თამთა ჩაჩანიძე
(24.03.2025)

ბარიერგადალახული ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტისკენ იხრება და თან არგუმენტებს ასახელებს, რა მოჰყვება ამას, თუ მიიღებენ მონაწილეობას არჩევნებში. მათი შეფასებით, ამას სწრაფი ტემპით ხელისუფლების ლეგიტიმაცია მოჰყვება, როგორც თავად ოპოზიციისგან, ისე საგარეო ფლანგიდან.

"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობას არჩევნების ლეგიტიმაციაზე "არანაირი გავლენა არ აქვს". მათი შეფასებით, "უმჯობესიც იქნება თუ ექსტრემისტული პარტიები მონაწილეობას არ მიიღებენ".

ოპოზიციის ნაწილში არის მოსაზრება, რომ ადგილობროვ არჩევნებში მონაწილეობაზე ახლა უარის თქმა არასწორია, რადგან არის შანსი ოპოზიციამ რომელიმე დიდი ქალაქი მოიგოს მერობის არჩევნებზე და მერე ამ პოზიციიდან უფრო ადვილია მთავარი მიზნის - ახალი არჩევნების მიღწევა.

სწორია თუ არა ოპოზიციის უარი

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილობრივ არჩევნებზე საერთოდ უარის თქმა არასწორი და სისულელეა. მისი თქმით, მანამდე ჯერ კიდევ დიდი დროა და არავინ იცის რა მოხდება, ამიტომ წინასწარ ამის გამოცხადება უადგილოა.

"წინასწარ იმის გამოცხადება, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილოებას არ მივიღებთ, თუ მანამდე ხელისუფლება არ დაგვნებდება და ისეთ არჩევნებს არ ჩაატარებს, როგორც საჭიროაო, ჩემი აზრით, ეს არის ძალიან არასერიოზული განცხადება, რადგანაც, ჯერ ერთი, არავინ არ იცის ექვსი თვის შემდეგ რა სიტუაცია იქნება.

"თავისთავად, თუ შენ იმის საშუალება გაქვს და შეგიძლია, რომ ხელისუფლება აიძულო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩაატარებინო, მაშინ ორივე ჩაატარებინე და ისიც მოიგე და ესეც. მგონია, ყველაზე სწორი იქნება, რომ საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა ძალაში დარჩეს, თვითმმართველობის არჩევნებზე ლაპარაკი საერთოდ არ იყოს და მოითხოვონ, რომ თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

"თუ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნებს არ ჩაატარებს, ამ შემთხვევაში უფრო სწორი იქნება, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილოება სწორედაც რომ მიიღონ.

აქ სამი ვარიანტია: პირველი, თუ ოპოზიცია თბილისს, ბათუმს, ან რომელიმე დიდ ქალაქს მაინც მოიგებს, ეს პოლიტიკურ სიტუაციას დიდწილად შეცლის. თვითმმართველობის არჩევნების ასეთი ფინიშის შემთხვევაში, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უფრო რეალური გახდება.

"თუ ხელისუფლება გააყალბებს, ეს იქნება უფრო მეტი სტიმული და ოპოზიციას თუ სჭირდება, რომ გაყალბებულ არჩევნებზე რეალურად უფრო მეტი უკმაყოფილების ტალღა ააგოროს, ხელში ამის რეალური მტკიცებულებები უნდა ჰქონდეს. კიდევ ერთი გაყალბებული არჩევნების შემდეგ, დასავლეთი არანაირ ლეგიტიმაციას არ მისცემს ამ ხელისუფლებას და ამას მაინც გამორჩებიან.

"ოცნება" მარტო თუ ჩაატარებს არჩევნებს და არავინ კონკურენტი არ ეყოლა, არაფერს არ გააყალბებს ისე მოიგებს და პირიქით, აქეთ მოიპოვებს ლეგიტმაციას. ადგილობრივ არჩევნებზე საერთოდ უარის თქმა, მემგონი უბრალოდ სისულელეა, პრაგმატულად აბსოლუტურად უაზროა.

ერთადერთი შემთხვევა, როცა შეიძლება არჩევნებზე მონაწილეობაზე უარი თქვა, ეს არის ის, რომ ამის გამო ან უცხოეთში აღშფოთდებიან იმდენად, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლით მას წასვლას აიძულებენ, ან ხელისუფლებას შერცხვება ძალიან, დედა ეს რა მომივიდაო და თავისით წავა. არ ვიცი სხვა მიზანი რა უნდა იყოს, მემგონი ამ ორი ვარიანტიდან ორივე გამორიცხულია",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა "რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გარკვეულწილად ოპოზიციის გადაწყვეტილება გამართლებულია, რადგან მონაწილოება ერთის მხრივ ხელისუფლების ლეგიტიმაციაა ოპოზიციის მხრიდან და მეორეს მხრივ, არაა გამორიცხული, რომ იმ ქალაქებში, სადაც ხელისუფლებამ 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებში წააგო, ახლა იქ უფრო მობილიზდეს.

"გარკვეულწილად ოპოზიციის გადაწყვეტილება შეიძლება გავამართლოთ, რადგან არ მოხდეს არსებული რეჟიმის აღიარება, რადგან ადგილობრივი არჩევნების თარიღს და ა.შ. ნიშნავს პრეზიდენტი. მეორე ვარიანტია, რომ არჩევნებში მონაწილეობით დაემტკიცებინათ, რომ უმრავლესობა ოპოზიციას მხარს უჭრეს, თუმცა აქ რეალობა ისაა, რომ ამ საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, როცა "ოცნების" კონტროლქვეშაა რთულია სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

"ოპოზიციას დიდ ქალაქებში გამარჯვების შანსი აქვს მერობის არჩევნებში, მაგრამ უკვე ნახეს 2024 წლის სურათი და ახლა ყველანაირად შეეცდება გააყალბოს მაქსიმალურად. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ოპოზიციამ ხელისუფლება დაამარცხა, მაგრამ მაშინ გაითვალისწინა პირველი ტურის შედეგები, მეორე ტურში მაქსიმალურად გააყალბა და 30 მაჟორიტარი გაიყვანა და ამით მოიგო.

"ახლა უკვე მაქსიმალურად ეცდებიან იმ ქალაქებში, სადაც დამარცხდნენ მაქსიმალურად მობილიზდნენ და გააყალბონ, ამ პირობებში კი ოპოზიციისთვის რთულია",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

რას აცხადებს ოპოზიცია და ხელისუფლება

"კოალიცია ცვლილებებისთთის" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ თუ არ ჩატარდა ახალი საპარლამენტო არჩევნები ახალი ადმინისტრაციით და საარჩევნო დავების სასამართლოში სამართლიანი განხილვის შანსით და არ მოხდა ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება, ოქტომბერში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის შედეგი იქნება შემდეგი:

„მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების ცესკოს მიერ დადებული რიცხვების ლეგიტიმაცია; "მოხდება დეკემბრის დასაწყისში რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ასობით ადამიანის წამების ლეგიტიმაცია;

"მოხდება სისხლის სამართლის წესით დაკავებული ათობით პოლიტიკური პატიმრისთვის მრავალწლიანი სასჯელის მისჯის ლეგიტიმაცია;

"მოხდება მედიის, პოლიტიკური საქმიანობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და პროტესტის შემზღუდავი ყველა ბოლო რეგულაციის ლეგიტიმაცია;

"დაიწყება საგარეო პოლიტიკური იზოლაციის ჩამოშლა და სწრაფი ტემპით მოხდება რეჟიმის მმართველობის ლეგიტიმაცია;

"დასრულდება რუსთაველის პროტესტი და ახალი ბრძოლის ველის შექმნას დასჭირდება წლები. "აქვე, საწინააღმდეგო არგუმენტებზე:

"ევროპელებისგან იქნება ზეწოლა და მაინც მოგვიწევს მონაწილეობა - ეს შარლ მიშელიდან გამოყოლილი „ტრავმაა". არანაირი ზეწოლა არ იქნება. ევროსაბჭოს ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის კონგრესმა უკვე თქვა, რომ ეს არჩევნები უნდა გადაიდოს (ბევრი მიზეზის გამო). ასეც რომ არ იყოს, ჩვენი ამბავი ჩვენი გადასაწყვეტია.

- ახლა უკეთ მოვემზადებით და ალაგ-ალაგ მაინც მოვუგებთ - რამდენ ადგილასაც არ უნდა მოუგო, ყველგან იმ რიცხვებს დაწერს რეჟიმი, რაც დასჭირდება. ჩვენ ვთამაშობთ ფეხბურთს ფეხბურთის შიდა ტურნირზე, ისინი გვეთამაშებიან რაგბის, ყველა მსაჯი მათია, უეფა გვეუბნება ეგ ფეხბურთი არაა, ეგრე მსაჯობა არ „მოსულა" და ასე თუ ითამაშებთ, ჩვენს ტურნირებში ვერ მიიღებთ მონაწილეობასო. რეჟიმი ამბობს ესაა ფეხბურთი, ევროპაზე უკეთესად ვიცით ჩვენ რა არის ფეხბურთიო, და გვამტვრევს ძვლებში. ამ დროს საუბარი იმაზე, რომ უკეთეს ტაქტიკას დაალაგებ და ისე მოუგებ, არასერიოზულია.

- ვერ მოვიგებთ მაგრამ საკრებულოებში გავმაგრდებით და იქიდან დავიწყებთ რეჟიმის რღვევას - ნანახი გვაქვს როგორ გამაგრდა 2020-ის მოპარული არჩევნების შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში და რა შედეგი მოიტანა ამან - ქვეყანაში დემოკრატიის არსებობის ფასადის შექმნა, რამაც დრო მოაგებინა რეჟიმს და, შედეგად, დღეს გაცილებით ნაკლები თავისუფლება გვაქვს ვიდრე გვქონდა 4-5 წლის წინ.

- თბილისი ხომ მოვუგეთ 26 ოქტომბერს, მერის არჩევნებს მოვიგებთ ახლაც და მერე ... არც თბილისს, არც რომელიმე სხვა მნიშვნელოვან წერტილს რეჟიმი არ დათმობს არავითარ შემთხვევაში. „სლაბინას არ მისცემს". ასეთია მისი ბუნება. რაც დასჭირდება იმას დაწერს. საარჩევნო სისტემის როგორი ცვლილებაც დასჭირდება, რომ რისკები დააზღვიოს, ისეთს განახორციელებს. რუსთაველზე დგას ყოველდღე ერთი უნგრელი ბიჭი, ლასლო. მოგიყვებათ ორბანს რა აქვს ამ მხრივ ნაკეთები.

"ასე ჩანს ჩემგან", - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

"ვინც ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ვინც მათ მოუწოდებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, სინამდვილეში ყველა არის დემოკრატიის მტერი და ექსტრემისტული მოძრაობების მხარდამჭერი", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობა-არმონაწილეობას „არანაირი გავლენა არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ აქვს".

„მათ [ოპოზიციური პარტიების] მონაწილეობას, არ მონაწილეობას საერთოდ არანაირი გავლენა არჩევნების ლეგიტიმაციაზე არ აქვს. მათ იციან, რომ კიდევ ერთხელ დამარცხდებიან - ქართველი ხალხი მათ არანაირ მანდატს არ მისცემს. კიდევ ერთი მარცხი დაადასტურებს მათ სავალალო მდგომარეობას. ასე რომ, ვფიქრობ, უმჯობესიც იქნება თუ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ექსტრემისტული პარტიები არ მიიღებენ და ამით საბოლოოდ საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის გადატვირთვა მოხდება.

"ამიტომ მათაც და მათ უცხოელ მფარველებსაც მოვუწოდებ, რომ აქეთკენ უბიძგონ, რომ მონაწილეობა არ მიიღონ. ერთ-ერთი რადიკალი პოლიტიკოსი, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი ეს დღეები იქნება ბალტიის ქვეყნებში და იმედია, რომ მისი მფარველები იქიდანაც მოუწოდებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს, ვინაიდან ექსტრემიზმი, საბოლოოდ, საქართველოში უნდა დამარცხდეს. ექსტრემისტული პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში უნდა დამარცხდეს და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი პარტიები საქართველოში უნდა დასრულდნენ.

"რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას და მათ მონაწილეობას არჩევნებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიული პარტია იმისთვის არსებობს, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და ამით გაზომოს საკუთარი მხარდაჭერა მოსახლეობაში, ასევე მიიღოს სახელისუფლო მანდატის ესა თუ ის ოდენობა... როდესაც პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, ის ამით აცხადებს, რომ არ არის დემოკრატიული პარტია და ექსტრემისტული პარტიაა.

"კიდევ ერთხელ ვამბობ, ვინც ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს და ვინც მათ მოუწოდებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, ყველა სინამდვილეში არის დემოკრატიის მტერი და ექსტრემისტული მოძრაობების მხარდამჭერი", - განაცხადა პაპუაშვილმა და იქვე აღნიშნა: „ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს და „ქართული ოცნება" 64-ვე მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე