თამთა ჩაჩანიძე
(18.03.2025)

„ნაცმოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას გუნდს მწვავედ უპირისპირდება. ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ გახარიას პარტიას „ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან კონტაქტი აქვს, ხელისუფლებამ კი მათ ზოგადად ოპოზიციისა და მათ შორის „ნაცმოძრაობის" სალანძღავად ფული შესთავაზა. პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი „რეზონანსთან" საუბრისას ხაბეიშვილის ბრალდებას სრულ სიცრუეს და სისულელეს უწოდებს.

მისი თქმით, ხაბეიშვილს და „ნაცმოძრაობას" დიდი ხანია არ მოსწონს გახარიას გუნდის პოზიცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და არ გამორიცხავს, რომ ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეს იყოს.

ლილუაშვილი „ძველ და ახალ" ენმ-ს მიმართავს, რომ თავად გაასაჯაროონ დაფინანსების წყაროები.

„რა მნიშვნელობა აქვს 5 ნომრის ქვეშ იქნება, თუ 4-ის? კითხვები მე არ გამჩენია, ეს საზოგადოებაში არის, რომ როგორ შეიძლება ათობით მილიონი დახარჯოს იმ ოპზიციურმა პარტიამ იმ გარემოში, სადაც პარტიების ფინანსურ წყაროებს კი არა, ფონდებს, რომლებიც მოქალაქეების ჯარიმებს იხდიან, ყადაღას ადებენ და აჩერებენ. ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა და აქვს, ამიტომ თავი დაანებონ სპეკულაციებს, სხვა პარტიებისკენ თითის გაშვერას, საქმეს მიხედონ და კითხვებს თავად გასცენ პასუხი", - განაცხადა ლილუაშვილმა.

რას ამბობს ხაბეიშვილი

„ხელისუფლებამ გახარიას პარტიას (სატელევიზიო) ეთერებში ოპოზიციისა და "ნაციონალური მოძრაობის" სალანძღავად ფული შესთავაზა", - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, „ივანიშვილის რეჟიმს ყოფილი პრემიერის გუნდთან კონტაქტი აქვს", სწორედ ამიტომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრებს კონკრეტულ კითხვებზე პასუხების გაცემისკენ მოუწოდებს.

„ჩემი აზრია, რომ ან ოპოზიციონერი ხარ, ან ბიძინას ტიტუშკა. მე მგონია, რომ ბიძინას პარლამენტზე უარს რომ არ ამბობ, დაფინანსებაზე უარს რომ არ ამბობ და ერთ სული გაქვს იმ პარლამენტში შეხვიდე, ხარ ბიძინას სათამაშო. თუ არ ხარ ბიძინას სათამაშო, ან ერთიანობის მომხრე იყავი, ან იმ პარლამენტს გაეშვი.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ფულიც შესთავაზეს გახარიას პარტიას და სხვა პრივილეგიებიც იმის სანაცვლოდ, თუ სხვადასხვა ეთერში გამოვლენ, ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობას" გალანძღავენ. ხელისუფლებამ შესთავაზა. გახარიასთან აქვთ კონტაქტი და შესთავაზეს. გასცენ ახლა ამაზე პასუხი - შესთავაზეს თუ არა ფული, კონკრეტული პრივილეგიები", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

რას პასუხობენ ხაბეიშვილს გახარიას პარტიაში

პარტიის „გახარია საქართველოსთვის" წევრი ბექა ლილუაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ხაბეიშვილისგან მსგავსი განცხადება გასაკვირი არაა.

„ეს აბსოლუტური სუსულელე და სრული სიცრუეა, თუმცა ხაბეიშვილისგან გასაკვირი არაა. მას ახასიათებს ასეთი უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერება, წარსულშიც ხშირად ბევრი უსაუბრია ჩვენზე. „ნაცები" „ოცნების" პროექტს გვეძახიან, „ოცნება" „ნაცებთან" გარიგებაში გვდებს ბრალს. რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს ისაუბრებენ, უმჯობესია ჩვენთვის და ჩვენი მთავარი მიზნისთვის, რომ რეალურად, როგორც ალტერნატიული პოლიტიკური ძალა, ისე ჩამოვყალიბდეთ.

„მათ (ენმ) და პერსონალურად მას (ხაბეიშვილს) დიდი ხანია არ მოსწონს ჩვენი პოზიცია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, რომელიც იყო თანმიმდევრული და ცალსახა - რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, მან ჩაიდინა დანაშაულები და ამისთვის პასუხი უნდა აგოს. „ქართული ოცნება" მიხეილ სააკაშვილის საკითხს პოლიტიკურად საკუთარი სარგებლისათვის იყენებს და ამ საკითხის პოლიტიზებას თვითონ ახდენს.

„რაც ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის განაჩენები გავიგეთ, მათივე შექმნილი მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემის ნამუშევარი და შედეგია. ამ სისტემის მიმართ ნდობა არ არის, მათ შორის როგორც მიხეილ სააკაშვილის და კიდევ მრავალი სხვა პატიმრის გადაწყვეტილების ნაწილში. თუმცაღა, სამართლებრივ დისკურსში რომ არ შევიდეთ - 12 წელი და მუხლი სწორია თუ არა და ა.შ. - საზოგადოების უმრავლესობამ იცის, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე, ბევრ ეპიზოდში მას აქვს ეს დანაშაული საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან, ამიტომ ის არა პოლიტპატიმარი, არამედ მსჯავრდებულია, რომელმაც პასუხი უნდა აგოს.

„ეს ხალხი შინაარსისგან აბსოლუტურად დაცლილია. ამას ემსახურება ხაბეიშვილის აბსოლუტურად სულელური საუბრები იმ თვალსაზრისით, რომ მათ საზოგადოებისთვის არაფერი აქვთ შესათავაზებელი და ხან „ერთობა, ერთობა"-ს გაიძახიან, ხან წინააღმდეგობაში მოდიან საკუთარ თავთან, როცა, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდებიან.

„რეალურად, თუ კოორდინაციის სივრცე და რესურსი არსებობს, ეს არის სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ და მის ინიცირებულ პლატფორმაზე, სადაც ჩვენ წარმოდგენილები ვართ და ამ კოორდინაციის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა და წინააღმდეგობა არ გვაქვს. დანარჩენი ყველაფერი - გაერთიანების რიტორიკა, ან რაღაც ერთ პარტიად ჩამოყალიბება - ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი და ჩვენთვის შეუძლებელი. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკის პერსპექტივიდან ეს უბრალოდ გამორიცხულია და „ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდ რა მოტივები აქვს და რითი მოქმედებს, გნებავთ სალომე ზურაბიშვილის მისამართით და გნებავთ საერთოდ ოპოზიციის სხვა წარომადგენლების მისამართით, ეს ძალიან დიდი ხანია უკვე გაუგებარია და მათი ნაბიჯები აბსოლუტურად არათანმიმდევრული.

„როგორც ჩანს, მათი მთავარი ამოცანა კვლავ მათი ბელადია - ერთ ბელადთან საბრძოლველად, საკუთარი ბელადის დახსნის მოტივი აწუხებთ ყველაზე მეტად და არა ქვეყნის ბედ-იღბალი და ქვეყნის მომავალი", - განაცხადა ლილუაშვილმა.

მან „რეზონანსთან" იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ მიდის სალომე ზურაბიშვილთან კოორდინაციიის პროცესი.

„ჩვენ და ზოგადად ოპოზიციის დიდი ნაწილი (ზურაბიშვილთან) კოორდინაციაშია, რომელიც ემსახურება მთავარ მიზანს - რომ ამ ქვეყანაში ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და პოლიტიკური პატიმრები იქნან გათავისუფლებული. ეს არის ამ კოორდინაციის მთავარი მიზანი და მოტივი, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას. 31 მარტს წარდგენილი იქნება გეგმა, ხედვა და ამაზე მეტი დეტალის გაზიარება ჯერჯერობით არ შემიძლია", - განაცხადა ლილუაშვილმა.

საპარლამენტო მანდატების საკითხი

კითხვაზე, აპურებს თუ არა გახარიას პარტია პარლამენტში მანდატების დატოვებას, ლილუაშვილმა გვითხრა, რომ პარტია ისევ ძველ პოზიციაზეა.

„ვინც ადვოკატირებს, რომ თითქოს მანდატების ჩახსნას რაიმე კავშირი აქვს პარლამენტის ლეგიტიმურობასთან, გამოდის, რომ ეს ადამიანები ატყუებდნენ საზოგადოებას. მათი ლოგიკით, (პარლამენტი) მხოლოდ მას შემდეგ გახდა არალეგიტიმური, რაც მათ მანდატები ჩაიხსნა. არადა „ქართული ოცნების" ხელში იყო ფორმალურად მანდატებს ჩახსნიდნენ თუ არა. მათი ლოგიკით გამოდის, რომ „ქართულმა ოცნებამ" საკუთარ თავს განაჩენი გამოუტანა, როცა მათი მანდატები ჩახსნა. ეს იმდენად წინააღმდეგობრივი და სულელური კონსტრუქციაა, რომ ამ რაღაც კამპანიამ ერთი კვირაც ვერ გასტანა, განსაკუთრებით ჩვენი ბულინგის მცდელობის მიმართულებით.

„ჩვენ არც ბულიგს ვექვემდებარებით ვინმეს მხრიდან ოპოზიციური ველიდან და არც მით უმეტეს „ქართულ ოცნებას" არ მივცემთ რაღაც ინსტრუმენტს და მექანიზმს, რომ ჩვენს დღის წესრიგზე გავლენა მახდინოს.

„ამ საკითხზე, რა პოზიციაც გვქონდა მანამდე, ის პოზიცია გვაქვს ახლაც, ჩვენ გადავწყვეტთ რა ფორმით, როდის, როგორ მოვხავდენთ ამ საკითხის ინიცირება და აქტუალიზაცია. იცით, რომ პროცედურულად, გარდა იმისა, რომ არსებობს ამ მანდატების ჩახსნის ინიცირება პარტიების მხრიდან, არსებობს ალტერნატიული საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც გულისხმობს გარკვეულ პროცედურულ ნაწილს და მანდატების ჩახსნას რაღაც პერიოდის შემდეგ. არსებობს სხვა მექანიზმებიც. ამიტომ ამასთან დაკავშირებით როცა ვამბობთ, რომ ჩვენს ამომრჩეველს ჩვენ თვითონ დაველაპარაკებით და ჩვენს ამომრჩეველს ჩვენ თვითონ ვამცნობთ ამ კონკრეტული ქმედების შესახებ, ამას ვგულისხმობთ და ამას გავაკეთებთ. დანარჩენი ყველაფერი არის სპეკულაცია, რომელსაც კარგად იყენებს განსაკუთრებით ის ოპიზიცია, რომლის უკანაც არიან მსხვილი დამფინანსებლები, ბანკირები, ოლიგარქები, ბელადები და რომელსაც აქვთ სატელევიზიო და მედიარესურსები", - განაცხადა ლილუაშვილმა.

ადგილობრივი არჩევნები

ამასთან, ბექა ლილუაშვილი გვეუბნება, რომ გახარიას პარტიაში ადგილობრივი არჩევნების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

„დღეს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. არავინ, გარდა „ქართული ოცნებისა", ამ საკითხზე არ საუბრობს, რადგან ამის მიზეზი მარტივია - „ოცნება" ახლა ცდილობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების აქტუალიზაციით და დღის წესრიგში ამ საკითხის ხელოვნურად შემოტანით, წყალი შეუყენოს მთავარ პოლიტიკურ მოთხოვნებს, რაც საზოგადოებას და საპროტესტო ტალღას აქვს.

„ამიტომ ჩვენ, ბუნებრივია, ამ პროპაგანდას ხელს არ შევუწყობთ. ჩვენ ვემზადებით პირველ რიგში ხელახალი არჩევნებისთვის", - განაცხადა ლილუაშვილმა.

საპასუხო ბრალდებები

გარდა ამისა, „რეზონანსთან" საუბრისას ლილუაშვილმა ენმ-სა და „ახალს" მოუწოდა, თავად გაასაჯაროოს პარტიების დაფინანსების წყაროები.

„ალბათ იმაშიც, რომ ორჯერ დაესხა თავს ივანიშვილი, აქაც გარიგება იყო ივანიშვილსა და გახარიას შორის და მათ შორის ფიზიკური თავდასხმაც და ანგარიშსწორებაც ამ გარიგების ნაწილი იყო... ეს საკითხი ძალიან გვახალისებს. შეგიძლიათ ჩემი სახელით ხაბეიშვილს და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის" სხვადასხვა ბანაკებს მიმართოთ, რომ გაასაჯაროონ და მკაფიოდ ახსნან მათი ფინანსური რესურსების წარმომავლობა, სანამ სხვისკენ ხელს გაიშვერენ.

„ნაციონალურ მოძრაობად" აღვიქვამ ძველ „ნაციონალურ მოძრაობასაც" და ახალ „ნაციონალურ მოძრაობასაც". (მელია-გვარამიას პარტია „ახალი") ბუნებით და შინაარსით ხომ „ნაციონალური მოძრაობაა"? რა მნიშვნელობა აქვს, 5 ნომრის ქვეშ იქნება, თუ 4-ის. კითხვები მე არ გამჩენია და ეს საზოგადოებაში არის - როგორ შეიძლება ათობით მილიონი დახარჯოს იმ ოპზიციურმა პარტიამ იმ გარემოში, სადაც პარტიების ფინანსურ წყაროებს კი არა, ფონდებს რომლებიც მოქალაქეების ჯარიმებს იხდიან, ყადაღას ადებენ და აჩერებენ.

„ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებას ჰქონდა და აქვს. ამიტომ თავი დაანებონ სპეკულაციებს, სხვა პარტიებისკენ თითის გაშვერას და საქმეს მიხედონ და კითხვებს თავად გასცენ პასუხი. დღეს შინაასისგან დაცლილი პარტიები გადასულები არიან ჭირაობასა და ტყუილების კამპანიაზე და ამისთვის საზოგადოებას დიდი ხანია აღარ სცხელა.

„გახარია საქართველოსთვის" პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არანაირი კითხვა არ არსებობს. ჩვენ არც ოლიგარქები გვიმაგრებენ ზურგს, არც ბანკირები და არც ბელადები. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ნახოს ჩვენი წინასაარჩევნო დაფინანსება როგორი იყო და სხვა პატიების - როგორი",- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე