ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, რათა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ბუდაპეშტში უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. ამავე ბრიფინგზე უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ „ბრიუსელის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობის მომხრეა".
მაკა ბოჭორიშვილმა უნგრელ კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, საქართველოს მიმართ თქვენი პოზიციის გამო. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ევროკავშირის ფარგლებშიც და, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში.
წელს ინტენსიური ურთიერთობები გვაქვს, მომავალი კიდევ უფრო უკეთესია. მალე გვექნება ეკონომიკური საბჭოს სხდომა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები და ახალი შესაძლებლობები გამოვავლინოთ.
მაჩვენებლები კარგია, მაგრამ მათი გაუმჯობესებაც შეიძლება. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში, უკეთესი შედეგები გვექნება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით. მოუთმენლად ველით ჩვენს შემდგომ მთავრობათაშორის შეხვედრას ბუდაპეშტში. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროდ თუ რა შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კონტექსტში.
ეს არის მკაფიო მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა თანამშრომლობდნენ ქვეყნები ერთმანეთთან და როგორ უნდა მუშაობდნენ ერთად იმისთვის, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა.
საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ითამაშოს საკუთარი როლი შუა დერეფანში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ პროექტს. აქ, უნგრეთში უნდა ვახსენო ჩვენი კარგი თანამშრომლობა როცა საუბარია დაკავშირებადობაზე, თანამშრომლობაზე საქართველოს უნგრეთს, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის.
მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო კვლავ დგას რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პრობლემის წინაშე. ეს გარკვეულ საფრთხეებს ქმნის. ჩვენ მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე ვმუშაობთ.
რაც შეეხება ევროპაში ინტეგრაციას, თქვენ თქვით, რომ მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი ეს გახლავთ. აქ მადლობა მინდა გადაგიხადოთ. მხარდაჭერისთვის, რომელსაც უზრუნველყოფთ ექსპერტული დახმარების კუთხით. ეს ძალიან ქმედითი დახმარებაა", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა. აღნიშნული განცხადების თარგმანს „რუსთავი 2" ავრცელებს.
როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, საქართველო „საუკეთესო მაგალითს აჩვენებს იმისა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო, ლიბერალური, გლობალური დიქტატურა მთავრობაზე წნეხის განხორციელებას ცდილობდეს".
„საქართველო საუკეთესო მაგალითს აჩვენებს იმისა, თუ როგორ შეიძლება საერთაშორისო, ლიბერალური, გლობალური დიქტატურა მთავრობაზე წნეხის განხორციელებას ცდილობდეს, რადგან ქვეყანაში პატრიოტული გრძნობები გააჩნია. ის ეროვნული ინტერესებისთვის გრძნობს წნეხს. ასევე, პოლიტიკური სტრატეგია არსებობს იმისთვის, რომ კონსერვატიული და ქრისტიანული იდეები განხორციელდეს ქვეყანაში.
მნიშვნელოვანი იყო, რომ საქართველოდან ჩემი კოლეგა მომეწვია. ეს არის საუკეთესო მაგალითი იმისთვის, თუ რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ეფუძნება - თუ ლიბერალური პარტიები იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს ბრიუსელისთვის იდეალურია, თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს, ეს ბრიუსელის მოსაზრებით, კრიზისია.
ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რომელმაც ძალიან მყისიერად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა და ლიბერალური ძალები უკვე წარსულს ჩაბარდა, იდეოლოგია შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ პოლიტიკას მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ.
ამიტომ, მივესალმებით იმ ფაქტს, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წყაროები და დაფინანსება შეწყვეტილია. ეს ფინანსური ნაკადი სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკას აღარ არევს და აღარ მოხდება სუვერენიტეტის ხელყოფა.
ამავდროულად, მოვუწოდებთ, რომ გამოიძიონ, ვინ იყვნენ ის პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ იმის უკან, რითაც უცხოური ფინანსური წყაროების გამოყენებით უცხოური ძალების განხორციელება ხდებოდა ქვეყნებში.
ამ სულისკვეთებით მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გამოთქვამს უკმაყოფილებას ამ დაფინანსების შეწყვეტის გამო. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ, უნგრელები, ვეწინააღმდეგებით ბრიუსელის პოლიტიკას. ეს დაფინანსება და შიდა ცხოვრებაში ჩარევა სუვერენიტეტის ხელყოფა და უცხოური ინტერესების განხორციელებაა სხვა ქვეყნებში. ეს მიღებულია.
უნდა ითქვას, რომ საქართველოში ბრიუსელის ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში მიუღებელია და თან ეს ჩარევა იმის გამო ხდება, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობის მომხრეა. მას ჩვენი ძალიან სერიოზული მხარდაჭერა გააჩნია. ჩვენ საქართველოს მთავრობას სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ბრიუსელის პოლიტიკის მიუხედავად.
უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა დიპლომატებისთვის მიუღებელია. ჩვენ ვეტო დავადეთ ამ მოსაზრებას და ასეც ვაპირებთ მომავალში. ამას გავაგრძელებთ მომავალში. საქართველოს ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება. მივესალმებით, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედოს.
არის 50 ადამიანი, რომელიც საქართველოში მუშაობს და უნგრეთში შესაბამის სწავლებას მიიღებენ. ჩვენი ასი მილიონი დოლარის ოდენობის ვაჭრობა განვახორციელეთ საქართველოსთან. ეს 20%-ით გაიზრდება წელს. ივნისში მთავრობათა შორისი კიდევ ერთი სამიტი ჩატარდება ბუდაპეშტში და თბილისში. ჩვენი ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომაც ჩაინიშნება. ძალიან დიდი მადლობა მინდა მინისტრს გადავუხადო, რადგან თქვენ ინარჩუნებთ ამ სტრატეგიას სირთულეების მიუხედავად",- განაცხადა სიიატრომ.
უნგრეთი საქართველოს მთავარი მოკავშირე?
ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, უნგრეთი საქართველოსთან ეკონომიკური და ენერეგიტიკული მიმართულებით თანამშროლობას აღრმავებს. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა გარდა უნგრეთისა, ევროპის სხვა ქვეყნებთანაც აქტიურად ცდილობს თანამშრობლობას.
„გარდა პოლიტიკური მხადაჭერისა, უნგრეთი საქართველოსთან აღრმავებს მრავალმხრივ თანამშრომლობას, მათ შორის ეკონომიკური და ენერეგიტიკული მიმართულებით. ამ თანამშრომლობის ჯაჭვში მხოლოდ ბუდაპეშტი არაა. მოგეხსენებათ, რომ საუკუნის პროექტად შერაცხული, შავი ზღვის ფსკერზე აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით ევროპაში ელექტროენერგიის მიწოდება განხორციელებაში ჩაშვებულია, სადაც მონაწილეობს რუმინეთიც და სხვა ქვეყნებიც.
ამიტომ საქართველო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, საქართველო აწარმოებს ბრიუსელის ე.წ. გაბუტვის შემდეგ ორმხრივი კონტაქტების ინტენსიფიკაციას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან.
ჩვენ ასევე ვიხილეთ, რომ რუმინეთში იყო საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ასევე ნიკოლოზ სამხარაძე სარაეოვოს ეწვია, სადაც გაიმართა მრავალმხრივი პოლიტიკური დიალოგი ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკოსებთან. გარდა უნგრეთისა და სლოვაკეთისა, არის ქვეყნები მაგალითად იტალია და ლუქსემბურგი, რომლებიც ოფიციალური თბილისის დასანქცირებას არ ემხრობიან.
ამიტომ ევროპაში ეს აზრთა სხვადასხვაობა არ ჩერდება მხოლოდ ერთ ადგილას და ეს მარტო საქართველოს თემის გამო არ ხდება. ეს იქიდან გამომდინარე, რომ ბრიუსელის ბიუროკრატები ძალიან უტევენ სუვერენულ სახელმწიფოებს და შიდა საქმეებში ერევიან", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორისა და ანალიტიკოსის, ნიკა ჩიტაძის აზრით, უნგრეთს საქართველოსთვის დიდი დახმარების გაწევა სხვადასხვა მიმართულებით არ შეუძლია.
„დიდი დახმარების გაწევა უნგრეთს საქართველოსთვის არ შეუძლია, ვინაიდან მას ამხელა ეკონომიკური პოტენციალი არ გააჩნია. მას არ აქვს ისეთი მძლავი კომპანიები, რომ ინვენსტიციები დააბანდოს საქართველოს ეკონომიკაში. ასევე, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში, ისინი ერთობლივად არ მონაწილეობენ.
ამასთან, უნგრეთს არც საერთაშორისო ტრიბუნის მეშვეობით შეუძლია საქართველოსთვის დიდი დახმარება იმიტომ, რომ ევროკავშირის ფარგლებში ის უმცირესობაშია. აქედან გამომდინარე, უნგრეთი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში შუამავალი ვერასდროს იქნება", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე