სალომე ზურაბიშილის 31 მარტს დაანონსებულ „წინააღმდეგობის პლათფორმაზე" ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ მხოლოდ ერთიანობით შეძლებენ მიზნის მიღწევას, ხოლო მეორენი ზურაბიშვილის მიმართ უკმაყოფილებას არ მალავენ. მმართველ პარტიაში კი ხაზგასმით ამბობენ, რომ „ოპოზიციაში ქაოსია".
შეგახსნებთ, რომ პლათფორმის პირველი შეხვედრა პირველ აპრილს შედგა და ზურაბიშვილმა ხაზგასმით თქვა, რომ „კოორდინაციის წესები" „31 მარტს, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ნახსნებ, პროვეროპული პოლიტიკური სპექტრის მონაწილეობით წარმოდგენილ „წინააღმდეგობის პლათფორმას" ეფუძნება.
ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშილმა, პირველ აპრილს, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა იმ პარტიების ჩამონათვალი, რომელიც სალომე ზურაბიშილის დაანონსებულ პლათფორმას უერთდებიან, სიაში ფიგურირებს: „ფედერალისტები" , „გახარია საქართველოსთვის", "ლელო", „დროა", „თავისუფლების მოედანი". „ევროპული საქართველო", „სტრატეგია აღმაშენებელი". ჩერგოლეიშვილის მიერ გამოქვეყნებულ სიაში არ ჩანს: „გირჩი", „ნაციონალური მოძრაობა" და „ახალი".
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი კი კოორდინაციის საკითხს არ გამოხმაურებია.
ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ შესაძლებელია ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსების გარდა, ამ პლათფორმაზე არასამთვრობო ორგანიზაციის წევრები, თუ პოლიტიკურად აქტიური, ოპოზიციურად განწყობილი, ჯგუფებიც ვიხილოთ. მათი ნაწილი არც ახალი გაერთიანების შექმნას გამორიცხავს.
საყურადღებოა, რომ დღეს „წინააღმდეგობის პლათფორმის" მეორე შეხვედრაც შედგა, სადაც სამ საკითხზე შეჯერდნენ:
1.ერთიანი საერთაშორისო კალენდრის შექმნა, რათა საერთო პოზიციები დროულად იქნას მიწოდებული მსოფლიო სხვადასხვა ლიდერებთან თუ პარლამენტებთან.
2.საკომუნიკაციო ჯგუფის შექმნა, რომელიც უფრო მარტივად გაავრცელებს გადაწყვეტილებებს კოორდინაციის შესახებ
3.საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
განსხვავებული პოზიციები ოპოზიციაში
„ნაციონალური მოძრაობაში" აცხადებენ, რომ ზურაბიშვილმა მათი თანამებრძოლად აღქმა ვერ მოახერხა, „მეტიც ენმ დამფუძნებელი და უალტერნატივო ლიდერი და საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაც კი არასდროს მოუხსენებია", თუმცა მიუხედავად ამისა ენმ-ს წევრები ამბობენ, რომ თანამშრომლობაზე უარს არ ამბობენ.
„დიდი ვნებათაღელვაა, სალომე ზურაბიშვილის ახალ პლატფორმაზე ენმ-ს, რა პოზიცია აქვს? ზურაბიშვილის ახალი პლატფორმა ახალი ნამდვილად არაა, სახელის გარდა. ყველამ დავინახეთ, რომ ქალბატონმა სალომემ ენმ არც თანამებრძოლად აღიქვა და არც ჩვენი გუნდისადმი პატივისცემა გამოუვლენია.
„ამიტომ ჩვენ ამ პატივისცემისა და ქვეყნისა და ქართული საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით, ვითანამშრომლებთ ყველა ამგვარ პოლიტიკურ ძალასთან და მათ ლიდერებთან " - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე წერს ფეისბუქზე.
„კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა სატელევიზო ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიცია წინააღმდეგობის პლათფორმაში ჩაერთვება, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი ცხადად უნდა გამოუცხადონ.
„ჩვენ გვინდა სიცხადე და ეს სიცხადე შეეხებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს"-განაცხადა ბუტიკაშილმა
კითხვაზე, ვინ ჩაშალა ოპოზიციას შორის შეთანხმება, ბუტიკაშვილმა უპასუხა, რომ არსებობს საკითხები, რომლებიც ბუნდოვანია, მათ შორის, გიორგი გახარიას პარტიის პოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
„გახარიას (პარტიას) ღია პოზიცია ჰქონდა, რომ ამ თემაზე საერთოდ არ უნდათ საუბარი და პოზიციის დაფიქსირება (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საკითხზე). მათი პოზიციაა, „ამ მოცემულობით არ ვაპირებთ", მაგრამ თუ პოლიტიკური მდგენელი შეიცვლება, მერე იფიქრებენ, ოღონდ ამას არასდროს არ ამბობენ, რა არის პოლიტიკური მდგენელი. - აღნიშნა ბუტიკაშვილმა."
რას ამბობს „ოცნება"
კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში" ქაოსია - დავალებები ვერ შეასრულეს და ეს დაბნეულობა, აგონია, ერთმანეთის ლანძღვა, გადაბრალება, დამუნათება სწორედ ამის ბრალია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა
ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილიც გამოეხმაურა.
„ერთი რამ შეგვიძლია ცხადად ვთქვათ, რომ რადიკალური ოპოზიცია, კრიმინალური დაჯგუფებები დღეს არიან აბსოლუტურად განულებულები როგორც მხარდაჭერის კუთხით საზოგადოების მხრიდან, ასევე დღითიდღე მცირდება უცხოელებისგან, დავალებების მიმცემებისგანაც მათი მხარდაჭერა. პერიოდულად, დროდადრო, თითო მაშველ რგოლს გამოუგზავნიან იმისათვის, რომ გულისცემა საერთოდ არ გაუჩერდეთ, იქნება ეს „მეგობარი" თუ „ანტიმეგობარი აქტი", - განაცხადა მათიკაშვილმა.
ვის ვიხილავთ „წინააღმდეგობის პლათფორმაში"
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილის "წინააღმდეგობის პლატფორმაში" შესაძლებელია „ენჯეოებიც გაერთიანდნენ".
"სალომე ზურაბიშვილის „წინააღმდეგობის პლათფორმაში" შესაძლოა გაერთიანდეს რამდენიმე პოლიტიკური პარტია ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია - „ენჯეოები". ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ რას იზამენ სხვები, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული. ისინი ჯერჯერობით თავს იკავებენ პლათფორმაში გაერთიანებისგან. შესაბამისად, სამომავლოდ მთლიანად ურთიერთობას არ წყვეტენ, მაგრამ დისტანციაზე იქნებიან და ითანამშრომლებენ იქიდან გამომდინარე, თუ რამდენად ემთხვევა მათ ინტერესებს."
"ამ პარტიაში უნდა გაწევრიანდეს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური ძალა და არამარტო," - განაცხადა ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ.
ძაბირაძემ აღნიშნა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები თუ პოლიტიკურად აქტიური, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფებიც უნდა გახდეს ამ პლატფორმის ნაწილი.
"ვფიქრობ, რომ ამ პლატფორმაში უნდა გაწევრიანდეს ყველა ოპოზიციური პარტია. არის ორი ძირითადი თემა - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა. ვინც თვლის, რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ, აქ საერთო კოორდინაცია უნდა მოხდეს. ამიტომ მგონია, რომ არამარტო პოლიტიკური ძალები, მე ამის მომხრე არ ვარ, აქ არის აქტიური ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ესენიც უნდა გაერთიანდნენ ამ პლატფორმაში.
ამ პლატფორმის აზრი საერთო დისკუსიაა, თუ რა უნდა გაკეთდეს, ვის რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს. მიზანი გასაგებია, მაგრამ ტაქტიკურად ვინ რა უნდა გააკეთოს, რა ძალისხმევაა საჭირო, რა რესურსები უნდა მოვიძიოთ, რა როლი აქვს პოლიტიკურ ფიგურებსა თუ პარტნიორებს - ესეც უნდა იყოს განხილული. ყველამ უნდა იმსჯელოს ერთობლივად. ვგულისხმობ ოპოზიციას, რომელიც ჯერჯერობით ხელისუფლების დათანხმებას ვერ ახერხებს," - განაცხადა ძაბირაძემ.
კითხვაზე, რა შეიძლება იყოს ოპოზიციის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი, რომელიც გაერთიანებაში ხელს უშლის, ძაბირაძე გვპასუხობს:
"ერთ-ერთი მიზეზი არის, რომ ერთმანეთისგან ითხოვენ რაღაცეებს. თვითმმართველობის არჩევნებიც შეიძლება იყოს მიზეზი. შენ ახლა დღეს მითხარი, თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებ თუ არა მონაწილეობას - ეს არ მგონია რელევანტური იყოს," - განაცხადა ძაბირაძემ.
შეიქმნება თუ არა ახალი გაერთიანება
ვახტანგ ძაბირაძე ახალი გაერთიანების შექმნას არ გამორიცხავს, მან შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკული განცხადებებიც ზურაბიშვილის მიმართ.
"მე არ გამოვრიცხავ, შესაძლოა, ახალი გაერთიანება შეიქმნას, თუმცა მე ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ვხედავ. ეს ერთი. და მეორე, ვსაუბრობდი თვითმმართველობის არჩევნებზე და აი, "ნაცმოძრაობა" რომ იძახის, ხვალიდან დღისწესრიგი შეიცვლება და ა.შ. მე არ მესმის, ისინი რას გულისხმობენ, რა ტაქტიკას უნდა მიმართონ. ისინი უკმაყოფილოები იყვნენ ზურაბიშვილის გამოსვლით, რომ სხვა რამ უნდა ეთქვა, თუმცა ამ ყველაფრის ანალიზი სწორედ მაგიდასთან უნდა მოხდეს," - განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ამბობს, რომ დაზუსტებით არ იცის, შეიქმნება თუ არა ახალი გაერთიანება: "თუმცაღა, მე პირადად თვითონ ეს პლატფორმაც არ მიმაჩნია სიცოცხლისუნარიან ორგანიზმად, რადგან სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ლიდერმა, თავისი თავი ამოწურა და, შესაბამისად, მისი ეგიდით შექმნილ რაიმე გაერთიანებას არ მგონია რაიმე პერსპექტივა ჰქონდეს," - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე