თბილისის საქალაქო სასამართლომ მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა 2033 წლამდე გაუხანგრძლივა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყოფილ პრეზიდენტს საზღვრის უკანონო კვეთისთვის 4 წელი და 6 თვე მიესაჯა.
მოსამართლის, მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.
განაჩენს სხდომათა დარბაზში მყოფების უკმაყოფილება და შეძახილები - „მონებო" მოჰყვა. განაჩენის გამოცხადებას სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან" დისტანციურადაც არ დასწრებია. ის არც გასულ სხდომაზე გამოცხადებულა დისტანციურად, არადა, მას იმ ექსკლუზიური უფლებით უნდა ესარგებლა, რაც ბრალდებულს აქვს, საუბარია საბოლოო სიტყვის წარმოთქმაზე.
სხდომაზე პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ოქმის მიხედვით, ის სხდომაზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა და პროცესის მის გამოჯანმრთელებამდე გადადებას ითხოვდა.
მოსამართლემ წარმოდგენილი ოქმი წაიკითხა, სადაც აღნიშნული იყო, რომ სააკაშვილი პროცესზე გამოცხადებაზე უარს აცხადებდა. მიხეილ სააკაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 2021 წლის პირველ ოქტომბერს დაიწყო. აღნიშნული საქმის ფარგლებში ბრალდება კიდევ 4 პირს - ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წაყენებული. უფრო კონკრეტულად, ელგუჯა ცომაიას მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებასა და დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ზურაბ და შალვა წოწორიებს, ასევე გიორგი ნარიმანიძეს კი დანაშაულის დაფარვას. აღნიშნული საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს, ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.
ეს განაჩენი უკვე მეორეა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბოლო დღეების განმავლობაში სააკაშვილის საქმეზე გამოიტანა. მანამდე, სასამართლომ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ახლა მხოლოდ ერთი ბრალდების სისხლის სამართლის საქმე დარჩა, რომელიც 7 ნოემბრის ეპიზოდს ეხება.
პროკურორი ლევან ვეფხვაძე განმარტავს, რატომ დაემატა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გამოტანილ განაჩენს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებული სასჯელი, რის საფუძველზეც, საბოლოოდ, თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რადგან ბრალდებული წარსულში იყო ნასამართლევი და „შემდეგ რიგი დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი", ეს დანაშაულის რეციდივის პირობებში ჩადენილი ორი დანაშაულია და ამიტომ, მოსამართლეს ჰქონდა უფლება გამოეყენებინა, როგორც სასჯელის სრული, ასევე მისი ნაწილობრივი შეკრება.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონკრეტულად რაზე დაყრდნობით იმსჯელა მოსამართლემ, ეს დასაბუთებულ განაჩენში იქნება აღნიშნული.
„სასამართლომ კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენი დაადგინა. ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი წარდგენილ ბრალდებაში იმ მტკიცებულებების საფუძველზე ცნო დამნაშავედ, რომელიც ასაბუთებდა ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, რაც გამოიხატა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე. რაც შეეხება სასჯელს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული წარსულში იყო ნასამართლევი და მას შემდეგ ჰქონდა რიგი დანაშაულები ჩადენილი, ეს გამოდის დანაშაულის რეციდივის პირობებში ჩადენილი ორი დანაშაული, შესაბამისად, მოსამართლეს ჰქონდა სრული უფლება გამოეყენებინა, როგორც სრული შეკრება, ასევე ნაწილობრივ შეკრება. სასამართლომ გაითვალისწინა ეს გარემოება და გამოიყენა ნაწილობრივ შეკრება. კონკრეტულად რაზე დაყრდნობით იმსჯელა, ამას უკვე დასაბუთებულ განაჩენში ვნახავთ", - განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის განცხადებით, აღნიშნულის პრაქტიკა არსებობს და ბრალდების მხარე გასაჩივრებას არ აპირებს.
„ამის პრაქტიკა არსებობს ეროვნულ სასამართლოებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. რაც შეეხება შთანთქმის პრინციპთან დაკავშირებით, აქვე განვმარტავ, რომ მოცემულ შემთხვევაში სრულად სასამართლოზეა დამოკიდებული ასეთ შემთხვევაში შეკრებას, ნაწილობრივ შეკრებას თუ სრულად შთანთქმას გამოიყენებს. რაც შეეხება გასაჩივრებას, ბრალდების მხარე არ აპირებს.
რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს ამ ფაქტთან დაკავშირებით, პასუხისგებაშია მიცემული გია ლორთქიფანიძე, ელგუჯა ცომაია, შალვა და ზურაბ წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე, ამასთან, თავად მიხეილ სააკაშვილი. სხვა პირი პასუხისგებაში მიცემული არ არის. 4-ივე - ელგუჯა ცომაია, შალვა და ზურაბ წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე, ბრალს აღიარებს",- განაცხადა პროკურორმა.
გარდა ამისა, ლევან ვეფხვაძემ უპასუხა კითხვას საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით უკრაინიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე და აღნიშნა, რომ მათ კონკრეტული ინფორმაცია უკრაინის მხრიდან არ მიუღიათ.
„უკრაინის სახელმწიფოსგან კონკრეტული ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ჩვენ არ მიგვიღია. ზოგადად იყო ინფორმაცია მოწოდებული, რომ გარკვეული საქმის შესწავლა დაიწყო, თუმცა გამოძიება დაიწყო, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა თუ რაიმე მტკიცებულება არის მოპოვებული და ასევე ის, თუ რა ბედი ეწია იმ საქმეს კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს მიღებული. იმის გათვალისწინებით, რომ გარდა ამ ინფორმაციისა, სხვა მტკიცებულებებიც ადასტურებდა იმას, რომ სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, ამ ერთობლიობით დადგა გამამტყუნებელი განაჩენი",- განაცხადა პროკურორმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს თავისუფლების იდეას, სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ".
„მინდა გამოვეხმაურო იმ ჯალათური, უკანონო, სამარცხვინო გადაწყვეტილებების სერიას, რომელიც მიიღო ივანიშვილის რუსულმა „უსამართლობის კომბინატმა" და პრაქტიკულად, მომისაჯა ციხეში განადგურება, ფიზიკური მოსპობა. თქვენ თვალწინ ანადგურებენ და სპობენ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი უნდოდა საქართველოსთვის და ყველაფერი უნდოდა ხალხისთვის, საქართველოსთვის, უკრაინისთვის.
ვისაც კიდევ სჯერა, რომ მე სამუდამო პატიმრობით და განადგურებით მსჯიან იმისთვის, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი თანამოქალაქეებისთვის დღესასწაულზე რამდენიმე ცხვარი გავაგზავნე, ან სამი პიჯაკის, ერთი ჰალსტუხისა და ერთი პალტოს ყიდვისთვის, ან საზღვრის გადაკვეთისთვის, როცა საქართველოში ლეგალურად ჩამოსვლის არცერთი გზა არ დამიტოვეს, რა თქმა უნდა, ამ ხალხს მე ვერაფერს ავუხსნი.
მგონი ასეთი მსოფლიოში არავინაა. ჩვენი ფილოსოფია ყოველთვის იყო ძლიერი საქართველო, ძლიერი მოქალაქე, განათლება, დაცულობა. იმიტომ ვავითარებდით ქალაქებს. რომ დაგვცლოდა, ამაზე ბევრად მაგარი ქვეყანა იქნებოდა საქართველო. ეს პრაქტიკულად განადგურება ვითომ სასამართლო წესით არის იმისთვის, რომ ქართველი ხალხი და ყველა ჩემი მომხრე დააშინონ.
ამით ცდილობენ პრეზიდენტ ზელენსკის გაუგზავნონ მუქარის გზავნილი, უთხრან, მასაც იგივე ბედი ელის თუ უკრაინას არ ჩააბარებს. მე განსაკუთრებით ცინიკურად მსჯიან და მანადგურებენ ქვეყნის არ ჩაბარებისთვის 2008 წელს, ეს ყველაფერი ამისთვისაა! მსჯიან, აჭარის საქართველოს იურისდიქციაში დაბრუნებისთვის 2004 წელს!
იმისთვის, რომ გავბედე და საქართველოს წარმატებულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება შევძელი! იმისთვის, რომ კორუფცია დავამარცხე! იმისთვის, რომ ხალხისთვის ვიღვწოდი და არა საკუთარი ჯიბისთვის! მე მათთვის საშიში ვარ ციხეში და საშიში ვიქნები მკვდარიც, იმიტომ, რომ ჩემი სახელი სამუდამოდ უკავშირდება თავისუფლებისთვის და სიკეთისთვის ბრძოლას. ვიბრძვით და უნდა ვიბრძოლოთ, ვიბრძოლოთ, სხვა გამოსავალი არ არის. სხვა გამოსავალი არის ჩვენი ქვეყნის დაკარგვა. ვიბრძვით და ვიმარჯვებთ!
ეს არის ერთადერთი გზა. გავიმეორებ, მე თქვენთვის საშიშ ვიქნები როგორც ციხეში, ასევე მკვდარიც, იმიტომ, რომ ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან ბრძოლას, გამარჯვებას და საქართველოს წარმატებას! ეს უკვე საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ამ ერს. აჰა, გამანადგურეთ რამდენიც გინდათ, საქართველოს თავისუფლების იდეას თქვენ ვერ ჩაკლავთ! სააკაშვილის სულს ვერ ჩაკლავთ! წარმატებები, ჩემო მეგობრებო! ამ ანგარიშსწორებას ჰყავს თავისი ავტორები და მათ აუცილებლად უნდა მიიღონ, პირველ რიგში, ქართველი ხალხისგან მკაცრი პასუხი. აბა თქვენ იცით! მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმარჯვებთ!" - განაცხადა სააკაშვილმა.
„ქართული ოცნების" დეპუტატის, დავით მათიკაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა კანონი დაარღვია, როცა საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა, რაზეც სასამართლომ სწორი რეაგირება მოახდინა. მისი თქმით, ყველა განცხადება, რაც ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან ისმის, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯების და ცრუ ინფორმაციის საზოგადოებისთვის თქმის საფუძველია. „ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს როგორ შემოიპარა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არაჟნების კონტეინერით, როგორ ჩატარდა სპეცოპერაცია - მაღალი ალბათობით სხვა ქვეყნის დახმარებით.
რა ძნელად წარმოსადგენია, რომ ასე ჩუმად გადმოეკვეთა ის ქვეყანა სააკაშვილს და ასე ჩუმად შემოპარულიყო საქართველოში თუკი იმ ქვეყნიდან ცალკეული ნება არ იქნებოდა. მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ მისი ამ ქმედებით პირდაპირ დაირღვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და მისი კვეთის ლეგალურობა, ანუ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება და სასამართლომ ამის სწორი სამართლებრივი შეფასება მოახდინა.
შესაბამისად, ყველა განცხადება, რაც ამ თემასთან დაკავშირებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ისმის, მხოლოდ და მხოლოდ ფაქტების დამახინჯების და ცრუ ინფორმაციის საზოგადოებისთვის თქმის საფუძველია. აქ ჩვეულებრივ დანაშაულს აქვს ადგილი.
ამ საკითხს კიდევ რა მიზნები ჰქონდა - რატომ შემოიპარა არჩევნების დროს და რა მიზნით გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ, ეს კიდევ ცალკე საკითხია. აქ „გლობალური ძალების" ხელი ურევია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო, არალეგალურად შეცვლილიყო ხელისუფლება, ზემოქმედება მოეხდინათ ქართველი ხალხის ნებაზე და შემდგომ ჩაერთოთ იმ გლობალურ პროცესებში, რაც უკრაინაში ომის დაწყებით გამოიხატა. საქართველოს ის როლი უნდა შეესრულებინა, რაც გლობალური ომის პარტიას სურდა - ჩართულიყო ომში"- განაცხადა მათიკაშვილმა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით ოპოზიციაში უკმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ „ოცნებასთან" ერთად პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს. „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს რომ შეეწყალებინა, დღეს მოსამართლე მის მიმართ შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა.
„მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ დღეს გამოტანილ განაჩენს. მოსამართლედ წოდებულმა, ივანიშვილის მსახურმა, მიხეილ ჯინჯოლიამ შეკრებითობის პრინციპით 12.6 წელი პატიმრობა მიუსაჯა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. პრეზიდენტს, რომელმაც საქართველო დააბრუნა საერთაშორისო რუკაზე, რომელმაც შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები და რომელმაც, რაც მთავარია, მტერს არ ჩააბარა ჩვენი სამშობლო 2008 წელს. შეკრებითობის პრინციპის გამოყენება, ყველაზე მძიმე შესაძლო სასჯელის დაკისრების მიზნით, ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვისაც კი უპრეცედენტოდ ჯალათური და რეპრესიული გადაწყვეტილებაა, რაც მოწმობს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კვლავ რჩება ივანიშვილის მთავარ მტრად და მოწინააღმდეგედ.
გარდა ამისა, დღეს მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ შეეწყალებინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილის მიმართ არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, საერთაშორისო აქტორების, მათ შორის, ევროპარლამენტის მხრიდან კონკრეტული მოწოდების მიუხედავად, რომ შეეწყალებინა პრეზიდენტი სააკაშვილი, არ გამოიყენა მის ხელთ არსებული კონსტიტუციური შეწყალების ბერკეტი.
მისი მთავარი არგუმენტი შეწყალების ინსტრუმენტის არ გამოყენებაზე იყო, რომ შეწყალების აქტი არ განაპირობებდა პრეზიდენტი სააკაშვილის თავისუფლებას. დღეს დადასტურდა, რომ გარდა მორალური და პოლიტიკური განაცხადისა, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, მისი შეწყალების გადაწყვეტილებას პრაქტიკული და რეალური შედეგიც ექნებოდა. დღეს მიხეილ ჯინჯოლია შეკრებითობის პრინციპს ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან ყველა მისჯილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით გაქარწყლდებოდა მსჯავრი და შესაბამისი პატიმრობის წლებიც. ამიტომ დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად", - განაცხადა ბოკუჩავამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე