუტური სიცრუე ამ ავტორებისგან, რომლებიც მხოლოდ რევანშის გამო არიან პოლიტიკაში," - განაცხადა აბაშიძემ.
„მოვა დრო და იფეთქებს"
ძაბირაძემ ისაუბრა საპროტესტო მუხტზეც და აღნიშნა, რომ ეს და მსგავსი კანონები დროთა განმავლობაში გროვდება და რაღაც მომენტში „იფეთქებს":
„არ ვფიქრობ, რომ ეს კანონი შეიძლება გახდეს ახალი პროტესტის ტალღის წინაპირობა, თუმცა ვამბობ, რომ ეს უკვალოდ არ გაივლის. ნელ-ნელა ეს ყველაფერი გროვდება, შემდეგ კი გადავა კრიზისში.
„კანონის მიღება კარგი იქნება, შეიძლება ყველა გარეთ გამოიყვანოს. მაგრამ ჩვენი საზოგადოება ამ პოლიტიკური დონისთვის არ არის მზად, რათა ეს გაიზროს და ეს ნაბიჯი გადადგას. თუმცა არც იმისთვისაა მზად, რომ ეს ყველაფერი გაატაროს და დავიწყებას მისცეს.
„მოვა დრო და ეს ყველაფერი იფეთქებს, თუმცა დღეს და ხვალ არ იქნება. შეიძლება ვცდები და ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, თუმცა 30 წელია ამ ფრაზას ვიმეორებ და სამწუხაროდ, იშვიათად ვცდები," - განაცხადა ძაბირაძემ.
რას ამბობენ არასამთავრობოები და „ოცნება"
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ეს ცვლილებები გამჭვირვალობასა და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის თქმით, „ყველას ეცოდინება, რა ფული ტრიალებს და რა ფინანსდება":
„მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, რისი დაფინანსება ხდება საქართველოში და ქართველი ხალხის ინტერესში შედიოდეს ის, რაც ქვეყანაში ხდება. სისტემა იქნება ასეთი - დონორმა უნდა მიიღოს თანხმობა და არა „ენჯეომ".
„ეს იქნება თანხმობა არა გრანტის მიღებაზე, არამედ გრანტის გაცემაზე. თუ დონორს სურს, რომ გრანტი გასცეს, მან მთავრობას ან მთავრობის მიერ განსაზღვრულ სუბიექტს უნდა მიმართოს და თანხმობა მიიღოს გრანტის გაცემაზე. ამით უზრუნველყოფილი იქნება, რომ პროცესი სრულად გამჭვირვალე იქნება მოქალაქეებისთვის და ყველას ეცოდინება, რა ფული ტრიალებს, რა ფინანსდება," - განაცხადა პაპუაშვილმა.
არასამთავრობო სექტორისათვის კი ეს ცვლილება კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან დაკავშირებით „ენჯეოთა" ნაწილმა ერთობლივი განცხადებაც მიიღო.
„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას. უახლოეს დღეებში „ქართული ოცნება" აპირებს დაჩქარებული წესით მიიღოს ცვლილებები, რომლის ძალითაც, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე აეკრძალებათ მხარდაჭერის გაწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
„დღეს, როდესაც სახელმწიფო უწყებები პარტიულ დანამატად არის ქცეული, ადამიანების დაცვის ერთადერთ საშუალებას სამოქალაქო სოლიდარობა და აქტიურობა წარმოადგენს, აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას.
„ქართული ოცნების" ეს ინიციატივა არის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ხალხის დახმარების სისტემის განადგურების სტრატეგიის გაგრძელება იმ პირობებში, როდესაც „რუსული კანონების" მიღების, დევნის, სამოქალაქო სოლიდარობის ფონდების დაყადაღების მიუხედავად, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს.
„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეს კანონი მიზნად ისახავს საქართველოს ჩაკეტილ, იზოლირებულ სახელმწიფოდ გადაქცევას, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაექვემდებაროს პარტია „ქართული ოცნების" ტოტალიტარული სტილის კონტროლს და გამოირიცხოს საზოგადოებისთვის საჭირო თანადგომის მიღება საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისაგან. ეს კანონი ასევე მიზნად ისახავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეწყვეტას, რომლებიც ქართველ ხალხს აწვდიან ინფორმაციას სახელმწიფო უწყებების მხრიდან ქართველი ხალხის უფლებების დარღვევის, კორუფციული გარიგებების, მოხელეთა მიერ თანამდებობების პირადი მიზნებისთვის გამოყენების შესახებ, რაც „ქართული ოცნებისთვის" ძალიან ორგანული გახდა.
„არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს ქართველ ხალხს ჩამოაშოროს მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა და დაუცველი დატოვოს - ბავშვები, ქალები, სტუდენტები, ხანდაზმულები, უკანონო პატიმრები, სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულები, უკანონოდ დაჯარიმებულები, ძალადობის მსხვერპლები, შშმ პირები, ჟურნალისტები, კულტურის, ბიზნესის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. უიმედოდ აქციოს თითოეული მოქალაქე, რომელიც რაიმე ფორმით საჭიროებს მიიღოს დასავლური ცივილიზაციის სიკეთე.
„ჩვენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავაც მტკიცედ ვაცხადებთ: არ ვაპირებთ რუსული კანონებით ცხოვრებას და ბოლომდე წინააღმდეგობას გავუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს.
„ჩვენ არ დავუშვებთ ივანიშვილის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტოს როდის და როგორ დაეხმარება ქართველი ხალხი ერთმანეთს და კვლავ გამოვხატავთ ერთგულებას საქართველოს კონსტიტუციის, მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დაცვის მიმართ",- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელიც სამშაბათს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ყოფილმა სახალხო დამცველმა და ამჟამად „საქართველოს ევროპული ორბიტის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ წაიკითხა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე