თამთა ჩაჩანიძე
(18.03.2025)

ოპოზიცია 31 მარტისთვის ემზადება, კონსულტაციებს მართავენ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთიანი სამოქმედო გეგმის გასაჟღერებლად და აცხადებენ, რომ აქცია უნდა იყოს მასშტაბური, რათა კვლავ მიიქციონ საერთაშორისო პარტნიორების ყურადღება მიიქციონ. ამის პარალელურად კი თავად ოპოზიციონერებს შორის პერიოდულად ხდება დაპირისპირება. ყოველივე ამისა და წარსული გამოცდილების ფონზე, რამდენად გამოვა ხალხი უშალოდ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე და რა სცენარია მოსალოდნელი 31 მარტს?

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სცადეს მძლავრი საპროტესტო ტალღის აგორება, თუმცა უშედეგოდ. მასშტაბური აქციები მხოლოდ 28 ნოემბერს პრემიერ კობახიძის ცნობილი განცხადების შემდეგ დაიწყო, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლამდე არ მოითხოვდა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას.

მას შემდეგ, უწყვეტი აქციების პერიოდში, თავად ოპოზიციის წარმომადგენლებიც პერიოდულად აღნიშნავდნენ, რომ მათ არ ჰქონდათ პირდაპირი კავშირი აქციების ორგანიზებასთან და პროტესტის მთავარი ორგანიზატორები რიგითი მოქალაქეები იყვნენ.

ამასთან, ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციები არც მანამდე გამოირჩეოდა ხალხმრავლობით. ზოგ შემთხვევაში კი საპროტესტო აქციებისას ტრიბუნაზე ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების გამოჩენას აქციის მონაწილეები სტვენით და უკმაყოფილო შეძახილებით ხვდებოდნენ.

ახლა, როგორც ჩანს, ოპოზიცია კვლავ აპირებს წინა პლანზე გამოსვლას და ეს, სავარაუდოდ, სწორედ 31 მარტს მოხდება.

ამასთან დაკავშირებით ანალიტიკოსებს განსხვავებული მოლოდინი აქვთ. 

გაყვება თუ არა ხალხი ოპოზიციას

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ოპოზიციის დაძახილზე თავისი გულის კარნახით მისული ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა, თუმცა, არაა გამორიცხული, რომ ერთობლივი ორგანიზებით და თანხის დახარჯვით მეტ-ნაკლებად ხალხმრავალი აქციის ერთჯერადად გამართვა შეძლონ. 

„რასაც ჰქვია გულის კარნახით მისული ადამიანების რაოდენობა ძალიან მცირეა. მილევად რეჟიმში აქციებისას ეს ჩანს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ორგანიზებითა და თანხების დახარჯვით მთლიანად საქართველოშიც და თბილისშიც ყოველთვის შეიძლება ადამიანების რაღაც რაოდენობის შეგროვება და ადგილზე მათი დაფიქსირება.

„ხშირად გვინახავს ადამიანები დაქირავებული სამარშრუტო ტაქსებით მოჰყავთ. სხვათა შორის, ინტერნეტშიც კი ამბობენ ხოლმე თანხას - 50 თუ 100 ლარი. ეს არაერთხელ მოგვისმენია. ორგანიზებით ერთჯერადი, შედარებით ხანმოკლე, მეტ-ნაკლებად ხალხმრავალი პროტესტის მოწყობა პრინციპში შეუძლიათ - იმ შემთხვევაში, თუ მართლა ძალიან მოინდომეს და ერთობლივი ძალებით ორგანიზაციაც გაუკეთეს და ფულიც დახარჯეს. ასეთ შემთხვევაში შეიძლება, რომ რუსთაველი აავსონ და მართლა გადაიკეტონ, ისე კი არა, რომ ტროტუარზეც შეუძლიათ ხოლმე ხალხი დაატიონ, მაგრამ მაინც გადადიან, რომ გადაიკეტოს. აი, ასეთი ერთჯერადი აქცია ნამდვილად შეიძლება იყოს ისეთი, რომ ტელევიზიითაც გამოჩნდეს, რომ მართლაც მეტ-ნაკლებად მასშტაბურია. ხაზს ვუსვამ, იმ შემთხვევაში, თუ ამაზე იმუშავებენ“, - განაცხადა მამრაძემ. 

მისივე თქმით, 31 მარტს თუ ხალხი მართლაც ბევრი შეიკრიბა, ამას რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოჰყვება.

„არც არაფერი არსებითი არაა მოსალოდნელი. იქნება ლოზუნგები, იქნება ყვირილი მათი ტელევიზიებით ცხადია და ამით დასრულდება ყველაფერი. დასავლეთშიც იქნება განცხადებების ტალღა, რომ აი, პროტესტი არ წყდება, აი როგორ იბრძვიან ქართველები, ვისაც მართლა უნდა ევროპაში შესვლა და ვინც რუსეთს ეწინააღმდგება. ეს ბალტიის ქვეყნებიდან იქნება, პოლონეთიდან, ევროპარლამენტიდან, ევროპის საბჭოდან, თუ ცალკეული ქვეყნების პარლამენტებიდან, მაგრამ მერე რა? ეს ხომ რეალურად არ აისახება არაფერზე. ეს ყველაფერი უკვე რუტინულ რეჟიმში გადავიდა. იმიტომ, რომ ისინი ტყუილს ამბობენ. არჩევნები რომ გაყალბებული ყოფილიყო, მე ეს მეცოდინებოდა, საქართველოს მასშტაბით იმდენი ინფორმაციის წყარო მაქვს და ერთ-ერთი პირველი მე ვიტყოდი“, - განაცხადა მამრაძემ „რეზონანსთან“.

კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ 31 მარტის აქცია ოპოზიციისთვის ტესტი იქნება.

„სხვათა შორის, ეს კარგი ტესტი იქნება - ოპოზიციას ხალხი გაოყვება თუ არა. ამ კითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს, რადგან ამით ბევრი რამ გამოჩნდება. მინდა, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდეს, მაგრამ თუ საზოგადოება არ გამოვიდა, ეს ოპოზიციისთვისაც და სამოქალაქო სექტორისთვისაც სერიოზული შეტყობინება იქნება.

„იმედი მაქვს, ბევრ გამოვა, ვნახეთ, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი გამოდის სიცივეშიც და ყინვაშიც, მაგრამ თუ 31-ში იმ რაოდენობის ადამიანი არ გამოვიდა, ეს საზოგადოების პრობლემა კი არ იქნება, არამედ იმ დღის წესრიგის პრობლემა, სადაც საზოგადოება ვერ ხედავს აუცილებლობას ქუჩაში გამოვიდეს. ამიტომ ეს ძალიან სერიოზული ტესტია. 

„ერთის მხრივ მოვუწოდებ ყველას, რომ გამოვიდეს, მაგრამ თუ მკითხავენ - რატომ უნდა გამოვდეო, მე პასუხი არ მაქვს. ახალი არჩევნები უკვე მილიონჯერ იქნა მოთხოვნილი და „ოცნება“ ამაზე არ მიდის. ადგილობრივ არჩევნებზე თავად არ მიდის ოპოზიცია. არ ჩანს რა საჭიროა ამდენი ხალხის გამოსვლა დღეს და საზოგადოებაში ეს კითხვა აუცილებლად იქნება. 

„თუ ეს საქართველო ახალ არჩევნებზე მიდის, მაშინ ეს ოპოზიციის გარეშე არ გამოვა. თუმცა ხალხისთვის მთავარია რისთვის ემზდება ოპოზიცია და ამის მიხედვით მოეწონება, ან არ მოეწონება აქციაზე მათი ყოფნა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.      

მთავარი მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია მასშტაბურ აქციებს ვერ კრებს

როგორც აღნიშნულ საკითხზე ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, პირველი მიზეზია ის, რომ ოპოზიციას ხალხი არ ენდობა.  

„პირველი მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციას ის მხარდაჭერა და მუხტი არ აქვს ხალხისგან, რაც 2003 და 2012 წელს იყო. ობიექტურად არაა. ამას დაემატა ის, რომ მოსახლეობამ დაინახა, რომ არავითარი გაყალბება არ ყოფილა, ეს იყო საუკეთესო არჩევნები, რაც 1995 წლის შემდეგ ჩატარებულა. იმიტომაც იყო, რომ არჩევნების დღეს, როცა შედეგები გამოცხადდა, ქუჩაში არავინ გამოვიდა. ეს ჩემთვის ბოლო არგუმენტი იყო - ხალხს არ მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა. 

„მეორე - ისეთი რაღაცეები, როგორიცაა გამჭვირვალობის კანონი, რომელიც არის რბილზე რბილი, ან ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვა საბავშო ბაღებსა და სკოლებში, ამისთვის ხალხი ქუჩაში გავა? ამის შემდეგ კობახიძის განცხადებს ევროინტეგრაციაზე, რომ ჩვენ მზად ვართ დღესაც მოვაწეროთ ხელი მოლაპარაკებების პროცესის დაწყებასო, ესეც რა, ამის გამო გავა ხალხი ქუჩაში მასობრივად? საქართველოში ეს განწყობა არაა.

„რაც მთავარია, მაჩვენეთ ადამიანები, რომელსაც გულით სჯერა, რომ ამ ოთხი პარტიიდან რომელიმე - ერთი, ან ორი, ან ნებისმერი - მოწადინებული არიან, რომ საქართველოს სიკეთეს მოუტანენ და მათ შორის ევროკავშირში შეიყვანენ ქვეყანას. მე ასეთ ადამიანებს უბრალოდ არ ვიცნობ“, - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან“.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ საზოგადოება ვერ მიხვდა, თუ რისი მიღწევა სურს ოპოზიცუას. 

„საზოგადოებას არ ესმის ოპოზიციის. ვერ ხვდება რა უნდა და რისი მიღწევა უნდა. (ოპოზიცია) ებღაუჭება იმას, რაც არ არსებობს - ახალი არჩევნები და იგნორირებას უკეთებს იმას, რაც არსებობს - ადგილობრივი არჩევნები. თქვი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მივდივარ, იმიტომ კი არა, რომ „ოცნება“ მეძახის, არა, ეს კონსტიტუციაში მიწერია და ვალდებული ვარ და თქვი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიაც უნდა იყოს ასე და ასე დაკომპლექტებული. უნდა დაიწყოს მსჯელობა - ეყოლება თუ არა საერთო კანდიდატები რეგიონებში ოპოზიციას და ა.შ.

„თავად ხალხი რომ აქტიურია, ეს ჩვენ ვნახეთ. როგორც კი „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, იმდენი ხალხი გამოვიდა, დაძახებაც არ უნდოდა. ესე იგი ხალხში არის ენერგია, რომ რაღაც გადაწყვიტოს და უნდა გამოსვლა, მაგრამ რას სთავაზობს მას ოპოზიცია? ახალი არჩევნები უკვე ვიცით და ყველა თანახმა ვართ, მაგრამ არ ჩანს - სხვა რა?“ - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე