ნატალია ჯვარიძე
(03.04.2025)

დასავლეთის ცალკეული ქვეყნების წარმომადგენლები ევროკავშირს მოუწოდებენ, დაიწყოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი. განსაკუთრებით აქტიურობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ამბობს, რომ ეს საკითხი მაგიდაზე უკვე დევს. რამდენად რეალურია ეს და რა გავლენა ექნება ამას საქართველოში არსებულ ვითარებაზე, ამაზე ანალიტიკოსების ვარაუდები განსხვავებულია.

„იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სახელმწფოების აბსოლუტურად უპასუხსმგებლო განცხადებებს ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები ყურადღებას არ მიაქცევენ", - განაცხადა ანალიტიკოსმა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

რამაზ საყვარელიძის შეფასებით კი ვიზალიბერალიზაცია რომც შეჩერდეს, საქართველოში ვითარება არ გართულდება:

„ფაქტობრივად, დგება ასეთი კითხვა - ხალხი დათანხმდება ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას იმის ფასად, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდეს? არ მგონია ამის გამო ქვეყანაში არეულობა დაიწყოს".

ბრიუსელში მინისტერიალის დაწყებამდე, რომლის დღის წესრიგში ევროკავშირის თავდაცვის გაძლიერება და უკრაინის მხარდაჭერაა, „ეუროსკოპმა" ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მარგუს ცაჰკნას საქართველოზეც ჰკითხა. სწორედ აქ მოუწოდებს ის ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი.

„ესტონეთმა დაუწესა ათობით სხვადასხვა პირს პერსონალური სანქციები, მათ შორის ბიძინა ივანიშვილს და პრემიერს. ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიწყოს ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი. ეს საკითხი მაგიდაზეა და პროცესის დაწყებას სჭირდება 15 წევრი ქვეყანა, რომ შევაფასოთ და ვუთხრათ რეჟიმს, ქმედებები შეცვალოს", - თქვა მარგუს ცაჰკნამ.

ამასთან, სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტანია ფაიონის განცხადებით, იყო დრო, როცა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერდა.

„ჩვენ მტკიცედ ვუჭერდით მხარს საქართველოს დემოკრატიას, მედიის თავისუფლებას და ქვეყნის გზას ვროკავშირში. ასე რომ, ჩვენ სერიოზულად შეშფოთებულები ვართ. მე ვიყავი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მომხრე და იმ დროს ეს იყო ყველაზე რთული. როდესაც ხალხი ნამდვილად იბრძვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, იმედი მაქვს, ჩვენ ვიხილავთ საქართველოს მომავალ წლებში დაბრუნებულს და ჩვენ მხარს დავუჭერთ მის გზას," - განაცხადა ტანია ფაინოვმა.

რამაზ საყვარელიძე ვარაუდობს, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ შეუჩერდება.

„თუ ასე მოხდა, მეეჭვება, რომ ამან ქვეყნის შიგნით არეულობა გამოიწვიოს. ფაქტობრივად, დგება ასეთი კითხვა - ხალხი დათანხმდება ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნებას იმის ფასად, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებაში მოვიდეს? არა მგონია ხალხი ამაზე წავიდეს. პრინციპში, მათი მოწოდებების მიუხედავად, თითქმის გამორიცხულია, რომ ეს მოხდეს, რადგან საქართველო არ არის იმდენად პრობლემური მთელი ევროპული ქვეყნებისთვის, რომ მაგას დათანხმდნენ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

დავით ზურაბიშვილის თმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების განცხადებები გაუზრებელია, რომელსაც „ქართული ოცნება" კარგად იყენებს.

„რამდენადაც ვიცი, ეს ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან მოდის, რომლებიც აკეთებენ ზედმეტად ხისტ განცხადებებს. ამით იმდენად ანტისახელმწიფოებრივი განწყობები არ გამოსდით, რამდენადაც საქართველოში პოლიტიკური პროცესების დაზიანება. ანუ მათი ეს ანტიბიძინობა გადაზრდილია, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზულ ზედმეტობებში. მათი რადიკალური და დაუფიქრებელი განცხადებები ძალიან ხშირად ხდება „ქართული ოცნების" პროპაგანდის ნაწილი. „ოცნება" ამას კარგად იყენებს, რათა წარმოაჩინოს, თუ როგორ ემტერება დასავლეთი საქართველოს. თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ ამ სახელმწფიოების აბსოლუტურად უპასუხსმგებლო განცხადებებს დანარჩენი ევროკავშირის ქვეყნები ყურადღებას არ მიაქცევენ. სრულიად გაუზარებელი განცხადებები მოდის მათი მხრიდან. საქართველოში ვინმეს მაინც დაეკითხონ. სულაც არაა საჭირო „ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე რადიკალურ წევრებს ჰკითხონ. იქცევიან ისე, როგორც „ნაცმოძრაობის" ყველაზე რადიკალური წარმოამდგენლები", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე