აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისგან ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ 5-6 პირობა წამოაყენა, მოთხოვნებს კი მისი ადმინისტრაცია განიხილავს. კრემლი ოფიციალურ განცხადებაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად სანქციების ნაწილის მოხსნას ასახელებს. კიევი კი ვაშინგტონთან შეთანხმდა, რომ რუსეთის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში, მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც აშშ ზომებს მიიღებს.
ამასთან, პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ მხარეებს ომის დასრულება სურთ, მაგრამ რუსეთი "ფეხს ითრევს".
"თუ დავინახავთ, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, აშშ-სგან მოვითხოვთ ზეწოლას, სანქციებსა და იარაღს", - ეს განცხადება კი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.
რაზე შეთანხმდნენ მხარეები და რა კითხვის ნიშნებია
ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი და ანალიტიკოსი საგარეო საკითხებში თენგიზ ფხალაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ელ-რიადში აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვადრაზე გარკვეული დეტალები ცნობილი გახდა როგორც რუსული, ისე ამერიკული და უკრაინული მხარისგან. მისი შეფასებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამოქალაქო გემების მოძრაობა იქნას დაშვებული შავი ზღვის აღმოსავლეთ ზონაში, თუმცა უკრაინას მკაცრი პირობები აქვს წამოყენებული.
"ინფორმაცია გაავრცელეს, როგორც ამერიკულმა და რუსულმა, ისე უკრაინულმა მხარემ, მათ შორის თავდაცვის მინისტრი უმაროვი საუბრობდა, რომ შეთანხმდნენ, რომ სამოქალაქო გემების მოძრაობა იქნას დაშვებული, ოღონდ აქ ძალიან მკაცრი პირობები იქნა წამოყენებული უკრაინის მხრიდან და განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ ის ნახავს, რომ ის ზონები რაზედაც შეთანხმდნენ, კერძოდ ლაპარაკია შავი ზღვის აღმოსავლეთ ზონაზე, ეს ირღვევა და რუსული გემების მოძრაობენ დასავლეთის მიმართულებით, ეს ჩაითვლება შეთანხმების დარღვევად და უკრაინას ექნება სრული ლეგიტიმური უფლება, რომ გამოიყენოს თავდაცვისთვის ყველა შესაძლებლობა.
"მეორე რაცაა ეს ისაა, რომ რუსეთს სურს სანქციების მოხსნა თავისი გემებისთვის, ყველაზე არაა საუბარი, საუბარია იმ გემებზე, რომელთაც გადააქვთ სურსათი. ამასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამაზე ფიქრი შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სხვა დანარჩენი პირობები შესრულდება.
"ძალიან საინტერესოა ის, რომ ტრამპმა განაცხადამ რომ რუსეთი იყენებს დროის გაწელვის ტაქტიკას, რომელიც ტრამპმა ძალიან კარგად იცის. ეს არის პროცესი და არ არის მარტივი, რომელიც ერთ დღეში მოგვარებადია. ეს არის პროცესი, რომელსაც მხარეები ცდილობენ, რომ წინ წასწიონ. უკრაინა და აშშ დაინტერესებულია, რუსეთის გულწრფელობაში ბევრს ეპარება ეჭვი და უახლოესი პერიოდი დაგვანახებს რამდენად შეუძლია რუსეთს შეასრულოს ჯეროვნად ნაკისრი ვალდებულებები",- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ "რეზონანსთან".
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამერიკამ რუსეთს შავი ზღვის სამშვიდობო ინიციატივა შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პროცესები ვითარდება, რომელშიც ასევე ერთვება თურქეთი, სამხრეთ კავკასია კი ექცევა ყირადღების ცენტრში.
"გარკვეული ინფორმაციები კრემლიდანაც გამოვიდა და აშშ-დანაც, სიტუაცია შემდეგია - საუბარია, რომ ამერიკამ რუსეთს შავი ზღვის სამშვიდობო ინიციატივა შესთავაზა, რომელიც ეხება ზღვაზე უსაფრთხო ნაოსნობას და ჩემი პირადი მოსაზრებით, მემგონი შავი ზღვის შეთანხმებაც გაჟღერდა, რომელიც ადრე მოქმედებდა. რადგან შემდგომ მარკ რუბიო თურქეთში ჩავიდა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანს შეხვდა, აქ უფრო მნიშვნელოვანი მოლაპარაკება შედგა, ვიდრე ელ-რიადში.
"აშშ-რუსეთი შეთახმდნენ, რომ რუსები არ დაბომბავენ ენერგეტიკულ და სტრატეგიულ ობიექტებს, ანუ საუბარია საჰაერო და საზღვაო ინიციატივებზე, თორემ არ მგონია საბრძილო მოქმედებების შეჩერებაზე იყოს აქცენტი და ამ ეტაპზე მემგონი ეს არც განიხილებოდა. ოღინდ რუსებმა წამოაყენეს ულტიმატუმი, რომ თუ უკრაინელებმა ენერგოობიექტებზე დაზავების პირობები, მაშინ ისინი განაახლებენ ამ ქმედებას.
"შავი ზღვის ინიციატივის ამოქმედების შემთხვევაში, რუსებმა ამერიკელებისგან მიიღეს პირობა, რომ შეიძლება გარკვეული ეკონომიკური სანქციები მოუხსნან. ეს ძალიან შემაშფოთებელია, ჯერჯერობით, როგორც ვიცი, პირობა მისცეს და მალე გამოჩნდება რუსები ამას როგორ შეასრულებენ. დიდი ეჭვი მაქვს და დაუდასტურებელი ინფორმაციია, რომ რუსებმა უკრაინის შავი ზღვის პორტებზე სრული კონტროლი მოითხოვეს, მათ შორის ნიკოლაევი ოდესის პორტებზე და ასევე მოითხოვეს ნატოს წევრ სახელმწიფოების ბულგარეთს, რუმინეთის და თურქეთის პორტების დემილიტარიზაცია, რომ მხოლოდ გამოყენებული იქნას სტრატეგიული კომუნიკაციური ურთიერთობების განვითარებისათვის.
"ჯერჯერობით მოლაპარაკებებით მხარეები კმაყოფილები არიან, ალბათ ტრამპი წავა იმაზე, რომ რუსეთს ეკონომიკური სანქციები მოუხსნას. მემგონი მაისისთვის ტრამპი უკვე საქართველოსთვისაც მოიცლის. შავი ზღვის ინიციატივის საკითხზე რუბიო-ფიდანის შეხვედრაზე პირდაპირ დადგა საკითხი, რომ თურქეთი აშშ-ს დაეხმარება სამხრეთ კავკასიაში გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაციის საკითხში, აქ რა იგულისხმება, მალე გამოჩნდება, ყოველ შემთხვევაში, აქ საქართველოც მოიაზრება.
"ამერიკელებმა პირველ რიგში სამხრეთ კავკასიაში ფსონი აზერბაიჯანზე დადეს, რამდენჯერმე ამერიკული დელეგაციაც იყო ჩასული ბაქოში და ასევე აზერბაოჯანის დელეგაციები ვაშინტონში. როდესაც უიტკოფი მოსკოვში იყო, ის მოსკოვიდან ბაქოში ჩაფრინდა. სადაც აზერბაიჯანზეა საუბარი, იქ საქართველოს საკითხიც დგას ყველა ვარიანტში, მით უმეტეს ამერიკა-სომხეთის უეთიერთობების გააქტიურებაც დაიწყო. ტრამპის ადმინისტრაციისთვის სამხრეთ კავკასია და საქართველო სასიცოცხლო მნიშვნელობის არეალია", განაცხადა მან.
მაისაიამ შეაფასა ტრამპის განცხადებაც, სადაც ამბობს, რომ რუსრთი "ფეხს ითრევს".
"რამდენად სანდოა რუსეთი, ყველამ ძალიან კარგად ვიცით. ერთის მხრივ შესაძლოა ამერიკელებთან ვერ გაბედონ ვერაფერი, მაგრამ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ეს ამბავი რუსეთს უფრო აწყობს, ვიდრე ამერიკელებს და ახლა წავა ვაჭრობა როგორ დალაგდება ამერიკა-რუსეთის გავლენები შავ ზღვასა და კავკასიის რეგიონზე.
"როგორც ჩანს ამერიკელები ახლა თურქეთს ჩართავენ და მათთან ალიანსში ტრამპი და ერდოღანი ცდილობენ, რომ რაღაცნაირად გადაინაწილონ და რაღაცნაირად მოახდინონ რუსეთის ინტერესების დაბალანსება. მემგონი ეს არ იქნება რუსეთისა და ჩინეთის ინტერესების სასარგებლოდ",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
რას აცხადებენ მხარეები
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია განიხილავს იმ მოთხოვნებს, რაც რუსეთმა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების სანაცვლოდ წამოაყენა.
„ჩვენ ახლა ყველა მათგანზე ვფიქრობთ. არის ხუთი თუ ექვსი პირობა. ჩვენ ყველა მათგანს განვიხილავთ", - განაცხადა ტრამპმა.
კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
კრემლის განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება აქამდე თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადებისგან, რომელშიც აღნიშნულია, რომ "შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის არგამოყენებაზე, და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე". კერძოდ, თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულ პუნქტს წინაპირობები არ ახლავს. კრემლის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აღნიშნული პუნქტი ძალაში შემდის მას შემდეგ, რაც ოთხი პირობა იქნება დაკმაყოფილებული:
"სასანქციო შეზღუდვების მოხსნა "როსსელხოზბანკის" და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან სურსათით (მათ შორის თევზეულით) და სასუქით საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების უზრუნველყოფაში, მათი ჩართულობა "სვიფტ"-თან, აუცილებელი საკორესპონდენციო ანგარიშების გახსნა;
სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნა;
სასანქციო შეზღუდვების მოხსნა პორტებში გემების მომსახურებაზე და რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სურსათით (მათ შორის თევზეულით) და სასუქით ვაჭრობაში;
"შეზღუდვების მოხსნა რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდებაზე, ასევე სხვა საქონლის, რომელიც გამოიყენება სურსათის (მათ შორის თევზეულის) და სასუქის წარმოებაში", - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტი ვილოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუ უკრაინა დაინახავს, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას არღვევს, აშშ-სგან მოითხოვს ზეწოლას - სანქციებსა და იარაღს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულ-ამერიკული და რუსულ-ამერიკული ერთობლივი განცხადებები არ ითვალისწინებენ შედეგებს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევისთვის, მაგრამ კიევი ვაშინგტონთან შეთანხმდა, რომ რუსეთის მხრიდან დარღვევების შემთხვევაში, ის მტკიცებულებებს წარადგენს, რის შემდეგაც აშშ შესაბამის ზომებს მიიღებს.
"თუ რუსები არღვევენ ამას, კითხვა გვაქვს პრეზიდენტ ტრამპთან, მაშინ პირდაპირი კითხვა მაქვს პრეზიდენტთან: ძალიან მადლობელი ვარ, ნამდვილად ცდილობდით, ყველაფერი სწორადაა, თქვენ როგორც შეგეძლოთ, ისე შეთანხმდით და, ღმერთმა ქნას, რომ გამოვიდეს, ვინაიდან, დაინტერესებულები ვართ, მაგრამ თუ ისინი არღვევენ, აგერ მტკიცებულებები, მოვითხოვთ ზეწოლას, მოვითხოვთ სანქციებს, მოვითხოვთ იარაღსა და ასე შემდეგ", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპს საკმარისი ძალები, ინსტრუმენტები და სანქციები აქვს, რომ "გავლენა მოახდინოს რუსებზე, პუტინზე, რომ მათ ეს ომი დაასრულონ".
ვფიქრობ, რუსეთს სურს, ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ფეხს ითრევენ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა "ნიუსმაქს"-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ისინი ფეხს ითრევენ. ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს და ვფიქრობ, ზელენსკის სურს, რომ ეს დასრულდეს", - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ორივე მხარე კვირაში, საშუალოდ, 2 500 ჯარისკაცს კარგავს.
"ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამ თვალსაზრისით. ვხედავ ბრძოლის ველების სურათებს - მირჩევნია არ ვნახო. უბრალოდ მინდა, რომ ეს შეჩერდეს", - აღნიშნა ტრამპმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე