თამთა ჩაჩანიძე
(28.03.2025)

„ქართულმა ოცნებამ" დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც „კოლექტიური ნაცმოძრაობის და მისი მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას" ეხება. ძირითადად ოთხ პარტიაზეა საუბარი, რაზედაც ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დიდი ალბათობით იგულისხმება 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერგადალახული ძალები.

„ოცნების" ოპონენტების შეფასებით, ესაა ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობა, რა დროსაც ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავენ, მათი ლიდერები კი ან დაპატიმრებულები იქნებიან, ან ქვეყნიდან გაძევებულები.

საპასუხოდ ენმ-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არის იდეა და არა რაღაც დოკუმენტი, რომ გაუქმდეს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიზანია, რომ ენმ პოლიტიკური ველიდან გაიყვანონ „როგორც პოლიტიკური სუბიექტი და ასევე ის პარტიებიც, რომლებიც მოიაზრება. არ ვიცი, კონკრეტულად რა პრეტენზიები აქვთ და რა შეიძლება გამოიკვეთოს საგამოძიები კომისიის დროს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მთავარი მიზანი მაინც ნაციონალური მოძრაობის გაყვანაა.

„საქმე ისაა, რომ შეიძლება ნაციონალური მოძრაობა ფორმალურად აიკრალოს და საკონსტიტუციო სასამართლომაც დააკმაყოფილოს ეს სარჩელი, მაგრამ ხომ შეიძლება ისინი სხვა სახელწოდებით შეიკრიბონ და ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია დააარსონ, არც ესაა გამორიცხული", - განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს იყო ხელისუფლების რექაცია სენატში მიღებულ „მეგობრობის აქტზე".

„ხელისუფლება ცდილობს, რომ არ შეიმჩნიოს და თითქოს არაფერი არ ხდება. ეს უფრო რეაქცია მგონია, ვიდრე რაღაც სერიოზული გაზრახვა, რომ მან მართლა დაიწყოს პროცესი. თუმცაღა გამორიცხული არაფერია. ხელისუფლება ჯერჯერობით ცდილობს, რომ იყოს უფრო რადიკალური და არა შემრიგებლური, ან დამთმობი. ამას ცდილობს და სადამდე ეყოფა ეს ძალა და ენერგია, ეს სანახავია და პროცესი ამას გამოაჩენს, მაგრამ მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებები უკრაინის თემაზე.

„თუ იქ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც წესით უნდა წავიდეს, მაშინ „ოცნებას" ნამდვილად მოუწევს დათმობებზე წასვლა. თუ პირიქით მოხდა, მაშინ შეეცდება, რომ უფრო ავტორიტარული რეპრესიული სისტემა შექმნას, თუმცა როგორ მოახერხებს, ეს სხვა საკითხია. არ გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციონერ ლიდერთა გარკვეული ნაწილი ახლაც გახდეს რეპერესიების მხვერპლი, მაგრამ ამ პროცესზე ეს გავლენას ვერ იქონიებს, პირიქით, პროტესტს უფრო გაამძაფრებს.

„ამას ეკონომიკური პრობლემებიც დაემატება, რაც, ჩემი აზრით, სრულიად მოსალოდნელია. აქ მნიშვნელოვანი ის კი არაა, ეკონომიკას რამდენპროცენტიანი ზრდაა, მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ზრდა ზედა ფენაზეა და საშუალო-დაბალი შემოსავლების მქონე მოსახლეობა პირიქით, ყველაფერს კარგავს და თანდათან უფრო ღარიბდება, ამიტომ ეს პროცესიც იმუშავებს, უბრალოდ ოპოზიციამ უნდა გაუძლოს", - განაცხადა მან.

კითხვაზე, ვინ იგულისხმება 4 პარტიაში, ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პასუხობს, რომ სავარაუდოდ, ეს ბარიერგადალახული ძალებია.

„ვინც გადალახა ბარიერი, ხომ ვიცით, რომ ეს არის (ნაცმოძრაობს გარდა) გახარიას პარტია, გვარამია-მელია-ჯაფარიძე-ხოშტარიას და „ლელოს" კოალიციები, მაგრამ ეს ხალხი რამდენად მოხვდება, არ ვიცი, რადგან, რამდენიმე პირს თუ არ ჩავთვლით, ხელისუფლებაში ისინი არ ყოფილან. ჯერ კომისიამ უნდა დაასრულოს მუშაობა, შედეგები დაიდოს და იმის მიხედვით გამოჩნდება რა პერსპექტივები აქვს საერთოდ ამ ყველაფერს, ანუ რა მასალები დაიდება, რამდენად მყარი იქნება ეს სამხილები და ა.შ. ახლა ამაზე საუბარი, მე მგონი, ნაადგრებია.

„თუმცაღა, რაც ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გამოცხადდა, რომ მათი მიზანია პოლიტიკურ ველზე შემოიყვანონ ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მათ უფრო ჯანსაღ ოპოზიციად მიაჩნიათ. ვფიქრობ ნელ-ნელა მოხდება პოლიტიკური ველის შევსება ახალი პოლიტიკური ძალებით, ეს შესაძლოა უცბათ არ მოხდეს. შეიძლება „ქართული ოცნებაც" იყოს დაინტერესებული ამაში, რომ გარკვეულ ჯგუფებს დაეხმაროს პარტიებად ჩამოყალიბებასა და პოლიტიკურ ველზე შემოსვლაში",- განაცხადა ანჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძეც ფიქრობს, რომ „ოცნება" ბარიერგადალახულ პარტიებს გულისხმობს.

„მნიშვნელოვანი ერთი რამაა, რომ ესენი თურმე ის პარტიები არიან, რომლებიც ქვეყნის ღალატში და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაში არიან, მაგრამ იმ 800 ათას მოქალაქეს რა უნდა ვუყოთ, ვინც ხმა ამ პარტიებს მისცა? ეს ხალხიც მოღალატეა და ესენიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიდიან? კი დაგვამშვიდა მდინარაძემ, რომ მათ არ დავიჭერთო, მაგრამ არ დავიჭერთ ერთია და ეს ხალხი რომ საპროტესტოდ იქნება განწყობილი, ეს მეორეა.

„რთული პერიოდი გვიდგას, თუმცა უფრო რთულიც გვქონია და რაღაცნაირად ვახერხებდით ამ კრიზისის დაძლევას, ვფიქრობ ახლაც ასე მოხდება და ამ კრიზისის დაძლევას შევძლებთ და სამშვიდობოს გასვლას, რთული იქნება, მაგრამ შანსები არის",- განაცადა ძაბირაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ პარტიების აკრძალვას დასავლეთის მხრიდან კრიტიკა მოჰყვება და შესაძლოა სანქციები შემოიღონ.

„რა თქმა უნდამ, კრიტიკა მოჰვება, ეს კრიტიკა ჯერ კიდევ მაშინ დააფიქსირეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი 29 აპრილს მიტინგზე გამოვიდა და ნაციონალური მოძრაობის გასამართლების შესახებ განაცხადა. მაშინ ძალიან სერიოზული კრიტიკა წამოვიდა დასავლეთიდან, სავარაუდოდ ეს კრიტიკა, ვფიქრობ, შენარჩუნდება. ამის გარდა, შესაძლოა რაღაც სანქციები შემოიღინ, რადგან ისედაც უკვე ვართ სანქციების ქვეშ და ამას დაარქვან სანქციები დემოკრატიული უკუსვლის გამო."

ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ "ოცნება" აშშ-სთან ურთიერთობებს ვერ ალაგებს.

„რა თქმა უნდა აშშ-სთან ურთიერთობა ვერ დაალაგეს და ვერც დაალაგებენ, გამორიცხულია. „ქართული ოცნება" უკეთეს შემთხვევაში თავს იტყუებს, უარეს შემთხვევაში ცდილობს მოსახლეობა და თავისი მომხრეები მოატყუოს, დრო გაჭიმოს და პროცესი ვითომ გადააგოროს, მაგრამ ვერც ამას ახერხებს. რუსთაველზე ყოველ დღე 10-20 ათასი კაცი არაა, მაგრამ მუხტი შენარჩუნებულია, ესაა მთავარი და კიდევ უფრო მეტი პროტესტი არ აორთქლებულა და 31 მარტს იმედი მაქვს ძალიან ხალხმრავალი და მძლავრი აქცია იქნება და შეხედავს ყველა, რომ ასე მარტივადაც არ ყოფილა საქმე როგორც „ქართულ ოცნებას" უნდა წარმოაჩინოს.

„ოცნება" გარკვეულ ცდებს ატარებს, არ გაამართლა რეპრესიებმა, როცა მომიტინგეებს თავ-პირი დაამტვრიეს, არ გაამართლა დაპატიმრებებმა და ფინანსურმა რეპრესიებმა და ახლა ვითომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელზე გადადიან. არც ეს არ გაამართლებს, გამორიცხულია, თუ ვინმეს საქართველოში დიქტატურის, ან ავტორიტარიზმის დამყარება უნდა, ადგილობრივი რესურსი ამისთვის არ არსებობს, მაშინ უცხო ძალის პირდაპირი ჩარევა უნდა მოხდეს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ოცნება" გეგმავს, პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე საკონსტიტუციო სასამართლოს, „ნაციონალური მოძრაობის" და „მისი სატელიტი" პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით მიმართოს.

გარდა ამისა, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და 2012 წლის შემდგომ პერიოდზეც გავრცელდება. ამასთან, რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თქმით, კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი, რომ „ნაცმოძრაობამ და მისმა სატელიტებმა" ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ.

„ჩვენ ძირითადად გვყავს ოთხი პარტია, რომელიც საერთო „მესიჯბოქსში" ზის. რომლებიც არიან საერთო მიზნით - საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი აგენტურული პარტიები, თუმცა წინასწარ საუბარი მაინც არ შეიძლება, რადგან რომლის მიმართ, რა სამართლებრივი საფუძველი იქნება, რა მტკიცებულებები შეიკვრება, რაც საფუძველს და საშუალებას მოგვცემს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის სარჩელით მივმართოთ, ეს არავინ იცის. წინასწარვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ უდიდესი ალბათობით, დიდი ვარაუდით ჩვენ შევძლებთ მათი უმრავლესობის, ამ აგენტურული პარტიების ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას.

„უკვე კომისიის სხდომებიდანვე იკვეთება რა დონის ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებებს ჩადიოდნენ წლების განმავლობაში, არა მხოლოდ 2012 წლამდე, დღემდე გრძელდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არანაკლებ მავნებლობას ანტისახელმწიფოებრივ, ანტიკონსტიტუციურ, ანტიეროვნულ, კოორდინირებულ ქმედებას სჩადიან 2012 წლის შემდეგაც და როგორ აჯანჯღარებენ დღემდე ამ ქვეყანას. ამ ქვეყანას ბოლომდე არ ეშველება და გაგვიჭირდება ქვეყანაში მშვიდობის გარანტების მიღება, სანამ ეს პარტიები პოლიტიკურ ველს არ ჩამოშორდებიან და, ვიდრე გზა არ გაეხსნება ახალ, ობიექტურ, ეროვნულ ძალებს, ნიჭიერ ადამიანებს, პატრიოტ ადამიანებს, რომ ეს ნიშა დაიკავონ.

"დღეს, დიდი ფულით ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარით დაფინანსებული აგენტები იკავებენ ოპოზიციის ნიშას, მაშინ, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში მათი აკრძალვის საფუძველი არის", - განაცხადა მდინარაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა" არ არის იურიდიული დოკუმენტი, რომელსაც ასე მარტივად გაანადგურებენ. „ნაციონალური მოძრაობა" არის ხალხი, რომელიც გაერთიანებულია ყველაზე ძვირფასი - ერთიანი, ძლიერი, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფოს - იდეის გარშემო,- განაცხადა "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას" ნუ ჰგონია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი შერჩება.

„მინდა რამდენიმე სიტყვით გამოვეხმაურო არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიას, რომლის ამოცანაც „ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაა. მინდა ამ მოღალატეობრივ რეჟიმს ვუთხრა, რომ „ნაციონალური მოძრაობა" არ არის იურიდიული დოკუმენტი. „ნაციონალური მოძრაობა" არის ის ხალხი, რომელიც გაერთიანებულია ყველაზე ძვირფასი - ერთიანი, ძლიერი, ქართული, მაშასადამე ევროპული სახელმწიფოს -იდეის გარშემო. ეს ნიშნავს ევროკავშირში და ნატო-ში წევრობას. „ნაციონალური მოძრაობა" არის იდეა და არა რაღაც დოკუმენტი, ამიტომ, რაც არ უნდა წრეები ურტყათ, ამ პარტიას ვერ გაანადგურებთ, ისევე როგორც ვერ გაანადგურებთ ქართველ ხალხს და იმ იდეას, რომელიც არის უზენაესი ჩვენი ხალხისთვის, რასაც თავისუფლება, ძლიერი, ერთიანი, დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფო ჰქვია.

„ნუ გგონიათ, რომ ჩვენთვის მსოფლიოში არ სცალიათ. უკრაინაში ომი მიდის, აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თავის პოლიტიკას ატარებს, სხვადასხვა რეგიონთან მიმართებაში, ევროკავშირში უკრაინისთვის უფრო მეტი დახმარებისთვის ემზადება მიუხედავად ამისა, ნუ გგონიათ, რომ ჩვენთვის და ივანიშვილისთვის არავის არ სცხელა, ასე არ არის. გერმანიაში ახალი მთავრობა ჯერ კიდებ არ მოსულა და უკვე ვნახეთ როგორ დაასანქცირა ეს რუსული რეჟიმი. ახლა უკვე კონგრესში განიხილება „MEGOBARI აქტი". ამიტომ ამ ადამიანებს ნუ ჰგონიათ, რომ მათ ქართველი ხალხის შეურაცხყოფა, საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი შერჩება. დანაშაულები, რომელსაც ისინი რიგითი ქართველი მოქალაქეების მიმართ სჩადიან და მათ ამ ყველა დანაშაულზე პასუხის გება მოუწევთ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე