თამთა ჩაჩანიძე
(01.04.2025)

ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილით უკმაყოფილოა. ეს განსაკუთრებით 31 მარტის აქციაზე მისი გამოსვლის შემდეგ გამოჩნდა, როცა ზურაბიშვილმა კიდევ ერთი, როგით მესამე ინიციატივა - „წინააღმდეგობის პლატფორმა" წამოაყენა. უკმაყოფილო ჩანდნენ პარლამენტთან შეკრებილი პროტესტის მონაწილეებიც. მეხუთე პრეზიდენტის პოლიტიკურ მომავალზე ანალიტიკოსებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ნაწილი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილის, როგორც პოლიტიკური ლიდერის „დაისი უკვე დაწყებულია", ნაწილი კი აცხადებს, რომ ჯერჯერობით პოტენციალი აქვს, რადგან არსებულ ფონზე „მაინც მას აქვს ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია".

სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს, დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე სპეციალურად გამართული სცენიდან მიმართა შეკრებილებს. ჰქონდა ვრცელი სიტყვა, თუმცა, ანალიტიკოსებსაც და ოპოზოციონერებსაც დარჩათ იმის შთაბეჭდილება, რომ ახალი არაფერი უთქვამს.

ექსპერტების შეფასებით, ზურაბიშვილს ლიდერობის მცდელობა მორიგ ჯერზე ჩაუვარდა, თუმცა კიდევ გარკვეული პერიოდი „ითამაშებს იმ როლს, რასაც აქმდე თამაშობდა", ანუ ოპოზიციასა და დასავლეთს შორის ერთგვარ მეკავშირის როლს გამომდინარე იქიდან, რომ „დასავლეთში გარკვეული წრეები მას ჯერ კიდევ ენდობიან".

ამოწურა თუ არა სალომე ზურაბიშვილმა თავისი თავი, როგორც ოპოზიციის ლიდერმა

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ არსებულ ფონზე სალომე ზურაბიშვილს მაინც აქვს ოპოზიციურ ველზე ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია იმ ადამიანებში, ვინც საპროტესტო აქციებზე დგას ან პროტესტს მხარს უჭერს.

„ამოწურაო ვერ ვიტყვი, რადგან არსებულ ფონზე მაინც მას აქვს ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია იმ ადამიანებში, ვინც აპროტესტებს და ეს საკმაოდ ჭრელი სპექტრია. ოპოზიციურ ფლანგზე იმდენად სალომე ზურაბიშვილის პრობლემა არააა, თუმცა, ზურაბიშვილს აქვს ასეთი პოზიცია, რომ ის მხარს დაუჭერს იმას, რაზედაც ყველა შეთანხმდება. ანუ მას სურს ერთგვარი გამაერთიანებელი ფიგურა იყოს და ერიდება აფილაციას რომელიმე კონკრეტულ პარტიასთან. ეს გასაგები პოზიციაა.

„პრობლემა ისაა, რომ არაა ბევრი საკითხი, რაზედაც დანარჩენი სპექტრი თანხმდება. პრობლემა სწორედ შეუთანხმებელი საკითხებია", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი ფიქრობს, რომ 31 მარტის აქციამ დააჩქარა სალომე ზურაბიშვილს ამოეწურა თავი, როგორც ერთიანი ოპოზიციური ლიდერი.

„სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შინაარსი და პათოსი, განსაკუთრებით ის ანტურაჟი, რა ფონზეც ის გამოდიოდა და კიდევ ბევრი სხვა კომპონენტი, მათ შორის იმ უკმაყოფილო ხალხის შეძახილები და აქციის სხვა მონაწილეთა უკმაყოფილება ამას აჩვენებს. ამ აქციამ სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას უფრო მეტი პოტენციალი კი არ შემატა, არამედ შეამცირა იმის ალბათობა, რომ ის შეიძლება განხილულ იქნას, როგორც ოპოზიციის ერთიანი ლიდერი, რასაც დასავლეთი ხელს უწყობს. პრინციპში ოპოზიციისთვის ეს დასავლეთის მიერ თავსმოხვეული ინიციატივაა.

„მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილს ლიდერიობის მცდელობა მორიგ ჯერზე ჩაუვარდა, მან ოპოზიციას ახალი წინააღმდეგობის ფრონტის შექმნა შესთავაზა. მანამდე ერთიანობის სხვადასხვა პლატფორმები იყო - ჯერ „ქართული ქარტია", შემდეგ საკოორდინაციო შტაბი, ახლა საერთოდ გაურკვეველი წინააღმდეგობის ფრონტი, რომელიც, ჩემი აზრით, სახეშეცვლილი ძველი ინიციატივაა, რომელიც მის მონაწილეებს არც არაფერს ჰპირდება და არც ეუბნება.

„შესაძლოა დასავლეთშიც თანდათან დარწმუნდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ლიდერად ვერ ივარგა და ოპოზიციასაც აღარ დააძალონ, რომ მაინცდამაინც ის მიიღონ ლიდერად. შესაბამისად, გაიზარდა იმის ალბათობა, რომ 31 მარტის აქციის შემდეგ პარტიები უკვე დაიწყებენ საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებას და თავად განსაზღვრავენ ერთმანეთთან პარტნიორობის და კოორდინაციის ხარისხს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

პოლიტიკური პერსპექტივა საქართველოში

როგორც ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, შექმნის თუ არა სალომე ზურაბიშვილი საკუთარ პარტიას, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ზაფხულამდე რა სიტუაცია შეიქმნება.

„როგორ და რანაირად იქნება, ეს ბევრ ფაქტორეზეა დამოკიდებული. თუ არაფერი არ მოხდა და თუ ამ ზაფხულამდე რაღაც ცვლილებები არ დადგა, რაც გარე ფაქტორებზეცაა დამოკიდებული, შემდეგი ეტაპია და აშკარა თარიღო, რომელიც იკვეთება, თვითმმართველობის არჩევნებია და აქ მოგვიწევს ჩამოყალიბება რას ვაპირებთ ამ არჩევნებისთვის. ეს შეეხება ყველას, ვინც ამ პროტესტში მონაწილეობს და მათ შორის სალომე ზურაბიშვილსაც.

„შესაძლოა სწორედ ეს თვითმმართველობის არჩევნები გახდეს ის პლატფორმა, სადაც საპროტესტო აუდიტორიის (გარკვეული გამონაკლისების გარდა) ინტერესთა თანხვედრა მოხდება. თუმცა, ჯერ ძალიან ადრეა ლაპარაკი, რადგან ბევრი რამ გამოსაყოფია, როგორც შიდა ფლანგზე ოპოზიციურ ლიდერებსა და აქტივისტებს შორის, ისე გარე ფაქტორებიდან გამომდინარე", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ თუ ზურაბიშვილმა, როგორც ლიდერმა, თავი ამოწურა, მაშინ პარტიის შექმნას აზრი არ აქვს.

„თუ ადამიანმა, როგორც პოლიტიკურმა ლიდერმა თავი ამოწურა, მაშინ რა აზრი აქვს მის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნას?! ყავლგასული ლიდერი ძლიერ პოლიტიკურ პარტიას ვერ შექმნის და ელეტორატის მობილიზებას ვერ შეძლებს.

„ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი კიდევ გარკვეული პერიოდი ითამაშებს იმ როლს, რასაც აქმდე თამაშობდა, ანუ ოპოზიციასა და დასავლეთს შორის ერთგვარ მეკავშირის როლს გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთში გარკვეული წრეები მას ჯერ კიდევ ენდობიან, მის სიტყვას ანგარიშს უწევენ. მაგრამ მისი, როგორც პოლიტიკოსის და პოლიტიკური ლიდერის დაისი უკვე დაწყებულია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

პერსპექტივა საზღვარგარეთ

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილს არ ელოდება, რომ მეხუთე პრეზიდენტი საზღვარგარეთ გააგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობა, თუნდაც რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში.

„არ მგონია, სანამ არის ეს საპროტესტო მოძრაობა, რომელიც რაღაცნაირად ისე ჩამოყალიბდა, რომ პრეზიდენტის პოსტზე ზურაბიშვილი გარკვეულწილად გამაერთიანებელი ფიგურა იყო და ამ გამაერთიანებელ ფიგურად დღემდე შეიძლება დარჩეს. ვერ ვიტყვი, რომ ის იდეალურია, ან მისი პოლიტიკური იდეალებია იდეალური, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წინამძღოლის, მაგრამ უბრალოდ არ არის სხვა, რომელიც ამ სიტუაციაში მიახლოებით მაინც ივარგებდა და რაც გვაქვს, ეს გვაქვს. აქედან მაქსიმუმი რაც შეიძლება გამოვიდეს ისაა, რომ შემდგომი ნაბიჯები კარგადაა მოსაფიქრებელი.

„ოპოზიციას რამდენიმე პრობლემა აქვს და მათ შორის წმინდა იტელექტუალური პრობლემა. რა განსხვავებაა ბიძინა ივანიშვილსა და ოპოზიციას შორის? - ბიძინა თანმიმდევრულია და ეტაპოვრივად მოქმედებს, იმასაც ეშლება, მაგრამ მეთოდურად მიზნისკენ მიდის. ოპოზიციაში კი თითქმის ყველას (გახარიას პარტიაა გამონაკლისი) მოთხოვნა დაახლოებით ისეთია, როგორიც 60-იან წლებში პარიზში ახალგაზრდების ამბოხების დროს იყო. მათ ჰქონდათ ლოზუნგი - „სამოთხე ახლავე". ერთბაშად, ერთჯერადი აქტით უნდათ რაღაც ჯადოსნობა, რომ ყველაფერი შეიცვალოს. „ახლავე" არ გამოდის.

„ამას ისტორიამაც მიგვაჩვია, რადგან ჩვენთან სულ იყო რაღაც გადამწყვეტი მომენტები - 9 აპრილი მოხდა და მეორე დილით სხვა საქართველოში გავიღვიძეთ, ასევე იყო „ვარდების რევოლუციის" დროს, შევარდა მიხეილ სააკაშვილი და ორ-სამ დღეში სხვა ქვეყან მივიღეთ. მერე ივანიშვილი მოვიდა და ასევე სხვა ქვეყანა მივიღეთ. ასეთ რაღაცეებს მივეჩვიეთ, რომ რაღაცეები იცვლება ძალიან მკვეთრად. მეთოდურ, ეტაპობრივ და თანმიმდევრულ ცვლილებებზე ორიენტირებულები არაა ეს ოპოზიციური სპექტრი ჩვენთან და ეს საერიოზული პრობლემაა.

„ერთმანეთს უირისპირდება რევოლუციური ენთუზიაზმი, რომელიც უცებ გარდატეხას გულისხმობს და მეორეს მხრივ მეთოდური ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მიმავალი ტაქტიკა. ვიღაცისთვის სააკაშვილი რომ გმირია და ვიღაცისთვის ბოროტმოქმედი, ეს არაა მეორეხარისხოვანი თემა და პროტესტის მონაწილეებში არიან ორივე თვალსაზრისის მქონე ხალხი. ამიტომ ცოტა გრძელვადიან გეგმებზე, თანდათანობით, ეტაპობრივ მოქმედებებზე დაფიქრებაც არ იქნებოდა ურიგო იგივე სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციური სპექტრის მხრიდან და თუ რეალობას ამ კუთხით შეხედავენ, დარწმუნებული ვარ, რაღაც გზები ყველა ვარიანტში გამოჩნდება.

„ზურა ჯაფარიძის განცხადება წავიკითხე, რომ არჩევნები მანამდე არ უნდა ჩატარდეს, სანამ არ იქნება ახალი ცესკო, სანამ სასამართლოში სამართალი არ იქნება. თუ ცესკო ნორმალური დამინიშნეს და სასმართლო თუ სამართლიანი იქნა, არჩევნებიც სწორად ჩაატარა და ყველაფერი, მაშინ რას ვერჩით? ამას რომ არ აკეთებს იმიტომ მინდა ამ ხელისუფლების შეცვლა. არაფერს არ აკეთებს და იმას რატომ გააკეთებს, რაც ჩვენ გვინდა? ამ მიმართულებით არ ფიქრობენ. არის საკმაოდ გონიერი ხალხიც, მაგრამ ამ გონიერი ხალხის ხმა ჩახშობილია.

„ყველაზე მთავარი ხალხის განწყობაა. თბილისში განსაკუთრებით და ქვეყნის ხერხემალ საშუალო ფენაში კი უკმაყოფილების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ამის კონვერტირება რომ ვერ ხდება პოლიტიკურ პროცესში, ეს მხოლოდ პოლიტიკოსების ბრალია და მეტი არავისი", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ზურაბიშვილს ასეთი გეგმები შესაძლოა ჰქონოდა, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ საზღვარგარეთ გაეგრძელებინა მოღვაწეობა. თუმცა საქართველოში სიტუაციის შეცვლის კვალობაზე შესაძლოა გეგმები შეიცვალა.

„რამდენადაც ვიცი, მას პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ თითქოსდა ასეთი გეგმები ჰქონდა. ინფორმაციის სისწორეზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ გარკვეულმა წყაროებმა ეს ინფორმაცია მომაწოდეს, რომ თითქოს იყო შეთანხმება, რომ ის წავიდოდა და დასაქმდებოდა თანამდებობაზე რომელიმე დიდ საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორც ყოფილი პრეზიდენტი. მაგრამ, როგორც ჩანს, საქართველოში სიტუაციის შეცვლის კვალობაზე მას უთხრეს, რომ სჯობს ახლა მოიცადო, ჯერ საქართველოში გვჭირდები. შესაბამისად დაიწყო იმ როლის შესრულება, რა როლიც მას გაუმზადეს.

„თუ მან საქართველოში საბოლოოდ თავი ამოწურა და ოპოზიციურმა პარტიებმა მასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს, მაშინ მას წაიყვანენ და რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში რაღაც თანამდებობაზე განამწესებენ. ამას არ გამოვრიცხავ, მაგრამ მისი ასაკიც გასათვალისწინებელია - ის 73 წლის გახლავთ და რამდენად ღირებული ფიგურაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაცებმა მას იქით სხვა კანდიდატები ვერ დაინახონ... მაგრამ ეს უკვე მათი გადასაწყვეტია", - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე