თამთა ჩაჩანიძე
(27.03.2025)

„კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან საჭიროა „უფრო რადიკალური ნაბიჯების გადადგმა" და ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს გადამწყვეტი ბრძოლის დღეზე, როცა ვამბობთ, რომ „ვიწყებთ და დღის ბოლოს რეჟიმს ვასრულებთ".

ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე ამბობს, რომ ეს განცხადება პიარის ნაწილია, რადგან ოპოზიციას „გადატრიალების მსგავსი არაფერი შეუძლია".

„ვიცი, რომ გედევან ფოფხაძე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომლსაც არანაირი ზნეობრივი უფლება არ აქვს ასე ისაუბროს და იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ახლოს არ უნდა გააკარო პოლიტიკას. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ამ ეტაპზე მსგავსი არაფერი შეუძლიათ, რომ რაღაც გადატრიალების ან რეჟიმის შეცვლის მსგავსი მოახდინონ. ვინც ამბობს, რომ მათ თურმე შეუძლიათ გაერთიანდნენ და ბოლო მოუღონ სრულიად ლეგიტიმურ ხელისუფლებას, რომელსაც ხალხის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა და რომელმაც გაუძლო ძალიან რთულ გამოცდას, აშკარად არაადეკვატურია, ან ესმის, რომ არაფერი შეუძლია და მაინც ამბობს. ეს უკვე პროპაგანდისტული პიარ-მიზნებისთვისაა და იმისთვის, რომ დასავლელ პარტნიორ ლობისტებს აჩვენონ, რომ, აი, ჩვენ ვიბრძვით მაკკეინის ინსტოტუტის ცნობილი პროგრამის შესაბამისად. იქ ისიც კი იყო გაწერილი - არჩევნებამდე რომ დაიწყება დაჯარიმება, ჩვენ, დონორები შევძლებთ, რომ ეს გადაგიხადოთო. ვფიქრობ, რომ არაადეკვატურობა უფრო პატიოსანი პოზიციაა, როცა მართლა სჯერათ, რომ შეუძლიათ," - უთხრა მამრაძემ „რეზონანსს".

თუმცა იმასაც არ გამორიცხავს, რომ ოპოზიცია შეიძლება გარკვეული სცენარისთვის მართლა ემზადებოდეს.

„დიდი ალბათობით ემზადებიან, გააჩნია ამ ვითარებაში რამდენ ფულს მოუყრიან თავს. რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით, ეცდებიან რაღაც საერთო სახალხო გამოსვლის მსგავსი მოიწყონ. თუ მოსინჯეს და ერთი ათი ათასი მაინც გამოვა, მაშინ შეიძლება გააკეთონ და თუ დაინახავენ, რომ რაც არ უნდა გააკეთონ, არაფერი გამოდის, მაშინ არაფერზე არ წავლენ. გამოჩნდა, რომ შიგნით ღია დაპირისპირება-განხეთქილებაა, რასაც მე ყველა ინტერვიიში აღვნიშნავდი, რომ მოსალოდნელი იყო. ამ ფონზე, ვნახოთ, შესაძლოა რაღაც ერთჯერადი მაინც მოახერხონ, რომ, აი, ერთად უნდა ვიყოთ და ვაჩვენოთ ჩვენს დასავლე ლობისტებს, რომ ერთად ვართ და ერთი ფრონტი გვაქვს. ეს შეიძლება, მაგრამ შედეგი ნულია",- განაცხადა პეტრე მამრაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს მხოლოდ ფოფხაძის პოზიციაა და ოპოზიციას არ ეტყობა ჯერჯერობით, რომ მსგავს სცენარს აპირებდეს.

„ოპოზიცია ჯერ არ ემზადება, ეს გედევან ფოფხაძის განცხადებაა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ის, რომ ერთ დღეს დაიწყო და საღამოს დაასრულო ეს რეჟიმი, ადვილი საქმე არაა. ყოველ შემთხვევაში, გააქტიურება საჭიროა, რომ ეს რეჟიმი უფრო ადრე დასრულდეს. აქ ერთ დღეზე ლაპარაკი არაა, მაგრამ საჭიროა მეტი კონსოლიდაცია პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, მაგრამ ამავე დროს მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდება, თუ რატომ სჯობს ოპოზიცია დე ფაქტო ხელისუფლებას."

კითხვაზე, ეს გადამწყვეტი დღე რამდენად შეიძლება იყოს 31 მარტი, გვითხრა, რომ არ ჰგონია.

„არ მგონია, რომ გადამწყვეტი დღე იყოს. თუმცაღა თუ 31 მარტს ბევრი ხალხი შეიკრიბა და მგონია, რომ შეიკრიბება, ზემოქმედებას მოახდენს რაღაც სასიკეთო პროცესზე, თუმცა არ მაქვს ილუზია, რომ 31 მარტის დღის ბოლოს „ქართული ოცნება" ჩამოიშლება", - თქვა ჩიტაძემ.

გედევან ფოფხაძის შეფასებით, ახლა საჭიროა, რომ ოპოზიცია ბრძოლის კონკრეტულ დღეზე შეთანხმდეს, „როცა „ქართული ოცნება" დასრულდება".

„ჩვენ ევროპას ვკარგავთ, გვყავს მთავრობა, რომელიც დიდი ხანია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ლანძღვა-გინების რეჟიმზეა გადასული. თუ ჩვენ გვინდა ევროპასთან თანამშრომლობა, ეს რაღაც სტანდარტებით უნდა მოხდეს. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ევროპის დაკარგვის პერსპექტივა არ აშინებს. მათ არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთეს, მათი მიზანია ისინი ლავროვს მოეწონოთ. ამიტომ ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ევროპის მხრიდან მეტი აქტიურობა ტრიგერია, ამიტომ უნდა გავიაზროთ, რომ ახლა ქართველი ხალხის მოქმედების დროა. საჭიროა რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ხელისუფლებასთან უფრო ხისტი პოზიციის დამყარება. ჩვენ გვჭირდება, რომ შევთანხმდეთ გადამწყვეტი ბრძოლის დღეზე, როცა ვამბობთ, რომ „ვიწყებთ და დღის ბოლომდე რეჟიმს ვასრულებთ". ასეთ თემაზე შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება, თუ ეს ვერ ხერხდება, მერე ვართ დილემის წინაშე - ერთიანობა თუ სწორი მოქმედებების გეგმა. ჩვენი ვალდებულებაა, წნეხი და რეჟიმის რყევა განვაგრძოთ და ტრიგერი აუცილებლად გამოჩნდება", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ "პალიტრანიუსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე