ხუთშაბათს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "მეგობარი აქტის" განხილვაა დაგეგმილი, კანონპროექტს მხარს 8 რესპუბლიკელი და 10 დემოკრატი კონგრესმენი უჭერს. აქტში ერთის მხრივ საუბარია ხალხთა შორის კავშირების გაძლიერებაზე, მეორეს მხრივ კი ურთიერთობის სრულ გადასინჯვაზე და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დასწესებას მოითხოვს.
ამის საპასუხოდ "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ "აქტი გაჯერებულია ტყუილებით" და, რომ კანონპროექტის ავტორები "პირდაპირ ებრძვიან საქართველოს სახელმწიფოებრივობას", ამასთან ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის აშშ-სთან ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთიბა დარეგულირდეს.
ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს რომ აქტის მიღების ალბათობა კონგრესში 50/50-ზეა, თუმცა, დოკუმენტს მას შემდეგ ექნება ძალა, რაც საბოლოოდ პრეზიდენტი მოაწერს ხელს და ამ ნაწილში არ გამორიცხავენ, რომ "ქართულ ოპოზიციას იმედები გაუწბილდეს".
თუმცაღა, ნაწილი ანალიტიკოსებისა აცხადებს, რომ იმის გამო, რომ დოკუმენტი ორპარტიულია, მხარდაჭერა ექნება, როგორც კონგრესში, ისე დასკვნით ნაწილში.
უნდა აღინიშნოს, რომ აქტზე საკომიტეტო მოსმენა 11 მარტს იყო ჩანიშნული, თუმცა, გადაიდო 27 მარტისთვის. „მეგობარი აქტი" თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა 2024 წლის მაისში წარადგინა, ხელმეორედ კი ის 2025 წლის იანვარში.
დოკუმენტი სენატში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) და დემოკრატმა ჯინ შაჰინმა ორი კვირის წინ წარადგინეს.
"რეზონანსთან" ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს მოლოდინი აქვს, რომ ხვალ სენატში არც "მწვადს დაწვავენ და არც შამფურს".
"მოლოდინი ზოგადი სურათიდან გამომდინარე გიყალიბდება, ზოგადი სურათია ბუნდოვანი და გაუგებარი. მე მაინც მგონია, რომ საბოლოო შედეგი იქნება ასეთი - "არც მწვადს დაწვავენ, არც შამფურს", უფრო ზუსტად, არც საბოლოოდ ძველი პოლიტიკის ბლოკირება, მაგრამ არც უარყოფა იმისა, რა პოლიტიკური შეცდომებიც არის ამ აქტის შემდგენლების მხრიდან დაშვებული.
"მემგონი ასეთი გაბედული ნაბიჯი, რომ ეს შეცდომები დაიგმოს და ხვალ სენატმა რაღაც ახლისკენ უბიძგოს ამერიკელებს, ეს არ იქნება. (ტრამპი და მისი ადმინისტრაცია) რაღაც მიმართულებებზე "დიფ სტეიტის" ჩაკეტვაზე გარკვეულ ბარიერებს წააწყდა, ვფიქრობ, რომ გაბედული ნაბიჯები "დიფ სტეიტის" დამარცხების მხრივ ამერიკის ფარგლებს გარეთ ნაკლებად გადაიდგმება, ჯერ ამერიკაში აქვთ ეგ პრობლემა გადასაწყვეტი",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".
მეგობარი აქტის ძირითადი დებულებები
დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა - აქტი განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. იგი აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისათვის.
მიმართვა დემოკრატიულ უკუსვლას - საქართველოში ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ, აქტი მოითხოვს საქართველოს მთავრობის ქმედებების, რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირების გაძლიერებულ შესწავლას.
ანგარიშგება და სანქციები - არასათანადო გავლენა და სანქციების თავიდან აცილება: ანგარიშები საქართველოში კორუფციული პრაქტიკის შესახებ, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის ინტერესებს და სანქციების თავიდან აცილებას.
რუსეთის სადაზვერვო აქტივები - საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევისა და ჩინეთის პოტენციური თანამშრომლობის შეფასება.
სანქციები ქართველ პირებზე - იდენტიფიკაცია, სანქციებისა და მოგზაურობის აკრძალვის დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.
დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა - სამუშაო ჯგუფი შექმნილი იქნება საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში, რათა უზრუნველყოს სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესები.
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და მხარდაჭერა - საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ასახავს აშშ-ის შემდგომ დახმარებას, მათ შორის: მოლაპარაკებები საქართველოსთან უფრო შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულების დადებაზე; გაცვლის გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება;
ეკონომიკური პაკეტის შემუშავება; უსაფრთხოებისა და თავდაცვითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიის დასაძლევად.
როგორია აქტის მიღების ალბათობა
ანალიტიკოსი გია აბაშიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ აქტის მიღების ალბათოა 50/50-ზეა, გააჩნია "დიფ სთეითის გავლენა როგორია ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში, როგორც რესპუბლიკელებში, ისე დემოკრატებში.
"ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად არის "დიფ სთეითის" გავლენები ძლიერი ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში, არ აქვს მნიშვნელობა ეს მმართველ რესპუბლიკურ პარტიაში, თუ ოპოზიციურ დემოკრატებში. შესაბამისად, მოლოდინი იმისა მიიღებენ, თუ არ მიიღებენ 50/50-ზეა.
"უფრო მნიშვნელოვანია ის, რომ კაპიტოლიუმში მიღებული რეზოლუციის განმახორციელებელი არის აღმასრულებელი ხელისუფლება. კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაცია და თუ იქ სანქციებზეა საუბარი და სხვა რაღაც შემზღუდავ ზომებზე, რა თქმა უნდა, ამას სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს, ან ხაზინის სამსახური, რომლებიც მერე ამ ყველაფერს თეთრ სახლს გადასცემენ.
"შემდგომ ეტაპზებზე როგორ მოხდება, მიიღებენ ამ ანტიქართულ გადაწყვეტილებას? ამის მიღების ალბათობა ძალიან სათუოა და შესაძლოა მაღალი შანსით ქართულ ოპოზიციას იმედები გაუწბილდეს, თუმცა ხმაურიან განცხადებებს საქართველოს საზოგადოება დიდი ხანია მიჩვეულია გინდ ვაშინგტონიდან, გინდ ბრიუსელიდან, თუ სხვა ქალაქებიდან",- განაცხადა აბაშიძემ "რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ კონგრესში მეგობარი აქტის მიღების ალბათობა არსებობს, რის შემდეგაც დღის წესრიგში აქტის საბოლოო აღსრულება დგება, ანალიტიკოსი არ განორიცხავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამაც დაუჭიროს მხარი დოკუმენტს.
"მეგობარი აქტის" მიღების ალბათობა არსებობს, რადგან დოკუმენტს ორპარტიულია, რომელსაც მხარს უჭერენ, როგორც რესპუბლიკელები, ისე დემოკრატები. შემდეგ უკვე სახელმწიფო დეპარტამენტის და სხვა სხვა შესაბამისი უწყებების კომპეტენცია დგება, რომ საბოლოოდ აღასრულონ აქტი.
ვგულისხმობ იმას, როცა საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლება არ ითვალისწინებს "მეგობარი აქტის" წინაპირობებს, მერე უკვე შესაძლებელია ამერიკის სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტი პროცესში ჩაერთოს და მხარი დაუჭიროს დოკუმენტს, მათ შორის პრეზიდენტმაც",- განაცხადა ჩიტაძემ.
მოსალოდნელია თუ არა შესწორებები "შერბილების", ან გამკაცრების კუთხით
ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, მათ შორის აქტში შეიტანონ შესწორებები, შერბილების, ან უფრო გამკაცრების კუთხით, გააჩნია კაპიტოლიუმში "დიფ სთეითის" გავლენა რამდენად ხისტია".
"ყველაფერი შესაძლებელია, ვიცით რომ რეზოლუციების პროექტებში ხდება სხვადასხვა წინადადებების შეტანა, შემდეგ კი კენჭისყრით მიმღები უმრავლესობა წყვეტს რომელი შესწორება შევიდეს, რომელი არა, მაგრამ აქაც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმულირებები, სიტყვები და დამუნათების რა ახალი ტერმინი შევა.
"ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ხისტია "დიფ სთეითის" გავლენა კაპიტოლიუმში",- აცხადებს ანალიტიკოსი.
აბაშიძე დასძენს, რომ თუ "დიფ სთეითის"გავლენა დიდია, მაშინ შესაძლოა შეარბილონ ტექსტი, თუ ხისტია, შესაძლოა გაამკაცრონ, მაგრამ მისი თქმით, "რეზოლუციის ტექსტი არაფერს ნიშნავს, თუ მას არ აღასრულებს აღმასრულებელი ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში".
ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ შესწორებები ეკონომიკურ ნაწილში შევიდეს, ტრამპის ბოლოდდროინდელი პოლიტიკის გათვალისწინებით.
"შესაძლებელია, რომ შესწორებები შევიდეს, თუმცა ეს შეიძლება შეეხოს ეკონომიკური დახმარების ნაწილს, ვიცით, რომ ამერიკა ეკონომიკურ დახმარებებს აუქმებს და შესაძლებელია ამ ნაწილში შესწორებებს ჰქონდეს ადგილი.
თუმცა მეორეს მხრივ არსებობს გამონაკლისი ქვეყნები, ისრაელი და ეგვიპტე, რომელსაც ამერიკა დახმარებას უწევს, არაა გამორიცხული, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ამერიკის ინტერესის სფეროში ვიყოთ. მით უმეტეს გვახსოვს ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს გამოხატა აშშ-მა ინტერესი ანაკლიის პორტის მიმართ.
"რაც შეეხება სანქციებს, ამ ნაწილში არ ველოდები, რომ შერბილდეს, მით უმეტეს, როცა "ქართულმა ოცნებამ" არ გაითვალისწინა "მეგობარი აქტის" წინაპირობები, ასევე თანამშრომლობს ირანთან და ის, რომ ჩინეთს გადასცა ანაკლიის პორტი და ა.შ.",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".
რაც აცხადებს "ქართული ოცნება"
დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აქტი გაჯერებულია ტყუილებით.
"შაჰინიც, რიშიც - ესენი არიან ადამიანები, ვინც ბოლო წლების განმავლობაში გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით. ეს ადამიანები პირდაპირ ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას. ეს ადამიანები პირდაპირ ცდილობენ, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, რევოლუცია, დაამხონ საქართველოს ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოიყვანონ მათთვის სასურველი ძალები, ანუ, პირდაპირ ვიტყვი, აგენტურა, რადგან როცა დასჭირდებათ, აგენტურა და ქვეყანა გამოიყენონ მათი ინტერესების გასატარებლად.
"არანაირი მეგობრობა ამ ადამიანების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით არ იკვეთება. ეს არის პირდაპირ მტრობა, აღნიშნული დოკუმენტი გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით და მცდელობა აქვთ, საზოგადოებას, ქვეყნის გარეთ, დაანახონ აბსოლუტურად განსხვავებული საქართველო", - აცხადებს თბილისის მერი.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის და იმედი აქვს, რომ დონალდ ტრამპი „დიფ სთეითის" დამარცხებასთან დაკავშირებით საკუთარ დანაპირებს ბოლომდე შეასრულებს.
„საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა, მზად არის იმისთვის, რომ ურთიერთობები დარეგულირდეს. ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს. ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა პირდაპირ ომი გამოუცხადა "დიფ სთეითს" და მისი მთავარი ამოცანა არის "დიფ სთეითის" დამარცხება.
ჩვენ ძალიან დიდი ხნის წინ ვსაუბრობდით "გლობალურ ომის პარტიაზე", მათ ინტერესებზე, იმაზეც, რომ ფესვები ძალიან ჰქონდათ გადგმული საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მათ აქვთ ინტერესები.
"შესაბამისად, პირველი, რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს "დიფ სთეითის" დამარცხება.
ჩვენ ამას მაშინვე დავინახავთ. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობაზე. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის. ჩვენ ამ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარმატებას ვუსურვებთ და გვაქვს იმედი, რომ ის დაპირება, რაც გასცა "დიფ სთეითის" დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე შეასრულებს", - განაცხადა კალაძემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე