თამთა ჩაჩანიძე
(02.04.2025)

სამთავრობო ცვლილებებია, იუსტიციის მინისტრის თანამდებლობას ანრი ოხანაშვილის ნაცვლად "ოცნების" დეპუტატი პაატა სალია დაიკავებს, თავად ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად გადაინაცლებს, გრიგოლ ლილუაშვილი კი რეგიონული განვითარების სამინისტროს უხელმძღვანელებს, რომელიც პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, "დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება".

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაიყოფა და ორ უწყებად ჩამოყალიბდება, ირაკლი კობახიძის თქმით, რეგიონული განვითარების სამინისტროს, ცალკე სამინისტროდ გამოყოფის შესახებ კანონპროექტი უკვე გადაეგზავნა პარლამენტს, რომელსაც 15-18 აპრილს განიხილავს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ სუს-ი ფუნქციონირებას "რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს, მისი რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია". მათი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.

რამ განაპირობა სამთავრობო ცვლილებები და რა შედეგზეა გათვლილი

ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ცვლილებები სახელმწიფოს განვითარების რიტმიდან გამომდინარე ხორციელდება.

"მორიგ სამთავრობო ცვლილებებს ძალიან დამახინჯებული პოლიტიკური ინსინუაციები მოჰყვა რადიკალებისგან, რომ თითქოს ლილუაშვილის გავლენები უნდა გაიზარდოს რეგიონში, როგორც სუს-ის ყოფილი თავკაცის, რათა ადგილობრივი არჩევნები მოიგონ. ამას ის ოპოზიცია ამბობს, რომელიც ჯერჯერობით ბოიკოტს უცხადებს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს და ამით ბოიკოტს უცხადებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მათ მხარდამჭერებსაც.

"დიახ, რეგიონებში გავლენები გაიზრდება, ოღონდ საქართველოს გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა. ეკონომიკურ ზრდას, ცხადია მეტი შემოსავლები მოჰყვება სახელმწიფო ხაზინაში და ეს შემოსავლები იხარჯება ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტებზე. ძალიან მარტივი მოცემულობაა და თუ ეს არ ესმით ე.წ. ოპოზიციონერებს, მაშინ საერთოდ უნდა დატოვონ პოლიტიკა.

"მოგეხსენებათ ლილუაშვილს ვადა ოქტომბერში გასდიოდა, ამიტომაც მანამდე გადაწყდა მისი სამთავრობო გუნდში გადანაცვლება და მის ადგილს საპატიო პროფესიონალი დაიკავებს ანრი ოხანაშვილის სახით, რომელიც გამოცდილი იურისტი და ძალიან ცნობილი ორგანიზატორია.

"რაც შეეხება პაატა სალიას, აქაც ინსინუაციებია, "რუსთავი 2"-ის დირექტორობასთან დაკავშირებით, ოღონდ ამას ისევ ის ოპოზიცია ამბობს, რომელსაც ეს ტელევიზია მიტაცებული ჰქონდა და მათი კლანჭებიდან გაათავისუფლა სტრასბურგმა და არა პაატა სალიამ.

"რაც შეეხება ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს გაყოფას, ესეც აქტუალური თემაა, რადგან საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ეკონომიკურად და შემოსავლების თვალსაზრისით და ბუნებრივია ამ ორ მიმართულებას ერთი მინისტრი ვერ გაუძღვება და ამიტომ გახდა მისი გაყოფის აუცილებლობა.

ისევე, როგორც თავის დროზე კულტურას სპორტი გამოეყო. ეს ცვლილებები ყოველთვის სახელმწიფო განვითარების რიტმინდან გამომდინარე ხორციელდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა, ასევე ჩვეული მოვლენაა ობსტრუქციაში მყოფი ხალხთან დაპირისპირებული რადიკალების ბრიყვული განცხადებები",- განაცხადა გია აბაშიძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ სამთავრობო ცვლილებები საარჩევნო კონტექსტშია განსახილველი, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ სრული სახელისუფლებო კონტროლი ჰქონდეს.

"რეგიონული განვითარების რაღაც სამინისტროს ჩამოყალიბება, ჩემი აზრით, ეს აშკარად არის საარჩევნო ინფრასტრუქტურის კონტექსტში განსახილველი, რადგან ლილუაშვილი, რომელიც მანამდე სუს-ი იყო, რომელიც საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა, პრაქტიკულად რეგიონებში საარჩევნო კამპანიას სუს-ი ატარებდა, ახლაც თვითმმართველობის არჩევნები მოდის.

"ყოველი შემთხვევისთვის, ბიძინა ივანიშვილი იმასაც ვარაუდობს, რომ შეიძლება მას მოუწიოს ლეგიტიმაციის კონტექსტში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და მას სურს მთლიანად, სრულად ჰქონდეს ბერკეტები, ანუ სრული სახელისუფლებო კონტროლი იყოს, რაც გამოიხატება მეტ ცენტრალიზაციაში, რეგიონების მეტად კონტროლში, ანუ თვითმმართველობის ნაკლებობაში და ცენტრიდან მეტ კონტროლში.

"სუს-ის ხელმძღვანელად ოხანაშვილის დანიშვნა, ეს ნიშნავს, რომ ალბათ უფრო სავარაუდოა, რომ სუს-ი იქნება ის, რაც ადრე იყო, იმის ბევრი ფუნქციები და განსაკუთრებით საარჩევნო ინფრასტრუქტურის და საარჩევნო მოსახლეობის ამუშავება უკვე რეგიონულ სამინისტროზე გადავა.

სუს-ი უბრალოდ დამატებით ფუნქციას შეასრულებს, ოხანაშვილი უშიშროების სპეციალისტი არაა, მაინცდამაინც არც ლილუაშვილი არ იყო, მაგრამ ლილუაშვილი უფრო ბიძინა ივანიშვილის კადრია და ოხანაშვილი უფრო კობახიძის გუნდიდანაა.

"ეს ერთის მხრივ მთავრობას და კობახიძეს მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და ბერკეტებს აძლევს, თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ საბოლოო ჯამში მას გადაატეხოს თავზე რამე, თუ რამე ისე ვერ წავიდა. ძალიან მოკლედ რომ შევაჯამო, ესაა მთლიანად შიდაპოლიტიკური თამაში, რომელიც ემსახურება ივანიშვილის პირადი ძალაუფლების განმტკიცებას, აქ რაიმე სახელწიფოებრივ მიდგომაზე ლაპარაკი ზედმეტია.

"იუსტიციის მინისტრად დანიშვნაზე როგორც წესი ხელისუფლება ცდილობს, რომ რაღაც კვალიფიკაციის იურისტი გაითვალისწინოს, რომ რაღაცა იცოდნენ, იუსტიციის მინისტრები ძირითადად იურისტები გვყავდა, ვერცერთზე ვერ იტყოდი, რომ კვალიფიკაცია არ ჰქონდა განსხვავებით სხვა რგოლებისგან აქაც უბრალოდ იურისტი დანიშნეს,

იუსტიციის სამინისტრო მისთვის საჯარო უწყებაა. ჩვენთან პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილიი და სუს-ი აწარმოებს ძირითადად, ამჯერად პოლიტიკის გატარების ფუნქცია რეგიონულ სამინისტროზეც გადავა",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა "რეზონანსთან".

რა ცვლილებებია მთავრობაში

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს იუსტიციის მინისტრის, ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას წარუდგენენ. მისივე თქმით, ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი.

„შეგახსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე, ანრი ოხანაშვილი წლების მანძილზე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ანრი ოხანაშვილი არის სამართლის დოქტორი. მას სადოქტორო დისერტაცია დაცული აქვს გერმანიაში, ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან და საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების თანახმად, საქართველოს პარლამენტში ანრი ოხანაშვილის დამტკიცებას ზეგ, მიმდინარე კვირის პარასკევს ეყრება კენჭი,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კობახიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის თანამდებობას "ოცნების" დეპუტატი პაატა სალია დაიკავებს.

„საქართველოს იუსტიციის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი პაატა სალია. განსაკუთრებული წარდგენა არც მას ჭირდება. ის გახლავთ საქართველოს პარლამენტის მოქმედი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადვოკატი, იურისტი საქართველოში. მას იურიდიული განათლება მიღებული აქვს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. წარმატებებს ვუსურვებ გრიგოლ ლილუაშვილს, ანრი ოხანაშვილს და პაატა სალიას ახალ თანამდებობებზე", - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის განცხადებით, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო დამოუკიდებელ სამინისტროდ ჩამოყალიბდება, რომელსაც სუს-ის აწ უკვე ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი უხელმძღვანელებს.

„ეკონომიკის ზრდასთან ერთად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტები, რომელთა ჯამმა, თბილისის გარეშე, 4 მილიარდს გადააჭარბა. ეს, ერთი მხრივ, ზრდის ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობას, განახორციელონ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები, ხოლო, მეორე მხრივ, ზრდის გამოწვევებსაც, რომლებიც შესაბამისი ამოცანების შესრულებასთან არის დაკავშირებული.

ამდენად, რეგიონული განვითარების ეფექტიან დაგეგმვასა და მონიტორინგს ქვეყნის თანაბარი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ახალი სამინისტროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისია რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მაქსიმალური ეფექტიანობისა უზრუნველყოფა იქნება", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ უკვე შეიმუშავა და საქართველოს პარლამენტში წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობასთან გავლილი კონსულტაციების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი 15-18 აპრილის სასესიო კვირაში მიიღებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ბატონი გრიგოლ ლილუაშვილი. როგორც მოგეხსენებათ, ოქტომბერში ისედაც ტოვებს თანამდებობას, ეწურება უფლებამოსილების ვადა. კანონის თანახმად, მას აღარ ჰქონდა თანამდებობის ხელახლა დაკავების უფლება. ბატონმა გრიგოლ ლილუაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა და კანონის მიღებისთანავე, ის დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას.

"მოგეხსენებათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს პარლამენტში წლების მანძილზე იკავებდა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას. ზოგადად, მას აქვს რეგიონებთან მუშაობის გამორჩეული გამოცდილება. შესაბამისად, მისი მინისტრობა უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის ეფექტიან საქმიანობას რეგიონული განვითარების ამოცანების შესრულებისას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა გრიგოლ ლილუაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობისთვის.

„ურთულესი გამოწვევების ფონზე, მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გასული 6 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და შემდგომ განმტკიცებაში. დავაზუსტებ, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობას ირაკლი ქარსელაძე განაგრძობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რას აცხადებს ოპოზიცია

"გახარია საქართველოსთვის" წევრის ნათია მეზვრიშვილის თქმით, სინამდვილეში, სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს, სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია, მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, „ქართული ოცნება"ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.

„სინამდვილეში, სუს-ი ფუნქციონირებას რეგიონული სამინისტროს სახელით გააგრძელებს. სუს-ის რეალური უფროსიც ისევ ლილუაშვილია. ვადა გაუვიდა, გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების უმთავრესი ფუნქციით. „ოცნება"ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადება.

"სუს-ს მთავარი როლი ჰქონდა 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებაში. ახალი არჩევნებისთვის გარემოს გაუმჯობესების ნაცვლად, გაყალბების პრაქტიკები ახალ მწვერვალებს მიაღწევს",- წერს მეზვრიშვილი.

ამასთან, როგორც ის აცხადებს, აღნიშნული გადაწყვეტილება, „პირდაპირ კავშირშია ორი დღის წინ დაანონსებული თითქოსდა, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა, რომლის მიზანი კორუფციის ცენტრალიზებაა".

„ოცნების" ამ გადაწყვეტილებასთან პირდაპირ კავშირშია ასევე, ორი დღის წინ დაანონსებული თითქოსდა, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის შექმნა, რომლის მიზანი კორუფციის ცენტრალიზებაა და არა ეფექტიანობის უზრუნველყოფა ან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გვქონდა შიდა აუდიტის დეპარტამენტი, რომელიც გენერალური ინსპექციის ფუნქციას ასრულებდა ადმინისტრაციის მასშტაბით. ეს დეპარტამენტი გადაკეთება ე.წ. მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტად. ამ ნაბიჯით ივანიშვილი ახდენს კორუფციული გარიგებების (როგორც მისი ძალაუფლების წყაროს) სრულ მონოპოლიზებას", - წერს მეზვრიშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე