„ნეტავ „ვივამედში" მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს და უსმენს თქვენს მონოლოგს? რა საინტერესოა, - აღნიშნულის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისამართით განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე ყოფილმა პატიმარმა, გიორგი ზერეკიძემ მის მიმართ ციხეში განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობაზე ისაუბრა. გიორგი ზერეკიძის განცხადებით, ასე სამაგალითოდ დასჯა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გასატარებლად სჭირდებოდა.
„იწყებოდა ნულოვანი ტოლერანტობა. ეს არის 2006 წელი და როგორც შემდეგ გამოჩნდა, ყველა სფეროში „ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველა სამაგალითოდ დასაჯა. მე არ ვიქნებოდი და სხვა ვინმე იქნებოდა. ჩემი ამბავიც სამაგალითოდ უნდოდათ. სკოლებში ეუბნებოდნენ ბავშვებს, შენ გამოხვალ ზერეკიძეო",-განაცხადა ზერეკიძემ.
მისი განცხადების შემდეგ, თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილი „მუმიას" შეადარა და აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, ყოფილი პატიმრების მძიმე ისტორიებს თავად სააკაშვილი ისმენდეს.
„ნეტავ „ვივამედში" მყოფი ჩვენი მუმია თუ უყურებს და უსმენს თქვენს მონოლოგს? რა საინტერესოა. ვალდებულება მაქვს, რომ არ უნდა ავღელდე, ამ თანამდებობაზე რომ დამნიშნეს კომისიის თავმჯდომარედ, მაგრამ ალბათ, ერთხელ მაქვს უფლება, ასე მივმართო მას, თუ არადა, იქნებ ჩართოს და მოგისმინოთ",- განაცხადა წულუკიანმა.
თეა წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი 2003 წელს „შემოვარდა ვარდით ხელში პარლამენტში და ქვეყანა განვითარების სწორი გზიდან საბოლოოდ გადაიყვანა". „იმ მონათხრობიდან, რასაც ახლა ვისმენთ, რაც მოვისმინეთ, რაც ვიცით, რაზეც გვიმუშავია სხვადასხვა საქმეზე წარსულში, ან შემდეგ, ვისაც მომავალში მოვუსმენთ ამ კომისიის ფარგლებში, ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ ჩვენ მართლები ვართ, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან" მიმართებით, ნულოვანი ტოლერანტობა გვაქვს გამოცხადებული და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა ავიყვანოთ ეს.
დღეს, მიხეილ სააკაშვილი ადამიანურ პირობებში იმყოფება, მაგრამ იმყოფება იქ, სადაც მისი ადგილია და ეს მან უნდა იცოდეს. ის 2003 წელს შემოვარდა ვარდით ხელში პარლამენტში და ქვეყანა განვითარების სწორი გზიდან საბოლოოდ გადაიყვანა. რაც შეეხება მომავალ თაობას, მრჩევლად, რა თქმა უნდა, არ გამოგადგებით, მაგრამ ჩემი აზრია, რომ ახალგაზრდა თაობამ, მათ შორის ჩვენმა შვილებმა, ყველაფერი უნდა იცოდნენ. დასამალი არაფერია. ამისთვისაც არის ჩვენი კომისია შექმნილი. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, მათ უნდა იცოდნენ. რა თქმა უნდა, ყველაფრის ცოდნას თავისი ასაკი აქვს",- აღნიშნა წულუკიანმა.
მისივე თქმით, „ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, მომავალში კიდევ ერთი სააკაშვილი ჰყავდეს ხელისუფლებაში".
„მომავალმა თაობამ, რომელიც ზოგი დეპუტატი გახდება, ზოგი მინისტრიც, ზოგი კერძო სექტორში ისახელებს თავს და ზოგი აკადემიურ სივრცეში, მათ უნდა იცოდნენ რა არის დაუშვებელი. ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა, მომავალში კიდევ ერთი სააკაშვილი [ჰყავდეს] ხელისუფლებაში და ამასთან, მკურნალიძეები, ახალაიები, კალმახელიძეები, ფაცაციები, მუხაძე და ა.შ. თუმცა ამ გვარების მატარებელ ღირსეულ ხალხს ბოდიშს ვუხდით იმიტომ, რომ გვარში ერთი გამოერევა ხოლმე და შემდეგ, მთელ გვარს ცხებს ჩირქს", - განაცხადა წულუკიანმა.
ამასთან, სხდომაზე დაბარებულები არიან „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები ნიკა მელია და ნიკა გვარამია. როგორც ნიკა მელია წერს ის საგამოძიებო კომისიაში, 11 აპრილს, 13:00 საათზე, არის დაბარებული. „Позвонили", - წერს ნიკა მელია.
რაც შეეხება ნიკა გვარამიას, როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, „ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შემსწავლელ დროებით კომისიაზე 8 აპრილს, 10:00 საათზე არის დაბარებული. „მე მარტო დილის 7 საათზე მცალია. ასე გვიან ვერ მოვალ", - წერს გვარამია.
აღსანიშნავია ისიც, რომ თეა წულუკიანის განცხაებით, კომისია ეთანხმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, „ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერისთვის, მამუკა ხაზარაძისთვის მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არ გამოიყენა. ამის შესახებ წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ასეთი კატეგორიების საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღებაა სტანდარტი.
„ჩვენ, როგორც კომისია, უნდა გამოვეხმაუროთ საქართველოს სასამართლო ხელისუფლების მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით. ამ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სისხლის სამართლის პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა, რომელიც საქმის არსებითად განხილვისთვის მომზადებას გულისხმობს.
დაიწყება საქმის არსებითი განხილვა. არსებითი განხილვის პროცესში მოსამართლემ ჩათვალა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება საჭირო არ არის. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია, რომ ამ შეფასებას დავეთანხმოთ ვინაიდან, ასეთი კატეგორიების საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეხუთე მუხლის, მესამე პუნქტით სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღებაა სტანდარტი და კონვენციურ სტანდარტთან შესაბამისი. ახლა ჩვენ არსებით განხილვას დაველოდებით. როგორც იცით, უკვე არსებითი განხილვის შედეგად, მოსამართლეს გადაწყვეტილების რამდენიმე ვარიანტი აქვს, მათ შორის, სისხლის სამართლის ჯარიმა და ასევე, პატიმრობა ერთ წლამდე.
ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ, როგორც დამკვირვებლები, ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით. კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველა იმ პირს, ვისაც ჩვენ ახსნა-განმარტებისთვის ვიწვევთ სხდომაზე, რომ ჩვენ არ ვხუმრობთ! ჩვენ ამ საკითხს სერიოზულად ვუდგებით და გვაქვს მოლოდინი, რომ მოწვეული პირებიც სერიოზულად მიუდგებიან ამ პროცესს", - განაცხადა წულუკიანმა.
მამუკა ხაზარაძეს, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზეა" ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა მიიღო. მისივე გადაწყვეტილებით, გირაოს შეტანის ვადა 30 დღე განისაზღვრა. ხაზარაძე კომისიის სხდომაზე 25 მარტს ახსნა-განმარტებისთვის იყო დაბარებული, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულის შემდეგ, ხაზარაძემ ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისცა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე