მარიამ ვეკუა
(17.03.2025)

ოპოზიციაში საქართველოს მე-5 პრეზიდენტს აქტიურად აკრიტიკებენ. ლიდერების ნაწილი ოპოზიციური ერთობის შესახებ ინიციატივას კვლავ სკეპტიკურად უყურებს. ხაზგასმით ამბობენ, რომ „საინტერესო აღარაა, რას ამბობს ზურაბიშვილი". პოლიტიკური ოპონენტები აცხადებენ, რომ ოპოზიციას კოალიციური ხელისუფლების და მითუმეტეს, ერთიანი სიის შექმნის არანაირი რესურსი არ აქვს.

31 მარტის მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მატულობს. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ 31 მარტი უნდა განისაზღვროს ბოლო ვადად, რადგან თუ ოპოზიციური ერთობა ვერ შედგა, პარტიებმა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში იმოქმედონ. მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ ცვლილებას მხოლოდ „საერთო მოქმედება" მოიტანს.

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, განაცხადა, რომ მისი მიზანი „ოპოზიციის გაერთიანება არასდროს ყოფილა". მისი თქმით, ამზადებს „ძლიერ კოორდინაციას", რომელიც ყველაფერს უძლებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა გუშინ „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან" ინტერვიუში ისაუბრა. ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპოზიციის გაერთიანების საკითხი „გარედან შემოგზავნილია".

მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციაში მიმდინარე პროცესები მათთვის სიახლეს არ წარმოადგენს. „ხალხის ძალის" ლიდერები კი ამბობენ, რომ „ზურაბიშვილის მზე ჩაესვენა და კოლექტიური ნაცმოძრაობის მზეც ჩაესვენება".

ანალიტიკოსები თანხმდებიან, რომ ოპოზიციურ სპექტრში მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა. თუმცა, შეიქმნება თუ არა ერთიანი ფრონტის ნაცვლად ცალკეული ბლოკები, მათ განსხვავებული პროგნოზები აქვთ.

ანალიტიკოსები „რეზონანსთან" აცხადებენ, რომ ზურაბიშვილის ფაქტორის გარდა, ოპოზიციაში სისტემური პრობლემებიც არსებობს. ისინი აღნიშნავენ, რომ გამოვა თუ არა 31 მარტს ქუჩაში ბევრი ადამიანი, სწორედ ოპოზიციური სპექტრის კოორდინირებულ მუშაობაზეა დამოკიდებული.

განაწყენებული ოპოზიციონერები - „ახლა წუწუნი გვიანაა"

„ენმ"-ს წევრები სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ. ისინი მე-5 პრეზიდენტს „ერთ მედასავლეთეთ" მოიხსენიებენ, რომელმაც „რუსული აგენტურის მიერ გასამართლებული" პრეზიდენტი ციხეში „ჩატოვა".

„ენმ"-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ერთადერთი პრობლემა დღეს კოორდინაციაა ქართველ ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის. ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღარ აინტერესებს, რას ამბობს ზურაბიშვილი, რადგან ის ქვეყნის პრეზიდენტი აღარ არის.

„მე არ ვიცი, რას საუბრობს სალომე ზურაბიშვილი. დიდი ინტერესიც არ მაქვს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის დამოკიდებულება ამ ხელისუფლების მიმართ. ძალას უნდა დავუპირისპიროთ ძალა, კოორდინირებულად უნდა ვიმუშაოთ ქართველ ხალხთან. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, მნიშვნელოვანია, მათ საკუთარი ფუნქცია - იგივე საგარეო მიმართულებით - იპოვონ. ძალიან ბევრი მუშაობს და კარგია, ასევე, კოორდინირება უნდა იყოს ქართველ ხალხთან რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში."

ხაბეიშვილის თქმით, 31 მარტი მისთვის საინტერესო აღარ არის.

„რაც შეეხება კოორდინაციას: „ამას ვიზამ", ზეგ შესაძლოა „ვაიმე" თქვან. ჩემთვის ეს არ არის საინტერესო. ვისაც აინტერესებს, უსმინოს ამას.

კონკრეტული ადამიანები კონკრეტული სიტყვების მოგონება, რომ „მე ამას გავაკეთებ, 31-32 მარტს რაღაცას ვიზამ და შევქმნი", ჩემთვის საინტერესო არ არის," - განაცხადა „ენმ"-ს წევრმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, ამბობს, რომ „პასიური კოორდინაცია არაფერს შეცვლის - მხოლოდ საერთო მოქმედება მოიტანს ცვლილებას და გამარჯვებას!".

„ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა, „ენმ"-ს წევრების განცხადებები შეაფასა. მისი თქმით, დღეს ის მოცემულობაა, რამაც პრაქტიკულად „კოლექტიური ნაცმოძრაობა შეჭამა".

„ჩვენ სულ ვსაუბრობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა" და მის ანასხლეტებში გაერთიანების, ერთიანი სიის და მით უმეტეს, კოალიციური ხელისუფლების არანაირი რესურსი არ იყო. დღეს უკვე დაგვეთანხმა ბატონი ხაბეიშვილი - ერთმანეთს ვჭამთ და რომელ კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარიო.

ამ შემთხვევაში, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, უნდა დავეთანხმოთ ხაბეიშვილს - რა კოალიციურ ხელისუფლებაზეა საუბარი, ერთ განცხადებასა და მიდგომაზეც ვერ შეთანხმებულან. ეს ის მოცემულობაა, რამაც პრაქტიკულად „შეჭამა" კოლექტიური „ნაცმოძრაობა". შესაბამისად, დასრულდა ამბავი, რომელსაც აღქმებით ქვეყნების მართვა ჰქვია," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არასდროს ყოფილა ძლიერი პოლიტიკური ფიგურა და ოპოზიციონერების წუწუნი უკვე დაგვიანებულია.

„ზურაბიშვილი როდის იყო ძლიერი, ახლა რომ ამბობენ - სუსტიაო? მაშინ, როცა ქვეყანას ღალატობდა, პრეზიდენტის ფუნქციები ჰქონდა და მხოლოდ ქვეყნის საწინააღმდეგოდ იყენებდა? ახლა არც ფუნქციები აქვს და მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად დადის.

გახსოვთ, როცა ჩვენ მომხრე ვიყავით, რომ ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის" მედროშე ყოფილიყო? ვუსურვეთ ზურაბიშვილი და მიიღეს ლიდერად - ახლა წუწუნი გვიან არის იმაზე, რომ თურმე ზურაბიშვილი სუსტია და ა.შ." - ასე გამოეხმაურა მაჭარაშვილი ოპოზიციონერ გუბაზ სანიკიძის კომენტარს, როცა მან ზურაბიშვილის პოზიციები სატელევიზიო ეთერში „სუსტად" მოიხსენია.

„ერთიანი ფრონტის ნაცვლად" ცალკეული ბლოკები?

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე, „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გამორიცხული არაფერია, მათ შორის არც ოპოზიციის ე.წ. ბლოკებად დაყოფა.

„გამორიცხული არაფერია, მათ შორის ე.წ. ბლოკების შექმნაც ოპოზიციაში, რადგან ნაწილი ზურაბიშვილს მიიჩნევს ლიდერად, ნაწილი - არა. ორივე ვარიანტში, ერთის მხრივ, შესაძლებელია, თითქმის ერთიანი ფრონტი არსებობდეს ოპოზიციის შიგნით, რადგან ამ შემთხვევაში მას გამოაკლდება გახარიას პარტია, რომელიც დამოუკიდებელ თამაშს თამაშობს, თუმცა სამი პარტია იქნება ერთიანი.

მეორე ვერსია არის ის, რომ ოპოზიცია დანაწილდეს და ცალ-ცალკე აწარმოოს ბრძოლა, თუმცა, ურთიერთკოორდინაცია ყველა ვარიანტში იქნება. თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს ერთიანი ფრონტი საერთოდ არ არსებობდეს.

კითხვაზე, რა კრიტიკული მიზეზებია ოპოზიციაში, რომლებიც ოპოზიციური ერთობის შექმნას ხელს უშლის, ჩიტაძე გვპასუხობს: „რაც შეეხება მიზეზებს - ოპოზიციის ნაწილი ერთ ქვაბში ხარშავს „ენმ"-ს და „ოცნებას". მე არ ვგულისხმობ მხოლოდ გახარიას პარტიას, არამედ სხვა წევრებიც ერთნაირად აკრიტიკებენ ორივე პარტიას. ამიტომ, პრობლემა შეიძლება მდგომარეობდეს არა მხოლოდ ზურაბიშვილის ფაქტორში, არამედ ოპოზიციის იმ ნაწილის აზრშიც, რომელიც „ენმ"-სა და „ოცნებას" ერთნაირ პრობლემად მიიჩნევს.

ეს ფაქტორი ქმნის შესაძლებლობას, რომ ერთიანი ფრონტი არ შეიქმნას. თუმცა, მეორეს მხრივ, ალბათ, ოპოზიციური პარტიები (გახარიას პარტიის გამოკლებით) აცნობიერებენ, რომ აუცილებელია ერთიანობა, რადგან ამის გარეშე რთული იქნება „ოცნების" დამარცხება. თუმცა, როგორც გითხარით, არაფერს გამოვრიცხავ - თუ ერთიანი ფრონტი არ იქნება, ურთიერთკოორდინაცია მაინც მოხდება. იქნება ინფორმაციის ურთიერთგაცვლა, თუნდაც ზურაბიშვილთან," - განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ ოპოზიციამ კოორდინაციის გზით უნდა იაროს და არა გაერთიანების.

„ოპოზიციის გაერთიანება და კოორდინაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება. ვფიქრობ, ოპოზიცია კოორდინაციის გზით უნდა წავიდეს, მაგრამ არა გაერთიანებით.

მე, რამდენადაც ვიცი, ზურაბიშვილი საუბრობს კოორდინაციაზე - ვისთვის მისაღებია ეს და ვისთვის არა, ეს მათი გადასაწყვეტია. თუმცა, ოპოზიციურ ძალებს კოორდინაცია სჭირდება, ამას აჩვენებს ყველაფერი - სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი.

ამიტომ, კოორდინაციას ოპოზიციაში წინ რა უდგას, მართლა არ მესმის, ან რატომ არ უნდა მოხდეს. დანარჩენს პროცესი გვაჩვენებს. ამიტომაც, როგორც მოგახსენეთ, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია ზურაბიშვილის ინიციატივით და არა სხვა პიროვნებით," - აღნიშნა ძაბირაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე კი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც ოპოზიციის გაერთიანება შეუძლია.

„თუ დღეს ვინმეს აქვს პოტენციალი, რომ ოპოზიცია გააერთიანოს, ეს ყველაზე მეტად ზურაბიშვილს შეუძლია. სხვა არცერთ ლიდერს ამის რესურსი თეორიულადაც კი არ გააჩნია, ყოველ შემთხვევაში, მათგან, ვინც ახლა საზოგადოებრივ ასპარეზზეა.

ხვალ თუ ვიღაც მოულოდნელად „მზეჭაბუკივით" გამოჩნდება, არ ვიცი, თუმცა არსებული პოლიტიკური ელიტიდან ყველაზე მისაღები ფიგურა ყველა პოლიტიკური ძალისთვის (რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად) და არა მხოლოდ პოლიტიკური ძალებისთვის, არამედ ზოგადად ოპოზიციური საზოგადოებისათვის, არის ზურაბიშვილი. ასე რომ, თუ ვინმე სხვა გამოჩნდება, ამას დრო გვიჩვენებს," - განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე