ნატალია ჯვარიძე
(24.03.2025)

ექსპრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტზე მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი „ახალ დავალებებს მიიღებს", ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ ამის შემდგომ მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყება.

ზურაბიშვილის ვიზიტსა და მის შედეგებზე ანალიტიკოსების მოსაზრებები განსხვავებულია.

„სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ ბალტიისპირეთი მიღებულ ინფორმაციას, რასაც ის მიაწვდის და კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ რაღაც ვარიანტებს გადასცემს ბრიუსელს და სხვა სახელმწიფოებს",- განაცხადა ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, ეს ვიზიტი სრული სისულელეა და არავითარი შედეგი არ ექნება: აბსოლუტურად სისულელეებია, რასაც აკეთებს. ამის შედეგი ნულზე დაბალი იქნება, მოქმედება მოქმედებისთვის და მეტი არაფერი".

სალომე ზურაბიშვილი დღეს ბალტიის რეგიონში გაემგზავრა, სადაც ვილნიუსს, რიგასა და ტალინს ეწვევა. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნების ლიდერებთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებისა და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე, დაგეგმილია ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ლიეტუვის სეიმის პლენარულ სხდომაზე და ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.

პოლიტიკური შეფასებები

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მოსაზრებით, ბალტიის სამი ქვეყანა არის იმ ზრახვების პირდაპირი განმახორციელებელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს.

„რაც შეეხება ბალტიის ქვეყნებში ასე გახშირებულ ვიზიტებს, სამწუხაროა, რომ ამ სამ სახელმწიფოს, ევროკავშირის წევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ასეთი მტრული დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების მიმართ.

ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ამის ახსნაც არსებობს, მე ამაზე ვისაუბრე კიდევაც, რომ ბალტიის ამ სამ ქვეყანას აქვს თავისი შიშები რუსეთთან დაკავშირებით, მითუმეტეს, ნატო-ს წევრი ქვეყნები არიან და არ ვიცი, რისი ეშინიათ, მიუხედავად იმისა, რომ ამ შიშებს თავად გაუმკლავდნენ და დადგნენ ამის პირისპირ, ცდილობენ რაღაც რისკები სხვა ქვეყნების მეშვეობით აიცილონ. ამ შემთხვევაში, საქართველო ამ სამი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლებისთვის არის მხოლოდ ინსტრუმენტი, რათა საქართველოს მეშვეობით მოხდეს რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე.

სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ. ამის ნაწილია ის, რომ ექსტრემისტი პოლიტიკოსები არიან განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ ამ სამი ქვეყნიდან. ასევე, ვიცით, რომ რადიკალური „ენჯეოები" რეგისტრირდებიან ერთ-ერთ ქვეყანაში. აი, ეს არის, რასაც ჩვენ უკვე რამდენიმე ხანია ვაკვირდებით. ეს სამი ქვეყანა არის იმ ზრახვების პირდაპირი განმახორციელებელი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, "ქალბატონი ექსპრეზიდენტი ბალტიის ქვეყნებში ყოფნით შესაბამის ინსტრუქციებს მიიღებს". მისივე თქმით, როგორც დაანონსდა, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნებში, სხვებთან ერთად იმყოფება, რომლებსაც „ალბათ, ერთობლივ ტრენინგ-სემინარს ჩაუტარებენ - როგორ დააზიანონ საქართველო".

პაპუაშვილის თქმით, სამწუხაროდ, ბალტიისპირეთის ამ სამი სახელმწიფოსგან არანაირ სიკეთეს არ ელის.

„როგორც არ უნდა შეიკრიბონ, გადანაწილდნენ, „შესაკრებთა გადანაცვლებით, ჯამი არ იცვლება", ვინაიდან, მოღალატეს მიუმატებ აგენტს, თუ აგენტს მიუმატებ მოღალატეს, მათთვის ჯამი არის ერთი. მათ აირჩიეს ღალატის გზა, საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლის გზა, ეს გზა არის ჩიხი. ყველა, ვინც კი ისტორიულად ამ გზას დაადგა, ეს იქნებოდა ორჯონიკიძე თუ სხვები, საბოლოო ჯამში, ყველამ ცუდად დაამთავრა. ასე რომ, ღალატი ყოველთვის არის ჩიხი. 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები... ისიც, ხომ გარედან მართული იყო, ორჯონიკიძისთვისაც რომ გეკითხათ, ალბათ, იტყოდა, საქართველოს გულანთებული პატრიოტი ვარო. ზუსტად ამას აკეთებენ ესენიც. დადიან საზღვარგარეთ. ჩამოდიან და გვეუბნებიან, რომ გულანთებული პატრიოტები არიან, სინამდვილეში, თავიდან ბოლომდე, იმართებიან უცხო ქვეყნების და უცხო ძალებისგან", - განაცხადა პაპუაშვილმა.

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით კი, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც მან აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი ყოველდღე შეიკრიბება, სადაც იმსჯელებენ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა დაჩქარდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ამასთან დაჩქარდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა.

„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიწყება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, შემდეგი ვიზიტები ზურაბიშვილთან ერთად იქნება ერთობლივი, კოალიციის წარმომადგენლები იქნებიან. შევთანხმდით და დაგეგმილია უახლოეს პერიოდში უმნიშვნელოვანესი ვიზიტები უმნიშვნელოვანეს ევროპულ დედაქალაქში.

სამუშაო ჯგუფი ყოველდღე შეიკრიბება და იმუშავებენ, თუ როგორ უნდა დავუჭიროთ მხარი თანამოქალაქეებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა დაჩქარდეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, დაჩქარდეს ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ამაზე გვექნება ყოველდღე მუშაობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში.

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი გვექნება. ცალ-ცალკე კი აღარ იქნება კოალიციების და პრეზიდენტის ვიზიტი ევროპულ დედაქალაქებში, არამედ ერთობლივი ვიზიტები იქნება, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ მჭიდრო კოორდინაცია იქნება",-აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ზურაბიშვილის ვიზიტის მიზანი და შესაძლო შედეგები

პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს რამდენიმე მთავარი მიზანი აქვს, რომელსაც გარკვეულწილად შედეგი ექნება.

„აშკარაა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ყველაზე სანდოა საქართველოსთვის. ჩვენი ქვეყანა დემოკრატიული სახელმწიფოა და უნდათ მაქსიმალურად ყველაფერი იცოდნენ, რა ხდება აქ. მეორეს მხრივ, შესაძლოა გარკვეული კონსულტაციები ჩატარდეს, როგორ გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები.

სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის მთავარი მიზანია, პირველ რიგში მადლობა უთხრას მათ მხარდაჭრისთვის. მეორე, მოუყვეს სიტუაცია. ესეც ნდობის საკითხია, ვინაიდან თუ მოუყვება ეს იქნება ფაქტი იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილი და მისი სახით დემოკრატიული საქართველო ბალტიისპირეთთან ანგარიშს აბარებს და ელოდება გარკვეულ კონსულტაციებს.

და ბოლოს, ბალტიისპირეთმა უნდა იცოდეს რას აპირებს საქართველოს დემოკრატიული ძალები და თუ მათ აქვთ შენიშვნები, მოსაზრებები უთხრან, რათა გათვალისწინებული იქნეს, ან არა. ნებისმიერ შემთხვევაში კოორდინირება უნდა იყოს. სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ ბალტიისპირეთი მიღებულ ინფორმაციის და კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ რაღაც ვარიანტებს გადასცემენ ბრიუსელს და სხვა სახელმწიფოებს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შედეგი „ნულზე დაბლა იქნება".

„სალომე ზურაბიშვილი გაემგზავრა „ვანდიაში", რომელიც იყო იმ კონტრევოლუციონერების თავშესაფარი, რომლებიც საფრანგეთის რევოლუციებს ებრძოდნენ. სამწუხაროდ, ასეთ „ვანდიად" იქცა ბალტიისპირეთი. სალომე ზურაბიშვილი ხელმოცარული ადამიანია, რომელიც დაქირავებული იყო და დღემდე ასეა, ვინაიდან ის არის „მაკეინის" ინსტიტუტის სტიპენდიატი, ამ დონემდე დავიდა. ის იღებს ფულებს და ამის სანაცვლოდ მოქმედებებს ითხოვენ.

ჯერ ერთი რომ აცხადებს, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტიო, გამაგებინოს რომელი კანონით არის მოქმედი პრეზიდენტი? თუმცა გასაკვირი არცაა, გიჟი მოქმედებაში თავისუფალია. ასევე, მას შეუძლია თქვას, მე ვარ კოსმონავტი და ა.შ. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის. აბსოლუტურად სისულელეებია, რასაც აკეთებს. ამის შედეგი ნულზე დაბალი იქნება, მოქმედება მოქმედებისთვის და მეტი არაფერი",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე