თამთა ჩაჩანიძე
(23.03.2025)

ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიიღოს, რადგან მას დიდ ქალაქებში წარმატების მისაღწევად ყველა წინაპირობა აქვს. თავად ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ არჩევნებამდე 6 თვით ადრე ამ თემის გააქტიურება მმართველი პარტიის სტრატეგიის ნაწილია და ამაზე მსჯელობას არ აპირებენ. ვენეციის კომისია კი კრიტიკულად აფასებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექტსში შეტანილ ბოლო ცვლილებებს და მათ გაუქმებას ითხოვს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში წალენჯიხის მერი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, აწ გარდაცვლილი გიორგი ხარჩილავა გახდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ხმების 51.11% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოგა გულორდავამ - 48.89%. ეს პრაქტიკულად ერთდართი შემთხვევაა ბოლო 13 წლის განმავლობაში, როდესაც „ოცნება“ დამარცხდა. 

ადგილობრივი არჩევნებისთვის აქტიური მზადება კი მმართველმა პარტიამ, პრაქტიკულად, ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. 2024 წლის დეკემბერში პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეიტანა, რომლის თანახმადაც 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები იმავე წესით ჩატარდება, როგორიც 2017 წელს იყო, 2021 წელს მიღებული წესები კი გაუქმდა. ახლა ვენეციის კომისია თავისი ბოლო რეკომენდაციით ამ ცვლილებების გაუქმებას ითხოვს და მიაჩნია, რომ მოქმედი წესი აძლიერებს მაჟორიტარულ კომპონენტს, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მმართველი პარტიის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას.

„ქართული ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ „ეს არის პოლიტიკური განცხადება, რომელსაც კავშირი არ აქვს სამართლებრივ ნაწილთან“. პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვილსკის თქმით, „საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანით სწორედ პრევენცია მოხდა რევოლუციური გზის ერთ-ერთი მიმართულებისა და მიზანი არ ყოფილა ოპონენტების პოლიტიკური მონაწილეობის და ჩართულობის შეზღუდვა“.

ამასთან, 2024 წელს საარჩევნო კოდესში მიღებული ცვლილებების თანახმად, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის მსგავსად 4%-იანი ბარირით ჩატარდება. შესაბამისა, გაუქმებულია 2021 წლის ივნისში მიღებული წესი, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტების საკრებულოების დაკომპლექტებისას 4%-დან 2.5%-მდე (თბილისში) და 3%-მდე (სხვა მუნიციპალიტეტები) შემცირდა საარჩევნო ბარიერი. 

ანალიტიკოსთა შეფასებთ, „ოცნებას“ საარჩევნო კონექსში ცვლილებებით აქცენტი მაჟორიტარებზე აქვთ გაკეთებული, რადგან პარტიული სიით და პროპორციული არჩევნებით საკრებულოებში უმრავლესობის მიღების იმედი არ აქვთ. გარდა ამისა, გაზრდილი საარჩევნო ბარიერით ნაკლებ პარტიას შეეძლება საკრებულოში შესვლა და ესეც „ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.

 რაც შეეხება მერების არჩევნებს, ანალიტიკოსთა ნაიწლი მიიჩნევს, რომ  შეიძლება „ოცნებას“ ამ ნაწილში სერიოზულად გაუჭირდეს და დიდ ქალაქებში ისევ დაიდოს ის შედეგი, რაც 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში იყო, როდესაც დიდ ქალაქებში მმართველმა პარტიამ 50%-ზე ნაკლები მიიღო.  

რა შედეგი ჰქონდა „ოცნებას“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 54% მდე აიღო და და, შესაბამისად, 89 დეპუტატი შეიყვანა 11-ე მოწვევის პარლამენტში. თუმცა, დიდ ქალაქებში მათი შედეგები შედარებით მოკრძალებული იყო. ამასთან აღსნიშნავია, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდა, მაჟორიტარების გარეშე.

თბილისის ვერცერთ ოლქში მმართველმა პარტიამ 50%-იანი ზღვარი ვერ გადალახა. დედაქალაქშის „ოცნების“ მხარდაჭერის მაჩვენებელი რაიონების მიხედვით ასეთი იყო: 

მთაწმინდა - 41.512% (14 696 ხმა); 

ვაკე - 38.003% (28 983 ხმა); 

საბურთალო - 39.758% (38 110 ხმა);

კრწანისი - 48.831% (11 002 ხმა); 

ისანი - 45.298% (28 767 ხმა); 

სამგორი - 44.924% (37 004 ხმა); 

ჩუღურეთი - 44.105% (17 936 ხმა); 

დიდუბე - 42.076% (17 234 ხმა);

ნაძალადევი - 42.571% (33 952 ხმა); 

გლდანი - 40.46% (34 547 ხმა).

გარდა თბილისისა, „ქართულმა ოცნებამ“ 50%-იანი ზღვარი ვერ გადახალა ქუთაისში - 47.279% (38 150 ხმა), რუსთავში - 41.414% (25 370 ხმა), ბათუმსა - 49.683% (45 631 ხმა) და წალენჯიხაში - 48.021% (7 205 ხმა). 

საუკეთესო შედეგი კი „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგ ქალქებში აჩვენა: ახალქალაქი - 88.933% (11 749 ხმა); ნინოწმინდა - 89.771% (7 802 ხმა); საჩხერე - 84.375% (20 941 ხმა); ბოლნისი - 80.711% (18 390 ხმა); მარნეული - 79.545% (19 424 ხმა) და დმანისი - 76.434% (6 824 ხმა).

ვენეციის კომისიის მოწოდება 

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, 2024 წლის დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გაუქმდეს, რადგან ცვლილებები აძლიერებს ადგილობრივ არჩევნებში მაჟორიტარულ კომპონენტს, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს მმართველი პარტიის პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას. 

„მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ევროპული სტანდარტები ადგილობრივი საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემას არ არეგულირებს, ეს ცვლილებები, ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას ხელს არ უწყობს. მეტიც, მათ შეიძლება ძირი გამოუთხარონ საარჩევნო უფლების თანასწორობის პრინციპს, განსაკუთრებით საარჩევნო პროცესში ხმის უფლებამოსილების სამართლიან განაწილებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მიმართულებით“, - ვკითხულობთ ვენეციის კომისიის დასკვნაში.

ვენეციიხ კომისიის მთავარი რეკომენდაციებია:

- გასული წლის დეკემბერში მიღებული ცვლილებების გაუქმება;

- საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაცრი რეგულირება საარჩევნო კოდექსის დონეზე,  საარჩევნო ოლქების დელიმიტაციის მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების განსაზღვრა;

- მოახლოებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, საზღვრების დელიმიტაცია მიუკერძოებელ ორგანოს დაევალოს.

დამატებითი რეკომენდაციებია: 

- საქართველოს საარჩევნო კოდექსში ნებისმიერი შემდგომი ცვლილება საარჩევნო სისტემის საფუძვლიანი და ყოვლისმომცველი გადახედვის შემდეგ უნდა შევიდეს, რაც ყოვლისმომცველ რეფორმას უზრუნველყოფს და არა ხშირ და ფრაგმენტულ შესწორებებს, ასევე, დაცული უნდა იყოს საარჩევნო კანონმდებლობის სტაბილურობის პრინციპი;

- საარჩევნო კოდექსის მსგავსი ყოვლისმომცველი მიმოხილვა უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო და ყოვლისმომცველ კანონმდებლობას, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ვალდებულებებსა და სტანდარტებს და ითვალისწინებს წინა რეკომენდაციებს, ყველა დაინტერესებულ მხარესთან ფართო საჯარო კონსულტაციების შედეგად მიღწეული ფართო კონსენსუსის შემდეგ. ასევე, უნდა ითვალისწინებდეს მსგავსი კანონმდებლობის სრულად და კეთილსინდისიერად განხორციელების პოლიტიკურ ვალდებულებებს, ადეკვატური პროცედურული და სასამართლო გარანტიებითა და საშუალებებით აღნიშნული კანონმდებლობის ნებისმიერი სახით შეუსრულებლობის დროული შეფასებისთვის.

დათანხმდება თუ არა „ოცნება“ ვენეციის კომისიას

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ „ოცნება“ ვენეციის კომისიას საბოლოოდ მაინც არ დათანხმდება. 

„არ მგონია „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე რაკომენდაციებს დათანხმდეს. დღეს „ოცნების“ პოლიტიკაა, რომ ყველა მიმართულებით, იქნება ეს სამართლებრივი, საარჩევნო, თუ მედიის თვალსაზრისით, უფრო რეპრესიული გახდეს კანონი და იყოს მორგებული „ქართული ოცნების“ ინტერესებზე. აქედან გამომდინარე, ვენეციის კომისიამ რაც არ უნდა რეკომენდაციები მისცეს „ქართულ ოცნებას“, ის ამას არ გაითვალისწინებს და არ შეასრულებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ვენეციის კომისიასთან და ზოგადად ევროპასთან ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა. 

„თუ „ოცნება“ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს, ამით ჩვენს პარტნიორების „ოცნებისადმი“ დამოკიდებულება ხომ არ შეიცვლება? თუ „ოცნება“ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ის მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მას გამოადგება პარტნიორებთან ურთიერთობის დალაგებაში. ამიტომაც არ მგონია, რომ გადაწყვეტილება შეცვალოს“, - განაცხადა ძაბირაძემ. 

კითხვაზე, რატომ დააბრუნა „ოცნებამ“ 2017 წლის წესები ადგილობრივ არჩევნებზე, ანალიტიკოსმა გვითხრა: 

„მაჟორიტარული ოლქები ხელისუფლებისთვის ყოველთვის იყო საყრდენი, საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა თუ ადგილობრივი, და როგორც ჩანს, ამ მიმართულებით თავის დაზღვევის მიზნით გადათამაშება ხდება. საკრებულოებში რაღაც ნაწილი პროპორციული წესით ირჩევა და რაღაც ნაწილი მაჟორიტარული წესით და თუ მაჟორიტარების რაოდენობა იზრდება, ხელისუფლება ფიქრობს, რომ მას უფრო მეტი შანსი აქვს მაჟორიტარებში გაიყვანოს თავისი სასურველი კანდიდატები და ამით შექმნას ადგილობრივ საკრებულოებში უმრავლესობა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

რა შანსი აქვს ოპოზიციურ პარტიებს დიდ ქალაქებში

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი იმის მომხრეა, რომ ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მეტიც, მისი თქმით, ოპოზიციას დიდ ქალაქებში მოგების შანსიც აქვს. 

„ჩემი კითხვა უფრო არის მათთან, ვინც აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოებას, რათა ამომრჩეველი ჩამოყალიბდეს, რომელი პარტია იღებს მონაწილეობას და ჩამოყალიბდნენ ვინ იქნება ქალაქის მერობის კანდიდატი. შეიძლება ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, გორის მოგება. თბილისიც გარანტირებული შეიძლება იყოს და ამაზე მუშაობაა საჭირო“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან“. 

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ წლევანდელ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობა-არმონაწილეობაზესაუბარი ნაადრევია. 

„დღეს ლაპარაკი იმაზე, უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოება, მით უმეტეს მოიგებს თუ წააგებს, არასწორია. იქამდე ნახევარი წელია და ამ დროის განმავლობაში რა შეიცვლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, კაციშვილმა არ იცის. ამიტომ გადაწყვეტილება ოპოზიციამ დღეს არ უნდა მიიღოს. 

„ასევე არასწორად მიმაჩნია ის გადაწყვეტილება, გარკვეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა დღესვე რომ თქვეს უარი - არა, არ მივიღებთ მონაწილოებასო. არ ვიცით ადგილობრივი არჩევნებისთვის რა იქნება არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ და გადაწყვეტილება პოლიტიკოსმა უნდა მიიღოს კონკრეტული მომენტისთვის შესაფერისი და შესაბამისი. თუ პოლიტიკური სიტუაცია ისე დალაგდება და ისე მოითხოვს, რომ უმჯობესია არჩევნებში მონაწილოების მიღება, მაშინ უნდა მიიღო. თუ დღევანდელი პოლიტიკური ვითარება შენარჩულებული იქნა, მაგალითად, ხვალ რომ ადგილობროვი არჩევნები ტარდებოდეს, დიდი ალბათობით ოპოზიციამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ რომ ტარდება და დღეს განაცხადო, რომ არ მივიღებ მონაწილოებასო, ესეც პოლიტიკურად გაუმართლებელი მგონია“, - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე, ხვალ რომ ტარდებოდეს ადგილობრივი არჩევნები და ოპოზიციამაც მიიღოს მონაწილოება, რა შანსი ექნება მას დიდ ქალაქებში, ძაბირაძემ გვითხრა: 

„ძალიან რთული სათქმელია. ჩემი აზრით, ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს, მაგრამ ამ არჩევნებში ძალიან ბევრი ადამიანი იღებს უშუალო მონაწილეობას. თბილისში არის საკრებულოს 50 წევრი, აქედან ნაწილი მაჟორიტარია, ნაწილი - პროპორციული, წარმოიდგინეთ მარტო 4-მა ბარიერგადალახულ პარტიამ რომ მიიღოს მარტო მონაწილეობა, ამ საარჩევნო პროცესში უშუალოდ ჩართული იქნება 200 კაცი. ამასთან, გააჩნია ამ არჩევნების მიზანი რა იქნება - კიდევ ერთხელ ამხილო ხელისუფლება, თუ არჩევნები გამოიყენო იმისთვის, რომ პოლიტიკური ვითარება უფრო მეტად დაძაბო. ბევრი ფაქტორია და ამიტომ რა იქნება ღმერთმა უწყის“, - განაცხადა ძაბირაძემ „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე