თამთა ჩაჩანიძე
(22.03.2025)

პარტია „გახარია საქართველოსთვის" აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობამ" საერთოდ უკუაგდო მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოპოზციის კოორდინაციის იდეა. თავად ენმ-ში კი ერთდროულად გახარიასაც აკრიტიკებენ და ზურაბიშვილსაც და აცხადებენ, რომ კოორდინაციაზე „ყალბი მოლოდინების შექმნა არასწორია". პარტია „ახალშიც" ბოლო პერიოდში ზურაბიშვილის მიმართ განსაკუთრებით დიდი ინტერესი არ იკვეთება. ჩავარდა თუ არა „ძლიერი კოორდინაცია" და რა სცენარით გაგძელდება პროცესები?

„ოპოზიციაში ვერ გაურკვევიათ, ზურაბიშვილი თამარ მეფეა, თუ მოღალატე", - აცხადებენ „ოცნებაში" ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესების შეფასებისას.

ოპოზიციის ნაწილში იმედოვნებენ, რომ 31 მარტი იქნება ერთობის დემონსტრირების შესაძლებლობა, თუმცა აქციის თარიღის მოახლოებასთან ერთად, ამ მხრივ თავად ოპოზიციაში დაიწყო პესიმისტური განწყობების გაძლიერება.

14 მარტს ზურაბიშვილსა და ოპოზიციონერებს შორის ბოლო აუდიენცია შედგა, რის შემდეგაც ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი მიზანი „არასოდეს ყოფილა ოპოზიციის გაერთიანება" და რომ ამზადებს „ძლიერ კოორდიანაციას, რაც უძლებს ყველაფერს. ყალბი გაერთიანება კი არის ყველაზე მოწყვლადი".

„რაკი კოორდინაცია ვერ დგება, თქვან - ხალხო, არ გამოდის კოორდინაცია, რაც არის ეს არის და ახლა თავზე ნაცრის დაყრის დრო არაა. ჩამოყალიბებაა საჭირო, ვინ ვისთანაა, სადაა და როგორ", - განაცხადა „რეზონანსთან" ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა.

რას აცხადებენ ოპოზიციონერები

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრის ბექა ლილუაშვილის თქმით, სწორედ მაშინ, როცა სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ოპოზიციის კოორდინაციის რეალური შესაძლებლობა გაჩნდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ" „საერთოდ უკუაგდო კოორდინაციის იდეა".

„ჩვენ ნებისმიერ იმ საკითხთან მიმართებაში, რომელიც ეხება გაყალბებულ არჩევნებს და ქვეყნის ევროპულ მომავალს, მზად ვართ კოორდინაციაში შევიდეთ ყველასთან. ამ კოორდინაციაში ვართ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ეს არის საკმაოდ არაორგანიზებული. როგორც კი სალომე ზურაბიშვილმა ამის ინსტიტუციონალიზაციის პრაგმატული შესაძლებლობა (გააჩინა), გამოვიდნენ ადამიანები და დაიწყეს საუბარი, რომ თურმე არ იციან ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, რა როლი აქვს ახლა და საერთოდ უკუაგდეს კოორდინაციის იდეა.

„სიმართლე ის არის, რომ ამ ადამიანების მოტივი და მიზანი ის არის, რომ საზოგადოებას თავგზა აურიონ, არანაირი გეგმა არ შესთავაზონ, ისაუბრონ ერთობაზე და ბრალი დასდონ ვიღაცას, რომ შედეგს ვერ დებენ და პასუხისმგებლობა აკიდონ. უნდათ, რომ იძახონ - აი, სხვამ ვერ მოახერხა ჩვენთან გაერთიანება. როცა რეალურად კოორდინაციის შესაძლებლობა შეიქმნა თვითონ გამოვიდნენ და „ააფეთქეს" ეს შესაძლებლობა.

„როდესაც ვამბობთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა" და ჩვენ შორის ვერასდროს ვერ იქნება ერთობა, ვერც წარსულში და ვერც ახლა იმიტომ, რომ უბრალოდ ვერ შევუთავსებთ ერთმანეთს ვერც აზროვნებას და ვერც ფასეულობებს, მაგრამ კოორდინაციასაც კი თვითონ „აფეთქებენ", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსთან".

„ახალის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ზურაბიშვილი არის ქვეყნის გადარჩენის ინსტრუმენტი და „ყველას ერთად არ შეჰყვარებია".

„სალომე ზურაბიშვილი ყველას ერთად კი არ შეგვიყვარდა, სალომე ზურაბიშვილი არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი ამ ქვეყნის გადარჩენისთვის და, შესაძლოა, გადამწყვეტი. ჩვენ, როგორც ამ ქვეყნის პოლიტიკური პარტიები, პატრიოტები და მოქალაქეები, ამაზე უარს არ ვიტყვით. ეს მანაც იცის. ჩვენ ახლო მეგობრები არ ვართ, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრები და არც ვიქნებით. სხვა ოპოზიციური პარტიების კრიტიკა ზურაბიშვილის მიმართ არ მაღელვებს. მთავარია, ერთი საქმე გავაკეთოთ ერთად", - აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ყალბი მოლოდინების შექმნა არასწორი და კონტრპროდუქტიულია.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებამდეც მხარს უჭერდა ოპოზიციის გაერთიანებას, რადგან ცივილიზაციურ და ქვეყნისთვის ეგზისტენციალურ ბრძოლაში მნიშვნელოვნად მიგვაჩნდა საერთო ფრონტი, თუმცა ჩვენ სხვა პარტიების პოზიციების ფორმირების ფორსირებას ვერ მოვახდენთ. ამიტომ ყველამ თავისი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ ამგვარი ერთიანობის შექმნას ჩვენ ვემხრობოდით, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლად გაუმართლებელია მისი მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილის არშეწყალება, თუმცა აქაც, ჩემი აზრით, უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ვადები, რის შემდეგაც ცხადი იქნება, რომ ეს ერთობა არ შედგა და ყველა პოლიტიკურმა პარტიამ საკუთარი ძალების ფარგლებში და საკუთარი ფრონტით უნდა გააგრძელოს ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმთან. „ნაციონალური მოძრაობა" ამას აკეთებდა და აკეთებს მეცამეტე წელია. შესაბამისად, ძალიან კარგად ვიცით და გვესმის, როგორი უნდა იყოს ეს ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შედგა თუ ვერა კოორდინაცია

როგორც კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, ფაქტია, რომ კოორდინაცია ვერ შედგა და ამას რაც მალე იტყვის ოპოზიცია და გადაჯგუფდებიან, მით უკეთესია.

„ის, რომ კოორდნიაცია ვერ შედგა ფაქტია და ახლა რაღაცეების დრო არაა. ვერ შედგა. იყო მცდელობა და არ არის კარგი, რომ ვერ შედგა. რაც მოხდა, მოხდა, მაგრამ ახლა სჯობს ვინც როგორ ფიქრობს ისე დაჯგუფდნენ. ვინც ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან კარგი იქნება გაერთიანება, ერთობა და კოორდინაცია, ეს ოპოზიციის ერთი კატეგორია იქნება. ვინც იტყვის, რომ არ გვინდა სალომე ზურაბიშვილი - ისინი სხვა ფლანგზე გადანაწილდნენ.

„ჩემი კითხვა უფრო არის მათთან, ვინ აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილოებას, რათა ამომრჩეველი ჩამოყალიბდეს, რომელი პარტია იღებს მონაწილეობას და ჩამოყალიბდნენ ვინ იქნება ქალაქის მერობის კანდიდატი. ასევე შეიძლება ქუთაისის, ბათუმის, ზუგდიდის, რუსთავის, გორის მოგება. თბილისიც გარანტირებული შეიძლება იყოს და ამაზე მუშაობა უნდა.

„რაკი კოორდინაცია ვერ დგება, თქვან - ხალხო, არ გამოდის კოორდინაცია, რაც არის ეს არის და ახლა თავზე ნაცრის დაყრის დრო არაა. ჩამოყალიბებაა საჭირო - ვინ ვისთანაა, სადაა და როგორ. ვინც ადგილობრივ არჩევნებზე არ მიდის, ნუ მიდის, გაუმარჯოს სადაც არიან იქ. ვინც მიდის, კარგია და მე ამის მომხრე ვარ. ახლა საჭიროა არ დააბნიონ თავიანთი ამომრჩეველი. ამ სიტუაციიდან როგორმე უნდა გამოძვრნენ", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ერთობა და ადგილობრივი არჩევნები

კითხვაზე, ის, რომ კოორდინაცია არ შედგა, მთავარი მიზეზი ადგილობრივი არჩევნებია, თუ სხვა მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო, ზაქარეიშვილმა გვითხრა:

„მე მხოლოდ ვმსჯელობ და ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ მემგონი წამყვანი არჩევნების თემა იქნებოდა. ეს ჩემი მოსაზრებაა.

„ზურაბიშვილს, ბუნებრივია, ჰქონდა მცდელობა ერთობისა, კოორდინაციისა და როცა კოორდინაციაზე მიდიხარ, ზურაბიშვილი გამოცდილი პოლიტიკოსია და მზად იქნებოდა კომპრომისისთვის, რომ გადაერჩინა კოორდინაცია და როგორც ჩანს, არ გამოვიდა, კომპრომისებზე წასვლამ ეს შედეგი არ მოუტანა. როგორც ჩანს, რადგანაც ყველაზე მეტად ზურაბიშვილს „ნაცმოძრაობა" აკრიტიკებს, არ გამოვრიცხავ, რომ ის მეტ პირობებს აყენებდა ისეთს, რომ მეტ კომპრომისზე ვერ წავიდოდა სალომე ზურაბიშვილი.

„ერთადერთი პატიოსნად ვინც საჯაროდ თქვა, ესაა გვარამია - მე არ მივდივარ ადგილობროვ არჩევნებზეო. მე არ ვეთანხმები მას, მაგრამ მისი პრინციპულობა მომწონს. როგორც ჩანს, „ნაცმოძრაობაც" ასევე მოიქცევა, მაგრამ, ჯერჯერობით, მისი პოზიცია მკაფიოდ გამოკვეთილი არ ყოფილა - სალომე ზურაბიშვილს უფრო სააკაშვილის კონტექსტიდან ეჩხირკედელავება, ვიდრე ადგილობროვ არჩევნებზე.

„ლელო" იქნება თუ გახარია, მემგონი უფრო მზად იქნებიან არჩევნებზე წავიდნენ და სალომე ზურაბიშვილსაც ეს უნდა ესმოდეს. მემგონი გახარია, „ლელო" და სალომე ზურაბიშვილი ეცდებიან გარკვეულ კოორდინაციას", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

რა პრესპექტივა აქვს აქციების გაგრძელებას

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სიტუაცია რაღაც პოლიტიკურ პროცესში თუ არ გადაიზარდა, ასე აქციების გაგრძელებას აზრი არ აქვს, რადგან საპროტესტო ტალღა თანდათან უფრო რადიკალური ხდება, რაც ხალხს განიზიდავს.

„ეს პროტესტი ამდენი ხანი რომ მიდის და ამ ხალხმა გამოიარა სიცივე, ყინვა, ამდენი ჯარიმა, დარბევები, ვინც ყოველ საღამოს მიდის და ჯიუტად რუსთაველზე დგება უამინდობაშიც და ყველაფერშიც, მათი რადიკალიზება ხდება. ამ ხალხს უჩნდება და გაუჩნდა ცოტა ისეთი განცდა, რომ ჩვენ აქ თავს ვიკლავთ თქვენი გულისთვის და სად წავიდა ის ხალხი 200-300 ათასი რომ გამოდიოდა ქუჩაში? კარგია, სხედხართ თქვენთვის, ცხოვრობთ და ჩვენ აქ ვიყინებით, ამიტომ კეთილი ინებეთ და თქვენც გამოდითო.

„მაგრამ შეუძლებელია ყოველ დღე ქუჩაში 100 ათასი ადამიანი გამოდიოდეს, რადგან ვინც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკულადაა განწყობილი, ადამიანების კრიტიკული დამოკიდებულების ხარისხი სხვადასხვანაირია. ის, ვინც ყოველდღე დადის, იმის დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ თანდათან რადიკალური ხდება, თავიდან შეიძლება ასე სულაც არ იყო. ასი დღე რომ ქუჩაში ვიქნები, კიდევ 50 ათასიან ჯარიმას დამადებენ და ციხეში რომ ჩემს მეგობრებს ჩასვამენ, ცოტა რადიკალდები, აბა, რა მოგივა?

„ეს რადიკალიზაცია კი არაა პრობლემა, საფრთხე ისაა, რომ ეს რადიკალიზაცია გადამდები არაა. ანუ ადამიანი კიდევ მეტად რომ ბრაზდება და რადიკალური ხდება, ეს ამ პროტესტს კი არ ამრავლებს, პირიქით ავიწროვებს და ეს საფრთხეს უქმნის იმას, რომ ისინი, ვინც უფრო „ლაითად" და ხანდახან გამოდიოდნენ, იმათ რაღაცნაირად განიზიდავს და შეიძლება ამით გააძლიეროს ფრუსტრაციის, ნიჰილიზმის გრძნობა.

„რაც უფრო გაგრძელდება ეს პროტესტი, თუ რაღაც არ შეიცვალა და რაღაც პოლიტიკურ პროცესში ეს არ გადავიდა, ეს რადიკალიზაცია გარდაუვალია კიდევ უფრო მეტიც. პირველ ეტაპზე დასტაბილურდება, ანუ რაღაც რაოდენობის ხალხი იქნება და მერე გაილევა, ეს ყოველთვის ასე ხდება, რადგან რაღაც პოლიტიკური შედეგი უნდა დაიდოს და მხოლოდ იმიტომ, რომ რუსთაველი გადაიკეტება, ამით ვერ მოხდება ის, რომ ბიძინამ დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე