თამთა ჩაჩანიძე
(19.03.2025)

ოპოზიცია აცხადებს, რომ დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა ახალი საპარლამენტო არჩევნებია. მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ესაა, თუმცა დღეს "ქართული ოცნება" ამის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს და ოპოზიციურ პარტიებს ადგილობრივი არჩევნებში მონაწილოებისკენ მოუწოდებს.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ახალი არჩევნები ფაქტიურად გამორიცხულია.

"ოპოზიციის საქმე ისეა, მელას რაც ელანდებოდა, ის ესიზმრებოდაო, ახალი არჩევნების ჩატარება ისევეა მოსალოდნელი, როგორც ბაბუაჩემის დაბრუნება. დღეს ახალი არჩევნების ჩატარების არავითარი საჭიროება არ არის, ეს ჩვენთან ხალხს არ უთხოვია.

"თუ რაიმეს თავი აქვთ, აგერ ბატონო ადგილობრივ არჩევნებში დაამტკიცონ. მიიღონ მონაწილეობა და ნახონ რა შედეგს მიიღებენ. მათი ერთადერთი მიზანია, რომ გადადგეს "ქართული ოცნება" და ქვეყანა მათ ჩააბაროს, მაგრამ ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება. მათი საქციელი არის ხმა მღაღადებელსა უდაბნოსა შინა, ილაპარაკონ და იყვნენ",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ "რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნაა, თუმცა, ოპოზიციას სამუშაო აქვს ჩასატარებელი ხალხში.

ანალიტიკოსი დასძენს, რომ "ოცნებას" ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ახალი არჩევნების ჩატარების ეშინია, რადგან იცის, რომ დამარცხდება.

"ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნაა, თუმცა, ოპოზიციამ სხვა ასპექტებიც უნდა გაითვალისწინოს. "ქართული ოცნების" მიმართ მოწოდების პარალელურად, მოსახლეობასთან მუშაობაა საჭირო, აუხსნან რატომ არის ოპოზიცია უკეთესი, რას სთავაზობს უკეთესი საქართველოსთვის და თითოეული მოქალაქისთვს.

"ქართული ოცნება" მაინც დეზინფორმაციულ კამპანიას ეწევა, ჯერჯერობით ამას წარმატებით ახერხებს, ვგულისხმობ ხალხის დარწმუნებას, რომ "ოცნება" რომ არ ყოფილიყო, საქართველო ომში იქნებოდა ჩართული და ამის გარანტი მარტო "ქართული ოცნებაა".

"დღეს ახალი არჩევნების საკითხი ნაწილობრივ მიღწეულია იქიდან გამომდინარე, რომ ამდენი დღეა პროტესტი მიდის და ჯარიმებისა, დაპატიმრებების და ფიზიკური შეურაცხყოფების მიყენების მიუხედავად, პროტესტანტები ვერ დააშინეს და ხალხი მაინც გამოდის.

არის შანსი, რომ წარმატება მიღწეულ იქნას, მაგრამ იმისთვის, რომ უფრო მეტი შანსი იყოს, მოსახლეობასთან მუშაობაა საჭირო და დასვლეთის უფრო აქტიური ჩართვა, ვგულისხმობ "ოცნების" წევრთა დასანქცირებას.

"ქართულ ოცნებას" ახალი არჩევნების ჩატარების ეშინია, რადგან მან გააყალბა და დაახლოებოთ 400 ათასამდე ხმა მოიპარა, რეალურად თუ არჩევნები ინიშნება, მაშინ აქ იქნება მოთხოვნა, რომ ჩატარდეს ახალი ადმინისტრაციის პირობებში და დემოკრატიულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და თუ საქართველოში არჩევნები დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარდა, "ქართულ ოცნებას" გამარჯვება გაუჭირდება და ხელისუფლების დათმობა მოუწევს.

"ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნა ასოცირდება არა ქვეყნის მართვის სურვილთან, არამედ, შემოსავალთან, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასთან, სხვანაირი შანსი მათ არ გააჩნიათ, აქ მხოლოდ პოლიტიკურ ელიტას კი არა, საშუალო და ქვედა რგოლებსაც ვგულისხმობ",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ "რეზონანსთან".

რას ამბობს "ოცნება" და ოპოზიცია

„ძლიერი საქართველოს" წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ყველა ძალისხმევას გამოიყენებენ იმისთვის, რომ საქართველოში ახალი არჩევნები დაინიშნოს. როგორც მან აღნიშნა, დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები.

„ძლიერი საქართველო" აპირებს დაუღალავად და უკანასკნელ წუთამდე ბრძოლას იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი და ნება აღასრულოს. ჩვენი მოსახლეობის 86%-ის ნება-სურვილია, რომ ჩვენი ქვეყანა ევროპული სივრცის ნაწილი გახდეს.

"დღეს ქართული საზოგადოების ყველაზე დიდი დაკვეთა არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ამიტომ, ყველა ძალისხმევას გავიღებთ იმისთვის, რომ იმ ადამიანების ინტერესები დავიცვათ, ვინც საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობაა და მივიღოთ ახალი არჩევნები",-განაცხადა დათუნაშვილმა.

" საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება, ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა ცოტა ხნის წინ.

„საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი არ განიხილება, საპარლამენტო არჩევნები 2028 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდება, ხოლო თვითმმართველობის არჩევნები - 4 ოქტომბერს. შეიძლება, სალომე ზურაბიშვილი ამ არჩევნებისთვის მზადებას გულისხმობდა. ეუთო-ს დასკვნაში შავით-თეთრზე წერია, რომ საპარლამენტო არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო.

"ოპოზიცია რომ არჩევნებში დამარცხდა, გაიბუტა და პარლამენტში არ შემოვიდა, ეს რეალობას არ ცვლის, პარლამენტი მუშაობს. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნები არ განიხილება. რაც უფრო მალე გამოერკვევიან და ეცოდინებათ, რომ არჩევნები არ დაინიშნება, მით უფრო მალე დაიწყებენ მზადებას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ყველაზე გონივრული იქნება, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებისთვის მოემზადოს", - აღნიშნა ბოჟაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე