თამთა ჩაჩანიძე
(21.03.2025)

"თუ აქციაზე ცოტა ხალხი მივიდა, ოპოზიციის იმიჯზე იმოქმედებს იმ მხრივ, რომ თვითონ ოპოზიცია დაიწყებს დაშლას, ბევრი ხალხი იმ შთაბეჭდილებას მაინც შექმნის, რომ აი, ამ ოპოზიციას ხალხის შეგროვება მაინც შეუძლია. როცა ხალხის შეგროვებაც კი არ შეუძლიათ, მაშინ ოპოზიციონერები უკვე ერთმანეთის ბრალდებაზე გადავლენ",- აცხადებს "რეზონანსთან" ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე 31 მარტს დაანონსებული აქციის შეფასებისას.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ 31 მარტს ბევრი ხალხი მივა, რასაც დასავლეთიდანაც მოჰყვება შეფასება და რეაქციები.

"ვფიქრობ 31 მარტს მაინც ბევრი ხალხი მივა, რადგან ღირსშესანიშნავი დღეა - 1991 წელს, ამ დღეს რეფერენდუმი ჩატარდა, შემდგომში სწორედ ამის საფუძველზე საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. შესაძლოა, ყოველდღიურად აქციებზე ბევრი ხალხი ვერ ახერხებდეს მისვლას, მაგრამ არის ასეთი ღირსშესანიშნავი დღეები, როდესაც კონკრეტული მოქალაქე მაქსიმალურად კონცენტრირდება ხოლმე.

"ოპოზიციის მხრიდან ხალხის მისამართით რაღაც მოწოდებები არის და შესაძლოა გარკვეული მობილიზაცია არის. ეს გაშუქებული არ ყოფილა, თუმცა, ამის ალბათობა დიდია. ყოველ შემთხვევაში საკმარისი რაოდენობის ხალხი მაინც მივა. შეიძლება ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგედოების მხრიდან რაღაც კონკრეტული მიმართვაც იყოს. არაა აუცილებელი ყველა ოპოზიციური პლატფრმა ერთ პარტიაში გაწევრიანდეს, მაგრამ ურთიერთკოორდინაცია მაინც საჭიროა, რომ შეიქმას რაღაც საკონსულტაციო ორგანო და ა.შ. ასე თუ ისე ბევრი ხალხი მივა, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ოპოზიციამაც უნდა იმოქმედოს, რომ მოგვიანებით უფრო მეტი მივიდეს, რადგან კიდევ არის 9 აპრილი, 26 მაისი.

"ამას დასავლეთშიც დაინახავენ და აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ ყოველ დღე ბევრი ხალხი ვერ შეიკრიბება, მაგრამ ფაქტია ბრძოლა გრძელდება და ამის გამოძახილია, რომ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუციები, ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები დამატებით სანქციებს განიხილავენ, ცალკე აშშ-ში მეგობარი აქტის მიღება იგეგმება კონგრესში",- განაცხადა ჩიტაძემ.

კითხვაზე, რა სცენარია მოსალოდნელი, თუ 31 მარტს აქციაზე ცოტა ხალხი მივიდა, ჩიტაძემ გვითხრა:

"ხელისუფლებას მიეცემა სალაპარაკო, თუმცა ხელისუფლება ყველა შემთხვევაში იტყვის, რომ საკმარისი რაოდენობის ხალხი არაა და ჩვენ უფრო მეტი მომხრე გვყავსო. ყოველ შემთხვევაში, ოპოზიციისგან უნდა იყოს თავის ამომრჩევლთან მუშაობა და მოწოდება, რომ ხალხი მივიდეს. დავუშვათ ხელისუფლებამ თქვა, რომ კარგით, ვატარებ ახალ არჩევნებს, ხომ უნდა იყოს მზად ოპოზიცია? ამისთვის საჭიროა პოტენციური და თუნდაც ნეიტრალურად განწყობილი ამომრჩეველი დაარწმუნოს რატომ სჯობს ოპოზიცია "ოცნებას". როგორ დეზინფორმაციას ეწევა ე.წ. ხელისუფლება, როდესაც საუბრობს საქართველოს ომში ჩათრევაზე და ა.შ. ამას მოსახლეობას აჯერებს, ამიტომაც ამ მხრივ სამუშაოა. ხელისუფლება ხალხის მოტყუებით და დეზინფორმაციის გავრცელებით სჯობნის ოპოზიციას და ამიტომაც ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ გააქარწყლონ ეს დეზინფორმაცია",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბევრი ხალხი რომც მივიდეს, პროცესი რევოლუციისკენ მაინც არ წავა.

„რეალურად, პროცესი რისკენაც მიდის - ასეთი ხავერდოვანი რევოლუციის მაგალითი არის 2003 წლის ვარდების რევოლუცია. ამ რევოლუციის შედეგი, ანუ ხელისუფლების შეცვლა დადგა იმიტომ, რომ შევარდნაძემ თქვა სახლში მივდივარო, თორემ ქუჩაში 30 ათასი კაცი იყო, მიშა იძახდა ამდენი ვართო. შევარდნაძე რომ არ წასულიყო, იქნებოდა ეს ხალხი, ხავერდოვან რევოლუციაში ძალადობა დაიწყება თუ არა, იქ უკვე კანონი იწყებს ამოქმედებას, ასეთი გამოცდილება გვაქვს და ახლა რამდენი კაცი უნდა დაგროვდეს საიმისოდ, რომ, შევარდნაძის არ იყოს, ამ ხელისუფლებამ თქვას წავედით სახლშიო, ამის პირი არ ჩანს.

„თან არ ჩანს პირი იმიტომაც, რომ ამ ხელისუფლებას თავისი მყარი წერტილები აქვს, შევარდნაძეს კი თითქმის მორღვეული ჰქონდა გარშემო ყველაფერი. იმ დროს ერთული კაცი არ დარჩა მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაშიც კი, ამიტომ არ უნდოდა ასე ხელისუფებაში ყოფნა და წავიდა, დღეს სხვა ვითარებაა, ვხედავთ როგორი ერთიანია ხელისუფლება თავის სულისკვეთებაში. თან ხელისუფლებას აქვს განცდა, რომ იბრძვის, "დიფ სტეიტს" დაარქმევს თვითონ, თუ სხვა რამეს, ფაქტია, რომ იბრძვის ვიღაცის გავლენის წინააღმდეგ და იბრძვის ტრამპთან ერთად, როგორც ის აშშ-ში იბრძვის. თუ ვიტყვით, რომ ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს მიტინგის გამო, მაშინ უნდა ვთქვათ, რომ თუ კარგ მიტინგს მოაწყიბენ აშშ-ში ტრამპიც უნდა გადადგეს - ცოტა არ იყოს არარეალური ვერსიაა. თან ბრძოლაში ეგეთი რამეები არ ხდება, რომ მიტინგი მოუწყო და გადადგეს, ბრძოლაშია და ნებისმიერ ადამიანს ბრძოლის ბოლომდე მიყვანა უნდა, ვინც ამაშია ჩაბმული, მათ შორის დღეს არსებულ ხელისუფლებას. ამიტომ რა მოჰყვება ბევრ ადამიანს ქუჩაში, გარდა იმისა, რომ ქუჩაში დადგენიან, მეეჭვება, რომ სხვა რამე მოჰყვეს.

„ოპოზიცია კაი ხანია იძახის, რომ ჩვენი პარტნიორი დასავლეთიაო, მათ პარტნიორად მიაჩნიათ არა ქართველი ხალხი, არამედ დასავლეთის პოლიტიკური წრეები, კერძოდ ევროპის, რადან ახლა ლიბერალების ცენტრი ევროპაშია. ლიბერალების ამოცანაა, რომ აქ შეიცვალოს ხელისუფლება სწორედ იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება არის კონსერვატიული მიმართულების. მიტინგი და ნებისმიერი პროტესტი ლიბერალებისგან მიტანილია ზაოგადოებასთან, როგორც მთელი ხალხის აჯანყება.

„თუ აქციაზე ცოტა ხალხი მივიდა, ოპოზიციის იმიჯზე იმოქმედებს იმ მხრივ, რომ თვითონ ოპოზიცია დაიწყებს დაშლას, ბევრი ხალხი იმ შთაბეჭდილებას მაინც შექმნის, რომ აი ამ ოპოზიციას ხალხის შეგროვება მაინც შეუძლია, როცა ხალხის შეგროვებაც კი არ შეუძლია, მაშინ ოპოზიციონერები უკვე ერთმანეთის ბრალდებაზე გადავლენ", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ "რეზონანსთან".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე