აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის მთავარი ხაზი უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობა იყო, თეთრი სახლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყოს ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტრის ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტით, თუმცაღა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის საუბრიდან მალევე რუსეთმა ისევ დაარტყა უკრაინის ენერგოობიექტებს.
18 მარტს მსოფლიოს ყურადღება თეთრი სახლისკენ იყო მიპყრობილი, ორსაათნახევრიანი საუბრის შემდეგ, საუბრის დეტალებზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა ტრამპის ადმინისტრაციამ, რომლის მიხედვით, უკრაინის საკითხის გარდა, მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე ახლო აღმოსავლეთში, მოლაპარაკებები შეეხო სტრატეგიული იარაღის გავრცელების აკრძალვას, შეთანხმდნენ, რომ ირანმა ვერასოდეს ვერ უნდა შეძლოს ისრაელის განადგურება.
საუბრისას მხარეები შეეხნენ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის საკითხს უკრაინაში,
კრემლის განცხადების თანახმად, აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ფარგლებში არსებობს "უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შეჩერების აუცილებლობა". ამავე ინფორმაციით, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა მოხდება "175-175-ზე" ფორმატში და უკრაინას ასევე გადაეცემა 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. ტყვეების გაცვლა კი 19 მარტს შედგება.
უნდა აღინიშნოს, რომ 23 მარტს საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში გაიმართება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა.
ვინ როგორ აფასებს ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარს
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" აცხადებს, რომ უკრაინის საკითხზე პუტინი და ტრამპი პრაქტიკულად ვერაფერზე შეთანხმდნენ.
"პუტინი და ტრამპი აღმოსავლეთის რეგიონზე შეთანხმდნენ, თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, ხოლო უკრაინის ომის გაჩერებაზე, ვერაფერ კომპრომისს ვერ მიაღწიეს. რამდენადაც ვიცი, ტრამპმა და პუტინმა ეს საკითხი კვლავ თავიანთ მომლაპარაკებელ ჯგუფებზე გადაამისამართეს, ჯგუფები შეეცდებიან გარკვეული ახალი ფორმულა ჩამოაყალიბონ.
"ტრამპს ძირითადად ახლო აღმოსავლეთის თემა აინტერესებდა, ამ საკითხში გარკვეულწილად კონსენსუსს მიაღწიეს, უკრაინის საკითხზე მათ პოზიციების შეჯერება გაუჭირდათ. პუტინი ტერიტორიებს და უსაფრთხოების ზონის შექმნას ითხოვს, რაც უკრაინისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
"ისედაც პუტინს არავითარ შემთხვევაში არ აწყობს შეთანხმება, რადგან რუსულ ძალებს ოპერატიული ინიციატივა აქვთ აღებული და როგორც ვრცელდება ცნობები, მათ კურსკში ალყაში მოაქციეს უკრაინული ძალები, რასაც უკრაინა უარყოფს. თუმცაღა, ფაქტია ტრამპი შეეცადა, რომ დაეხსნა ისინი, მაგრამ ამაზე პუტინი არ წავა.
"ტრამპმა და პუტინმა მიაღწიეს ტყვეების გაცვლის 175-175 პრინციპს, ანუ უკრაინელი ტყვეები რუს ტყვეებზე გაიცვლება და ესეც მოლაპარაკების შედეგი იყო. ეს მაინც ჰუმანიტარული საკითხია და ძირითად საკითხებზე არანაირი კომპრომისი არ ყოფილა. ახლა ომი გაგრძელდება, თუ მხარეებს შორის რაიმე სასწაული არ მოხდა, ჯერჯერობით ომის დასრულების კონტურები არ იკვეთება.
"ზელენსკი მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპის დაჯდომასაც ითხოვს, მას სურს თავი დაიზღვიოს ტრამპის მოულოდნელი გადაწყვეტილებებისგან. შეიძლება ახლა ტრამპი მეტ-ნაკლებად პროუკრაინულ პოზიციას ავლენს, მაგრამ რა მოუვა თავში, კაცმა არ იცის, ამიტომ ზელენსკი თავს იზღვევს.
"არ გამოვრიცხავ რაღაც მომენტში ტრამპმა უკრაინას სამხედრო დახმარება კვლავ შეუჩეროს და ევროპა ყველა სცენარისთვის ემაზდება, მათ შორის ჩაანაცვლოს ამერიკული დახმარება. ის, რომ ვერაფერზე ვერ შეთანხმდნენ, ტრამპის იმიჯს ურტყამს და მის საარჩევნო დაპირებას, მაგრამ სხვა გზა არაა, ეს ამერიკის პრეზიდენტებს სჩვევიათ ხოლმე.
"ფაქტიურად 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმა ჩაიშალა, ეს უფრო მკაფიო გახდა ტრამპი-პუტინის პირდაპირი საუბრის მერე",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".
ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ჯერჯერობით სატელეფონო საუბრიდან პრაქტიკაში არ ჩანს, რომ რაიმე შეთანხმება მიღწეულია, მისი თქმით, საუბარი იყო ინფრასტუქტურაზე დარტყმების შეჩერება ორივე მხრიდან, თუმცა, საკითხავია ეს ვის უფრო აწყობს.
"სატელეფონო საუბრიდან პრაქტიკულად არაფერი შეთანხმება მიღწეული არაა, ერთადერთი თითქოს შეთანხმდნენ იმაზე, რომ ინფრასტრუქტურაზე მიმართულ საჰაერ დარტყმებს შეაჩერებდნენ, მაგრამ საკითხავია, ეს ვის უფრო აწყობს უკრაინას თუ რუსეთს. ამ შემთხვევაში უკრაინამაც უნდა შეაჩეროს დარტყმები რუსეთის ნავთობსაცავებზე და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომელსაც ძალიან დიდ ზიანს აყენებდა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებს.
"სამხედრო შესაძლებლობების თვალსაზრისით, შესაძლოა პუტინისთვის უფრო მომგებიანი ყოფილიყო ამ დარტყმების შეჩერება ორმხრივად. შესაძლოა ეს შეთანხმება ძალაში შესული არაა და რუსეთმა იმიტომ დაარტყა. შეთანხმება ტრამპმსა და რუსეთს შორის მოხდა, მაგრამ უკრაინელებსა და რუსეთს შორის უნდა მოხდეს ეს. ეს შეთანხმება იყო პრინციპული და არა პრაქტიკული, ეს ტრამპისა და მისი პიარისთვის კარგი მოვლენა არაა.
"დანარჩენი საუბრები, ჰოკეის თამაში და ა.შ. ეს რა თქმა უნდა გამაღიზიანებელია, ამერიკელებიც მაინცდამაინც კმაყოფილები არ უნდა იყვნენ იმ სახის განცხადებებით, რომელიც რუსეთმა გააკეთა. რუსეთი მოთხოვნები კვლავ რჩება უკრაინისთვის მიუღებელი, რომ ამ ხნის განმავლობაში უკრაინას არანაირი იარაღი არ უნდა მიაწოდონ, მაშინ რუსეთმა თავისი იარაღის წარმოება უნდა შეწყვიტოს.
"ტრამპი დიდი სახელმწიფოს მეთაურია და ომის დასრულება თავის პოზიციის გასაძლიერებლად და იმიჯისთვის სჭირდება, მაგრამ უკრაინამ იმისთვის არ იომა, რომ ყველაფერი რუსეთს ჩააბაროს. ტრამპის პოლიტიკა არ არის საერთაშორისო სამართლის პატივისცემის პოლიტიკა. ჯერჯერობით ევროპელები რჩებიან, რომლებსაც შეუძლიათ უფრო სამართლიანი მოთხოვნები წაუყენონ რუსეთს, ვიდრე აშშ-მა",-განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.
როგორია ზელენსკის პოზიცია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ მას აშშ-ის პრეზიდენტთან ჯერ არ უსაუბრია.
"ვთვლი, რომ საუბარი გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან, დეტალებს გავიგებთ. ყოველთვის მხარს ვუჭერდით პოზიციას, რომ არავითარი იარაღით არ ყოფილიყო დარტყმები ენერგეტიკაზე" , - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელებისთვის აშკარაა, რომ ტრამპისა და პუტინის შეთანხმებები ჯერ არ მუშაობს, ვინაიდან, მათი საუბრის დასრულების შემდეგ უკრაინაში საჰაერო განგაში ისმოდა.
"ვფიქრობ, უკრაინელებისთვის გასაგებია რა ხდება. ახლა უკრაინაში განგაშია. ანუ ეს, პრინციპში, არის კიდევაც პასუხი იმაზე, თუ რა ხდება. ანუ, რუსებმა, როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვეს, რომ პრეზიდენტ ტრამპთან საუბარის დროს ისინი ბრძანებას გასცემენ ენერგეტიკაზე ან შორი მანძილის იარაღით დარტყმების შეწყვეტის თაობაზე, "შაჰედებით" მათ შორის, მაგრამ ახლა არის განგაში, ანუ ახლა ეს ყველაფერი არ მუშაობს," - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, აშშ-სა და რუსეთს ნებისმიერი საკითხის განხილვა შეუძლიათ, მაგრამ უკრაინა პუტინისთვის მენიუში არ უნდა იყოს. ამბობს, რომ აშშ-სა და რუსეთს თავიანთი საკითხების ფართო წრე აქვთ და შეუძლიათ, განიხილონ ის, რაც სურთ.
"უფრო ფართოა საკითხთა წრე, ეს იმისთვის, რომ უკრაინა მაქსიმალურად გაირიცხოს ამ პროცესიდან, ვინაიდან, მხარეებს ნამდვილად აქვთ თავიანთი თემების ფართო წრე. ეს გასაგებია, ამერიკა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მთელი პატივისცემით ამერიკისადმი, პრეზიდენტისადმი - მათ რაც უნდათ იმის განხილვა შეუძლიათ... მეჩვენება, რომ ეს მათი ორმხრივი ურთიერთობებია. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს ჩვენს ვითარებაზეც", - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან ამერიკელებს უთხრა, რომ მას არ სურს, რომ უკრაინა იყოს "პუტინისთვის მენიუს სიაში".
"ჩვენ სალათები არ ვართ, კომპოტი არ ვართ ამ ადამიანისთვის, მისი მადის მიუხედავად. დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ. ამიტომ ჩვენს გარეშე ჩვენს შესახებ - ვთვლი, რომ არასწორია შეთანხმება, ვინაიდან ყველასთვის სასურველი შედეგი არ იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.
აღნიშნა, რომ პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ მას აშშ-ის პრეზიდენტთან ჯერ არ უსაუბრია.
"ვთვლი, რომ საუბარი გვექნება პრეზიდენტ ტრამპთან, დეტალებს გავიგებთ. ყოველთვის მხარს ვუჭერდით პოზიციას, რომ არავითარი იარაღით არ ყოფილიყო დარტყმები ენერგეტიკაზე",-განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინელებისთვის აშკარაა, რომ ტრამპისა და პუტინის შეთანხმებები ჯერ არ მუშაობს, ვინაიდან, მათი საუბრის დასრულების შემდეგ უკრაინაში საჰაერო განგაში ისმოდა.
"ვფიქრობ, უკრაინელებისთვის გასაგებია რა ხდება. ახლა უკრაინაში განგაშია. ანუ ეს, პრინციპში, არის კიდევაც პასუხი იმაზე, თუ რა ხდება. ანუ, რუსებმა, როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვეს, რომ პრეზიდენტ ტრამპთან საუბრის დროს ისინი ბრძანებას გასცემენ ენერგეტიკაზე ან შორი მანძილის იარაღით დარტყმების შეწყვეტის თაობაზე, "შაჰედებით" მათ შორის. მაგრამ ახლა არის განგაში, ანუ ახლა ეს ყველაფერი არ მუშაობს",-განაცხადა ზელენსკიმ.
რაზე შეთანხმდნენ მხარეები
თეთრმა სახლმა ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადება გაავრცელა, კერძოდ, საუბრის დროს დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი შეთანხმდნენ, რომ ომი უკრაინაში "ხანგრძლივი მშვიდობით უნდა დასრულდეს". ასევე ორი ლიდერი შეთანხმდნენ, რომ "ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე" ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები.
განცხადების თანახმად, ტრამპი და პუტინი "შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ისევე როგორც, შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაციაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით, სრული ცეცხლის შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით".
თეთრი სახლის თანახმად, ამ პუნქტებზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.
"ორივე ლიდერი შეთანხმდნენ, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ეს მოიცავს ძალიან დიდ ეკონომიკურ გარიგებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას მას შემდეგ, რაც მშვიდობა მიიღწევა", - ნათქვამია განცხადებაში.
კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინი დადებითად გამოეხმაურა დონალდ ტრამპის ინიციატივას ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების 30 დღით შეწყვეტის თაობაზე და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება მისცა.
კრემლის განცხადების თანახმად კი, აშშ-ის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივის ფარგლებში არსებობს "უკრაინაში იძულებითი მობილიზაციისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღების შეჩერების აუცილებლობა".
„კონფლიქტის ესკალაციის არდაშვებისა და პოლიტიკურ-დიპლომატიური გზით მისი მოგვარების მიმართულებით სამუშაოდ საკვანძო პირობა უნდა გახდეს, კიევისთვის უცხოური სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების სრული შეჩერება", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
ასევე, განცხადებაში კრემლი მშვიდობიანად მოგვარებისთვის ითხოვს "კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის უპირობო აუცილებლობას და უსაფრთხოების სფეროში რუსეთის კანონიერი ინტერესების გათვალისწინებას".
კრემლის თანახმად, რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების გაცვლა მოხდება "175-175-ზე" ფორმატში და უკრაინას ასევე გადაეცემა 23 მძიმედ დაჭრილი სამხედრო. ტყვეების გაცვლა კი 19 მარტს შედგება.
"ლიდერებმა დაადასტურეს განზრახვა, გააგრძელონ ძალისხმევები ორმხრივ ფორმატში უკრაინული დარეგულირების მისაღწევად, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის ზემოხსენებული წინადადებების გათვალისწინებით. ამ მიზნით იქმნება რუსული და ამერიკული საექსპერტო ჯგუფები", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დახმარების საკითხი არ განუხილავთ.
„ჩვენ არ გვისაუბრია დახმარებაზე, საერთოდ არ გვილაპარაკია დახმარებაზე. ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარებაზე საუბარი არასდროს ყოფილა ", - აღნიშნა ტრამპმა "ფოქს ნიუს"-თან საუბარში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე