საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი - მათ შორის პერსონალური შემადგენლობა - სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. მმართველმა პარტიამ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში შესაბამისი ცვლილებები უკვე წარადგინა პარლამენტში. ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ამით „ოცნება" პრაქტიკულად "ნაციონალური მოძღაობის" აკრძალვის შემდგომი პერიოდისთვის ემზადება, თუმცა ამ ცვლილებამ მომავალშ შეიძლება თავად „ოცნებას" შეუქმნას სამართლებრივი პრობლემები.
საქართველოს კანონმდებლობით, პარტიის აკრძალვა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება. პარტიის საქმიანობა ასევე შეიძლება რეორგანიზაციის ან თვითლიკვიდაციის საფუძველზე შეწყდეს.
პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ ამ ეტაპისთვის შეკრებილი მასალები უკვე საკმარისია იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ „ნაციონალური მოძღაობის" აკრძალვის მოთხოვნით. ასევე ცნობილია, რომ აკრძალვსი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი იქნება კონსტიტუციის 23-ე მუხლი.
ამ მუხლის თანახმად, „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას."
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკონტიტუციო სასამართლოს ამოცანა იქნება, მოხდინოს იმ პარტიების იდენტიფიცირება, რომლებიც კონტიტუციას ეწინააღმდეგებიან და აქვთ საერთო პოლიტიკური კონცეფცია აკრძალულ პარტიასთან.
გარდა ამისა, 29 მარტს პაპუაშილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში იმაზეც ისაუბრა, რომ კანონმდებლობაში აღარ უნდა დარჩეს „ხვრელები", რომელიც უკვე აკრძალული პარტიის წევრებს სახელის გადარქმევის, ახალი პარტიის შექმნის ან რაიმე სხვა გზით პოლიტიკაშ დაბრუნების საშუალებას მისცემს.
„ჩვენ შევქმენით ეს კანონმდებლობა. პარტიები, რომლებიც კონსტიტუციას ეწინააღმდეგეგბა მათი ადგილი არ არის პოლიტიკურ ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, არ უნდა დავტოვოთ არანაირი „ხვრელი", რომ შემდეგ სააკაშვილის მსგავსმა ავანტიურისტებმა ვერ შეძლონ ახალი პარტიის ჩამოყალიბება, გადაარქვან ან სხვა სახელი დაარქვან პარტიებს, რაშიც არიან ოსტატები - ხან დაირქვამენ „ლელოს", ხან „დროას", ხან „გირჩს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ამის პარალელურად XI მოწვევის პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას მანდატის გაფართოვდა და საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხად განისაზღვრება „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების საქმიანობა 2003 წლიდან დღემდე".
შეგახსენებთ,რომ „ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 27 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:
„საგამოძიებო კომისიის დასკვნა მოგვცემს მყარ საფუძველს, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის" და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით".
ცდილობს თუ არა „ოცნება" „საკანონმდებლო ხვრელების" გაქრობას
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს, რომ „ოცნების" მიზანი მხოლოდ ერთია - აიკრძალოს ყველა პარტია, რომელიც „ქართულ ოცნებისთვის" საფრთხის შემცველია. თუმცა, ჯერ ბოლომდე გაურკვეველია, თუ როგორ აპირებს „ოცნება" ამ გეგმის განხორციელებას.
„პოლიტიკური პარტიების წევრებზე ჯერჯერობით ლაპარაკი არ არის, საუბარია პარტიაში გადაწყვეტილებათა მიმღებებზე. საკმაოდ ბევრ რამეს ცდილობს „ქართული ოცნება". როგორ მოხდება ამის რეალიზაცია - აი, ეს არის მნიშვნელოვანი.
„როგორ უნდა მოახერხოს ამის გაკეთება „ქართულმა ოცნებამ"? პირდაპირ აკრძალოს ახლად დაფუძნებული პარტიები? ეს ჯერ ფაქტობრივად გაურკვეველია, თუმცა მიზანი ცხადია - აკრძალოს პოლიტიკური პარტიები და დატოვოს მხოლოდ ისინი, რომლებიც მისთვის არ არიან საფრთხის შემცველი. მაგრამ აქ კიდევ პრობლემა რჩება - პარტიის აკრძალვა შეიძლება, თუმცა რას უშვები ოპოზიციის მხარდამჭერებს? ამომრჩევლებს ხომ ვერ აკრძალავ?
„სრულიად ახალი პარტია შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონია „ნაციონალურ მოძრაობასთან" ან მის ლიდერთან. იმის თქმა მინდა, რომ ჯერჯერობით ყველაფერი დაუხვეწავია. მიზანი გასაგებია - ქვეყნაში მრავალპარტიული ეპოქა დასრულდეს, თუმცა როგორ გაკეთდება ეს, მთლად ნათელი არაა. არც მათ აქვთ ნათლად წარმოდგენილი", - აღნიშნა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე აცხადებს, რომ „ოცნებამ" ბოლო არჩევნებზე ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ დაპირებისთვის მიიღო და ახლა უბრალოდ დაპირებას ასრულებს.
„თუ პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ დადო რეალური სამხილები და ფაქტები, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" ჩადენილი აქვს ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი დანაშაულებები, რასაკვირველია, ასეთი პარტია დასავლურ სამყაროშიც ვერ იარსებებს. ვფიქრობ, ნამდვილად არც არის სანერვიულო დემოკრატიის ხარისხთან დაკავშირებით.
„წლებია „ნაცმოძრაობა" საქართველოს დამანგრეველ საქმიანობას ეწევა და ამას ბოლო უნდა მოეღოს. ეს იყო დაპირებაც და ამას „ოცნება" ასრულებს. ამ ერთი დაპირებითაც მიიღო საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა. ასე რომ, ხელოვნური ისტერია რადიკალების მხრიდან არაფერს ნიშნავს", - განაცხადა აბაშიძემ.
თუ პოლიტიკური აქტორები მიმოიფანტებიან
კითხვაზე, რა მოხდება მაშინ, თუ აკრძალული პარტიის ლიდერები და სხვა პოლიტიკური აქტორები სხვადასხვა პარტიაში გადანაწილდებიან; დაემუქრება თუ არა აკრძალვის საფრთხე უკვე ამ პარტიებს და როგორი იმოქმედებს კანონი ამ შემთხვევაში, ძაბირაძე გვპასუხობს, რომ მაშინ თვითონ „ოცნების" გარშემოც გაჩნდება ბევრი კითხვა.
„როგორც კი ეს საქმე გაკეთდება, იმავე წუთში დაისმება საკითხი, რომ „ქართული ოცნება" აიკრძალოს, იმიტომ რომ „ქართულ ოცნებაში" უამრავი ხალხია, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობაშიც" იყო. აი, ეს პრობლემაა. თუ სამართლებრივად მივუდგებით, მაშინ ასეა. თუმცა, პარტიის ნებისმიერ წევრზეა ლაპარაკი თუ ლიდერებზე - ეს ყველაფერი უცნობია.
„ზოგადად, შეუძლიათ ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, გარდა „ოცნებისა" და „ხალხის ძალისა", კანონგარეშედ დატოვონ, მაგრამ ახლა ეს ძალიან ღია ბრძოლა იქნება. ჯერჯერობით გზებს ეძებენ, თუმცა რეალურად როგორ უნდა შეძლონ ამის განხორციელება, თავადაც არ აქვთ მკაფიო წარმოდგენა", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.
გია აბაშიძე კი ამბობს, რომ ეს დეტალები საკონსტიტუციო სასამართლოს გადასაწყვეტი იქნება.
„რაც შეეხება დეტალებს, თუ როგორ განხორციელდეს ეს, მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, რომლის კომპეტენციაში ვერავინ ჩაერევა. მე ვანდობ ამ საქმეს მართლსაჯულებას - თუ როგორ დაასაბუთებს „ნაციონალებთან" ერთად სხვა პარტიების აკრძალვას", - აღნიშნა აბაშიძემ.
რა მოხდება „ენმ"-ის აკრძალვის შემდეგ
გია აბაშიძე ფიქრობს, რომ ენმ-ის აკრძალვა პოლიტიკურ ველზე ჯანსაღ, კონკურენტულ გარემოს ჩამოაყალიბებს.
„ენმ-ის აკრძალვა პოლიტიკური ველის გაჯანსაღებას გამოიწვევს და ქართულ დემოკრატიას ნამდვილად წაადგება, რადგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჯანსაღი ოპოზიციური ძალები უწევდნენ კონკურენციას მმართველ პარტიას.
„არავინ იცის 2028 წლამდე რა მოხდება ქართულ პოლიტიკურ ლანდშაფტში და ვისთან მოუწევს „ქართულ ოცნებას" კონკურენცია. ეს კანონი გააჯანსაღებს პოლიტიკურ ველს, რაც ასევე გააძლიერებს იმ წვრილ-წვრილ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც, „ნაციონალური მოძრაობის" ფინანსებისა და ტელეპროპაგანდის ფონზე ჩრდილში არიან", - აცხადებს აბაშიძე.
აბაშიძე „რეზონანსთან" საუბრისას საგამოძიებო კომისიის მანდატის გაფართოებას ასევე დადებითად აფასებს.
„რაც უფრო სიღრმეში ჩადის საპარლამენტო კომისია და მათი ექსპერტები, მით უფრო მკაფიოდ ვლინდება დანაშაულების დეტალები. ვადების დაწესებამ არ გაამართლა. ეს უფრო სიღრმისეულ გამოძიებას მოითხოვს როგორც პროკურატურისა და შსს-ს, ასევე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიისგან", - განაცხადა აბაშიძემ.
ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ „ოცნებას" უკვე შეუძლია ყველა პარტიის კანონგარეშედ გამოცხადება და არა მარტო „ენმ"-ს.
„ენმ"-ს აკრძალვა, როგორც აღვნიშნე, კითხვებს „ოცნების" პარტიის გარშემოც აჩენს. მათ დღესვე შეუძლიათ კანონგარეშედ გამოაცხადონ ნებისმიერი გაერთიანება, თუმცა ეს დიქტატურაა, რასაც მოჰყვება პროტესტი.
„საქართველოში ბოლო ოთხი თვის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების აბსოლუტური უმრავლესობა მიმართულია იმაზე, რომ „ოცნებამ" შეინარჩუნოს ძალაუფლება, ჩაახშოს პროტესტი და დაიმორჩილოს საზოგადოება. არა მარტო წულუკიანის მიერ საგამოძიებო კომისიის მანდატების გაფართოება - ეს ყველაფერი ამ მიზანს ემსახურება. თუმცა, აი, როგორ შეძლებს ამას „ოცნება" - ეს არის მთავარი კითხვა", - განაცხადა ძაბირაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე