31 მარტის აქციის შემდეგ შექმნილი ვითარება აჩვენებს, რომ ოპოზიციური ერთობა პრაქტიკულად ჩაიშალა და პოლიტიკური პარტიები საკუთარი დღის წესრიგის მიხედვით იწყებენ მოქმედებას. ამასთან, სავარაუდოდ, ბოლო არჩვნებზე ბარიერგადალახული კოალიციების ერთიანობაც შეიძლებ სათუო გახდეს. ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ის სახელდება, რომ წლევანდელ არჩევნებში მონაწილეობა-არმონაწილეობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.
„მათ შორის არასდროს ყოფილა არც ერთობა და არც არანაირი გეგმა. ახლაც გამოვრიცხავ, რომ აქედან რომელიმე შეიქმნას", - განაცხადა „რეზონანსთან" ამ თემაზე საუბრისას ანალიტიკოსმა პეტრე მამრაძემ.
ყოფილ სახელმწიფო მინისტრისა და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით კი, ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა ოპოზიციის ორ ნაწილად გაყოფა:
„ოპოზიციური სპქტრი შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს - „ნაციონალური მოძრაობა" და ისინი, ვინც მათ ეთანხმება და მეორეს მხრივ, ვინც არ ეთანხმება. ასეთად უფრო ჩანს კოალიცია „ძლიერი საქართველო", გახარია პარტია და ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილი აქეთ იხრებოდეს".
ვინ რას აპირებს
ყოველივე ამის მიუხედავად, ოპოზიციაში კვლავ საუბრობენ კოორდინაციის აუცილებლობაზე. თუმცა, სამშაბათს სალომე ზურაბიშვილთან მისი ახალი ინიციატივის - „წინააღმდეგობის კომიტეტის" შექმნასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციონერთა მხოლოდ ნაწილი მივიდა. ამის შესახებ ინფრომაცია „ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა გაავრცელა.
„ფედერალისტები", გახარია, „ლელო", „დროა", „თავისუფლების მოედანი", „ევროპული საქართველო", „სტრატეგია აღმაშენებელი" - ესენი შემოერთდნენ ახალ ფორმატს პრეზიდენტთან", - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შესაბამისად, აღნიშნული ჩამონათვალის მიხედვით, „წინააღმდეგობის კომიტეტის" ფორმატში არ მონაწილეობენ „ნაციონალური მოძრაობა" და „კოალიცია ცვლილებიდან" ნიკა გვარამია-ნიკა მელიას პარტია „ახალი" და ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი".
გარდა ამისა, სამშაბათის შეხვედრაზე არ იყო წარმოდგენილი კოალიცია „ძლიერი საქართველოს" წევრი „მოქალაქეები", თუმცა, ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ სწორედ გუშინ გაიმართა „მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი და მან შესაძლოა ფიზიკურად ვერ მოახერხა შეხვედრაზე მისვლა.
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, „ადგილობრივ თვითმმართველობასთან, ოპოზიციის ერთიანობასთან, პროტესტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ერთიანი პოზიციები არ არსებობს".
სამშაბათს საგანგებო განცხადება გაავრცელა ელენე ხოშტარიას პარტია „დროამ", სადაც პირდაპირ წერია, რომ განხეთქილების მთავარი მიზეზი ადგილობრივი არჩევნებია:
„სტრატეგიულ პრობლემად მიგვაჩნია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის შესახებ მკაფიო საერთო პოზიციის არარსებობა. ჩვენ ვთვლით, რომ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი დღესვე, არის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი ახალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპოვებლად და ივანიშვილის რეჟიმის საბოლოო დელეგიტიმაციისთვის. ამ საკითხზე საერთო პოლიტიკური პოზიცია კი უმნიშვნელოვანესია პარტიებს შორის სტრატეგიული ერთიანობის ჩამოყალიბებისთვის."
განცხადება გაავრცელა „ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამაც.
„პარტია „ახალი" ყოველთვის მისცემს შანსს კოორდინაციას და ერთიან ქმედებებს საქართველოს ინტერესებში. მაგრამ ფუნდამენტურ საკითხზე - სრული ართანამშრომლობა რეჟიმთან, მათ შორის: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი, არალეგიტიმურ კომისიებში სიარულზე უარი და მსგავს ქმედებებზე ბოიკოტის მკაფიო და ცალსახა მხარდაჭერის გარეშე, მეტიც, შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარი სწორედ ამ საკითხებზე მკაფიო ჩანაწერის გამო და პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ერთი კონკრეტული პარტიის („გახარია საქართველოსთვის") უარის გამო, ეს საკითხები საერთოდ არ დაფიქსირებულიყო „წინააღმდეგობის პლატფორმის" სადამფუძნებლო დოკუმენტში, არ მიგვაჩნია გამართლებულად", - აცხადებს გვარამია.
პარტიას „გახარია საქართველოსთვის" კი ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით თავიდანვე სკეპტიკურად იყო განწყობილი და სავარაუდოდ, ახლაც ასე იქნება. ამაზე პარტიის წევრმა ანა ბუჩუკურმა უკვე გააკეთა განცხადება: „ორი საკითხია, რომელზეც კოორდინაცია გვექნება, მათ შორის ქალბატონ სალომესთან. ესენია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საქართველოს ევროპული მომავლის დაცვა. სხვა საკითხები ჩვენთვის რელევანტური არ არის".
იწყებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები ცალკ-ცალკე მოქმედებას
პეტრე მამრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთიანი გეგმა და რაიმე ერთიანი პლატფორმა საფუძელშივე ილუზორული იყო.
„ეს არასდროს ყოფილა პოლიტიკური ოპოზიცია, არც ერთი დღე. ოპოზიცია ჰქვია იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების ერთგული არიან, რასაც ამათზე ვერ ვიტყვით. მათ შორის არასდროს ყოფილა ერთობის მსგავსი რამ, გამორიცხულია. რომელიმე აქციაზე ერთად გამოსვლისას მოილაპარაკებდნენ, ასე ჯობს, ვინაიდან ცალკ-ცალკე ხალხს ვერ შეკრებდნენ - ეს სულ სხვა რამეა. თუმცა, ჩვენ ხომ გვახსოვს ის ადამიანები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილს სასტიკად ლანძღავდნენ და უწმაწურად მოიხსენიებდნენ მას? ეს არის ერთიანობა? ასე რომ, არც არანაირი გეგმა არ ყოფილა და არც ერთიანი პლატფორმა.
„გაიხენეთ რაიმე მათი ლოზუნგი გარდა იმისა, რომ არჩევნები გაყალდა, ხელისუფლება არის არალეგიტიმური და მოვითხოვთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას და ე.წ. პოლიტპატიმრების გაშვებას. მოგისმენიათ სხვა? მე არა. ამიტომ მე ვფიქრობ, გამორიცხულია ერთანობა, საერთო პროგრამა და რეალური პოლიტიკური ერთიანობა. კი, ვადასტურებ, რომ ისტორიაში ყოფილა დაპირისპირებული პარტიების რეალური გაერთიანება საერთო ინტერსებით, მაგრამ აქ პატარ-პატარა ბანდებია, რომლებიც ტივტივებენ", - განაცხადა პეტრე მამრაძემ.
პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ორი ბანაკის ჩამოყალიბება უკეთესი ვარიანტი იქნებოდა ოპოზიციისათვის.
„ჩვენ ხშირად რეალობაზე ვბრაზდებით და ვერ ვეჩვევით. რეალობა კი შემდეგია: ოპოზიციურ პარტიებში ასეთი ხედვაა - პირველი, ვინც მიხეილ სააკაშილის გამოხსნაზე მუშაობს, რომელიც უკანონოდ დაკავებულია; ასევე არსებობს ხალხი, რომლებისთვისაც მიუღებელია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა გარკვეული პირობების გარეშე და ამ პირობებს ბოლომდე არ აყალიბებენ; და მესამე, ვისაც მიაჩნია, რომ სჭირდებათ ყველა ინსტუმენტის გამოყენება, მათ შორის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაც, რაც არ უნდა ბევრ კითხვას აჩენდეს ეს.
„ოპოზიციური სპქტრი შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს - „ნაციონალური მოძრაობა" და ისინი, ვინც მათ ეთანხმება; და მეორე - ვინც არ ეთანხმება. ეს უფრო ჩანს „კოალიცია ძლიერ საქართველოში", გახარია პარტიაში და ასევე, არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილიც აქეთ იხრებოდეს.
„ჩამოუყალიბებლობა ყველაზე დიდი სირცხვილია, ვინაიდან ადგილობრივი არჩევნები მოდის და ჯერ კიდევ არ იციან მიიღებენ მონაწილეობას თუ არა, ან თუ მიიღებენ - რატომ. ვერ აყალიბებენ არგუმენტებს. თავიანთი პოზიციები დროულად უნდა დააფიქსირონ. ვინმეს ჰგონია, რომ ქუჩის აქციებით ადგილობრივ არჩევნებს მიაღწევენ საპარლამენტო არჩევნებამდე? რა თქმა უნდა, ვერა. 5 თვე გავიდა საპარლამენტო არჩევნებამდე და „ქართული ოცნება" არაფრით იძვრის", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ერთად ჯობს, თუ ცალ-ცალკე
პეტრე მამრაძე ფიქრობს, რომ დღევანდელი ოპოზიცია ვერც გაერთიანებით და ვერც ცალკ-ცალკე მმართველ პარტიას სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს.
„ოპოზიცია ხელისუფლებას ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, რადგან ეს არაა წინააღმდეგობა. წარმოიდგინეთ, ეს ოთხი პარტია, რომლებმაც ბარიერი გადალახეს, რომ არ მოქცეულიყვნენ როგორც ბანდები და პარლამენტში რომ შესულიყვნენ, სადაც იტყოდნენ - კი ჩატარდა არჩევნები, ჩვენ გვაქვს რაღაც-რაღაც შენიშვნები, მაგრამ გაყალბების მტკიცებულება არ გვაქვს, დაეყენებინათ სხვადასხვა საკითხები და ასევე, იქ ელაპარაკათ საგარეო ურთიერთობებზე, ანუ პოლიტიკური მუშაობა დაეწყოთ, ასეთ შემთხვევაში სულ სხვა სურათი იქნებოდა, მათთვის უფრო მომგებიანი. თუმცაღა მათ ფსონი დადეს იმაზე, რომ ხელისუფლებას გადააყირავებდნენ, ჩაატარებდნენ რიგგარეშე არჩევნებს, რაც „ოცნებისთვის" არ იქნებოდა კარგი, რადგან „ოცნების" ამომრჩევლები გაბრაზდებოდნენ და თვითონ მოვიდოდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ წააგეს. ასეთი ფსონი ედოთ 2020 წელსაც. ამიტომ ამ ფონზე არ მგონია, რომ ხელისუფლებას რაიმე წინააღმდეგობას გაუწევენ", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".
პაატა ზაქარეიშილის აზრით კი, ოპოზიციისთვის ერთიანობის შენარჩუნება და კოორდინირებულად მოქმედება ერთმნიშვნელოვნად უფრო მომგებიანი იქნება.
„ოპოზიციას აქამდე სხვადასხვა ხედვები, თუმცა ერთიანი კოორდინაცია ჰქონდა. რაც ახლა ერთობაა, ამაზე მეტი ვეღარ იქნება. ამას აჩვენებს ის, რომ პარლამენტში არავინ დარჩა, გარდა გახარიასი, თუმცა ისიც არ ესწრება სხდომებს. ერთობა ყველაფერში ჩანს და არ მესმის, მეტი სადღა უნდა ჩანდეს. თუ გახარიას პარტიის მიერ სიების ჩახსნა არის ერთობის მხადაჭერა, რა შედეგი ექნება ამას 1 კვირის შემდეგ? აბსოლუტურად არაფერი შეიცვლება. მაშინ განაცხადონ, რა არის ის ერთობა, რაც დღეს არ არის. ერთმანეთის საქმიანობას კოორდინაცია უნდა გაუწიონ და უნდა შეთანხმდნენ ერთიან რაღაც გარკვეულ პოზიციებზე", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე