"წინააღმდეგობის პლატფორმის" პირველი წინააღმდეგობა - მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პლატფორმის რიგით მეორე შეხვედრაზე შემავალმა პოლიტიკურმა პარტიებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომ არცერთი არ მიიღებს მონაწილოებას და არ ითანამშრომლებს პარლამენტის ენმ-ს ხელისუფლების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიასთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პოლიტიკური ძალები უფრო მკვეთრი დაპირისპირების გზით მიდიან.
"ამ გადაწყვეტილებას მოვუსმინე და პოლიტიკური ძალები, ისევე, როგორც ხელისუფლება უფრო მკვეთრი დაპირისპირების გზით მიდიან, საინტერესო გადაწყვეტილებაა. ახლა რა ნაბიჯს გადადგამს ხელისუფლება - წავა ღია რეპრესიებზე ოპოზიციის მიმართ, თუ არა. ერთია, რომ ხაზარაძეს გირაო შეეფარდა, მაგრამ პროცესი წინაა, ამ პროცესზე ხელისუფლება მიუსჯის პატიმრობას, თუ ჯარიმით შემოიფარგლება?
"ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება სწორია და თუ შენ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ აძლევ, იმ კომისიაშიც არ უნდა მიხვიდე და ჩვენება არ უნდა მისცე. ამასთანავე, გარკვეულწილად ლიდერებს უფრო მეტი მოეთხოვებათ და სწორედ ამ ლიდერებზეა აქ საქმე, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც არის დაბარებული, მედიასაშუალებებიდან თარგამაძეა და ა.შ. ასე, რომ ამ მხრივ მემგონი სწორი გადაწყვეტილებაა",- განაცხადა ძაბირაძემ.
საკითხზე, კიდევ სხვა რა წინააღმდეგობებია მოსალოდნელი, ანალიტიკოსმა გვითხრა: "მოველი ანალიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას და უფრო მგონია, რომ პროცესის რადიკალიზაციას ამ ეტაპზე არ შეეცდებიან და მონახავენ რესურსებს იმისთვის, რომ ნერვების ომი, რომელიც ახლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიდის, მოიგონ და რუსთაველზე შეძლონ საპროტესტო აქციის გაგრძელება",- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ "რეზონანსთან".
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილს ახალი ინიციატივა რაღაცნაირად უნდა გაეაქტიურებინა და პირველი ეს ნაბიჯი გადადგა, თუმცა, ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ კომისიაზე არმისვლით ადასტურებენ, რომ მათ რაღაც დასამალი აქვთ.
"გასაგებია, რომ სალომე ზურაბიშვილს რაღაცნაირად უნდა მოეხდინა თავისი ახალი ინიციატივის - ამ წინააღმდეგობის პლატფორმის პრეზენტაცია და აიღო პარტიებისგან სიტყვიერი პირობა, რომ ისინი არ მივლენ კომისიის სხდომაზე, მაგრამ რას აძლევს კომისიაზე არმისვლა თავად ამ წინააღმდეგობის პლატფორმას პოლიტიკურად, ან მორალურად?
"ამით ხომ ისინი, ვინც კომისიაზე მისვლაზე უარს აცხადებენ, რაღაცნაირად ადასტურებენ იმას, რომ მათ რაღაც დასამალი აქვთ და მათ არ სურთ ჩვენების მიცემა?! თუ ეს ეს რაღაცა პოლიტიკური პრინციპის საკითხია, როგორც დავუშვათ მამუკა ხაზარაძისა და სხვების შემთხვევაში, ეს გასაგებია და ჩვეულებრივი ოპოზიციური თამაშებია და მეტი არაფერი.
არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით კომისიაში არმონაწილეობით რაიმე სერიოზული და ღირებული შესძინოს პლატფორმას ეს არ არის ის, რასაც საზოგადოება მათგან ელოდება", -განაცხადა ანჯაფარიძემ.
ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ სხვა წინააღმდეგობებიც მოსალოდნელია პლატფორმისგან, მაგალითად ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი.
"მაგალითად ის, რომ მათ შეუძლიათ წერილობით გააფორმონ რაღაც დეკლარაცია-შეთანხმება, რომ არცერთ შემთხვევაში არ მიიღებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში",- განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ "რეზონანსთან".
„წინააღმდეგობის პლატფორმის" მეორე შეხვედრაზე დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, - განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე. ზურაბიშვილის განცხადებით, საგამოძიებო კომისია „როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი, სრულად არალეგიტიმურია და ემსახურება რუსულ ინტერესებს".
"კოორდინაციამ დღეს განიხილა ერთი აქტუალური თემა, რომელიც არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და იქ ადამიანების დაბარება. ჩვენ დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიაში. ერთი მხრივ, ეს კომისია არის სრულად არალეგიტიმური, როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი.
"მეორე მხრივ, ეს კომისია ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსულ ინტერესებს. არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ვინმემ მიიღოს მონაწილეობა. ეს კომისია ემსახურება იმას, რომ შიში დაითესოს. ახლა პირდაპირ მიზანში ამოღებულები არიან პოლიტიკური ლიდერები, რომ ხალხში გავრცელდეს ის აზრი, რომ „ყველას მოგწვდებით და ყველა სამიზნეში ხართ". ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას ვინმე უნდა დაექვემდებაროს და შიში გაავრცელოს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე