პროკურატურამ, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, „ძლიერი საქართველოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ოპოზიციონერების ნაწილი კვლავ უარს ამბობს გამოძიებასთან თანამშრომლობაზე. კომისია კი მუშაობას აგრძელებს და დღეს კიდევ ერთი საკითხი - 2008 წლის აგვისტოს ომი განიხილეს. აღსანიშნავია ისიც, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსმენაც იგეგმება.
„კოალიცია ცვლილებებმა" ღიად დააფიქსირა, რომ კომისიაზე მისვლას არ აპირებს. როგორც მისი ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს: „უნდა ვიცოდეთ, რომ წულუკიანის „კომისიაზე" მისული ნებისმიერი პირი არის ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე და არანაირი „გამპრავებელი" ბოდიალი ამას არ უშველის. წერტილი", - წერს ნიკა გვარამია.
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროკურატურა დაუკავშირდა და უთხრა, რომ მოწმის სტატუსით მისულიყო, თუმცა როგორც მან აღნიშნა, ამის მიუხედავად, ის არ ნანობს ამ გადაწყვეტილებას.
„პროკურატურიდან დამიკავშირდნენ, მოწმის სტატუსით მობრძანდიო. ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე. კიდევ ერთხელ ვამბობ - გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ", - წერს ხაზარაძე „ფეისბუქში".
პროკურატურის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „349-ე მუხლით დაიწყო. 25 მარტის კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს „მაგნატის" საქმე განიხილეს.
ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, „მაგნატის" მესაკუთრე იყო. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები იყვნენ „ძლიერი საქართველოს" ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და „ამ ცირკში მონაწილეობას" არ აპირებს. კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდა ბადრი ჯაფარიძეც.
კომისიამ 26 მარტს მიიღო გადაწყვეტილება და მისი საქმეც შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცა.
ვინ იქნება ხაზარაძის შემდეგ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით, შესაძლოა სამი წამყვანი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც დაიბარონ გამოკითხვაზე. ის არ გამორიცხავს, რომ მათზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
„ხაზარაძის შემდეგ ალბათ გამოძახებული იქნება წამყვანი სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები. თითქოს ისე ჩანს, რომ რაღაც საბაბს ეძებს, რათა პროკურატურამ საქმე აღძრას. ამ ხელისუფლებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის დაპატიმრებები. მათი პირველი მიზანი იყო ეს პროპაგანდა, რომ ამხილონ წინა ხელისუფლების ე.წ. დანაშაულებრივი ქმედებები. ამიტომ გამორიცხული არაა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, რადგან სავარაუდოდ, იფიქრებენ, პოლიტიკური ლიდერის გარეშე პარტია დასუსტდება და სწორედ ამაზეა გათვლილი", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა" პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პაატა დავითაია, მიხეილ ქარელი, გრიგოლ ვაშაძე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი და ზურაბ ნოღაიდელი დაიბარა.
სხდომაზე მოუსმინეს პაატა დავითაიასა, მიხეილ ქარელს, გრიგოლ ვაშაძეს და ზურაბ ნოღაიდელს. ამასთან, სხდომაზე დაბარებული არიან ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი, თამაზ ბესტაევი.
აღნიშნული კომისიის წევრმა და „ქართული ოცნების" დეპუტატმა სოზარ სუბარმა კომისიის სხდომაზე აღნიშნა, რომ ომის დროს მოწინააღმდეგეს ინფორმაცია პირდაპირ ეთერში მიეწოდებოდა.
„კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა მაშინ ტელევიზიებში. პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში მიდიოდა გადაცემა, რა წარმატებას აღწევს ქართული ჯარი, დავიბრუნეთ ეს სოფელი, ის სოფელი, ის დასახლებული პუნქტი, ეს სიმაღლე ავიღეთ. მოსახლეობა იმედიანად იყო.
სატელევიზიო გადაცემები, უშიშროების საბჭოს პირდაპირი ეთერები ხომ არ ყოფილა განხილული კომისიაზე, ხომ არ იყო იმის ნიშანი, რომ პირდაპირ ვეუბნებოდით მტერს, რას ვაკეთებდით, სად იყო ჯარი განლაგებული, რას ვბომბავდით, საით მივდიოდით - ინფორმაციის გადაცემა მოწინააღმდეგეზე ხდებოდა პირდაპირ ეთერში. ერთ ფაქტს გავიხსენებ - 31-ე ქარხანასთან ვცხოვრობდი.
რუსული თვითმფრინავი შემოფრინდა, რომელმაც ერთი ბომბი ისროლა და ეს ბომბი ესროლა საავიაციო ქარხნის ასაფრენ ზოლს. გამოვიდა კახა-ალექსანდრე ლომაია, უშიშროების საბჭოს მდივანი იყო მაშინ და პირდაპირ ეთერში დასცინა რუსებს, რომ სამიზნეები არ უვარგათო, 20 მეტრი მარჯვნივ თუ მარცხნივ ააცილესო. ნახევარ საათში შემოფრინდა თვითმფრინავი და ის ზოლი ააფეთქა. ეს პირდაპირი კორექტირება მოწინააღმდეგის ცეცხლის განიხილეთ თუ არა კომისიის სხდომაზე? თქვენი აზრით, როგორც კომისიის ხელმძღვანელის, არის თუ არა დასჯადი ასეთი ღალატი პირდაპირ ეთერში?"- მიმართა სოზარ სუბარმა პაატა დავითაიას, რომელიც 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას ხელმძღვანელობდა.
ამასთან, როგორც სუბარმა აღნიშნა, აგვისტოს ომის დროს მოსახლეობას არა ხელისუფლება, არამედ მოქალაქეები აფრთხილებდნენ.
„ამ დღეებში, ჩვენ მოწვეული გვყავს არაერთი ადამიანი, ექსპერტები, თანამდებობის პირები, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებსაც არაერთხელ უთქვამთ და ეჭვი მაქვს, აქაც იმავეს იტყვიან, რომ როდესაც ოკუპაცია უკვე დაწყებული იყო, როგორც ცხინვალის რეგიონში რუსეთის ჯარი უკვე შემოსული იყო გვირაბიდან, ისევე კოდორის ხეობაზე უკვე შეტევა დაწყებული იყო და ჩვენი ჯარი ტოვებდა კოდორის ხეობას, მოსახლეობის გაფრთხილება არ მომხდარა.
მსხვერპლის რაოდენობა 80-მდე სახელდება, 80-მდე კაცი იმის შემდგომ არის გარდაცვლილი, უფრო სწორად, მოკლული მხოლოდ იმიტომ, რომ მათი სათანადო და დროული გაფრთხილება არ მოხდა. მსხვერპლი ნაკლები იყო, იმიტომ, რომ ადამიანებმა თავის თავზე აიღეს ხელისუფლების ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, რომ თვითონ აფრთხილებდნენ ადამიანებს, მათ შორის, ერთ-ერთი მე ვიყავი, რომელიც აქტიურად ვრეკავდი განსაკუთრებით კოდორის ხეობაში და ლიახვის ხეობაშიც.
ვეუბნებოდი ადამიანებს, რომ საფრთხე არის ძალიან რეალური და შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი ამის გამო გადარჩა. თუ გიცდიათ კომისიის სხდომაზე ამ საკითხის წამოწევა და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთა, რატომ არ მოხდა ამ ადამიანების გაფრთხილება, რატომ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა, მით უმეტეს, ვიცით, რომ თითქმის ერთი თვით ადრე იყო დაწყებული ცხინვალიდან ქალებისა და ბავშვების გაყვანა, ანუ რაღაც გეგმა სავარაუდოდ არსებობდა.
თუ ეს გეგმა არსებობდა, რატომ არ იცოდა ამის შესახებ საქართველოს ხელისუფლებამ და თუ იცოდა, რატომ არ იღებდა შესაბამის ზომებს, ან თუ იმსჯელეთ?", - მიმართა სუბარმა დავითაიას.
პარტია „ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის მომზადების ან მისი მიღების შემდგომ, „არც ერთი მაშინდელი თანამდებობის პირის მხრიდან ზეწოლა არ ყოფილა".
„ძალიან ხშირად, დაწყებული დამლაგებლიდან, დამთავრებული ჟურნალისტ-პოლიტიკოსით, ყველა კითხულობს ამ თემას. სრული სერიოზულობით, ღმერთის წინაშე ვაცხადებ, რომ კომისიის მუშაობის პერიოდში, ერთხელაც კი არ ყოფილა ზეწოლა, მითითება ან შემოვლითი მითითებაც კი, იმასთან დაკავშირებით, რომ ჯობდა ასე, ისე, ან სხვანაირად ყოფილიყო, პირობითად ვამბობ.
პირიქით, თუ საუბარია ზეწოლის მექანიზმების გამოყენებაზე, ღიად ვიძახი, რომ მე, როგორც კომისიის თავმჯდომარე, ვიყენებდი ზეწოლის ბერკეტებს, რათა კომისიის დაკითხვაზე ხალხი მოსულიყო. პირდაპირ გეუბნებით. როგორც თქვენ გაქვთ სამართლებრივი ბერკეტი, მე ეს ბერკეტი ასეთ დონეზე მქონდა. მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი მქონდა. მაგრამ ამ ბერკეტს ბევრი მიზეზის გამო ვიყენებდი. ცალსახად ვადასტურებ, რომ შემდგომაც, კომისიის დამთავრების პერიოდშიც არცერთი თანამდებობის პირის მხრიდან არ ყოფილა ასეთი რამ.
ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ამ დასკვნას მხოლოდ პაატა დავითაიამ არ მოაწერა ხელი. ამ დასკვნას მოაწერა ხელი ცხრავე წევრმა და აქედან, ხუთი წარმოადგენდა „ნაციონალური მოძრაობის" პარტიას, მაშინდელ უმრავლესობას. კომისია გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით იღებდა. ეს ხარვეზები აღიარეს. ამიტომ, ზეწოლის განხორციელება ძალიან გაუჭირდებოდათ, პირდაპირ ვამბობ",- აღნიშნა დავითაიამ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სხდომაზე გამოიკითხა შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, მიხეილ ქარელი, რომელმაც ყოფილ პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
„ბოლო დროს, სააკაშვილი ხელისუფლებაში ყოფნის ხიბლში იმდენად შევიდა, რომ უკვე აღარ შეეძლო ნებისმიერი განსხვავებული აზრის მოსმენა, ეს იმდენად აღიზიანებდა, რომ უკვე მდგომარეობიდან გამოდიოდა.
გითხარით, რომ ერთხელ აფექტურ მდგომარეობაშიც ვნახე და ადამიანისთვის სულაც არ არის ჰქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომ დაუსვა დიაგნოზი, თუ ის ფსიქიკურად მართლაც ავადმყოფია, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
მაშინ, მე განცხადებაც დავწერე თანამდებობიდან წასვლის შესახებ; დამიბარა და დახია ეს განცხადება, გაგიჟებულმა თავის კაბინეტში მიმოფანტა და გამაფრთხილა,რომ მეორედ მსგავსი რამ არ გამებედა და თუ გავბედავდი, თვითონ იცოდა, სად გამგზავნიდა.
სხვათა შორის, უკვე ამ ურთიერთობებიდან გამომდინარე, მე თვითონ ოქრუაშვილისთვისაც არაერთხელ მითქვამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს, დადგებოდა ის დღე, როცა მოვხვდებოდი ციხეში იმიტომ, რომ მისი ქმედებები უკვე ჩემთვისაც აბსოლუტურად მიუღებელი იყო და ამ ყველაფერზე თმენის ვალდებულებაც კი, ფაქტობრივად, უკვე არა მქონდა.
მიუხედავად იმისა, რომ მაინც ვერ ავცდი ამ უბედურებას, ვერც კი წარმომედგინა, თუ რა ელოდებოდა ჩემ ოჯახს და საახლობლოს ამ ყველაფრის შემდეგ. რა თქმა უნდა, მან ვერ აიტანა ის, რომ ოპოზიციის და საპროტესტო მუხტს მხარი დავიჭირე და მაშინვე გასცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება. ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც ფიზიკურად გამისწორდნენ.
ოთხი დღის განმავლობაში ბეტონის ოთახში დამტოვეს. ითხოვდნენ ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას და ამას რომ ვერ იღებდნენ, უფრო და უფრო სასტიკად იქცეოდნენ. შემდეგ, ოქრუაშვილიც დააპატიმრეს. ოქრუაშვილის სამარცხვინო ჩვენებაც გახსოვთ.
ჩემგან რომ ვერ მიიღო ის ყველაფერი, რაც თვითონ სურდა, უკვე შემდეგ მთელი ზეწოლა ჩემ ოჯახის წევრებზე, ჩემ მოხუცებზე გადაიტანა. მშობლების სახელზე აღრიცხული ქონება მთლიანად წაგვართვა, ჩამოგვართვა. ცალკე თემაა, სამართლებრივად ეს როგორ შეფუთა", - განაცხადა მიხეილ ქარელმა.
მისი თქმით, სახელიდან მის მშობლებს აძევებდნენ და ამ ფაქტს სოფელში სამეზობლო უპირისპირდებოდა.
„ეს ვერ მოახერხეს, რადგან ამათ სამეზობლო, სოფელი უპირისპირდებოდა და საბოლოოდ, მერე ამ ომმა, რომელიც მისი ერთ-ერთი უდიდესი ავანტიურა გახლდათ - ომის დროს ჩემი ის სახლი, სადაც მე დავიბადე და გავიზარდე, პაპაჩემის აშენებული, დაწვეს და მთლიანად გაანადგურეს.
ამიტომ ვამბობ, რომ ის ფსიქიკურად საშიში ადამიანია, ფსიქიკურად ავადმყოფია და მიმაჩნია, რომ დღესაც საშიშია, ჩემი აზრით. გულწრფელად გეტყვით, ამიტომ აბსოლუტურად მხარს ვუჭერ თქვენი კომისიის მუშაობას. თუ დამატებითი კითხვები იქნება ჩემთან მიმართებაში მზად ვარ, რომ გამოვცხადდე თქვენი კომისიის სხდომაზე. გულწრფელად გეტყვით, ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს, წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავი", - განაცხადა მიხეილ ქარელმა.
კომისიის სხდომაზე გრიგოლ ვაშაძეც იყო დაბარებული, რომელსაც კომისიის თავმდჯომარემ, თეა წულუკიანმა მას კითხვები დაუსვა.
„სანამ თქვენ შემობრძანდებოდით, მოვუსმინეთ 2004-2007 წლებში შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულს, მიხეილ ქარელს. მან თქვა, რომ სააკაშვილი მის კაბინეტშიც, როდესაც შეხვედრები იმართებოდა, ამბობდა, რომ ორ დიდ სახელმწიფოსთან არის შეთანხმებული ის, რომ ჩვენ ცხინვალი ძალისმიერი მეთოდით დავიბრუნოთ. მან სააკაშვილის ციტატა მოიყვანა, რომ „ამერიკელები მიხედავენ რუსებს".
ყველას მინდა შევახსენო, რომ ის იმავდროულად მთავარსარდალიც იყო. თქვენ დავითაიას კომისიის წინაშე ბრძანეთ, რომ მე ყველაფერში ვიყავი ჩართული, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მინისტრის მოადგილე იყავით. მანამდეც იყავით მინისტრის მოადგილე და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც ჩანს, ყველაფერში იყავით ჩართული პრეზიდენტის მიერ. თქვენთანაც ხომ არ აქვს ეს ნათქვამი და რას გულისხმობს ის, რომ ამერიკელები მიხედავენ რუსეთს? რომ მე ავიყვან ჩემს ჯარს და შევიყვან ცხინვალში?", - აღნიშნა წულუკიანმა.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ ის „თავს იკავებს იმ სიტყვების გამოყენებისგან, რისი გამოყენებას სურს". „ამ კომისიას ვცემ პატივს, ამიტომ არ გამოვიყენებ იმ სიტყვებს, რა სიტყვებიც გამოყენებაც მინდა. ამისთანა სისულელე არ გამიგია არც პრეზიდენტისგან, არც ადმინისტრაციის სხვა წევრისგან", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
თეა წულუკიანის თქმით, სააკაშვილი თავად უპასუხებს იმ კითხვებს, რაც მასთან დაკავშირებით კომისიას აქვს.
„იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს ეს თავში არ მოსვლია. მას რომ მოვიწვევთ, თუ მოვიწვევთ და იმედია მოვიწვევთ, მობრძანდება, მას ვკითხავთ, რა თქმა უნდა", - აღნიშნა წულუკიანმა, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით საპასუხოდ, სადაც ის ამბობს, რომ „არასდროს არავის პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არ მოსვლია იდიოტური აზრი - ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაეთმო".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე